ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოსაზოგადოებასაქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქი ერემ II (სიდამონიძე)

საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქი ერემ II (სიდამონიძე)
 | რეიტინგი 3 

ღვთისგან რჩეული ადამიანის ცხოვრება მუდამ გამოირჩევა სხვამოქალაქეთა ცხოვრებისაგან. ზუსტად ღვთისგან რჩეულ ადამიანებს მიეკუთვნებოდა კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II, ერისკაცობაში გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძე დაიბადა 1896 წლის 19 ოქტომბრის გორის მაზრის, სოფელ დოესში.

   გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის განხრით, უნივერსიტეტი 1923 წელს დაამთავრა. მას ასევე მიენიჭა ღვთისმეტყველების დოქტორობა პეტერბურგის სასულიერო აკადემიის საბჭოს მიერ.

  მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი მიუძღვით უნივერსიტეტის ლექტორებს: ივანე ჯავახიშვილს, კორნელი კეკელიძეს, აკაკი შანიძეს, დიმიტრი უზნაძეს, გიგო ნათაძეს, გიორგი ახვლედიანს და სხვებს.

  1921 წლის 21 დეკემბერს მან თხოვნით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ამბროსი ხელაიას, რათა აღეკვეცად ბერად და სამღვდელმონაზვნო ხარისხში აეყვანათ. მან ასევე განცხადებით მიმართა უნივერსიტეტის რექტორს ივანე ჯავახიშვილს  და დატოვა უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსი. ჯერ ყველაფერი წინ ელოდა ახლგაზრდა ეფრემ სიდამონიძეს. შემდგომში მას, როგორც ახალგაზრდა ბერმონაზვნობის მოსურნეს მრავალი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა.

  1944 წლიდან იყო ქუთაისის მიტროპოლიტი, 1952 წლიდან -ბათუმჭყონდიდელი მიტროპოლიტი. 1960 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ III. საგანგებოდ შეიკრიბა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი. 11 იანვარს სინოდის დადგენილებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ და მელქისედეკ  III-ის დამკრძალავი კომისიის თავჯდომარედ აირჩიეს მიტროპოლიტი ეფრემი. 1960 წლის 19-20 თებერვალს შედგა ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელმაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად აირჩია მიტროპოლიტი ეფრემი, ეფრემ II-ის სახელით. 21 თებერვალს სვეტიცხოველში მოხდა მისი აღსაყდრება.

   უწმიდესს და უნეტარესს ეფრემ II მართლაც ურთულეს ეპოქაში მოუხდა მოღვაწეობა. ხხ საუკუნის 60-იან წლებში საბჭოთა საქართველოში მიმდინარეობდა კომუნიზმის ფართო მშენებლობა. საპატრიარქო უმძიმეს დღეში იყო. საპატრიარქოს არ ჰქონდა რეზიდენცია, სასულიერო სასწავლებელი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას არ აღიარებდა მსოფლიოს მართლმადიდებულ ეკლესიათა დიდი ნაწილი. მკაცრად კონტროლდებოდა თითოეული სასულიერო პირი, მათ შორის უმკაცრესად კონტროლდებოდა კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II.

  ეფრემ II გრძნობდა, რომ რაღაც ზომები უნდა მიეღო და გადაეჭრა ყველა ეს პრობლემა. უწმიდესი ძალიან დარდობდა იმაზე, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ღვთისმსახურთა მოსამზადებლად სასწავლებელი არ ჰქონდა. საჭირო იყო ამ მხრივ შეცვლილიყო რამე. მართლაც 1962 წლის 30 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის დიდი ძალისხმევის შედეგად მთავრობამ გასცა განკარგულება მცხეთის სამოძღვრო კურსების დაარსების შესახებ. მის დირექტორად პატრიარქმა დანიშნა შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია (შიოლაშვილი).  ეს იყო ეფრემ II-ის უმნიშვნელოვანესი დამსახურება მის სხვა მრავალ დამსახურებას შორის. მცხეთის სამოძღვრო კურსები ცოტა ხანში მცხეთის სასულიერო სემინარიად გადაკეთდა. მისი პირველი გამოშვება მხოლოდ ოთხად ოთხ კაცს ითვლიდა, თუმცა იმდროისთვის ეს უდიდესი შენაძენი იყო ქართული ეკლესიისთვის. სწორედ უწმიდესს ეფრემ ჳჳ-ის დამსახურება იყო, რომ ქართული ეკლესია ფეხზე წამოდგა მაშინ და გადარჩა.

  ასევე, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის დიდი დამსახურება არის საეკლესიო კალენდრების გამოშვება. საეკლესიო კალენდრების შედგენა-გამოცემაში პირადად თვითონ მუშაობდა. პატრიარქ ეფრემის მიერ გამოცემულ კალენდარში მოხსენიებული იყო იმ კათოლიკოს-პატრიარქთა გარდაცვალების დღეები, რომლებიც ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ედგნენ სათავეში ქართულ სამოციქულო ეკლესიიას.

  1963 წ. ეფრემ II-ის ინიციატივით დაიბეჭდა გიორგი მთაწმინდელისეული "ახალი აღთქმა". პატრიარქმა ასევე გადაარჩინა დახურვას მთაწმინდის მამადავითის ტაძარი, იბრძოდა სასულიერო მოღვაწეთათვის საშემოსავლო გადასახადების დაწესების წინააღმდეგ.

  პატრიარქი კარგად გრძნობდა საქართველოს ეკლესიის საერთაშორისო კავშირების აუცილებლობას. თავისი მოღვაწეობის პერიოდში არაერთხელ იმოგზაურა მოსკოვში. თბილისს რამდენჯერმე ესტუმრა რუსეთის პატრიარქი ალექსი I.

  ეფრემ II უაღრესად თავმდაბალი პიროვნება იყო. ბავშვებთან ურთიერთობის საოცარ ხელოვნებას ფლობდა და სიყვარულის განსაცვიფრებელი უნარი ჰქონდა. ამდენი გაჭირვების მიუხედავად, ცხოვრება არასდროს მობეზრებია და ბოლომდე შეინარჩუნა კეთილგანწყობა ყველა ადამიანის მიმართ.

  ფიზიკურ სიკვდილს დანატრებულ პატრიარქს ჯერ კიდევ ქუთათელ-გაენათელ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის დროს შეუდგენია თავისი საფლავის ქვის ეპიტაფია: "მეყვსეულად განვეშორე მიწიერსა ღვთივმშვენიერსა საკურთხეველსა და მიწა მიწას შთავაბნიე საწყალობელი; სული ჩემი იხმო ზეციერმან მსაჯულმან პასუხის-გებად, ამისთვისცა გევედრებით, ლოცვა ჰყოთ ჩემთვის, რათა გამომაჩინოსმცა მსახურად ზეციურსა საკურთხეველსა. ხელდასმულ ვიქმენ მღვდელმთავრად 19.27.III.27. დავიბადე 1896 წ. გარდავიცვალე... მიტროპოლიტი ეფრემ, სიდამონიძე".

  უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II დაჯილდოვებული იყო ალექსანდრიის, ანტიოქიის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის, რუსეთისა და საქართველოს მრავალი სასულიერო ორდენით და მედლით.

  უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქარათველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ მეორე სიდამონიძემ 76 წელი იცოცხლა და გარდაიცვალა 1972 წლის 7 აპრილს, ვნების შვიდეულის მიწურულს, წითელ პარასკევს, რომელიც იმ წელს ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს დაემთხვა. ამიტომ მისმა გარდაცვალებამაც სიმბოლური დატვირთვა შეიძინა.

 

  უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

 

 

 



ავტორი: ლუკა კარკაძე
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge