კატალონიური სეპარატიზმი - ავტორი:პავლიკა ჯაგუნავა
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოპოლიტიკა კატალონიური სეპარატიზმი

vivus.ge

კატალონიური სეპარატიზმი
 | რეიტინგი 3 

 

 „კატალონია - შემდეგი დამოუკიდებელი სახელმწიფო ევროპაში“ - ამ სლოგანით უკვე წლებია კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში იმართება მასობრივი გამოსვლები. „კატალონიას სახელმწიფო სჭირდება, ამის იგნორირება შეუძლებელია“ განაცხადა კატალონიის რეგიონალური მთავრობის ლიდერმა არტურ მასმა 2014 წლის 11 სექტემბერს ბარსელონაში მშვიდობიანი მსვლელობის დროს. მათი მოთხოვნა ერთის მხრივ რეალურია, მეორე მხრივ კი არსებობს დიდი სირთულეები.

 

კატალონია ესპანეთის ისტორიული პროვინციაა, რომელიც დიდ ისტორიულ ქარტეხილებში მონაწილეობდა. აქ ბატონობდნენ კართაგენელები, რომაელები, ვესტ გოთები და შემდეგ უკვე არაბები. რეკონკისტას 8 საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში (722-1492 წწ.) აქ არსებობდა ბარსელონას საგრაფო, რომელიც ფრანკების ვასალი იყო, 987 წელს ვილფრედ თმიანმა არ ცნო ჰიუგ კაპეტი და დე-ფაქტო დამოუკიდებლობას მიაღწია, 1137 წელს კი ბარსელონას გრაფმა რამონ ბერენგერ IV-მ ცოლად მოიყვანა არაგონის დედოფალი პეტრონილია, რითაც შეუერთდა არაგონის სამეფოს. ამის შემდეგ უკვე არაგონის მეფე რამირო II გადადგა და არაგონის მეფედ ბარსელონას გრაფი ითვლებოდა. როგორც ვიცით ესპანეთის ერთიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბება XV საუკენეში ხდება 1469 წელს ვალიადოლიდში დაქორწინდნენ პირინეიზე ორი უდიდესი სამეფოს მემკვიდრეები კასტილიის დედოფალი იზაბელა და არაგონის მეფე ფერდინანდი. ამის შემდეგ უკვე ბარსელონას საგრაფო ერთიანი ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაშია.

 

XX საუკუნის 20-30 იან წლებში კატალონიაში დაიწყო ეროვნული მოძრაობა, 1931 წლის აპრილში კატალონიური „ესკერას“ ლიდერმა ფ. მაისამ კატალონიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით, რესპუბლიკელ ლიდერებთან მოლაპარაკების შემდეგ შეცვალა თავისი დამოკიდებულება და დათანხმდა კატალონიის ავტონომიაზე. 1932 წელს კატალონიას მიენიჭა ავტონომიის სტატუსი, რომელიც გულისხმობდა ენობრივ ავტონომიას და ადგილობრივი პარლამენტის - გენერალიტეტის აღდგენას.1

 

მეორე რესპუბლიკის აღსრულების შემდეგ კატალონიამ მხარი არ დაუჭირა ფრანკოს რეჟიმს, რამაც შემდეგში მისთვის მძიმე შედეგები გამოიწვია: ფრანკომ გააუქმა კატალონიის ავტონომია, აკრძალა კატალონიური ენა. დიქტატორ ფრანცისკო ფრანკოს პერიოდში კატალონიაში შეიძლება ითქვას სეპარატისტული მოძრაობა აღიკვეთა. ფრანკოს სიკვდილის შემდეგ 1975 წლიდან ესპანეთში დემოკრატიზაციის პროცესი დაიწყო, რამაც თავის მხრივ კატალონიური სეპარატიზმის „გამოღვიძება“ გამოიწვია. 1977 წლის 11 სექტემბერს ბარსელობაში გაიმართა მშვიდობიანი მსვლელობა, მილიონზე მეტმა კატალონიელმა ავტონომია მოითხოვა, ეს მოთხოვნა ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ერთ თვეზე ნაკლებ დროში დააკმაყოფილა. 1978 წლის ესპანეთის კონსტიტუციამ კატალონია, ბასკეთი და გალისია ეროვნებად აღიარა და მიანიჭა მას ავტონომია.

 

სიტყვა სეპარატიზმის ხსენებისას ჩვენ ერთი რამ უნდა ვთქვათ: ეს სიტყვა თვისი ფართო გაგებით შეიძლება ნიშნავდეს მოძრაობს გამოყოფისკენ, ფართო ავტონომიის მიღბისკენ და ა.შ.2 კატალონიელთათვის სეპარატიზმი თავისი ფართო გაგებით დამახასიათბელია, გამომდინარე იქედან, რომ მათი ნაწილი ითხოვს ფართო ავტონომიას, ნაწილი კი სეცესიას ანუ გამოყოფას ესპანეთისგან და ცალკე სახელმწიფოდ არსებობას.

ესპანეთისთვის სეპარატიზმი დიდ საფრთხეს წარმოადგენს, როგორც უკვე ვთქვით გალისია, ბასკების ქვეყანა  და კატალონია ავტონომიის უფლებით არიან ქვეყნის შემადგენლობაში. გარდა ამ სამი ოლქისა ესპანეთში არის კიდევ რამდენიმე მხარე, რომელიც სეპარატისტულად არის განწყობილი და ან მოითხოვს დამოუკიდებლობას ან კიდევ უფლებების გაფართოვებისთვის იბრძვის, ასეთებია მაგალითად: ანდალუსია, ვალენსია, ასტურია. თუმცა სეპარატისტულად ყველაზე მეტად განწყობილნი არიან კატალონია და ბასკთი. უკანასკნელი მათგანის სეპარატისტული მისწრაფებები შეიძლება ითქვას ამ დროისავის აღკვეთილია, ტერორისტულმა ორგანიზაციამ ეტა (EთA -  Eუსკადი თა Aსკატასუნა)  2012 წელს თავი დაშლილად გამოაცხადა. სამაგიეროდ კი მათი მოთხოვების ნაწილი ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ დააკმაყოფილა. გასულ წლებთან შედარებით  აქ იკლო მოსახლეობაში დამოუკიდებლობის მომხრეთა რიცხვმა - 2012 წლის არჩვნებზე დადასტურდა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 25%-ს  სურს ესპანეთისგან გამოყოფა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.

 

რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა კატალონიაში აქ ხორდი პუიოლის 23 წლიანი მმართველობის პერიოდში (1980-2003 წწ) სეპარატიზმი რადიკალური გახდა. შემდეგი ორი ადგილობრივი მმართველის პასკუალ მარაგალის (2003-06) და ხოსე აგილერას (2006-10) პერიოდში სიტუაცია ცოტათი მიწყნარდა.  შეიძლება ითქვას სეპარატიზმის ხელახალი გამოღვიძება აქ დაიწყო 2010 წლის არჩვნებით, სადაც კატალონიის რეგიონალური მთავრობის ხელმძღვანელად აირჩიეს არტურ მასი - პარტია „კონვერგენცია და ერთობის“ (ჩIU) ლიდერი, აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი რომ ეს პარტია სულაც არ იყო ორიენტირებული ესპანეთისგან გამოყოფაზე, მათი იდეოლოგიით კატალონიისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო ესპანეთის შიგნით ფართო ავტონომია. ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლებისთვის რთული დასაჯერებელი იქნებოდა, რომ შემდეგში მასი ნაციონალისტური კოალიციის ლიდერი გახდებოდა და სეპარატისტულად განწყობილ პარტიებთან ალიანსს შექმნიდა. ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში მასმა რიტორიკა შცვალა და განაცხადა, რომ კატალონიის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მისი პოლიტიკური საქმიანობის უმთავრესი მიზანია.          ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ მასის რადიკალური ნაბიჯები გამოწვეულია შემდეგი ფაქტორით - კატალონიის ავტონომიური მთავრობა კორუფციულ სკანდალებსია გახვეული და მასი ამის დაფარვას და ცენტარლური მთავროობის მხრიდან დათმობებზე წამოსვლას დამოუკიდებლობის მოთხოვნის ხარჯზე აპირებს. თუმცა არ შეიძლება, რომ მსგავსი მოთხოვნები მხოლოდ ამით იყოს გამოწვეული.

 

რითია გამოწვეული კატალონიელთა მსგავსი მისწრაფებები? ამ კითხვაზე პასუხი მრავალმხრივია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს კატალანების ნაციონალიზმი. ისინი მიიჩნევენ, რომ უნდა ჰქონდეთ დამოუკიდებელი სახელმწიფო. უნდა ითქვას, რომ ნაციონალიზმი კატალონიისთვის არ არის უცხო ხილი, მსგავს მისწრაფებებს საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი. განსაკუთრებით კი 1920-30 იან წლებში და 1975 წლიდან (გენერალი ფრანკოს სიკვდილიდან).  შეიძლება ითქვას უკუშედეგი გამოიწვია ფრანკოს პოლიტიკამ რომელიც ყველაფერს აკეთბდა კატალონიაში ყოველგვარი ნაციონალიზმი აღმოეფხვრა, ამიტომ ვფიქრობთ, რომ დიქტატორის მკაცრმა პოლიტიკამ უკუშედეგი გამოიწვია და კატალონიელები უფრო დააშორა ესპანელებს. ერთ-ერთი მიზეზია აგრეთვე ეკონომიკური კრიზისი, რაც განსაკუთრებით დიდ პრობლემას უქმნის დღვანდელ ესპანეთს. კატალონია და ბასკეთი ესპანეთის 17 პროვნიციას შორის 2 უმდიდრესი რეგიონია, კატალონია პასუხისმგებელია ესპანეთის მშპ-ის 1/5-სა და ექსპორტის მეოთხედზე. კატალონიას ესპანეთის სამეფოს ბიუჯეტში მშპ-ის 20 პროცენტი შეაქვს, ხოლო ცენტრალიზებული სუბსიდიების სახით (მათ შორის ჯანდაცვისა და განათლებისთვის) მშპ-ის 8 პროცენტს იღებს.13  აქ ცხოვრების ხარისხი 18%-ით უკეთესია ვიდრე ესპანეთში და 70%-ით უკეთესი ვიდრე ესტრემადურაში, ესპანეთის ყველაზე ღარიბ მხარეში, სწორედ ამის გამო კატალონიელი ნაციონალისტების ყველაზე ხშირად მანიპულირებადი ლოზუნგია “ესპანეთი ჩვენგან იპარავს”, რაც გამოწვეულია ცენტრალური ხელისუფლების მიერ კატალონიაზე დახარჯული თანხების სიმცირით, ამ რეგიონის მიერ ბიუჯეტში შენატანებთან შედარებით, ეს არგუმენტი რეალურია და ასახავს ქვეყნის შიგნით არსებულ გარკვეულ უსამართლობას და შესაძლებელია საგადასახადო პოლიტიკის რეფორმის შედეგად გამოსწორდეს, ასე რომ კატალონიელთა ეს არგუმენტი დამოუკიდებლობისთვის არ გამოდგება.

 

                  ეს მხარე უფრო და უფრო შორდება ესპანეთს და მიისწრაფვის განკერძოებისკენ. მათ ამ გზას გარკვეულ წილად ხელს უწყობს მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე მოვლენები და პრეცენდენტები რომლის მიხედვითაც სეპარატისტულმა მხარეებმა მთელ რიგ სახელმწიფოების შემადგენლობაში ადრე მყოფებმა მიაღწიეს დამოუკიდებლობას ან განკერძოებას. კატალონიამ დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე რეფერენდუმის საშუალება აირჩია აირჩია. 2013 წლის იანვარში კატალონიის პარლამენტმა ერთხმად მოიწონა თვითგამორკვევის დეკლარაცია. რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელმა არტურ მასმა განაცხადა, რომ კატალონია უნდა იყოს ევროკავშირისა და ევროზონის წევრი დამოუკიდებელი სახელმწიფო. 2014 წლის 16 იანვარს ესპანეთის ავტონომიური ოლქის კატალონიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა 2014 წლის 9 ნოემბერს რეფერენდუმის ჩატარებას ესპანეთისგან გამოყოფის და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების თაობაზე. შესაბამისი პეტიციის ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაგზავნის შესახებ ხმა მისცა 87-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი წავიდა - 43, თავი კი მხოლოდ 3-მა დეპუტატმა შეიკავა.6

 

                   მართალია ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ეს რეფერენდუმი არაკონსტიტუციურად მიიჩნია და გააუქმა კიდეც, თუმცა ამით კატალონიელების კიდევ უფრო „გაბრაზება“ გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ ესპანეთის კონსტიტუციით დამოუკიდებლობის რეფერენდუმი არა ავტონომიის, არამედ მთლი ქვეყნის მასშტაბით უნდა გაიმართოს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ რეფერენდუმი ანტიკონსტიტუციურია, ესპანეთის მთავრობის გენერალურმა მდივანმა მარია დოლორეს დე კოსპედალმა კატალონიის მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებას "თვითმკვლელობის ტოლფასი და უპასუხისმგებლო" უწოდა. „მხოლოდ ესპანელ ხალხს აქვს უფლება გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის ბედი, და არა რომელიმე პარტიას ან ადამიანების ჯგუფს“ განაცხადა  მარიანო რახოიმ.  კატალონიის ავტონომიური ხელისუფლება უარყოფს ბრალდებებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობასთან დაკავშირებით და სიტყვა „რეფერენდუმის“ ნაცვლად ხშირად „გამოკითხვას“ იყენებს. 19 სექტემბერს კი კატალონიის პარლამენტმა 106 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, რომ კატალონიის პრეზიდენტი უფლებამოსილია ავტონომიაში დამოუკიდებლობის შესახებ გამოკითხვა ჩაატაროს.

 

კატალონიელებს რეფერენდუმისადმი უბიძგა და გარკვეულწილად კატალიზატორის როლი შეასრულა შოტლანდიაში დაგეგმილმა რეფერენდუმმა და აგრეთვე ყირიმში განვითარებულმა მოვლენებმა. ვფიქრობთ, რომ შოტლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმი ნამდვილად წარმოადგენს საფრთხეს ევროპული (და არამარტო) ერთიანობისთვის, თავიდანვე აშკარა იყო, რომ ეს დომინოს ეფექტს გამოიწვევდა და სხვა რეგიონებიც მოინდომებდნენ რეფერენდუმის გზით დამოუკიდებლობის მიღებას. თუმცა კატალონიისგან განსხვავებით უნდა აღინიშნოს, რომ შოტლანდია დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახით არსებობდა საუკუნეების განმავლობაში, და შიძლება ითქვას მათ მეტი პრეტენზიების წამოყენება შეუძლიათ ლონდონთან, ვიდრე კატალონიელებს ესპანეთის ცენტარალურ ხელისუფლებასთან. თვის მხრივ რადიკალურად სხვა მოვლენები განვითარდა ყირიმში, სადაც ყირიმმა რეფერენდუმზე მოითხოვა არა დამოუკიდებლობა, არამედ ერთი ქვეყნიდან გასვლა და მეორეში შესვლა, რაც ყოველგვარ სამართლებრივ ნორმას ეწინააღმდეგება.

 

აგრეთვე არ შეიძლება არ ვახსენოთ კოსოვოს პრეცენდენტი. ეს ფაქტი ევროპის მხრიდან სეპარატიზმის დაშვების და მისი აღიარების გარკვეულ პრეცენდენტად იქცა, რის შემდეგაც ევროპაშიც ე.წ ხალხთა „გამოღვიძების“ პრეოცესი დემოკრატიულ მოვლენად იქცა. შეიძლება ითქვას, რომ 2008 წელს ევროპელებმა ჯინი ამოუშვეს ბოთლიდან, თუმცა ევროკავშირის 27 ქვეყნიდან ხუთი – კვიპროსი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ესპანეთი უარს ამბობენ კოსოვოს აღიარებაზე – იმის შიშით, რომ ეს წაახალისებს სეპარატისტულ მოძრაობებს მათი ქვეყნების შიგნით. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ  კოსოვოს პრეცენდენტი აბსოლიტურად სხვა იყო, რომ კოსოვარებს მილოშევიჩმა ეთნიკური წმენდა მოუწყო და რომ კოსოვოს აღიარებაც აქედან მომდინარეობდა, თუმცა ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ იგივე ფრანკოს მხრიდანაც ჰქონდა ადგილი  ეთნიკურ დევნას კატალონიელთა წინააღმდეგ.

 

                      და მაინც როგორ განვითარდება მოვლენები კატალონიაში იმ შემთხვევაში თუ ის დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდება. კატალონია 4 პროვინციისაგან შედგება: ჟირონა, ლეიდა, ტარაგონა და ბარსელონა. მისი დედაქალაქია ბარსელონა, რომელიც მეორე უდიდეი ქალაქია ესპანეთში. რეგიონს გააჩნია უდიდესი ეკონომიკური შესაძლებლობები, თუმცა მისი ეკონომიკის 80% პირდაპირ დამოკიდებულია დანარჩენ ესპანეთზე, რაც კარგათ ესმით კატალონიელ ინვესტორებს.  გარდა ამისა საინტერესოა ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ყოველმა ახალმა სახელმწიფომ თავიდან უნდა განაცხადოს თავისი სურვილი ევროკავშირის წევრობის შესახებ და გაიაროს მთელი რიგი პროცედურები. ეს კი ნიშნავს, რომ კატალონია, დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში, კავშირის წევრი ავტომატურად ვერ გახდება. თანაც ესპანეთი ყოველთვის დაბლოკავს ამ ინიციატივას.

 

               რაც შეეხება კატალონიელთა სეცესიური მოძრაობის სამართლებრივ არგუმენტს. საერთაშორისო სამართალში დღმდე არ არის ნათლად ჩამოყალიბებული თუ როდის არის გამართლებული სეპარატისტული (სეცესიური) მოძრაობა.  1970 წელს ექსპერტთა კომისიამ დადო დასკვნა სახელწოდებით „მეგობრული ურთიერთობის დეკლარაცია“ (ფრენდლყ რელატიონს დეცლარატიონ) სადაც განსაზღვრულია სეცესიის პრაგმატული თორია და მისი ლეგიტიმურობის კრიტერიუმები. ამ დასკვნის მიხედვით სეცესია მაშინაა ლეგიტიმური, თუ უხეშად არის დარღვეული ხელისუფლების მიერ მოსახლეობის გარკვეული ჯგუფის პირადი უფლებები. სეცესია წარმოადგენს უკანასკნელ ნაბიჯს  მაშინ, როდესაც  სახეზეა ადამიანთა უფლებების მასიური დარღვევა, მასიური მკვლელობები ეთნიკური ნიშნით, როდესაც არ არსებობს ამა თუ იმ ჯგუფის თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციის საშუალება არსებული სახელმწიფოს ფარგლებში. სეცესიის მართლზომიერებისთვის სახეზე უნდა იყოს შემდეგი პირობები: 1) ჯგუფი რომელიც მიისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ უნდა ცხოვრობდეს გეოგრაფიულად მკაფიოდ შემოსაზღვრულ  სივრცეში და 2) სეცესიონისტებს უნდა შეეძლოთ შესაქმნელი სახელმწიფოს შენახვა (ეკონომიკური და ა.შ. შესაძლებლობები). ამ დასკვნიდან გამომდინარე ჩვენ ცალსახად არ შეგვიძლია გავამართლოთ ან გავამტყუნოთ კატალონიური მოძრაობის ლეგიტიმურობა.2

 

                   ჩვენ არ შეიძლება არ შევეხოთ ამ მხრივ საქართველოსი არსებულ სიტუაციას. ეს ცალკე მოხსენების თემა შეიძლება იყოს მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ პარალელები იგივე ესპანურ სეპარატიზმსა და საქართველოში არსებულ სეპარატიზმმს შორის არ არსებობს, აფხაზეთში და სამაჩაბლოში ეს პროცესები გარედან მართულია და ემსახურება ერთი ქვეყნის მიერ მეორის დამორჩილების მცდელობას. რუსეთმა 2008 წლის 21 აგვისტოს მართალია აღიარა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რითაც პასუხი გასცა დასავლეთს კოსოვოს აღიარებისთვის, თუმცა მისი მიზანი უფრო მიერთებაა ვიდრე აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

 

                       კატალონიაში მიმდინარე მოვლენები უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს წარმოადგენს ესპანეთისთვის, თუ ეს მხარე იპოვის გზას და გახდება დამოუკიდებელი სახელმწიფო ეს ბიძგს მისცემს ესპანეთის დანარჩნ რეგიონებსაც. ეს პრობლემაა ესპანეთისთვის და არამარტო მისთვის, დღეს მსოფლიოში 300 მდე ხალხი ცხოვრობს (150 მლნ. მოსახლეობით) რომელთა შორის სეპარატისტული მოძრაობა ნაცნობია. თვით ევროკავშირის შიგნითაც არის ქვეყნების ერთიანობის რღვევის საშიში ტენდენცია, ყველაზე რთული სიტუაცია ამ მხრივ დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში, ბალკანეთსა და ესპანეთშია.11  კოსოვოს პრეცენდენტი, შოტლანდიისა და ყირიმის რეფერენდუმები ამ პროცესს კიდევ უფრო აჩქარებენ. გამომცემლობა გარდიანის მიმომხილველის ემა ჰარისონის სიტყვებით რომ ვთქვათ: „კატალონია თუ    დამოუკიდებელი გახდება ამას მიწისძვრის მსგავსი რეაქცია მოჰყვება, რომლის გავლენაც სხვა რეგიონებზე  შეუქცევადი იქნება“.15

 

 

გამოყენებული ლიტერეტურა:
1) ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია (1914-45) - თეიმურაზ პაპასქირი  (გამომცემლობა „მერიდიანი" თბილისი - 2011).
2) გია ხუბუა - ფედერალიზმი და სეცესიის უფლება (თბილისი 1999).
3) ასმათ ნასყიდაშვილი - კატალონია - შემდეგი დამოუკიდებელი სახელმწიფო ევროპაში?!  http://www.nplg.gov.ge).
4)ზურაბ დავითაშვილი - ნაციონალიზმი და გლობალიზაცია (თბილისი 2003 - მეცნიერება).
5)  http://www.thetimes.co.uk/tto/news/
6)  http://www.washingtonpost.com/
7)  http://www.economist.com
8)  http://en.wikipedia.org/wiki
9)  http://24saati.ge/
10)  http://news.ge/
11)http://geworld.ge/View.php?ArtId=5559&Title=katalonia+_+evrokavSiris++rRvevis+katalizatori&lang=ge
12)  http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1--0-10-0--0-0---0prompt-10--..-4----4---0-1l--11-en-10---10-preferences-50--00-3-help-00-0-00-11-1-0utfZz-8-00-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL4.12&d=HASH0136ea515e82cb86416d3360.16
13)http://www.idescat.cat/economia/inec?tc=3&id=5120&lang=en&dt=201000&x=8&y=12
14) http://www.nytimes.com/
15) http://www.theguardian.com/uk

 

 

 

 

 

 

 

 



ავტორი: პავლიკა ჯაგუნავა
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge