ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოპოლიტიკანატო-საქართველოს ურთიერთობები

ნატო-საქართველოს ურთიერთობები
 | რეიტინგი 3 

 

    საქართველოსა და ნატოს ურთიერთობები ერთ-ერთი აქტუალური თემაა დღევანდელ საზოგადოებაში. ნატოში შესვლა ზოგს პარადოქსი ჰგონია, ზოგს კი რეალობად მიაჩნია. საქართველოს თავისი მრავალწლიანი არსებობის მანძილზე მუდამ უხდებოდა მომხდურ მტერთან ბრძოლა. თავისუფლების დაცვა ყოველთვის გარკვეულ სისხლისღვრასა და თავგანწირვასთან იყო დაკავშირებული. ორი საუკუნის მანძილზე უცხო იმპერიის შემადგენელი ნაწილი ვიყავით და როგორც ილია იტყოდა: „ჩვენი თავი ჩვენ არ გვეკუთვნოდა“. რამდენიმე ათეული წელია დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და მის დასაცავად დღეს გარკვეულ სირთულეებს ვაწყდებით.

 

     ნატოში  შესვლა რთული პროცესია, მაგრამ ამ სირთულეების დაძლევა აუცილებელია, რადგან ნატო, ჩემი აზრით, საქართველოს ერთიანობის გარანტია. მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ამ პროცეს დადებითად ვაფასებ და მიმაჩნია, რომ ნატოს წევრობა საქართველოსთვის არის ძალზე მნიშვნელოვანი.

 

     ხშირად ვსაუბრობთ ამ ორგანიზაციაზე და ჯერ კიდევ ბევრმა არც კი იცის, მისი ნამდვილი არსი და დანიშნულება. ზოგადად ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია არის სამხედრო პოლიტიკური ალიანსი, რომელიც დღეისათვის 28 სახელმწიფოს აერთიანებს. მისი შექმნის საფუძველი გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთშორისო არენაზე მიმდინარე პროცესები. საბჭოთა კავშირი გაეროს წესდების წინააღმდეგ მიდიოდა და უკონტროლოდ ზრდიდა შეიარაღებას, ამ ვითარებამ ეჭვქვეშ დააყენა ბევრი ევროპული სახელმწიფოს სუვერენიტეტი და უსაფრთხოება. ამიტომ საჭირო გახდა შექმნილიყო მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო სამხედრო გაერთიანება-ნატოს ალიანსი. ნატოს უმთავრეს ამოცანას წევრი ქვეყნების დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების სამხედრო საშუალებებით დაცვა წარმოადგენს. 60 წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ნატო სამხედრო პოტენციალის ზრდასთან ერთად დემოკრატიას და კანონის უზენაესობას უჭერს მხარს. პირადად ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ძალზე საინტერესოა ნატოს უმთავრესი პრინციპი-კოლექტიური თავდაცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიარაღებული თავდასხმა ალიანსის ერთ ან რამდენიმე წევრ სახელმწიფოზე განიხილება, როგორც შეიარაღებული თავდასხმა ორგანიზაციის ყველა წევრზე (ერთ ყველასათვის და ყველა ერთისათვის).

 

   ზოგს ჰგონია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემდეგ არ ექნება ისეთი უფლებები, როგორც მასზე განვითარებულ ქვეყნებს. მაგრამ ეს არის მცდარი წარმოდგენა საქართველო ნატოს ურთიერთობის შესახებ. ამ გაერთიანებაში ყველა წევრი სახელმწიფო ინარჩუნებს სუვერენიტეტს. ორგანიზაციაში გადაწყვეტილებები მიიღება თითოეული წევრი  ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, განურჩევლად მისი ტერიტორიული სიდიდისა, მოსახლეობის რაოდენობისა და სამხედრო ძლიერებისა. მაგალითად, პატარა და მცირერიცხოვან ლუქსემბურგს ზუსტად ისევე შეუძლია დაბლოკოს და გაიტანოს რაიმე საკითხი, როგორც უდიდეს და უძლიერეს შეერთებულ შტატებს. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი არ არის აგრესორი ორგანიზაცია, როდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ნატოს არ გააჩნია მუდმივი შეიარაღებული ძალები. ყოველი წევრი ვალდებულია განსაზღვრული რაოდენობის შეიარაღება გამოყოს სხვადასხვა ოპერაციის განსახორციელებლად.

 

    საქართველო ნატოს ურთიერთობებს საკმაოდ მრავალწლიანი ისტორია აქვს. 1992 წლიდან საქართველო გახდა ჩრდილო ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი და სწორად ამ თარიღიდან დაიწყო ჩვენი ქვეყნის სწრაფვა სამხედრო ალიანსისკენ. საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება „ღია კარის“ პოლიტიკას, რომელიც წარმოადგენს ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს. ამის თანახმად ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, რომელიც დაიცავს ალიანსის პრინციპებს და შეიტანს თავის წვლილს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შეუძლია გახდეს ნატოს წევრი. სწორედ, ამიტომ საქართველო 1999 წლიდან ჩაება ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში. პირველად ქართულმა ჯარმა მონაწილეობა მიიღო კოსოვოს კონფლიკტში. შემდეგ კი ავღანეთსა და ერაყში. 2003 წლიდან ალიანსი ახორციელებს საერთაშორისო  სამშვიდობო ოპერაციას ავღანეთში რომელიც ცნობილია IშAF-ის სახელით. ეს ოპერაციები ჩემი აზრით, ზრდის საქართველოს თავდაცვისუნარიანობას.

 

      პირადად ჩემთვის ალიანსის ვალდებულებები წევრი ქვეყნების მიმართ მიმზიდველია. იგი მზადაა დაეხმაროს, როგორც წევრ, ისე პარტნიორ ქვეყანას კონფლიქტების აღმოფხვრაში, თუმცა ნატო საომარი ოპერაციებისაგან თავს იკავებს თუ ქვეყანა ორგანიზაციის წევრი არ არის. ამის მაგალითია 2008 წლის აგვისტოს ომი. (ნატო მხოლოდ დიალოგით შემოიფარგლა).

 

      ჩემი აზრით, როდესაც ვსაუბრობთ ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე უნდა გადავხედოთ 3 კრიტერიუმს: პოლიტიკურს, ეკონომიკურსა და სამხედროს. პოლიტიკური თავისთავად გულისხმობს ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის რეალურ არსებობას. ეკონომიკური მოიცავს საბაზრო ეკონომიკის განვითარებას. რაც შეეხება სამხედროს, სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს ძლიერი და თავდაცვისუნარიანი ჯარი.  ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მაინც საქართველო ნატოს ურთიერთობებში არის ოკუპირებული ტერიტორიები. სწორედ ეს აფერხებს ალიანსში ჩვენს გაწევრიანებას, ორგანიზაციაში პრეცედენტი არ არის ისეთი წევრი ქვეყნის, რომელსაც ჰქონდეს ოკუპირებული ტერიტორიები და ჰყავდეს 100000-მდე ლტოლვილი. ამ პრობლემის მოგვარების გზა მე ნატოში გაწევრიანებით მესახება.

 

     საქართველოს ნატოში გაწევრიანება საქართველოს მოქალაქეების (და ხელისუფლების) პოლიტიკური არჩევანი და პრიორიტეტია. ოფიციალური გამოკითხვების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 83% ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას უჭერს მხარს.

 

       ჩემი აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება უამრავ სიკეთეს მოუტანს. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი, უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოების ორგანიზაციაა. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დამცველნი ვიქნებით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ის 28 ქვეყანა, რომელიც გაერთიანებულია ნატოში. ალიანსი საქართველოს მოუტანს გარანტირებულ უსაფრთხოებას. მაგ: ალბანეთს ნატოში გაწევრიანების შემდეგ ფაქტობრივად მოეხსნა ყოველგვარი საშიშროება საბერძნეთისაგან. გარდა ამისა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი იქნება ჩვენი დემოკრატიული განვითარების გარანტი, რადგანაც ნატო არის ორგანიზაცია, სადაც წევრი ქვეყნები გაერთიანებულნი არიან გარკვეული ფასეულობების გარშემო და ეყრდნობიან დემოკრატიულ პრინციპებს. ნატოს წევრობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, რადგან ალიანსის წევრობა ინვესტორებისთვის წარმოადგენს დიდი ნდობისა და შესაბამისად, სტაბილურობის გარანტს.

 

    რეფორმირებული და დაცული საქართველო იქნება გაცილებით ეფექტური და სერიოზული ქვეყანა სეპარატისტული რეჟიმებისთვის, ვიდრე გაურკვევლობაში მყოფი საქართველო, რომელიც არანაირად არ იქნება აფხაზებისათვის ან ოსებისათვის მიმზიდველი.

 

     ნატო საქართველოს მოუტანს უფრო მეტ სტაბილურობას, მეტ უსაფრთხოებას. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი მოგვცემს იმას, რაც საუკუნეების განმავლობაში მტრის წინაშე მარტოდ მყოფმა ჩვენმა მეფეებმა ვერ მოგვცეს  ეს არის: სტაბილურობა, დამოუკიდებლობის შენარჩუნების გარანტია და უსაფრთხოება.

 

      საქართველოს საზღვარი სრული ინტეგრაციის შემდეგ გახდება ნატოს საზღვარი, ეს კი, ჩემი აზრით, გამორიცხავს ყოველგვარ საშიშროებას აგრესორი ქვეყნების მხრიდან. ჩვენი ეკონომიკური ბაზარი, მეცნიერება, კულტურა იქნება უფრო ღრმად ინტეგრირებული ალიანსის ქვეყნებთან. მაგ. თურქეთმა მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი აზიურ კონტინენტზეა ნატოში გაწევრიანების შემდეგ, უშუალოდ შეაბიჯა ფეხი ევროპულ ცივილიზაციაში. ნატოსთან ურთიერთობა ჩვენთვის არის ეფექტური გზა ევროკავშირისკენ უვიზო მიმოსვლისა ევროპულ სივრცეში და უფრო მეტი ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში.

 

   სამწუხაროდ ზოგი ვერ ხვდება, რა მნიშვნელობა აქვს ნატოს საქართველოსთვის, რა მიზეზებმა უნდა განაპირობოს ნატოს ინტერესი საქართველოს მიმართ.

 

    საქართველო იქნება არა მარტო მომხმარებელი იმ უსაფრთხოებისა, რომელსაც ალიანსი სთავაზობს, არამედ შეიტანს თავის წვლილს ამ უსაფრთხოების განმტკიცებაში. პირველ რიგში, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის არეალი კიდევ ერთი დემოკრატიული ქვეყნით გაიზრდება, რომელსაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ამ რეგიონში და საშუალებას მისცემს ნატოს, როგორც დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებულ ორგანიზაციას კიდევ უფრო განამტკიცოს ევროატლანტიკური უსაფრთხოება. ნატო აწარმოებს გარე ოპერაციებსაც მაგ. ავღანეთი, ერაყი. შესაბამისად საქართველოს სტრატეგიული განლაგება, სიახლოვე კონფლიქტურ ზონებთან, ენერგეტიკული დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის მნიშვნელოვანი საკითხებია, რაც ევროპასა და დასავლეთის ქვეყნებს ენერგოუსაფრთხოების გარანტიას უქმნის.

 

   შესაბამისად ალიანსი დაინტერესებულია, რომ განვითარებული და დემოკრატიული საქართველო იყოს მისი წევრი ამ რეგიონში. ასევე ეს ხელს შეუწყობს ნარკო ტრეფიკინგის, ადამიანის გატაცების, იარაღით უკანონო ვაჭრობის გაკონტროლებას. ასე, რომ ჩვენს ქვეყანას შეუძლია წვლილი შეიტანოს მსოფლიო უსაფრთხოებაში.

 

    ნატოში გაწევრიანება, ჩემი აზრით, დააჩქარებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, ვინაიდან ნატოს კანონმდებლობა მიზნად ისახავს დიალოგის დამყარებას ოკუპანტ ქვეყანასთან, თუ იგი ალიანსის წევრი ან პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს არღვევს. ნატოს მოკავშირეობა ავტომატურად ნიშნავს მშვიდ სახელმწიფოს. ჩრდილოატლანტიკური სივრცის წევრობა მსოფლიოს უამრავი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია. ნატოს წევრი ქვეყნის მოქალაქეობა ნიშნავს, რომ შენ ხარ მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო გაერთიანების ნაწილი, მაგალითი დანარჩენი ქვეყნების მოსახლეობისათვის, რომლებიც ისწრაფვიან ალიანსისკენ. ჩემი აზრით, ერთადერთი ძალა, რომელსაც კონფლლიქტის კერების აღმოფხვრა და საქართველოს დეოკუპაცია შეუძლია არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ამიტომაც მე, როგორც რიგითი ქართველი მივესალმები საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. საქართველო ღირსია იყოს მსოფლიო ოჯახის წევრი, მის განვითარებაში შეჰქონდეს თავისი წვლილი და მისგან თავის წილს იღებდეს.



ავტორი: mindia gostamashvili
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge