მებრძოლ უღმერთოთა კავშირი - ავტორი:temiko40 cagareishvili
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოგანათლება და კულტურამებრძოლ უღმერთოთა კავშირი

vivus.ge

მებრძოლ უღმერთოთა კავშირი
 | რეიტინგი 3 

როგორც მოგვეხსენება საბჭოთა კავშირში ეკლესიას მრავალი მეთოდითა და ხერხით ებრძოდნენ, რასაც მხარს უჭერდა ღიად სახელმწიფო. სწორედ მსგავს ანტიეკლესიურ ინსტიტუტს წარმოადგენდა კავშირი "მუკა" იგივე მებრძოლ უღმერთოთა კავშირი.1924 წლის 27 აგვისტოს მოსკოვში გაზეთ "უღმერთოს" რედაქციაში შემდგარ კრებაზე გადაწყდა ანტირელიგიური ორგანიზაციის შექმნა. 1925 წელს დაარსდა "უღმერთოთა კავშირი", რომელსაც ძველი ბოლშევიკი ემელიან (მინეი) ისრაელის ძე გუბელმანი (იაროსლავსკი) ხელმძღვანელობდა. უნდა ითქვას ისიც, რომ სახელმწიფო ანტირელიგიურ გამომცემლობაში 1932 წელს 12,5-ათასიანი ტირაჟით გამოიცა სწორედ მებრძოლ უღმერთოთა კავშირის ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარის, ე. იაროსლავსკის, "ეკლესიისა და რელიგიის წინააღმდეგ" ხუთტომეულის პირველი ტომი. უღმერთოების ძირითადი მიზანი იყო რელიგიის სრული მოსპობა, მშრომელების განთავისუფლება რელიგიური ბორკილებისგან: "იბრძვიან რა რელიგიური ცრუმორწმუნეობის მოსპობისთვის, სოფლისა და ქალაქის სოციალისტური გარდაქმნისთვის, უღმერთოები გზას კაფავენ ახალი უღმერთო საზოგადოების აშენებისთვის".მხოლოდ ორი წლით ჩამორჩა საქართველო ამ პროცესს. 1927 წლის 5 იანვარს, საქართველოს კომპარტიის ცეკას სპეციალური დადგენილებით, თბილისში მებრძოლი უღმერთოების ორგანიზაცია დაარსდა, რომელიც  "ნებაყოფლობითი პროლეტარული საზოგადოებრივი ორგანიზაცია იყო და თავის ამოცანად ისახავდა საბჭოთა კავშირის "მშრომელთა ფართო მასების შეკავშირებას რელიგიის (ყოველი სახის და ყოველი ფორმის) როგორც სოციალისტური რევოლუციის შემაფერხებელი მოვლენის წინააღმდეგ აქტიურ, სისტემატურ და თანამიმდევრობითი ბრძოლის საწარმოებლად". საქართველოს მუკ-ში (მებრძოლ უღმერთოთა კავშირი) გაწევრება თოთხმეტი წლიდან შეიძლებოდა. სულ მალე მუკ-ის უჯრედის ჩამოყალიბება დაიწყო ქარხნებში, კოლმეურნეობებსა და სასწავლო დაწესებულებებში. ანტირელიგიურ პროპაგანდაში ჩაერთო პრესა, მუზეუმები, სკოლები, კინოთეატრები და გამომცემლობები. 1930 წელს თბილისში უკვე ანტირელიგიურ მუშათა უნივერსიტეტი გაიხსნა, 1937 წელს კი ნორაშენის ეკლესიაში _ ანტირელიგიური მუზეუმი. 1929 წლისთვის საქართველოში უკვე 19 ათასი უღმერთო გვყავდა. მარტო თბილისში უღმერთოთა 106 ჯგუფი მოქმედებდა. 1929 წლის 1-ელ ივნისს საქართველოში უღმერთოთა I ყრილობა გაიხსნა. უკვე ქართველი უღმერთოები ოფიციალურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდნენ.1930 წელს მუკ-მა საქართველოში თავისი პერიოდული ორგანოს გამოცემაც დაიწყო. ჟურნალს "მებრძოლი უღმერთო" ერქვა და ის ყოველ კვირას გამოდიოდა. ჟურნალის პასუხისმგებელი რედაქტორი სილიბისტრო თოდრია იყო. როდესაც საქართველოში მებრძოლ უღმერთოთა კავშირი შეიქმნა, ის მისი ბეჭდვითი ორგანოს ხელმძღვანელად დაინიშნა. ჟურნალში ანტირელიგიურ თემაზე პასკვილების წერის გარდა, სილიბისტრო ანტირელიგიურ თემაზე პოემებსაც თხზავდა. ერთ-ერთ მის "შედევრს" "დაბადება, ანუ ბიბლია" ერქვა. წიგნის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: "ამ ძველ აღთქმაში კი, რა გინდა სულო და გულო, რომ არ შეხვდები _ დაწყებული პორნოგრაფიიდან და გათავებული ყოველგვარი სისაძაგლით!.. ღმერთი, რომელიც გამოყვანილია ყოვლის გამჩენად, ყოვლის შემძლეთ, იმავე დროს, შიგა და შიგ, პირდაპირ პამპულას როლს თამაშობს: ლაყბობს, სცრუობს, იჩენს სულმდაბლობას, სიმკაცრეს, მედიდურობას, უვიცობას და სხვა ისეთ ღირსებებს, რომელიც არ შეფერის უბრალო ფარისეველ მოხუცსაც კი". სილიბისტრო თოდრიას დაწერილი 78-გვერდიანი წიგნი 1931 წელს 5000 ტირაჟით გამოვიდა და 50 კაპიკად იყიდებოდა. საქართველოს უღმერთოთა იდეური წინამძღოლი 1936 წელს გარდაიცვალა და კომუნისტებმა მთაწმინდის პანთეონში, მამა-დავითის ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს(!). სხვათა შორის, მთაწმინდაზევე დაკრძალეს ფილიპე მახარაძე და მიხა ცხაკაია, თუმცა საბჭოთა სისტემის ნგრევის ბოლოს, ისინი იქიდან გადაასვენეს: ფილიპე მახარაძე _ ვაკის სასაფლაოზე, სილიბისტრო თოდრია და მიხა ცხაკაია _ კუკიაზე.

თავად მებრძოლ უღმერთოთა კავშირმა არსებობა ოფიციალურად 1947 წელს შეწყვიტა. ლიკვიდაციის დროს ქართველ უღმერთოებში 75 ათას 401 წევრი ირიცხებოდა. ორგანიზაციის გაუქმება საკავშირო მინისტრთა საბჭოს 1947 წლის 29 აპრილის დადგენილებით გადაწყდა, რადგან უკვე დაარსდა პოლიტიკური და მეცნიერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელსაც გადაეცა მუკ-ის ფუნქცია მატერიალური და მეცნიერული პროპაგანდის საქმეშიბოლშევიკურ-პროლეტარული პარტია ცდილობდა, ბავშვობიდანვე გაეხრწნა და გადაეგვარებინა ადამიანი, რათა ახალ საზოგადოებას მორგებოდა. დაიწყო სკოლებში ნორჩ უღმერთოთა უჯრედების ჩამოყალიბება. იგულისხმებოდა, რომ ნორჩი უღმერთო ოჯახშიც გასწევდა ანტირელიგიურ მუშაობას, რითაც ხელს შეუწყობდა მშობლების უღმერთოთა რიგებში გაწევრიანებას. 1932 გამოიცა საქართველოს მებრძოლ უღმერთოთა კავშირის ცენტრალური საბჭოს ინსტრუქცია. ეს დოკუმენტი მრავალმხრივაა საინტერესო. ჯერ ერთი, იქმნება ნორჩ მებრძოლ უღმერთოთა (ნმუ) ჯგუფები. წესდების მიხედვით,  ნორჩ მებრძოლ უღმერთოდ გახდომა შეუძლია ყოველ მოწაფეს, თუ ის შემდეგ პირობებს აკმაყოფილებს:

1. უკვე 8 წლის ასაკისაა;

2. კავშირი გაწყვიტა რელიგიასთან და არ ასრულებს რელიგიურ წესებს;

3. აქტიურად იმუშავებს ნმუ-ს ჯგუფში;

4. გადაიხდის შესასვლელ გადასახადს (5კაპ.) და ინტერნაციონალურ კაპეიკს (ყოველწლიურად).

      ნორჩ უღმერთოდ გახდომა შეუძლიათ შავსიელთა ბავშვებსაც, თუ ისინი დააკმაყოფილებენ ზემომოყვანილ პირობებსო, _ წერია ამ უპრეცედენტოდ "მრავალმნიშვნელოვან" დოკუმენტში. აქვე განსაზღვრული ჰქონდათ სამუშაო გეგმა და ძირითადი მოვალეობა: ნმუ-ჯგუფი ამზადებს ლოზუნგებს, პლაკატებს, რომლებიც მოუწოდებენ მშრომელთ რელიგიის, გაცდენებისა და ლოთობის წინააღმდეგ საბრძოლველად.ნმუ-ჯგუფი აწყობს საამქროებში, ქარხნის ეზოებში აგიტგამოსვლებს, მფრინავ მიტინგებს. მართავს საუბრებს მუშებს შორის. აკრავს შავ დაფაზე გამცდენლებს და სხვ.

ამ შავბნელი ინსტრუქციის მიხედვით, ნორჩმა უღმერთოებმა ხელი უნდა შეუწყონ პარტიას ადამიანთა ჟლეტაში: "მარშრუტი "სოფლის მეურნეობის სოციალისტური გარდაქმნისთვის" მიზნად ისახავს, ყოველმხრივი დახმარება გაუწიოს პარტიასა და საბჭოთა ხელისუფლების სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციას, მისი სოციალისტური რეკონსტრუქციას და ამის საფუძველზე კულაკების, როგორც კლასისლიკვიდაციის გატარებაში"..

  ნორჩი უღმერთოები მონაწილეობენ, აგრეთვე, ეკლესიისა და სამლოცველო სახლების დახურვისა და კულტურულ-სამეურნეო საჭიროებისთვის გამოყენების მიზნით დაწყებულ ხელისმოწერით ფურცლების დატარებასა და შევსებაში.

ასე მიზანმიმართულად იწყებდა კომუნისტური იდეოლოგია ადამიანთა ფსიქო-სოციალურ მუტაციას, ბავშვობიდანვე ხრწნიდა, ზრდიდა და აყალიბებდა მებრძოლ უღმერთოს, ჯაშუშს, ოჯახისა და ტრადიციების უარმყოფელს!

 

 



ავტორი: temiko40 cagareishvili
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge