ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიაჰერბერტ ნ. კესონი - ბიზნესის წარმატების წესი N8: დააფასეთ ბიზნესის გაძღოლის ეფექტური მეთოდები

ჰერბერტ ნ. კესონი - ბიზნესის წარმატების წესი N8: დააფასეთ ბიზნესის გაძღოლის ეფექტური მეთოდები
 | რეიტინგი 3 

ბიზნესის გაძღოლის ეფექტური მეთოდები


აუცილებელია გვესმოდეს თუ რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესისათვის მუშაობის ეფექტური მეთობდების გამოყენებას. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეს სწორად ვერ გავუძღვებით.
ყველაზე უფრო რევოლუციური და მომგებიანი იდეა, რაც ოდესმე გვქონია საქმიან სამყაროში, ესაა მეცნიერული მეთოდი, რომელსაც ჩვეულებრივ ეფექტურობას უწოდებენ და როგორც აღმოჩნდა, ჩვენ ძალზე დიდი ზოზინითა და დაგვიანებით გავიცნობიერეთ მისი სრული ღირებულება.
მეცნიერული მეთოდი იშვა დარვინისგან, მას შემდეგ რაც წინამორბედებმა დიდი მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარეს. ეს მეთოდი გვარწმუნებს, რომ რწმენა, ჩვევები და ტრადიციები ეჭვის ქვეშ უნდა დავაყენოთ და აუცილებელია დაწვრილებით გამოვიკვლიოთ ფაქტები. ის რასაც ჩვენ `ეფექტურობის მოძრაობას" ვეძახით, ფრედერიკ ტეილორით დაიწყო, ოსტატით, რომელმაც მეტალის ჭრის ხელოვნებაში ორმაცდაათი გამოკვლევა ჩაატარა და ჩვენი საწარმო მეთოდები გაარევოლუციურა.
შრომის ეფექტურობის მეთოდიკა _ არც აქტიურობის უბრალო გაზრდაა და არც საქმიანობის რაღაც სისტემა. მას ასევე არავითარ საერთო არ აქვს სისასტიკესთან, როგორც ბევრი არაკომპეტენტური ადამიანი ფიქრობს, ეს საწარმოო მეთოდების სრულყოფაა. ეფექტურობის პრინციპი გვეხმარება ვიპოვნოთ ჩვენი სამუშაოს შესრულების ოპტიმალური ხერხი. ბევრი რამ ამ მეთოდიკიდან შესაძლებელია, ვთქვათ იგივე დიქტატორმა, არაკაცურად გამოიყენოს. არავინაა ამისაგან დაზღვეული, თორემ თავისთავად ის, არ შეიძლება იყოს ბოროტების მომტანი.
პირიქით, ეფექტურობა ისეთივე სასიკეთო და მარგებელია, როგორც მზის სხივი. მას ყველაფერზე მეტად, შეუძლია შეუწყოს ხელი აყვავებასა და ბედნიერებას.
ბევრია კი ისეთი ადამიანი, რომელიც ჯეროვნად აფასებს ამას? არაა ბევრი. არც ერთი მოკვდავი, რაიმეს ღირსეულად არ დააფასებს, სანამ მასში ან ფულს არ გადაიხდის, ან ძალისხმევას არ ჩადებს. ადამიანმა, რომელმაც ბოლომდე არ გამოიკვლია ამა თუ იმ სახის სამუშაო და ეფექტურობის შესახებ არსებული ლიტერატურისათვის, თუნდაც ერთი ფუნტი არ დახარჯა, შესაძლებელია არაფრად ჩააგდოს იგი.
თითოეულ ფასეულობას საკუთარი შკალა აქვს. ბავშვისათვის ყველაზე დიდ ღირებულებას სათამაშოები წარმოადგენს. ჩვეულებრივ, ნორმალურ საშუალო ახალგაზრდა კაცს, რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო `კარგი დროსტარება" უყვარს. დაბალგანვითარებული ინდივიდი ადამიანი ყველაზე მაღლა სმასა და ძალის გამოყენებას აყენებს, ხოლო მაღალგანვითარებული _ თავისუფლებასა და ჭეშმარიტებას. ყოველ ადამიანს სტიმულებისა და სურვილის, გულის წადილის ასრულების საკუთარი სისტემა გააჩნია.
არც ერთ მათგანს, ვინც პრიმიტიულ, მონოტონურ სამუშაოს ანიჭებს უპირატესობას, არა აქვს ეფექტურობის სათანადოდ შეფასების უნარი. არც ზარმაცი, არც უთავბოლო, არც სულელი მას არაფრად აგდებს. იმიტომ, რომ იგი მოითხოვს აქტუალურ აზროვნებას, მუდმივად დაძაბულ შრომასა და ნებისყოფას, ამიტომაც ეფექტურობა სრულიადაც არ წარმოადგენს ცოდნის პოპულარულ სფეროს. ამასთანავე, მას არც სკოლებში ასწავლიან, არც უნივერსიტეტებში და არც ყველასათვისაა, ის მხოლოდ `გამორჩეულად ეფექტურებისთვის" არის.
ეფექტურობის განსაზღვრის საუკეთესო პრინციპია: `შედეგიანობის რაც შეიძლება უფრო მაღალი პროცენტი". ნებისმიერი დააფასებს ეფექტიანობას მაშინ, როცა დაინახავს, რომ თავისი მაღალი ძალისხმევის მიუხედავად, შედეგიანობის ძალზე დაბალ პროცენტს იღებს.
ჩვეულებრივი, ოფლადგახვითქული ფერმერი შრომობს თავის ას აკრ მიწაზე და მისი სუფთა მოგება მხოლოდ 300 ფუნტს, ანუ ერთ აკრზე 3 ფუნტს შეადგენს. ამ დროს ვიცი ერთი ფერმერი, რომელსაც აქვს ვაშლის ბაღი და ჩვეულებრივ, ერთ აკრზე 50 ფუნტს აკეთებს იგი ერთ აკრზე იღებს უფრო მეტს, ვიდრე ჩვეულებრივი ფერმერი ჩვიდმეტზე. მიაქციეთ ყურადღება შედეგიანობის პროცენტულ სხვაობას?!
ერთი კომერციული აგენტი, რომელიც ნამდვილად შეეფერება თავის სამუშაოს და საამისოდ კარგადაცაა მომზადებული, ხუთჯერ მეტს ყიდის, ვიდრე მეორე, რომელსაც არც სპეციალური მომზადება მიუღია და თანაც თავისი ბუნებით, უფრო სახელმწიფო სამსახურისთვისაა გაჩენილი. კარგად გაფორმებული ვიტრინა გამვლელთა ოთხმოცი პროცენტის ყურადღებას იქცევს, მაშინ როდესაც ვიტრინას, რომელიც არაფრით არ გამოირჩევა, მხოლოდ 5% თუ ამჩნევს. ერთ ფაბრიკაში, ერთ მუშაზე სუფთა მოგების წლიური წილი 50 ფუნტს შეადგენს, მეორეში _ 300 ფუნტს. ერთი მებაყალე თავის კაპიტალს წელიწადში ექვსჯერ აბრუნებს, მაშინ როდესაც მისი უფრო მარჯვე და ეფექტიანი კონკურენტი, მის ცხვირწინ, ქუჩის მეორე მხარეს _ თექვსმეტჯერ. ლონდონში, ქსოვილების ერთ მაღაზიაში, სასაქონლო მარაგის ნახევარი წელიწადზე მეტი ხნის წინაა დამზადებული, მეორეში კი, ერთ ნივთსაც ვერ ნახავთ, რვა თვეზე უფრო ადრე დამზადებულს. ერთი ოცდაათი წლის ასაკში, უკვე ფირმის დირექტორი ხდება, მეორე კი _ დაბალხელფასიან თანამდებობაზე ბერდება. ერთი ახალგაზრდა საქმეს 100 ფუნტით იწყებს და მსხვილი მოვაჭრე ხდება, მეორე კი მემკვიდრეობით იღებს დიდ მაღაზიას, მაგრამ თავისი უთავობით მალე კარგავს.
მსგავსი მაგალითების მოყვანა დაუსრულებლად შეიძლეა. განსხვავება ადამიანებსა და ფირმებს შორის გასაოცარია. დიდი თუ მცირე ეფექტურობის თვით პრობლემაც, სწორედაც, რომ ამ გარემოებიდან წარმოიქმნება.
რას ეძღვნება ეფექტიანობაზე შექმნილი წიგნები? ეს ლიტერატურა მოგვითხრობს იმ ადამიანების იდეებსა, მეთოდებსა და საქმიანობაზე, რომლებმაც უმაღლეს შედეგებს მიაღწიეს. ერთ შემთხვვაში, საუბარია ფირმაზე, რომელიც დივიდენდების სახით, სტაბილურად იხდის 15%-ს, თხუთმეტი წლის მანძილზე. ცხადია, ასეთ შედეგებს შემთხვევით ვერ მიაღწევ. ამიტომაც ვსწავლობთ ჩვენ ამ ფირმის მუშაობის მეთოდებს. სხვა შემთხვევაში, საქმე გვაქვს მწარმოებელ ფირმასთან, რომელსაც ოცი წლის განმავლობაში არ ჰქონია არც ერთი შრომითი კონფლიქტი და ჩვენ ვსწავლობთ ამ ფირმის თანამშრომელთა მართვის მეთოდიკას. აი, ფირმა, რომელმაც ბაზარს ახალი საქონელი შესთავაზა და შექმნა ამ პროდუქციაზე მსოფლიო მოთხოვნა. ჩვენ შევისწავლით ამ ფირმის გასაღებისა და რეკლამის მეთოდებს.
წიგნები და ჟურნალები ეფექტურობის შესახებ, არ მისდევენ თეორიულ ძიებებსა და არ აწყობენ აკადემიურ დისკუსიებს იმაზე, თუ რა შეიძლება მომხდარიყო. მათ აინტერესებთ მხოლოდ რეალობა. ისინი თვალყურს მიადევნებენ ბიზნესის წარმატებით განვითარებას, ვაჭრობის სფერო იქნება ეს თუ წარმოებისა. ისინი მოუთხრობენ ყველას, თუ როგორ შესძლეს იმ ზოგიერთებმა, ყველაზე უფრო კომპეტენტურებმა _ უმაღლესი შედეგების მიღწევა.
ადამიანის ცხოვრების შეჯამება, არა მხოლოდ ფინანსებთან მიმართებით, არამედ ეფექტურობასთან მისი დამოკიდებულებითაც კეთდება. არიან მუსიკალურ სმენას მოკლებული ადამიანები. ისინი ვერ მღერიან, ვერ უკრავენ მუსიკალურ ინსტრუმენტზე. მათთვის ჯაზი და ბეთჰოვენი ერთი და იგივეა. ასევე, არიან ისეთი ბიზნესმენები, რომლებიც ვერ აღიქვამენ ეფექტიანობას, ისევე როგორც ზოგიერთები _ მუსიკას. მათი ხვედრი მცირე ბიზნესია, რომლებიც დროის რაღაც პერიოდში უწესრიგოდ ფუნქციონირებენ და თავის პატრონებს უამრავ თავსატეხს უჩენენ. ასე გეჩვენება, რომ ამ ადამიანების დასახმარებლად, არავითარი შესაძლებლობები არ არსებობს.
მეორეს მხირვ, ბიზნესმენთა გარკვეული ნაწილი ფლობს ეფექტიანობის ნიჭს, ტალანტს, ისინი ითვისებენ ახალ იდეებსა და მეთოდებს, იძენენ ცოდნას სხვებისაგან. საბოლოო ჯამში კი, იმ სფეროს ლიდერები ხდებიან, სადაც მოღვაწეობენ. ისინი _ `სხვებზე უფრო შემგუებლები" არიან, ამიტომაც კონკურენტულ ბრძოლაში არ იღუპებიან და სრულიად სამართლიანად აღწევენ კიდევაც წარმატებას.
ეფექტიანობას შეიძლება ეწოდოს ბიზნესის მართვის ყველა საშუალებებისა და ხერხების დედაარსი, რაობა. ის არ წარმოადგენს რაიმე საგანგებო მეთოდს. ეფექტიანობის იდეის გამოყენება შეიძლება ვაჭრობისა და წარმოების ნებისმიერ სფეროში. ბევრმა ადამიანმა არ იცის ეს და ამიტომ არც იღებს მას მხედველობაში. ამასთანავე საკუთარი ბიზნესი ისეთი უნიკალური ჰგონიათ, რომ ეფექტიანობაზე ყურადღების გამახვილება ყოვლად ზედმეტ და ფუჭ საქმიანობად მიაჩნიათ.
როდესაც ვინმე გეუბნებათ: `მე, სრულიად სხვა პრობლემები მაქვსო", დარწმუნებული იყავით, რომ ამ ადამიანს გარეშე პირისაგან გონივრული რჩევა ესაჭიროება. იგი სასიამოვნო ილუზიების ტყვეობაშია და არც აპირებს იქიდან გამოსვლას. ჯერ ცოლს უთხრა: `მე, სრულიად სხვა პრობლემები მაქვს". შემდეგ იგივე გაიმეორა მეგობრებთან და საერთოდ ყველა ახლობელთან. არც ერთ უნარიან ადამიანს არ სურს იფიქროს, რომ იგი ჩვეულებრივ სამუშაოს აკეთებს. მას ურჩევნია მიაჩნდეს, რომ რასაც ის აკეთებს ყველაფერი უნიკალური და განსაკუთრებულია, მაგრამ ამგვარ თვალსაზრისსა და მიდგომას სასარგებლო ვერაფერი მოაქვს.
ადამიანს, რომელიც ზემოაღნიშნული ილუზიის ტყვეობაშია, შეუძლებელია რაიმე ასწავლო. მას მიაჩნია, რომ ბიზნესი მხოლოდ საკუთარი ხელების იმედითა და საკუთარ თავზე დაყრდნობით უნდა აკეთოს და ყველა პრობლემა თვითონ გადაჭრას. იგი თავის ბიზნესს პირად საიდუმლოდ მიიჩნევს. ეს ფართოდ გავრცელებული იდეა იყო შუა საუკუნეებში, თუმცა აქა-იქ, დღემდე შემორჩა. ასეთი იდეების მატარებელს მიაჩნია, ბევრს ვერაფერს ვერც გარშემომყოფთაგან ვისწავლი და ვერც სხვა ფირმების გამოცდილების გაცნობითო. ვერ იგებს, თუ რატომ უნდა შეისწავლოს ეფექტიანობის წესები, თუნდაც იგი მისაღები იყოს ყველა სხვა კომპანიისათვის. ვერ ხედავს, რომ ამით იზოლაციაში ექცევა და თავს გამორიყავს იმ უზარმაზარი ინფორმაციული მასისაგან, რომელსაც მისი ბიზნესისათვის დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია.
ჭეშმარიტება იმაშია, რომ ნებისმიერ ბიზნესში, დიდსა თუ პატარაში, განუმეორებელი ძალზე ცოტაა. არ არსებობს ბიზნესი, რომელიც თავიდან ბოლომდე უნიკალური იყოს. სამრეწველო ბიზნესშიც კი, როგორც წესი, 80% საყოველთაოდ ცნობილია და მხოლოდ 20%-ია სპეციფიკური. ტრანსპორტი, შენახვა, ენერგეტიკული მომარაგება, მუშათა ფუნქციები, საკანცელარიო საქმიანობა, გასაღება, მომსახურეთა მართვა და სხვა ერთნაირად დამახასიათებელია ნებისმიერი კომპანიის საქმიანობისათვის.
არც ერთი ფირმა არ შედგება მხოლოდ უნიკუმებისაგან. მუშაკები, მუშტრები თუ მიმწოდებლები ყველგან დაახლოებით ერთნაირები არიან. მანქანები თუ სხვა აღჭურვილობანი სულ ცოტა 98% კომპანიებში არავითარი პარამეტრებით არ წარმოადგენენ რაიმე იშვიათსა და განსაკუთრებულს. მჯერა, ამა თუ იმ ფირმის ყოფნა-არყოფნა, შესაძლოა მის უნიკალობასა და სპეციალიზაციაზე იყოს დამოკიდებული, მაგრამ მის მიერ შესრულებულ სამუშაოთა პროცესის დიდი ნაწილი, წარმოადგენს სხვა დანარჩენის ანალოგიურსა და მსგავსს.
ეფექტიანობის იდეები და მეთოდები ბიზნესის განუმეორებლობასა და სპეციალიზაციაზე როდია დამოკიდებული. მათ საერთო აქვთ მხოლოდ იმ ნაწილში, რაც ბიზნესში საყოველთაოდ მიღებულსა და ცნობილს წარმოადგენს. ასეთი კი, ბიზნესში დაახლოებით ოთხი მეხუთედია. როცა ადამიანი ამბობს: `ჩემი ბიზნესი განსაკუთრებულიაო", ეს მხოლოდ 20 პროცენტითაა მართალი და მხედველობიდან გამორჩა, თავისი ბიზნესის ძალიან დიდი ნაწილი. მას ავიწყდება ის ფუძემდებლური ფაქტი, რომ ბიზნესში ჩვეულებრივი სამუშაოების შესასრულებლად, საგანგებო ელემენტები არსებობენ.
ზედმიწევნით შემუშავებულია წესები, თუ როგორ შევფუთოთ გზავნილები უკეთესად, როგორ გავაცხელოთ ორთქლის ქვაბი, როგორ შევადგინოთ საქმიანი წერილი, როგორ მოვეპყრათ მყიდველს, შევინახოთ საქონელი, გავაფორმოთ ვიტრინა, მოვაწყოთ შრომის ორგანიზაცია და ა.შ. როგორც წესი, ფირმის ჩვეულებრივ, ყოველდღიურ მუშაობას ვერავინ ამჩნევს. მოგების საგრძნობი ნაწილი, რომელსაც ხშირად ბიზნესის უნიკალობასა და სპეციალიზაციას მიაწერენ, სინამდვილეში იმის მეოხებით იქმნება, რაც საყოველთაოდ მიღებულს წარმოადგენს.
გავშალოთ ბობოქარი საქმიანობა _ ეს სრულიადაც არ არის საკმარისი. ნათქვამია: `საქმიანობა ეფექტიანობის უმისოდ, იგივეა რაც კარგი თოფი, ოღონდ მოშლილი სამიზნითო". ესაა, მიზანს აცდენილი გასროლა, რადგანაც ეფექტიანობის გარეშე, ათიანში ვერ მოახვედრებ. მოგზაურები ამბობენ, მსოფლიოში ყველაზე შრომისმოყვარე ჩინელი შავი მუშები არიანო. ისინი თავგამოდებით შრომობენ, მაგრამ სანაცვლოდ გროშებს იღებენ. იმისათვის, რომ საქმიანობა აქციო მომგებიანად, ამისათვის საჭიროა სწორად დააყენო მიზანი. აუცილებელია დაგეგმვა და შრომის სწორი მეთოდების გამოყენება. ნადირობის დროს მთავარი სროლა როდია, მთავარი მიზანში მორტყმაა. აი, რატომაა აუცილებელი, საქმიანობის შეერთება ეფექტიანობასთან.
ეფექტიანი მეთოდების გამოყენებით ჩვენ ვიძენთ ბრძნული გადაწყვეტილებების მიღების უნარს. ეს მოითხოვს, რომ ვიმოქმედოთ არა ემოციებისა და თვალსაზრისის, არამედ ფაქტების საფუძველზე. პირველი ნაბიჯი ყოველთვის იმაში მდგომარეობს, რომ შევკრიბოთ ინფორმაცია. რაც მეტი ვიცით, მით ნაკლებად შევცდებით. ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ ნააზრევსა და სურვილებს ეყრდნობა, _ ეს მეტწილად, ისეთი გადაწყვეტილებაა, რომლის გამოც შემდეგ ვნანობთ კიდევაც.
ასევე, გადაწყვეტილება, რომელსაც ადამიანი იღებს გარედან ზეწოლით, მეტწილად სასიკეთოდ არ წაადგება მის ინტერესებს. სავალდებულოა, ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შენს პირად თვალსაზრისს ეყრდნობა და არ გიბიძგებს მცდარი გზისკენ.
გადაწყვეტილების მიღების სწორი სქემა იმაში მდგომარეობს, რომ თავიდანვე მივიღოთ, რაც შეიძლება, სრული მონაცემები არსებულ აქტივებსა და შესაძლებლობებზე. აუცილებელია, ვიცოდეთ, რა გაგვაჩნია და რა შეიძლება გაკეთდეს იმით, რაც გაგვაჩნია. ამის შემდეგ, მუშაობის სწორად წარმართვის თვალსაზრისით, ინფორმაციის ყოველი ნაწილი, ცალკეულ ბარათზე უნდა ჩავიწეროთ. ესაა ის, რასაც მე ვარქმევ `თვალსაჩინო აზროვნებას".
ამის შედეგად, ადამიანს ამოაქვს თავისი პრობლემა, საკუთარი ცნობიერების წიაღიდან, სადაც იგი ინახებოდა აზრების საერთო მასაში და ანაწევრებს მას, შემადგენელ ნაწილებად. იგი აწყობს ბარათებს მაგიდაზე, რათა, მთელი პრობლემის ერთი შეხედვით დანახვა მოხერხდეს. ამის შემდეგ, იგი შეფასებას აძლევს მთლიანად პრობლემის თითოეულ ნაწილს და თავიდან იშორებს მათ შორის უმნიშვნელოს, რითაც იმარტივებს პრობლემის ხედვას, თანაც, შეიძლება გზადაგზა უფრო იოლად შენიშნოს რომელი ნაწილი უფრო მნიშვნელოვანია და რომელი არა. ოღონდ ეგაა, რომ ძალიან ცოტა ვინმე თუ იწუხებს თავს, ასეთი სამუშაოს შესრულებით. სწორედ ამიტომაცაა მიღებული ამდენი ბრიყვული გადაწყვეტილებანი და სიმართლეა, რომ ბიზნესმენთა უმეტესობა არეულ-დარეულად, მოუწესრიგებლად, რაიმე კონკრეტული გეგმის უმისოდ მოქმედებს. გადაწყვეტილებებს იღებენ განწყობისდა მიხედვით, სიმპატიებისა თუ ანტიპატიების შესაბამისად, პირადი სურვილისა თუ გარეშე პირების ზემოქმედებით. მოძრაობენ არა მიზანმიმართულად, არამედ ემორჩილებიან ზეწოლას და მიუყვებიან ყველაზე ნაკლები წინააღმდეგობის გზას.
იოლი გზა კი ყოველთვის სახიფათოა. მითუმეტეს, ჩვენს რისკით აღსავსე დროში, ორმაგად სახიფათოა. დღეს არავინ არ უნდა იღებდეს ნაჩქარევ, მოუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. სანამდე მივიღებთ რაიმე გადაწყვეტილებას, ან გეგმას, აუცილებელია მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება, ზუსტად ისევე, როგორც ამას სახლის მშენებლობის დაწყების წინ აკეთებენ.
ძალიან ბევრი ადამიანია დამოკიდებული იმაზე, რასაც `ჯანსაღ აზრს" ეძახიან. ამ დროს კი ვინ იცის, ეს ყბადაღებული `ჯანსაღი აზრი" შეიძლება იყოს ჯანსაღი, შეიძლება არა. სათანადო გეგმისა და რეალურ გარემოებათა შესახებ ინფორმაციის შეგროვების გარეშე მშენებლობის დაწყება არასოდეს არ შეიძლება წარმოადგენდეს საღ აზრს. ეფექტურად მოქმედი არმიის გენერალს ყოველთვის აქვს გეგმა და, რა თქმა უნდა, იგი აქვს საქმის ეფექტიანად გაძღოლის უნარის მქონე ბიზნესმენსაც. საამისოდ საჭიროა, სრულიად გარკვევით იცოდე, თუ რის გაკეთებასაც აპირებ.
შეიძლება ითქვას, რომ ეფექტიანობა წარმოშობს შესწავლის აუცილებლობას, საქმის გაცნობას, ესენი კი თავის მხრივ მოითხოვენ ფიქრს, აწონ-დაწონვას და შემდეგ მოქმედებას. ცხადია, ნებისმიერ საგანზე სასარგებლო ცოდნის მიღება _ შესწავლით იწყება. თუ ადამიანს გამჭრიახი თვალი და მახვილი სმენა არა აქვს, მაშინ მისი აზროვნება სათანადოდ ვერ ამოქმედდება და იგი, მხოლოდ უკიდურესად მწირ ცოდნას მიიღებს. ცოდნას კი ჩვენ სხვათა საუბრებიდან ვიძენთ, სასარგებლო წიგნების კითხვით ვიღრმავებთ და აგრეთვე ყოველივე იმის დანახვითა და შემჩნევით ვიღებთ რაც ჩვენს წინაა. ყველაფერი ეს კი, ერთად აღებული ნიშნავს შესწავლას. დაკვირვება, კითხვა, მოსმენა და ყურის დაგდება _ სწორედ ამათი წყალობით ვიძენთ ჩვენ მთელ ცოდნას.
სწავლულებს სამართლიანად შეიძლება ეწოდოთ `გამომკვლევი ადამიანები". ისინი პროფესიონალი მკვლევარები არიან და მთელ თავიანთ აქტიურ ცხოვრებას, ახალი ფაქტებისა და იდეების ძიებას ანდომებენ. გარკვეული ცოდნისა და გამოცდილების ასეულ ათასობით სრულყოფა შეადგენს იმას, რასაც ჩვენ ცივილიზაციას ვეძახით და თითოეული, თავის დროზე, საფუძვლიანი შესწავლით დაიწყო.
საქმიანი ადამიანები, ისევე როგორც სწავლულები, მკვლევარებად უნდა იქცნენ და ფაქტები ისეთივე რუდუნებით უნდა გაანალიზონ, როგორც სწავლულებმა. ვაჭრობისა და მრეწველობის ყოველი დარგი, ყოველი კომპანია ისევე უნდა ეფუძნებოდეს ფაქტების, იდეებისა და საქმაინობის მეთოდების ძიებას, როგორც ქიმია, გეოლოგია თუ ასტრონომია. როცა იდეები და ფაქტები ერთადაა თავმოყრილი, მაშინ მოფიქრების, მოაზრების ჯერი დგება _ აქტიური აზროვნების, ლოგიკური განსჯის, გონივრული მოღვაწებისა და არა მეხსირების ტყუილ-უბრალოდ წვალების, ტვინის ჭყლეტის დრო.
პრობლემა ყოველთვის იმაში მდგომარეობს, რომ დადგინდეს, თუ როგორი პრაქტიკული სარგებლობა მოგვიტანეს თავმოყრილმა ფაქტებმა და იდეებმა. აზროვნება, მოცემულ შემთხვევაში, ჯერ საწყის მასალებს ეუფლება და მხოლოდ ამის შემდეგ აყალიბებს მათ, სრულყოფილ გეგმებად და მიზნებად. ამ შემოქმედებით მუშაობაში არ არსებობს ზღვარი.
დაბოლოს, ყოველივე ამის შემდეგ, დგება მოქმედების ჯერი. სახელდობრ, ამით განსხვავდებიან ბიზნესმენები სწავლულებისაგან. ბიზნესმენებს მხოლოდ ცოდნის დაუფლება არ აკმაყოფილებთ, მათ უნდათ პრაქტიკული შედეგები და იყენებენ კიდევაც ამ ცოდნას სასარგებლოდ, იმვარად, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ამოქმედებით განავითარონ საკუთარი ბიზნესი და ამით იხეირონ თვითონაც და ისარგებლონ სხვებმაც. ყოველი მსხვილი ბიზნესი შესწავლის, მოფიქრებისა და მოქმედების შედეგია და საჭირო მონაცემების მოსაპოვებლად უნდა ჩავატაროთ ძიება, რადგანაც ის, რასაც ჩვენ `აშკარა ფაქტებს" ვეძახით, იშვიათად ჩანს ზედაპირზე და მისი პოვნა საგანგებო ძიების გარეშე შეუძლებელია. ყოველმა საქმიანმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ის არასოდეს არ ფლობს სრულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რაც მის ბიზნესში ხდება. უფრო მეტიც, ინფრომაცია, რომელსაც ის ფლობს, ხშირად არასწორია. როცა ბიზნესმენს მაგიდაზე უწყვია თვიური და წლიური მაჩვენებელი, ის იგებს რა ხდება მის ბიზნესში ოღონდ, უფრო ხშირად ირკვევა, რომ მას თურმე არ გააჩნია უნარი გაიგოს, თუ რატომ ხდება ეს, მაგრამ თუ მას განზრახული აქვს თავისი მაჩვენებლის გაუმჯობესება, აუცილებლად უნდა გაარკვიოს მიზეზი.
უნდა დავიწყოთ იმით, რომ შევეშვათ ზედმეტ თვითდაჯერებულებას და ნუ დაგვავიწყდება _ მონაცემები იმ მაჩვენებლებზე, რომელსაც სისტემატურად ვიღებთ, მუდამ არასაკმარისია. ისინი არ აჩვენებენ დანაკარგებს, დაშვებულ შეცდომებს, დაკარგულ მყიდველებს და ა.შ. შეგიძლიათ დაასახელოთ, თუნდაც ერთი მმართველი დირექტორი, რომელიც რეგულარულად იღებს ყველა მონაცემს, რაც კი მას თავის მუშაობაში ესაჭიროება? ვერ დაასახელებთ.
საზოგადოდ ცნობილია ხელქვეითებს შორის დამკვიდრებული აზრი იმაზე, რომ რაც არასწორად კეთდება, თითქოს შეფს რაც შეიძლება ნაკლებად უნდა აცნობო. ამიტომ, როცა ფინანსური ანგარიში გვიჩვენებს გარკვეულ ზარალს, იქ არაა მითითებული მიზეზი. მმართველმა დირექტორმა უნდა გაარკვიოს: `რატომ?"
არაეფექტურობის მიზეზის განსაზღვრა იოლი როდია. ეს ზოგჯერ პირდაპირ სკოტლანდ-იარდის საქმეა. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია მონაცემების მოძიება, რასაც ხელმძღვანელები უმეტეს წილად არად აგდებენ.
მმართველმა დირექტორმა პერიოდულად უნდა ჩამოუაროს თავის ხელქვეითებს და მთელი თავისი უნარი დაკვირვებისათვის გამოიყენეოს. აუცილებელია, თვითონ ხედავდეს რაც ფირმაში ხდება. ხელქვეითების ხშირი გამოკითხვით კვალში უნდა ჩაუდგეს ზარალს, დანაკარგებს, შეცდომებს და ციფრებს მიღმა უნდა დაინახოს ფაქტები, რაც უთუოდ დაეხმარება თავისი ბიზნესის ეფექტიანად წარმართვაში. ცოდნის დახმარებით მართვა _ აი, მოცემულ შემთხვევაში, ეფექტიანობის სწორი და ზედმიწევნით შესაფერისი განსაზღვრა.
მას შემდეგ რაც დადგინდება მიყენებული ზარალის, დანაკლისისა და დაშვებული შეცდომების მიზეზები, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, თუ როგორ შეიძლება მათი აღმოფხვრა. ამ ამოცანის შესასრულებლად საჭიროა მოფიქრება და ღონისძიების დასახვა, ასევე რიგი გადაწყვეტილებების მიღება, ძალზე რადიკალურისაც კი. შესაძლოა, გარემოებამ ფირმის მთელი პოლიტიკის შეცვლაც მოითხოვოს.
გვხვდებიან ხოლმე ხელქვეითები, რომლებიც სამუშაოს თავს ვერ ართმევენ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უსათუოდ უნდა დავითხოვოთ, მაგრამ ინსტრუქტაჟი კი აუცილებლად უნდა ჩავუტაროთ და საერთოდ თანამშრომლები რაც შეიძლება ნაკლებად უნდა დავითხოვოთ და მეტი ვასწავლოთ _ ეს უთუოდ დაეხმარება ბევრ ფირმას.
ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დანაკარგებს, მეტწილად გასაღების დაცემა იწვევს. ამ დანაკარგებთან შეგუება ყოვლად დაუშვებელია. მოვაჭრე თუ ნახევარ დღეს იმაზე იფიქრებს, როგორ დააწინაუროს თავისი გაყიდვები, გასაღების გადიდების, სულ ცოტა, სამი ხერხი მაინც მოუვა თავში.
როგორც მეჩვენება, არ იქნებოდა ურიგო, რომ მმართველ დირექტორს თავის ხელქვეითებთან ჩაეტარებინა კონფერენცია თემაზე: `როგორ ავიცილოთ ზარალი, დანაკარგები და შეცდომები". ამით რიგით თანამშრომლებს საშუალება მიეცემოდათ შემოეტანათ თავიანთი წინადადებები. რატომაც არა? კედბერის ფირმა თავისი თანამშრომლებისაგან დაახლოებით ორმოცდაათი ათას წინადადებას იღებდა, ჯერ იმის შესახებ, თუ რა იყო ზარალის, დანაკარგების და შეცდომების მიზეზი, ხოლო შემდეგ _ როგორ უნდა აღკვეთილიყო ისინი. რა თქმა უნდა, ჯერ უნდა გამოვავლინოთ ფაქტი, ხოლო შემდეგ გადავწყვიტოთ რა არის პირველ რიგში და თანაც აუცილებლად გასაკეთებელი.
ბევრი ბიზნესმენი, საქმიან სამყაროში არსებულ შეზღუდვებს, ცვლილებებსა და გაურკვევლობებს, ხშირად ჩიხში შეჰყავს. ისინი ამბობენ: `მხოლოდ ის, რომ იცოდე რა მოხდება უახლოეს მომავალში, შეიძლებოდა დაგედგინა, რა უნდა მოიმოქმედო დღეს". რა უნდა გაკეთდეს ამგვარ სიტუაციაში? აუცილებელია, დაუყოვნებლად და ენერგიულად მოჰკიდო ხელი იმ ელემენტის გაშიფრვას, რომელიც უცნობია თქვენს ბიზნესში. არაფერია გასაკვირი, რომ ამ პროცესში თქვენ ისეთი საგანიც აღმოაჩინოთ, რომლის შესახებაც ადრე წარმოდგენაც კი არა გქონდათ. აი, მაგალითისათვის, ათი ისეთი საგანი, რომელშიც აუცილებლად უნდა ერკვეოდეთ.
1. დანახარჯების ზუსტი სიდიდე. მონაცემები დანახარჯების შესახებ, რომელიც ხელთა აქვს ბიზნესმენს, შეიძლება ნაწილობრივ მოიცავდეს ნამდვილ თვითღირებულებას, ხოლო დანარჩენი დანახარჯები შეიძლება მხოლოდ `მიახლოებით განისაზღვროს" და ზუსტად ვერც დავადგინოთ. არსებული მონაცემებით ისიც უნდა გავარკვიოთ თუ გაყიდვების რომელმა წილმა მოიტანა მოგება წინა წელს.
2. ზარალის საერთო ზომა. მისი სრული მონაცემები, ჩვეუელბრივ, ბიზნესმენის სამუშაო მაგიდამდე ვერ აღწევს და მის განცვიფრებას საზღვარი არ ექნება, სიმართლე რომ გაიგოს. ასეთ შემთხვევაში რატომაც არ უნდა მოვინდომოთ იმის დადგენა, თუ რამდენი ფულია დამარხული ზარალში?
3. მუდმივი მყიდველი. რამდენი მყიდველი დაიკარგა გასულ წელს, რომელიც სარგებლობდა კრედიტით? ეს უნდა გაირკვეს. შეიძლება დავადგინოთ ასეთი მყიდველების ზუსტი რიცხვი და ყველაფერი ვიღონოთ მათ დასაბრუნებლად.
4. მოწყობილობათა უკმარისობა. შეიძლება ბიზნესმენს აკლდეს ახალი მოწყობილობები ოფისისათვის ან მანქანა ფაბრიკისათვის და ამის გამო მცირდებოდეს მოგება.
5. მუშაკები, რომლებსაც არ მოაქვთ მოგება. ფირმაში შეიძლება ისეთი მუშაკებიც იყვნენ, რომლებიც გამფლანგველობის, სიზარმაცის, მყიდველის მიმართ უდიერი მოპყრობის გამო, თავის ხელფასზე უფრო ძვირი გვიჯდებოდეს.
6. მუშაკები, რომლებსაც ღირსეულად ვერ ვაფასებთ. ფირმაში ასევე შეიძლება იყვნენ მეტად კომპეტენტური მუშაკები, რომლებიც აშკარად იმსახურებენ დაწინაურებას, მაგრამ ეს არ ხდება, რაც პერსონალის პოტენციალის მიუტევებელი ფლანგვაა.
7. ყველაზე მომგებიანი მიმართულებები. რომელმა მათგანმა მოუტანა წინა წელს ფირმას ყველაზე მეტი მოგება? აუცილებელია განვავითაროთ ის მიმართულებები, რომლებიც გვაძლევენ ყველაზე მეტ გაყიდვებს. ამასთანავე, საჭირო იქნება თავიდან მოვიცილოთ ისეთები, რომლებიც მოგებას არ იძლევიან.
8. რეკლამა, რომელსაც მოაქვს ყველაზე მეტი მოგება. არ შეიძლება რეკლამის ბრმად განთავსება. აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რომელი სახის რეკლამა იქნება ყველაზე მომგებიანი.
9. მყიდველთა საჩივრები. აღწევენ თუ არა ისინი ბიზნესმენამდე? წესით _ უნდა აღწევდნენ. თუ არ აღწევენ მაშინ გამოდის, რომ ხელქვეითები მიუტევებელი გულგრილობით ეპყრობიან ფირმის პრესტიჟს.
10. მყიდველების სურვილი. მიუღია თუ არა, რომელიმე ბიზნესმენს `იმ საქონლის სია, რომელიც მუშტარს აინტერესებს, მაგრამ მათ არ გააჩნიათ?" აღირიცხება თუ არა მყიდველების მიერ გამოთქმული სურვილები? უფრო სავარაუდოა, რომ არა.
ამგვარად, როგორც უკვე ვთქვით მოსალოდნელია, რომ საკუთარ ბიზნესში მთელი რიგი სრულიად უცნობი ელემენტები აღმოჩნდეს და ისიც შესაძლებელია, მათ ვაჭრობასთან პირდაპირი კავშირი არც კი ჰქონდეთ.
სხვათაშორის, არ არსებობს კანონი, რომელიც ბიზნესმენს ამ ელემენტებზე მონაცემების მოძიებასა და მათ კვლევას უკრძალავდეს. როცა შერლოკ ჰოლმსი, რომელიმე დამნაშავის ძებნისას ჩიხში ექცეოდა, ჩვეულებისამებრ იტყოდა: `ვატსონ, ჩვენ გვესაჭიროება მეტი ინფორმაცია". ხვდებოდა, რომ მან ძალზე ცოტა იცოდა საიმისოდ რათა პრობლემა გადაეჭრა. ამიტომ, თვითონაც და ვატსონიც მაშინვე იწყებდნენ ახალი ფაქტების ძებნას.
ეს სწორი მეთოდია, ჩვენი ბიზნესის პრობლემების გადასაწყვეტადაც. როცა ბიზნესმენი არასწორ გადაწყვეტილებას იღებს, ან საერთოდ არ იღებას მას, მიზეზი ჩვეულებრივ იმაშია, რომ მას საკმარისი მონაცემები არ გააჩნია. მმართველი დირექტორი კარგად მოიქცევა, თუ დიდი ასოებით დაწერს ლოზუნგს: `საჭიროა გქონდეს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია" და თავის კაბინეტში გააკრავს მას. ურიგო არც ის იქნება, თუ ამგვარ ლოზუნგს დირექტორთა საბჭოს სხდომის ოთახშიც დაჰკიდებს.
ეფექტიანობის პრინციპის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ აუცილებელია ფაქტების დაგროვება, ამიტომ როგორც კი, რომელიმე ადამიანი ხელმძღვანელ მგომარეობას იკავებს, იგი მკვლევარი ხდება და ეს არასოდეს არ უნდა დაივიწყოს. ეფექტიანობა ნიშნავს ბიზნესის გაძღოლას ცოდნის მოშველიებით და არა ტრადიციის, ვარაუდის, შეხედულებისა თუ ცრუ რწმენის დახმარებით.
გადაწყვტილების მიმღების სიბრძნე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იცის მან საქმის შესახებ. თუ ადამიანს თავისი ბიზნესი ისე მიჰყავს, რომ რეალურ ფაქტებზე წარმოდგენაც არა აქვს, მაშინ ის სულელების ქვეყნის მოქალაქე ხდება.
მსხვილი ფირმის ხელმძღვანელს ისევე აუცილებლად სჭირდება დაზვერვის სამსახური, როგორც მთავრობას, რათა შექმნას იმ ფაქტების ზუსტი გამოკვლევის სისტემა, რომლის ცოდნაც სავალდებულოა მისთვის. უკიდურეს შემთხვევაში მას ორი ან სამი ხელქვეითი მაინც ესაჭიროება, რომელთა მთავარი საქმიანობაც ამ ფაქტების ძიება და გამოვლენა იქნება.
ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან ჰგვანან ნახატ-გამოცანას, იმ თავსატეხს, რომელშიც ცალკეული ფრაგმენტებისგან მთლიანი გამოსახულება უნდა შეადგინო და თუკი გამოსახულების ნაწილები, სანახევროდაც არ გაგვაჩნია, თავსატეხს ვერ ამოხსნი. სამაგიეროდ, როგოც კი ადამიანი მისთვის საჭირო ფაქტებს დააგროვებს, მას უკვე სწრაფი და ბრძნული გადაწყვეტილების მიღების სრული უფლებაც აქვს და თანაც შეუძლია გულდამშვიდებით იყოს _ შეცდომისაგან დაზღვეული იქნება.
ერთხელ იმის მოწმე გავხდი, თუ როგორ იყიდა ერთმა მმართველმა დირექტორმა 20 000 აკრი ტყე, ტელეფონის დახმარებით. როცა მან სატელეფონო საუბარი დაამთავრა მაცნობა ამის შესახებ და თან მითხრა: `თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ მე არასერიოზულად, ფუქსავატურად მოვიქეცი, რადგანაც ასეთი სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხი ასე იოლად და სწრაფად გადავწყვიტე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მე ორი თვის წინათ, ამ ტყის შესაფასებლად, ექსპერტი მყავდა საგანგებოდ გაგზავნილი, რომელმაც წარმოდგენილ ანგარიშში ყველა აუცილებელი მონაცემი დაწვრილებით გამაცნო".
უკიდურეს შემთხვევაში, საჭირო ინფორმაციის მიღების, სულ ცოტა შვიდი ხერხი მაინც არსებობს:
1) დაკვირვების მეშვეობით _ საგანგებო კამპანიის მოწყობა ფაქტების გამოსავლენად; 2) ორგანიზაციის თანამშრომლების გამოკითვის გზით: 3) არქივებიდან საქმის გამოთხოვით; 4) ამ საქმის შესასწავლად საგანგებო მოსამსახურის დანიშვნით; 5) გარეშე ექსპერტის დაქირავების საშუალებით; 6) ბიზნესზე შექმნილი წიგნების კითხვით; 7) რომელიმე სხვა ფირმასა თუ ქვეყანაში მუშაკის მივლინების გზით.
ყოველი ადამიანის მეხსიერება გარკვეული რაოდენობის ინფორმაციას ინახავს, რომელსაც იგი ჩამოთვლილი ხერხების დახმარებით თუ გაამდიდრებს, მაშინ აშკარად მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაზედაც შემდეგში არ ინანებს.
ყოველთვის სასარგებლოა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ ბიზნესს აქვს `თავიც" და `კუდიც". მოგება პირველს მოაქვს, მეორეს კი _ არა. ყოველ ბიზნესს, რამდენადაც შემეძლო დამედგინა, აქვს როგორც მომგებიანი, ასევე წამგებიანი მიმართულება და მისი განვითარება ხშირად უგუნური პოლიტიკის გამო მუხრუჭდება, რადგანაც იმას რასაც ვიგებთ ერთში, ვაგებთ მეორეში. ბიზნესს შესაძლოა ჰქონდეს წამგებიანი განყოფილებები, ტერიტორიები, განაყოფები და ჰყავდეს უხეირო მუშაკებიც, ანუ შეიძლება ჰქონდეს მეტად გრძელი `კუდი" და პირველი ნაბიჯი სწორედ მის დასაპატარავებლად უნდა გადაიდგას.
ეფექტიანობის პრინციპს დაუფლებული ადამიანი საზომ კრიტერიუმად, სუფთა მოგებას იღებს და სწორედ მისი მეშვეობით აძლევს შეფასებას საქონელს, მუშაობის მეთოდსა და კომპანიის პერსონალს. როცა მას არ გააჩნია წინასწარი შეგონება და ცრურწმენა, არც ფავორიტი ჰყავს დასაცავი და არც განტევების ვაცი დასასჯელი, ის ფიქრობს მხოლოდ კომპანიის კეთილდღეობაზე და არ გააჩნია ანგარება. იგი არ ესწრაფის ერთხელ და სამუდამოდ დადგენილ თვალსაზრისს და ცდილობს, რაც შეიძლება მალე გაარკვიოს, თუ რა არის მის კომპანიაში კარგი და ცუდი.
უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ყურადღება მივაქციოთ `კუდის" დაბოლოებას. რატომ? იმისათვის რომ დავადგინოთ და განვსაზღვროთ დანაკარგები, ხარჯები და ზარალი. ყოველ წამგებიან განყოფილებას უნდა გაუკეთდეს რეორგანიზაცია, რადგანაც შეიძლება არსებობდეს მისი წარმატების შანსი, შეიძლება არა.
სავაჭრო პერსონალმა, რომელიც `კუდის" ბოლოში აღმოჩნდა, უნდა გაიაროს გადამზადება. სარგებლიანობის საზომი აქ, თითოეული მუშაკის მიმართ უნდა გამოვიყენოთ. აუცილებელია მოვაწყოთ გამფლანგველობის წინააღმდეგ ბრძოლის კომპანია, მუშაკებში გავზარდოთ დაინტერესება და თვალნათლივ დავანახოთ, რომ გამფლანგველობა მოგების დანაკარგებად ბრუნდება უკან და ამით თვითონაც ზარალდებიან.
მას შემდეგ, რაც დამუშავებულია კომპანიის `კუდი", უნდა მივხედოთ მის `თავს", ოღონდ სხვაგვარდ. უპირველესი ყურადღება უნდა დავუთმოთ საქონელს, რომელიც ყველაზე უკეთესად იყიდება, ამასთანავე ყველაზე უფრო შედეგიანი მუშაკები წავახალისოთ და დავაწინაუროთ კიდევაც. მმართველმა დირექტორმა თავის ირგვლივ, ყველაზე უნარიანი ხელქვეითების ბირთვი უნდა შემოიკრიბოს და ყველა დანარჩენი მათ კონტროლს დაუქვემდებაროს. მან უნდა შექმნას მოგების მჭედელთა გუნდი.
ნებისმიერი კომპანიის პროდუქცია თუ მუშაკი ან აქტივს წარმოადგენს, ან პასივს, ე.ი. ან `თავს" ან `კუდს". იმის შემდეგ, რაც მმართველი დირექტორი პასივისაგან განთავისუფლდება, მან მთელი ყურადღება, თავისი აქტივების ყველაზე ეფექტიანად გამოყენებაზე უნდა გაამახვილოს. ნებისმიერს თავის ბიზნესში ახალი შანსი უნჩნდება, თუკი ერთ-ორ საათს, იმაზე ფიქრს მოახმარს, რომ ყოველ საქმეს აქვს `თავი" და `კუდი".
ეფექტიანობის მეთოდების გამოყენების შედეგები, თითქმის დაუჯერებელია. ამით მთელ რიგ დარგებში რევოლუცია მოხდა და მათ მიიღეს უზარმაზარი მოგება, ამასთანავე გაიზარდა როგორც ხელფასი, ასევე დივიდენდები. მანამდე უცნობი იყო კეთილდღეობის ისეთი ჯიშიანი მშენებელი და სიღარიბისაგან თავის დახსნის ისეთი უებარი საშუალება, როგორიცაა ეფექტიანობა.
`ყველა ჩვენი მიწები, ისევე კარგად რომ დამუშავდეს, როგორც საუკეთესო ფერმერები ამუშავებენ დიდი ბრიტანეთის ნებისმიერ ნიადაგს, ჩვენი წარმოება გაორმაგდებოდა" _ ასე თქვა ვისკონტ ლიმინგტონმა. ეს გამონათქვამი ერთნაირად შეიძლება მივუსადაგოთ წარმოებასაც, ვაჭრობასაც და სოფლის მეურნეობასაც. ჩვენ რომ შეგვეძლოს ყველაზე მაღალი ეფექტიანობის მიღწევა, გავაორმაგებდით მრეწველობის, ვაჭრობისა თუ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას. ეს განსაცვიფრებელი ფაქტია.
ნებისმიერ ფაბრიკაში, ყველაზე ეფექტიანი მუშა, ცუდ მუშაზე ორჯერ მეტს აწარმოებს. ნებისმიერი სავაჭრო საწარმოს ეფექტიანი გამყიდველი, ორჯერ-ხუთჯერ მეტს ყიდის, ვიდრე ყველაზე არაეფექტიანი. ნებისმიერ რეგიონში, ყველაზე ეფექტიანი ფერმერი, ყოველი აკრიდან ორ-სამჯერ მეტ მოგებას იღებს, ვიდრე უამრავი სხვა ფერმერი. უზარმაზარი სხვაობაა ადამიანებსა და მუშაობის მეთოდებს შორის. ნებისმიერი ვინც ნათლად გაიაზრებს ამას, მაშინვე იწყებს ეფექტიანობის შესწავლას.
გაყიდვის ან პროდუქციის წარმოების გაორმაგება სამართლიანად ითვლება შესანიშნავ მიღწევად. თუკი, საქმიან სამყაროში დაწესდება მედალი, მაშინ ეს ჯილდო ეკუთვნის მას ვინც ბიზნესის შედეგებს აორმაგებს. ზოგჯერ გასაღების ან პროდუქციის წარმოების ოც პროცენტიან გაზრდასაც კი, მთელი ფირმის გადარჩენა შეუძლია.
ის, რასაც ეფექტიანობას ვუწოდებთ ფაქტების, ციფრებისა და მეთოდების ნაკრებს წარმოადგენს, რომელმაც თავისი შედეგიანობა დაამტკიცა გასაღების, პროდუქციის წარმოებისა და მოგების გაზრდით. ეფექტიანობაში არაფერია წმინდა თეორიული, აკადემიური, იგი მთლიანად პრაქტიკას ემყარება.
ბიზნესში, ისევე როგორც სპორტში, გამარჯვებულისაგან ვსწავლობთ. ჩვენ, ყველა დაინტერესებული, იმათგან ვსწავლობთ, ვინც რეკორდებს ამყარებს. ვისკონტ ლიმინგტონმა ამიტომაც თქვა: საშუალო ფერმერმა მასზე უკეთესებისგან უნდა ისწავლოსო.
ეფექტიანობისათვის ბრძოლაში ჩვენი მასწავლებლები არიან არა პროფესორები და თეორეტიკოსები, არამედ ის ადამიანები, რომლებმაც მიაღწიეს სასახელო შედეგებს ვაჭრობასა და წარმოებაში. ეფექტიანობის შესახებ დაწერილ წიგნებში, სწორედ ამ იშვიათი ადამიანების მეთოდები და საქმიანობაა გაშუქებული. ეს წიგნები მოგვითხრობენ თავისი საქმის ჩემპიონებზე, რომლებმაც გააორმაგეს თავისი შედეგები და იმაზე თუ როგორ მიაღწიეს ამას.
ეფექტიანობის ცოდნა _ ის ოპტიმისტური გზაა, რომელსაც ვერასოდეს ვერ დაადგებიან საშუალო ფირმები, რამდენადაც არ გააჩნიათ აზროვნებისადმი მიდრეკილება და აკეთებენ მხოლოდ იმის ნახევარს, რისი გაკეთებაც ფაქტიურად შეუძლიათ. სინამდვილეში კი უფრო სასარგებლო ცოდნა არ არსებობს, რამეთუ ეს სწორედ ისაა, რაც ყველაზე უფრო აუცილებელია ჩვენს რთულ დროში. ყოველ ბიზნესმენს, რომელიც სათანადოდ შეაფასებს ამ ცოდნის მნიშვნელობას, დიდი ჯილდო ელის.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge