ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოგანათლება და კულტურარე''ქ''ვიემი მედიაზე

რე''ქ''ვიემი მედიაზე
 | რეიტინგი 3 

ჟურნალისტიკა მეოთხე ხელისუფლებააო, ამბობენ. ეს ფაქტი ისტორიას არაერთხელ დაუდასტურებია და მის სინამდვილეში კიდევ მრავალჯერ დავრწმუნდებით. მედიას საზოგადოების ინფორმირების გარდა, მისი აღზრდა-განვითარებაც ევალება. ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა (მოვალეობა) საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა,მისი წარმართვა სასურველი მიმართულებით. ალბათ, დამეთანხმებით, ეს უკანასკნელი ამას ახერხებს კიდეც. მედიის გავლენა მასზე, მართლაც, განუსაზღვრელია. ჯერ კიდევ უინსტონ ჩერჩილი რადიოსა და ტელევიზიას ხალხის გამაბრუებელ საშუალებებს უწოდებდა, ხოლო ნაპოლეონს ეშინოდა გაზეთების, რადგან მასში ხალხის აზრი იყო გამოხატული, რასაც საზოგადოებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეეძლო. ზემოაღნიშნული ფუნქციის გამო, ჟურნალისტებს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებთ საზოგადოებასთან მიმართებით. გარდა იმისა,რომ მათ არ ეპატიებათ ხალხის დეზინფორმირება,მედიამ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს გამოხატვის ფორმასა და სწორად მეტყველებას, რადგან თანამედროვე პირობებში ჟურნალისტების (განსაკუთრებით ტელეჟურნალისტების) მეტყველებას უდიდესი გავლენა აქვს საზოგადოების ფართო ფენების მეტყველებაზე და,მაშასადამე,აზროვნებაზეც. ,,ამდენად, დაუშვებელია ჟურნალისტების მიერ მშობლიური ენის ბუნებისა და წეს-კანონთა უგულებელყოფა, გაუმართავი წერითი თუ ზეპირი მეტყველება. დაბეჯითებით უნდა ითქვას: ,,ვერც ერთი ჟურნალისტი,როგორი პროფესიული უნარებითაც არ უნდა იყოს იგი ,,აღჭურვილი", იმის მეათასედსაც ვერ შექმნის პოზიტიურს, რასაც გააფუჭებს ენის, - ეროვნული თვითშემეცნებისა და კულტურის (ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით) საფუძველთა საფუძვლის, -შერყვნა-დამახინჯებით, მისი საძირკვლის მოშლით." ბევრი რომ აღარ ვილაპარაკოთ, ცხადია, თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკა ამ თვალსაზრისით ნამდვილად ცოდავს. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ანტიპურიზმის პროპაგანდას ეწევა (შენიშვნა:პურუზმი (ფრანგ. პურისმე < ლათ. პურუს „სუფთა, წმინდა") - ენაში შემოსულ უცხო სიტყვათა (უფრო ნეოლოგიზმების) უკუგდება და მათი შეცვლა დედაენის ხელოვნურად გაცოცხლებული (ან შეთხზული) სიტყვებით. დღევანდელ საქართველოში ძალიან მოდურია უცხო სიტყვების გამოყენება მედია-დისკურსში. ტელევიიზიით ყოველ წუთს გაისმის - „პრიორიტეტული'' (უპირატესი), ,,რეზულტატი'' (შედეგი), ,,ივენთი" (ღონისძიება), ,,ექსპერიმენტი" (ცდა) ,,აუთლაინი" (მონახაზი), ,,მესიჯი" (შეტყობინება, გზავნილი), ,,რიმეიქი" (გადამუშავება), ,,ფეშენვიქი" (მოდის კვირეული), ,,უიქენდი" (შაბათ-კვირა),,, კრეატიული"(შემოქმედებითი) და ა.შ. დამერწმუნეთ,უცხო სიტყვებით მეტყველებას არაერთი უარყოფითი მხარე აქვს,მაგ., რიგითი მაყურებლისთვის, რომელსაც ხელში არ უჭირავს განმარტებითი ლექსიკონი, გაუგებარი რჩება, თუ რის შესახებ საუბრობს ჟურნალისტი. აქვე ისიც უნად აღვნიშნოთ, რომ ბარბარიზმების პრობლემა უფრო მძაფრად აღიქმება „დამპყრობელი ერის" მიმართ, ვიდრე ენათა კულტურული ურთიერთქმედებების დროს. სწორედ ასეთი ურთიერთობა ინგლისურთან მნიშვნელოვნად აზიანებს ქართულ ენას. ადრე არავინ დაობდა იმაზე, რომ რუსულიდან შემოსული „ტრენერი" და „ტრენიროვკა" ბარბარიზმი იყო. დღეს კი ინგლისურის გზით შემოსული იგივე სიტყვები („ტრენერი" და „ტრენინგი") მარტივად იმკვიდრებს ადგილს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ქართული მედია ხდება წყარო ყოველდღიურ მეტყველებაში გრამატიკულად გაუმართავი სიტყვათა ფორმების დამკვიდრებისა. როგორც უკვე მოგახსენეთ, ჟურნალისტების მეტყველებას გადამდები ძალა აქვს და უნებლიე მიბაძვის საფრთხეს ქმნის. ჟურნალისტები არაერთ შეცდომას უშვებენ. ბევრ მათგანს ყური უკვე შეეჩვია და თითქოს შეუმჩნეველი გახდა, მაგრამ ზოგიერთი აშკარად ჭრის ყურს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: სწორედ ტელეჟურნალისტების „დამსახურებაა'', რომ სიტყვები: თითოეული ჩვენთაგანი, თქვენთაგანი მათი ხშირი გამოყენების გამო აღარ აღიქმება არაბუნებრივად და შესაბამისად ამ სახით იმკვიდრებს ადგილს ყოველდღიურ მეტყველებაში (სწორია: თითოეული ჩვენგანი,თქვენგანი). ძალიან ხშირია კრებითსა და სიმრავლის გამომხატველ სახელებთან რიცხში შეთანხმებისას დაშვებული შეცდომებიც, რის გამოც ჩნდება ისეთი არასწორი ფორმები,როგორიცაა: ხალხმა თქვეს, სხვადასხვა საქმეები...(მართებულია: ხალხმა თქვა, სხვადასხვა საქმე). გავრცელებულ შეცდომათა რიცხვს განეკუთვნება: „ქვორუმი", ,,ქვოტა", ,,რექვიემი"....(უნდა იყოს კვორუმი, კვოტა, რეკვიემი) ხშირია სიტყვაში ზედმეტი ბგერის ჩართვაც. ამის მაგალითია უკვე ძალიან გავრცელებული შეცდომა:,,წარმოჩინდა"(წარმოჩნდა). ჟურნალისტების მიერ დაშვებულ შეცდომათა შორისაა: ჩემის მხრივ, ჩემის აზრით... (ჩემი მხრივ, ჩემი აზრით). ქართულ მედია-დისკურსში ძალიან ხშირად გამოიყენება სიტყვა რამდენიმეს არასწორი ფორმა-რამოდენიმე, რის გამოც, გასაკვირი არაა, რომ მან ადგილი დაიმკვიდრა ჩვენს მეტყველებაშიც. ვფიქრობ, ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს შორისაა: ავღნიშნე და ავღწერე... ქართველ ჟურნალისტებს ავიწყდებათ, რომ დაუშვებელია ზმნისწინის გახლეჩა.სწორი ფორმებია: აღვნიშნე, აღვწერე. ასევე, ძალიან ხშირად ტელევიზიით ისმის: ეხლა, ეხლახანს, ახლახანს (მართებულია ახლა, ახლახან). თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ ყოფილიყოს, დიდი ხანი არაა, რაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა „ახალი სიტყვა თქვა ქართულ ჟურნალისტიკაში", რომრლიც მისმა კოლეგებმა მალე აიტაცეს. ამის გამოა, რომ დღეს ყურს უხეშად აღარ ხვდება სიტყვა „ჩანიშნული'' (ჩანიშნული კრება,მიტინგი....ჩანიშნულის ნაცვლად უნდა იყოს დანიშნული). ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ზემოაღნიშნული პრობლემა ნამდვილად აქტუალურია და მტკივნეული.სწორედ ამიტომ, ჟურნალისტები უნდა ცდილობდნენ, თავი დააღწიონ უცხო სიტყვების კორიანტელს და დაიცვან მშობლიური ენის სიწმინდე, რადგან როგორც უკვე ბევრჯერ მოგახსენეთ, მათს მეტყველებას გადამდები ძალა აქვს.



ავტორი: ani bochorishvili
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge