ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოგანათლება და კულტურამიქელანჯელო - იტალიის უკვდავი შვილი (თავი I)

მიქელანჯელო - იტალიის უკვდავი შვილი (თავი I)
 | რეიტინგი 3 

 

      მიქელანჯელო თავისი ხელოვნებით მსოფლიო კულტურის სათავეშია მოქცეული. მასში იყო რაღაც ამოუცნობი, ზეადამიანური გენი რის გამოც, ის სიცოცხლეშივე ღვთაებრივად შერაცხეს. მიქელანჯელომ ხელოვნება განსაკუთრებულ სიმაღლეზე აიყვანა და როგორც ბევრი მეცნიერი ამბობდა, მას „ახალი სული" შთაბერა.                                                        იტალია და კერძოდ ფლორენცია უკვდავთა სავანეა. აქ სხვადასხვა დროს დარწეულა დანტეს, დონატოს, ჯოტოს, მაზაჩოს ლეონარდო  და ვინჩისა და მიქელანჯელოს აკვანი.

      მიქელანჯელო ბუონაროტი დაიბადა 1475 წლის 6 მარტს, ქ. კაპრეზში, ფლორენციის მახლობლად. თავიდან არავინ იცოდა, რომ ქვეყნად ხელოვნებას ახალი ტიტანი მოევლინა. მისი მამა ლუდოვიკო ბუონაროტი კაპრეზის მაგისტრატი (ქალაქის თავი,პოდესტა) იყო. მიქელანჯელოს  დაბადებიდან ცოტა ხნის შემდეგ ოჯახი ფლორენციაში გადასახლდა. მიქელანჯელო როდესაც 6 წლის იყო გარდაეცვალა დედა ფრანჩესკა, რაც დიდი მტკივნეული დანაკლისი იყო პატარა ბიჭისათვის. დედის დაკარგვას უკვალოდ არ ჩაუვლია, ის მარტოსულ ადამიანად იქცა. ჯერ კიდევ ბავშვობაში ის ამოუცნობ არსებებს ხატავდა. გარკვეული დროის შემდეგ მიელანჯელომ გადაწყვიტა მხატვარი გამხდარიყო. რამდენიმე ხნის შემდეგ მიქელანჯელომ მხატვარ გირლანდაიოს სახელოსნოს მიაშურა ხატვის ხელოვნების შესასწავლად. ეს სახელოსნო ფლორენციაში მდებარეობდა. ამ დროისათვის ფლორენციას მედიჩები მართავდნენ /ამ გვარმა რომს ოთხი პაპი, საფრანგეტს კი ორი დედოფალი მისცა/. ფლორენცია მედიჩების მმართველობის ხანაში ევროპული კულტურების ეპიცენტრი იყო. ლორენცო ბრწყინვალე /1469-1492/ მედიჩი თავის სასახლეში თავს უყრიდა იმ პერიოდის ყველაზე გამოჩენილ მხატვრებს, პოლიტიკურ მოღვაწეებს, სასულიერო პირებს. ის ფლორენციის უგვირგვინო მეფე იყო.

     მიქელანჯელოს მამას არ უნდოდა შვილი მხატვარი გამოსულიყო, რადგან მას მხატვრობა არასარფიან პროფესიად მიაჩნდა. ამის მიუხედავად მამამ შვილი მიაბარა სასწავლებლად მხატვარ გირლანდიოს სახელოსნოში. თავად ამ მხატვარმა სახელი რელიგიურ თემებზე შექმნილი ნახატებით გაითქვა, რომელთაც დასახატად ფლორენციელი მდიდრები უკვეთავდნენ.

   მხატვრის სახელოსნოში ყმაწვილი მიქელანჯელო ფრესკის დამუშავების ტექნიკას დაეუფლა, შეისწავლა საღებავების დამუშავება და ხატვაშიც გაიწაფა. ის გამოჩენილი მხატვრების /ჯოტოს, მაზაჩოს,/ ნამუშევრებს ფლორენციის ეკლესიაში გულდასმით ათვალიერებდა.

    მიქელანჯელო შემდეგ მედიჩების ბაღში გახსნილ მოქანდაკეების სკოლაში შევიდა, სადაც ქანდაკებების ანბანი შეისწავლა. ამ სკოლაში მან შექმნა ,,მომღიმარი ფავნის ნიღაბი", რაც ლორენცო მედიჩს დიდად მოეწონა და ახალგაზრდა ხელოვანი ინტელექტუალთა წრეში შეიყვანა.

   მიქელანჯელო მსგავსად ლეონარდო და დავინჩის არ დასჯერდა ადამიანის მხოლოდ ბერძნული სკულპტურების შესწავლას. მას სურდა ადამიანის ყველა საიდუმლო შეეცნო, ამის გამო ის ყიდულობდა ადამიანის გვამებს, კვეთდა და ადამიანის ანატომიას ზედმიწევნით სწავლობდა, თითოეულ ორგანოს, კიდურს წიგნაკში ინიშნავდა.

   1492 წელს მიქელამჯელომ მარმარილოში გამოკვეთა „ კენტავრების ბრძოლა" , რომელშიც ერთმანეთს ებრძვიან ძლიერი და მრისხანე ფიგურები. მიქელანჯელო თანდათან დიდი მხატვარი ხდებოდა.

   20 წლის მიქელანჯელო მოწმე იყო მგზნებარე თანამემამულის ჯიროლამო სავონაროლას /1452-1498წწ/  ქადაგების, რომელიც პაპებს აკრიტიკებდა და მათი ფუფუნების წინააღმდეგ ილაშქრებდა. მან ფლორენციას ღვთის სასჯელი უწინასწარმეტყველა. ჯ. სავონაროლა წარმართული ხელოვნების წინააღმდეგაც ილაშქრებდა. 1498 წელს სავონაროლა ერეტიკოსად შერაცხეს და კოცონზე დაწვეს. მის შესახებ ნიკოლო მაკიაველმა თქვა: „ის დაიღუპა იმიტომ, რომ არ შეძლო ან ვერ შეძლო შურიანებზე გამარჯვება".

   1492 წელს გარდაიცვალა ლორენცო დე მედიჩი. სტენდალის თქმით: „მაშინ მსოფლიოს ცივილიზაციამ უკან დაიხია მთელი ასი წლით." რომის პაპმა კი წამოიძახა „მშვიდობა დაიღუპა". ნეაპოლის მეფემ კი თქვა: „მან თავისთვის საკმაოდ დიდხანს იცხოვრა, მაგრამ იტალიისთვის კი ძალიან ცოტა ხანს" ლორენცო მისმა ვაჟმა პიეტრომ შეცვალა, რომელიც მამისგან განსხვავებით უუნარო მმართველი აღმოჩნდა. 1496-1498 წლებში რომში ყოფნისას მიქელანჯელომ გამოაქანდაკა „მთვრალი ბახუსი" . მისი შექმნისთვის შთაგონების წყარო იყო ანტიკური რომის ხელოვნების ნიმუშები. ღვინის წარმართულ ღმერთ ბახუსს ხელში უკავია ყურძენი, ვაზის ტოტი და ფიალა.

   1500 წელს მიქელანჯელომ ერთ-ერთი კარდინალის დაკვეთით შექმნა „პიეტა" ღვთისმშობლის ქანდაკება  პიეტა (იტალ.: Pietà - თანაგრძნობა, ღვთისმოსაობა) ძვ. რომაულ მითოლოგიაში მშობლების მიმართ შვილის სიყვარულის განსახიერება. ლეგენდის მიხედვით, სიკვდილმისჯილი მამა (თუ დედა) ქალიშვილს ძუძუთი გამოუკვებავს და სიცოცხლე გაუხანგრძლივებია. პიეტას გამოსახავდნენ ქალის სახით, მისი ატრიბუტებია ბავშვები და წერო. პიეტას უწოდებენ აგრეთვე იესო ქრისტეს დატირების სცენებს (ღვთისმშობელი და მკვდარი ქრისტე). პიეტას სახელით არის ცნობილი მიქელანჯელოს განთქმული კომპოზიცია. ხუთი საუკუნის განმავლობაში, მსოფლიოს მრავალი კუთხიდან უამრავი ადამიანი ჩადიოდა იტალიის დედაქალაქ რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში ქალწული მარიამის მკლავებზე დასვენებულ ქრისტეს ქანდაკების სანახავად. მე-15 საუკუნიდან მოყოლებული, ეს ქანდაკება არაერთი მხატვრის შთაგონების წყაროდ იქცა. იგი ტოსკანის თეთრ მარმარილოშია გამოკვეთილი.

    პიეტა კრიტიკოსთა აზრით მხატვრის გენიალური ქმნილებაა. ღვთისმშობლის სახე მწუხარებას მხოლოდ მორჩილებით გამოხატავს, რომელსაც მუხლებზე მკვდარი ქრისტე უწევს. პიეტა ღვთისმშობლის სათნოებას ასახავს, მისი ახალგაზრდობა კი- უმანკო სიწმინდის სიმბოლოა. ღვთისმშობლის მარცხენა მხარზე, სამოსის ნაკეცზე მოქანდაკემ მიაწერა „ შეასრულა მიქელანჯელო ბუონაროტიმ ფლორენციელმა". ამ ნაშრომის შესახებ ის აღნიშნავდა რომ, „პიეტა" იქნებოდა „ულამაზესი მარმარილოს ქანდაკება და ვერც ერთი ცოცხალი ხელოვანი უკეთესს ვერ შექმნიდა".

   1501 წელს ფლორენციაში დაბრუნებულმა ხელოვანმა სენიორიის მოედნისთვის დაიწყო კოლოსალური „ დავითის" გამოკვეთა, რომლის სიმაღლეა 5 მეტრი და 22 სმ. მის შესაქმნელად მიქელანჯელოს მისცეს ნახევრად თლილი მარმარილოს ულამაზესი ლოდი. ოსტატმა ის ხელოვნების უკვდავ ქმნილებად აქცია. „დავითი" ფლორენციის რესპუბლიკის „სამოქალაქო ძალას ასახავდა". მიქელანჯელოს დავითისათვის დამახასიათებელია ნაოჭიანი შუბლი, შეჭმუხნული წარბები. მისი მოჩვენებითი სიმშვიდე მისი შინაგანი დაძაბულობის ნიშანია. ბიბლიური დავითის გამოხატვით იტალიელმა გენიოსმა დიდი პატივისცემა დაიმსახურა და იმ დროის დიდოსტატად შერაცხეს. ამგვარად, სიცოცხლით სავსე დავითი სიმბოლოა ახალგაზრდა ფლორენციისა.

    ფლორენციის სენიორიის მეთაურმა პიეტრო სოდერინიმ განიზრახა სასახლის სათათბირო დარბაზი კაშინისა და ანგიარის ბრძოლების სცენებით შეემკო და თან ერთმანეთისთვის შეეჯიბრებინა ხელოვნების ორი ტიტანი მიქელანჯელო და ლეონარდო და ვინჩი. ეს საქმე ისტორიამ ვერ გადაჭრა ლეონარდოს ანგიარის ბრძოლა, რომელიც პაპის მილანზე გამარჯვებას გამოხატავდა რამდენიმე წელიწადში დაზიანდა. პირმშვენიერი ლეონარდო და პირქუში , უკარება მიქელანჯელო ერთმანეთს დიდად ვერ იტანდნენ.

   1503 წელს რომის პაპი გახდა 60 წლის ჭკვიანი და ცბიერი იულიუს მე-2. მას თავისი სახელის უკვდავება სურდა. ის ეკლესიის დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად იბრძოდა და მისწრაფებებით რომის ამბიციურ პაპებს არ ჩამოუვარდებოდა. იულიუსმა მიქელანჯელო ვატიკანის ბაზილიკაში აკლდამის შესაქმნელად დაიბარა. იულიუსს ოსტატის პროექტი ძლიერ მოეწონა, მაგრამ პაპის არქიტექტორმა დონატო ბრამანტემ და მისმა მეგობარმა რაფაელმა იულიუს მე-2 დაარწმუნეს, რომ არ ღირდა აკლდამა სიცოცხლეშივე აეგო და უზარმაზარი ბაზილიკის პროექტი წარუდგინეს, რომელიც ქრისტეს ეკლესიის ძლევამოსილებას გამოხატავდა, ეს იდეა ცბიერ პაპს მოეწონა. ამ დროს მიქელანჯელო „მოსეს" აქანდაკებდა და ვერ ხვდებოდა,რომ მის ზურგს უკან ინტრიგებს ხლართავდნენ. პაპს ნაბრძანები ჰქონდა მიქელანჯელოსათვის ფულით დასახმარებლად ყოველთვის მისთვის მიემართა. ის პაპს მართლაც ეწვია ფულის სათხოვნელად, რომელმაც ის არ მიიღო. მიქელანჯელო ყვირილით გამოვარდა „გადაეცით პაპს, თუ ჩემი ნახვა სურს, შეუძლია ყველგან მეძებოს გარდა რომისა". ხელოვანი ფლორენციაში გაიქცა. ხელოვანი ხვდებოდა, რომ ამ ყველაფერში რაფაელის ხელი ერია. მიქელანჯელო ხშირად ამბობდა, რომ „რაფაელს ჩემი გაკოტრება უნდა, რადგან ხელოვნებაში თუ რამე გაეგება ჩემგან ისწავლა". მალე ის პაპის კატეგორიული მოთხოვნით, /რომელიც მუქარას უფრო ჰგავდა/ ფლორენციიდან კვლავ რომში დაბრუნდა. პაპმა მას კოლოსალური ბრინჯაოს ქანდაკების ჩამოსხმა დაავალა, თავიდან ხელოვანმა უარი თქვა, მაგრამ ბილოს დათანხმდა. პაპის მოთხოვნა იყო ხელში წიგნის ნაცვლად ხმალი დაეჭერინებინათ. (იულიუსის ქანდაკება რამდებიმე ხნის შემდეგ დაანგრიეს. ფერარის ჰერცოგმა ქანდაკების ნაწილი იყიდა და მისგან ზარბაზანი ჩამოასხა სახელად „იულიუსი"). პაპმა ამავდროულად მიქელანჯელოს შესთავაზა სიქსტეს კაპელას თაღი მოეხატა, ხელოვანი უარზე იდგა რადგან ქანდაკებასთან შედარებით მხატვრობა წვრილმან საქმედ მიაჩნდა. რაფაელს და მის მომხრე ბრამანტეს ეგონათ, რომ პაპი ამ საქმეს მათ მიანდობდა, მაგრამ ამაოდ, მან არჩევანი მიქელანჯელოზე შეაჩერა. მართალია რაფაელი დიდი მხატვარი იყო, მაგრამ ის არ იყო ისეთი დიდი, როგორც მიქელანჯელო.

   1508-1512 წწ მიქელანჯელო ფლორენციელი რამდენიმე მუშის დახმარებით ტიტანურ შრომას შეუდგა ხელოვნების უკვდავი ნიმუშის შესაქმნელად. შიგნით არავის უშვებდა, მხოლოდ თვითონ მუშაობდა. მისი წერილებიდან ვიგებთ, რომ პაპი მას ერთ გროშსაც კი არ უგზავნიდა, არადა თავად ფუფუნებაში ცხოვრობდა. მიქელანჯელომ კაპელაზე ასახა წინარე იუდაურ-ქრისტიანული ისტორია.

   1513 წელს იულიუს მე-2 გარდაიცვალა. მიქელანჯელომ კვლავ ვერ მოახერხა აკლდამის აგება, რომელსაც თავის დროზე „აკლდამის ტრაგედია" უწოდა. ახალი პაპი ლეო მე-10 (მედიჩების გვარიდან) მას ამ საქმეში არ დაეხმარა, რადგან ლუი მე-10-ს არ სურდა იულიუსისთვის ძეგლის აგება. რომის ახალი პაპი უდარდელი კაცი იყო. მან ერთ-ერთი ყრილობისას კონკლავზე განაცხადა: „ მოდით ვისიამოვნოთ პაპობოთ, რომელიც ღმერთმა გვიბოძა". მართალია ის უპასუხისმგებლო ადამიანი იყო, მაგრამ მიქელანჯელოს, როგორც ხელოვანს დიდ პატივს სცემდა. მასზე ამბობდა, რომ ის იყო დიდი თუმცა მასთან ცხოვრება შეუძლებელია.

  ლეო მე-10 1521 წელს გარდაიცვალა.  პაპი გახდა კლიმენტ მე-7. მან მხატვარს სადიაკვნოებისა და სან ლორენცოს ბიბლიოთეკის მოხატვა მიანდო. თანდათანობით მიქელანჯელოს ჯანმრთელობა ირყეოდა. მიუხედავად ტკივილებისა მან 1524-1531 წწ შექმნა „ჰერცოგების აკლდამები, დღე და ღამე, ავრორა და დაისი". ამის შემდეგ ის ფლორენციიდან რომში დაბრუნდა. აქ გაიცნო თავისი სიყვარული ახალგაზრდა და ლამაზი ტომაზო დეი კავალიერი. „მადლობელი ვარ ზეცისა თქვენს მშვენიერებას ბოლომდე რომ არ მაზიარა"-სწერდა ტომაზოს. თუმცა მისი ყველაზე დიდი სიყვარული იყო ვიტორია კოლონა.

   მიქელანჯელომ 1541 წელს (66 წლის ასაკში) დაასრულა მუშაობა „განკითხვის დღეზე"  მისი მოხატვა სიქსტის კაპელასთვის მას პავლე მე-4-მ დაავალა. ამ ნაშრომმა ზოგი აღაფრთოვანა, ზოგი კი გააბრაზა. ზოგს ფრესკის დაწვა სურდა, ზოგმა კი მისი ადგილი, მხოლოდ სამიკიტნოში დაინახა. ხელოვანმა პაპ პავლე მე-4-ს ბრძანებით შიშველ ფიგურებს „ სამარცხვინო ადგილები" საღებავით დაუფარა. 1980 წელს რესტავრაციის შემდგომ ყველა ფიგურას საღებავი მოაშორეს და ძველი დიდება დაუბრუნეს.

   1535 წელს პავლე მე-3-მ მიქელანჯელო ვატიკანის არქიტექტორად , სკულპტორად და მხატვრად დანიშნა, ამისთვის მას საკმაოდ სოლიდურ ხელფასს უხდიდნენ. ამის შემდეგ ხელოვანმა პავლეს კაპელისათვის მუშაობა დაიწყო, შექმნა „სავლეს მოქცევა" და „წმინდა პეტრეს ჯვარცმა". ხშირად ისე მუშაობდა, რომ თავზე მუყაოს ჩაფხუტს იკეთებდა, რათა არ ჩასძინებოდა.

   1547 წელს გარდაიცვალა მიქელანჯელოს დიდი სიყვარული ვიტორია კოლონა. ეს დიდი დარტყმა იყო მოხუცი ოსტატისათვის. მას თანდათან კვლავ მარტოობა იპყრობდა.

  1564 წელს ხელოვნების დიდი რაინდი მიქელანჯელო ბუენაროტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად ის ფლორენციაში სანტა-კროჩეს ეკლესიაში დაკრძალეს. ანდერძში ის ითხოვდა მისი სული ღმერთისთვის გადაეცათ, სხეული მიწისთვის, ქონება ოჯახისთვის. თავისი ყველა ესკიზი მან სიკვდილის წინ დაწვა.

შემოქმედება:

 „ტონდო დონი" ერთ-ერთი პირველი ფერწერული ნამუშევარია. რომელშიც გამოსახულია წმინდა  ოჯახი პატარა იოანე ნათლისმცემელთან ერთად. ეს ნამუშევარი მდიდარი ფლორენციელი ვაჭრის, ანიოლო დონისა და მადალენა სტროცის ქორწინებას მიუძღვნა. ტონდო-მრგვალი ფორმის სურათს ნიშნავს. სურათის ცენტრში წარმოდგენილია მარიამი, მის უკან დგას იოსები, რომელსაც ბავშვი უჭირავს ხელში. მათ ბედნიერებას მიქელანჯელო მთელი სისრულით გამოხატავს. ამის გასამძაფრებლად ის მკაფიოდ წარმოაჩენს პატარა იოანე ნათლისმცემლის სურათს, რომელიც გაოცებით უყურებს ღვთაებრივ ოჯახს.

   მიქელანჯელოს შემოქმედების მწვერვალია სიქსტეს კაპელის მხატვრობა. თავად ეს ნაგებობა პაპმა სიქსტე მე-4-მ ააგებინა ვატიკანის სასახლეში 1475-1481 წლებში. თავიდან მისი თაღი ოქროსფერი ვარსკვლავებით იყო შემკული. 1508 წელს პაპმა იულიუს მე-2-მ მიქელანჯელოს დაავალა თაღის მოხატვა. ხელოვანი მარტო ერთი წელი ესკიზებს ქმნიდა . მას სურდა ხელოვნების ისეთი ნიმუში შეექმნა, რომელიც მანამდე არსებულ ყველა კულტურულ ქმნილებას დაჩრდილავდა. მან სიქსტეს კაპელის მოხატვას ცხოვრების უდიდესი ნაწილი შეალია, თუმცა ისტორიამ აჩვენა, რომ ეს ამად ღირდა. მან ჯერ თაღი მოხატა მთლიანად (დაახლ. 300 ფიგურა იყო) შემდეგ კი მოპირდაპირე კედლის მოხატვა დაიწყო. აქ მოხატა მან „განკითხვის დღე". სიქსტეს კაპელაში უამრავი მოხატულობაა წარმოდგენილი, მაგალითად: ერთ ადგილას არის ქრისტეს წინაპრები გამოსახული, მეორეგან-ნათელმხილველები, მესამეგან-ეპიზოდები იტალიის ისტორიიდან და ბიბლიური ისტორიები. თაღის ყველა ნაწილს, მხატვარმა, სპეციფიკური თემა მოუძებნა. ყველა მათგანი ერთმანეთისაგან მამაკაცის ფიგურებითაა გამოყოფილი.

 „ დავითი და გოლიათი" მიქელანჯელოს ერთ-ერთი საინტერესო ნახატია. ეს არის ისრაელის ისტორიიდან აღებული სცენა. დავითსა და გოლიათს შორის გამართული სისხლიანი ბრძოლა მსოფლიო მითოლოგიის ნაწილია. ასახავს ბრძოლას სიკეთესა და ბოროტებას შორის. მოწინააღმდეგის დამარცხების შემდეგ დავითი გოლიათისათვის თავის მოჭრას აპირებს. სიუჟეტს მიქელანჯელოსთვის დამახასიათებელი შუქჩრდილებიც ამძაფრებს, ასევე ის გამოხედვაც, რომელის სურათზე მიმალვით მყოფი ჯარისკაცების სახეებიდან მოდის.

 



ავტორი: mindia gostamashvili
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge