ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოპოლიტიკადასავლეთ ევროპული სეპარატიზმი და მისი ეკონომიკირი ფაქტორი

დასავლეთ ევროპული სეპარატიზმი და მისი ეკონომიკირი ფაქტორი
 | რეიტინგი 3 

თანამედროვე ევროპაში სახელმწიფოებს ბევრი პრობლემა გააჩნიათ, რომლებსაც დიდი ყურადღება ექცევა და აქტიურად განიხილება ფართო საზოგადოებრივ წრეებში, ასეთი საკითხებია მაგალითად ეკონომიკური პრობლემები აგრეთვე ტერორიზმთან ბრძოლა და ა.შ. ვფიქრობთ ნაკლები ყურადღება ექცევა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სეპარატიზმი. ვფიქრობთ დღევანდელი ევროპისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ის სეპარატისტული მოძრაობები რომლებიც ქვეყნებს შიგნით მიმდინარეობს, დღეს ევროპის კონტინენტზე 20-დან 25-მდე აქტიური სეპარატისტული მოძრაობაა, აქედან ნაწილი რეგიონების მოთხოვნა სეცესიაა ნაწილის კი უფლებების გაზრდა. 1 (1010 გვ) რა არის სეპარატისტული მოძრაობების მიზეზები? უნდა ითქვას რომ სხვადასხვა რეგიონებში სეპარატიზმს სხვადასხვა მიზეზები აქვთ. იმის საჩვენებლად თუ რა იწვევს   დასავლეთ ევროპული სეპარატიზმს კარგ განსახილველ   მაგალითად გამოგვადგება კატალონური და შოტლანდიური სეპარატიზმი.

ესპანეთშიც და დიდ ბრიტანეთშიც სეპარატისტულ მოძრაობებს სხვადასხვა მიზეზები აქვთ ეს არის ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული, სოციალური მიზეზები, თუმცა ორივე  მათგანს აერთიანებს 1 საერთო მიზეზი ეს არის ეკონომიკური ფაქტორი. განვიხილოთ ორივე მაგალითი საილუსტრაციოთ იმისა, თუ რა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკური ფაქტორი სეპარატიზმის გამძაფრებაში.

კატალონიის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს დამოუკიდებლობას ისინი იზიარებენ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ვრცელდება თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები პატარა ქვეყნებს შეუძლიათ იყვნენ ძალიან წარმატებულნი. 2 (16 გვ)

კატალონია არც თუ ისე მცირე რეგიონია 7.5 მლნ მოსახლეობით, ეს უფრო მეტია ვიდრე ევროკავშირის წევრი 12 სახელმწიფოს მოსახლეობა. კატალონიის მშპ 2010 წელს 200 მლდ ევროს შეადგენდა, რაც უტოლდება ირლანდიის, პორტუგალიის, ჩეხეთის მთლიან შიდა პროდუქტს.

კატალონია ესპანეთის 17 რეგიონს შორის ერთ-ერთი უმდიდრესია მისი წილი ესპანეთის მშპ-ში 20% ს უდრის, ის აგრეთვე პასუხისმგებელია ექსპორტის მეოთხედზე. გარდა ამის ესპანეთის 46 ბანკიდან 10 ბანკი კატალონიაში მდებარეობს. აღსანიშნავია ის ფაქტორი თუ რამდენად მაღლა დგას კატალონიაში ცხოვრების დონე, დანარჩენ ესპანეთთან შედარებით: აქ დაუსაქმებელთა რაოდენობა 1%-ია მთელს დანარჩენ ესპანეთში კი 12-13%,4 ერთ სულ მოსახლეზე მშპ კატალონიაში 27 000 ევროს უდრის, რაც ესპანეთის მაჩვენებელს 13%-ით აღემატება. გარდა ამისა კატალონია მიმზიდველი რეგიონია უცხოელი ინვესტორებისთვის - ბოლო 5 წელია აქ ყოველწლიურად 3-4 მლდ ევროს ღირებულების ინვესტიცია შედის.4 კატალონია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რეგიონია ტურისტული თვალსაზრისითაც.

ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას და კატალონიის ადგილობრივ ხელისუფებას შორის დაპირისპირება და პრობლემა  მდგომარეობს იმაში, რომ  ესპანეთის მშპ-ში შეტანილი 20% დან კატალონია უკან იღებს ძალიან მცირეს, დაახლოებით რომ შევადაროთ 1 გადახდილი ევროდან კატალონელი მოსახლეობა უკან იღებს 57 ცენტს 4 ამას კატალონელები „ფისკალურ ქურდობას" ეძახიან და ხშირად აპელირებენ ლოზუნგებით „ესპანეთი ჩვენგან იპარავს".

2003 წლის კატალონიის ჟენერალიტეტის არჩევნების და მასში პასკუალ მარაგალის გამარჯვების შემდეგ კატალონიაში შეიცვალა სეპარატისტული მოძრაობისადმი მიდგომები. თუ ადრე კატალონიზმი ასოცირდებოდა ქვეყნის აშენებაზე რომელიც კულტურულად დიფერენცირებულია დანარჩენი ესპანეთისგან 2003 წლის შემდეგ ნაკლებ მნიშვნელოვანი გახდა კულტურის როლი და მეტი ყურადღება მიექცა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ფისკალური პოლიტიკა. 3 (7 გვ)

ფისკალური დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოთხოვნადი კატალონელთა მხრიდან. საქმე იმაშია, რომ მათ არ გააჩნიათ ფისკალური დამოუკიდებლობა განსხვავებით კიდევ ორი ავტონომიური რეგიონის ნავარისა და ბასკეთისაგან. 

მიუხედავად კატალონიის ეკონომიკის მსგავსი სიძლიერისა აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მისი ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული დანარჩენ ესპანეთზე და რა თქმა უნდა ევროკავშირზე, რომლის წევრიც არის ესპანეთი. აქედან გამომდინარე კატალონიელთა მოთხოვნა დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საფრთხეს უქმნის თავად მათ სეცესიის შემთხვევაში მას ეკონომიკურად უდიდესი პრობლემები შეექმნება, მით უმეტეს გასათვალისწინებელია ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზუს სიტყვები, რომლის მიხედვითაც ყოველმა ახალმა სახელმწიფომ თავიდან უნდა განაცხადოს თავისი სურვილი ევროკავშირის წევრობის შესახებ და გაიაროს მთელი რიგი პროცედურები, ეს კი ნიშნავს იმას, რომ დამოუკიდებლობის მიღების შემთხვევაიში, რომელიც საკმაოდ არარეალურია, კატალონია ევროკავშირის წევრი ავტომატურად ვერ გახდება სხვა შემთხვევაში კი ესპანეთი, როგორც ევროკავშირის წევრი ამ ინიციატივას ყოველთვის დაბლოკავს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა ევროპელი პოლიტოლოგები და ეკონომისტები თანხმდებიან, რომ „კატალონია იგივეა ესპანეთისთვის, რაც  გერმანია ევროკავშირისთვის". სამართლებრივი არგუმენტით სეცესიის პრაგმატული თეორიის მიხედვით ეთნიკურ ჯგუფს მაშინ აქვს უფლება მოითხოვოს სეცესია თუ ცენტრალური ხელისუფლება სისტემატიურად ახორციელებს ამ რეგიონის ეკონომიკურ „ძარცვას" ანუ ადგილი აქვს შიდა კოლონიზაციას.5(გვ-18) ამ მხრივ ძნელი სათქმელია აქვს თუ არა ესპანეთის მხრიდან ადგილი შიდა კოლონიზაციას ალბათ უფრო არა, ვფიქრობთ სავსებით შესაძლებელია კატალონიის ეკონომიკური საკითხების მოგვარება ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ფისკალური რეფორმების გზით.

კატალონიისგან განსხვავებული სიტუაციაა შოტლანდიაში აქ შეიძლება ითქვას სეპარატისტული მოძრაობა ამ მომენტისათვის ამოწურულია 2014 წლის 18 სექტემბერს რეფერენდუმის დროს შოტლანდიელთა 55 %-მა დიდ ბრიტანეთში დარჩენა ისურვა. შოტლანდიელთა ამ გადაწყვეტილების უპირველესი მიზეზი რა თქმა უნდა ეკონომიკური ფაქტორია. მათ არ უნდათ უარი თქვან იმ ეკონომიკური სარგებელზე რასაც დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში იღებენ.

კატალონიისგან განსხვავებით დიდ ბრიტანეთში ეკონომიკური სარგებელი ორმხრივია აქ არ აქვს ადგილი „ფისკალურ ძარცვას" მეტიც ხშირ შემთხვევაში შოტლანდია მეტს იღებს ვიდრე გასცემს.

რაც შეეხება შოტლანდიის, როგორც დიდი ბრიტანეთისგან გამოყოფილი სუბიექტის ეკონომიკურ შესაძლებლობლებს: შოტლანდია საკმაოდ მდიდარ ბუნებრივ წიაღისეულებს ფლობს უპირველესად აღსანიშნავია ბუნებრივი აირი და ნავთობი. დიდი ბრიტანეთის სამომხმარებლო ბუნებრივი აირის და ნავთობის 90%-ით მომმარაგებელი სწორედ შოტლანდია და ჩრდილოეთის ზღვაა. გარდა ამისა შოტლანდიას გააჩნია მძლავრი ჰიდროელექტრო სადგურები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დანარჩენი ბრიტანეთისთვის და შოტლანდიის გამოყოფის შემთხვევაში ბრიტანელები იძულებულნი იქნებიან იმპორტზე გადავიდნენ და მთლიანად მასზე იყვნენ დამოკიდებულნი ამშემთხვევაში მათ გაცილებით მეტის გადახდა მოუწევთ ვიდრე შოტლანდიას უხდიან. 4

ბოლო რამდენიმე წელია შოტლანდიაში ტრადიციული საწარმოები იგივე ქვანახშირისა და ფოლადის მრეწველობა, აგრეთვე გემთმშენებლობა კრიზისს განიცდის, თუმცა თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას წარმატებით შეუძლია აწარმოოს ნავთობის, ელექტრო ენერგიის და რა თქმა უნდა ალკოჰოლური სასმელების პირველ რიგში კი - ვისკის ექსპორტი. კატალონიასთან შედარებით შოტლანდიას მცირე მშპ გააჩნია 2014 წელს მან 139 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, დიდი ბრიტანეთის მთლიან შიდა პროდუქტში კი მისი წილი დაახლოებით 10%-ს შეადგენს ყოველწლიურად.8

იმის საილუსტრაციოდ თუ რამდენად დიდი როლს თამაშობს ეკონომიკური ფაქტორი სეპარატიზმის და/ან ნაციონალიზმის გაღვივებაში კარგად გამოგვადგება 1970-იან წლებში  დიდ ბრიტანეთში მიმდინარე მოვლენები. 1970 წლისთვის ჩრდილოეთის ზღვაში, რომელიც შოტლანდიის სანაპირო აკვატორიაა საკმაოდ დიდი ნავთობის მარაგი აღმოაჩინეს, 1973 წლის სანავთობო კრიზისის ფონზე კი ამ ნავთობის ღირებულება ერთი ორად გაიზარდა. ამის შემდეგ უკვე ნავთობი შოტლანდიელთა ხელში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ბერკეტად იქცა, პარალელურად კი გაიზარდა ნაციონალიზმი მათი მხრიდან, მაგალითისთვის 1970 წლის არჩევნებში შოტლანდიის ნაციონალისტურმა პარტიამ, რომლის მთავარი საპროგრამო დაპირებაც დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფაა, ხმათა 11% მოაგროვა 1974 წელს ანუ ნავთობის კრიზისის შემდეგ იმავე პარტიამ ხმათა 30%-ზე მეტი მიიღო. ამის საპირისპიროდ კი 2009 წელს ეკონომიკური კრიზისის დროს შოტლანდიაში ძალზე იკლო დამოუკიდებლობის მომხრეთა რიცხვმა,შეგახსენებთ, რომ ამ წელს დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ შოტლანდიის ბანკებს ჯამში 37 მლდ გირვანქა სტერლინგი გამოუყო.5

ასეა თუ ისეა 2014 წლის 18 სექტემბრის რეფერენდუმზე შოტლანდიელმა ხალხმა თავისი გადაწყვეტილება მიიღო 55%-მა მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენას 45%-ის საპირისპიროდ. შოტლანდიელთა ამ გადაწყვეტილებას უპირველესად ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებდა კერძოდ: I) მცირდება შოტლანდიელთა ხელთ არსებული ნავთობის მნიშვნელობა, ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის რეზერვი ილევა, პროდუქციის  წარმოებამ 40%-ით იკლო სპეციალისტების ვარაუდით 1970 წლიდან დღემდე ნავთობის 2/3-ზე მეტი უკვე გაილია. II) შოტლანდიელთა გადაწყვეტილებაზე დიდად იმოქმედა ჟოზე მანუელ ბაროზუს უკვე ნახსენებმა განცხადებამ და ევროკავშირის გარეთ დარჩენის საშიშროებამ, რაც პრობლემებს შეუქმნის შოტლანდიას არამარტო ეკონომიკის მხრივ.  III) არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე შოტლანდიელი მსხვილი ინვესტორების/ბიზნესმენების, ბანკების და დიდი კომპანიების პოზიცია, რომლებიც შოტლანდიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ წავიდნენ გამომდინარე იქედან რომ ეს გამოიწვევდა რბილად, რომ ვთქვათ დიდ გართულებებს. IV) დიდ კითხვის ნიშანს იწვევდა აგრეთვე შოტლანდიის მიმოქცევაში გირვანქა სტერლინგის დარჩენა არ დარჩენის საკითხი, არ იყო გამორიცხული შოტლანდია გირვანქიდან ევროზე გადასულიყო რაც აგრეთვე უმტკივნეულოდ არ მოხდებოდა.

ნამდვილად არ იყო უმნიშვნელო ის განცხადება რომელიც ჯორჯ ოზბორნმა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა 7 სექტემბერს ანუ რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა, ის შოტლანდიელებს დარჩენის შემთხვევაში მეტ საგადასახადო ავტონომიას სთავაზობდა „თქვენ უფრო მეტად შეგეძლებათ საკუთარი ბედის კონტროლი" განაცხადა მან.

ვფიქრობთ შოტლანდიელებმა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენა აირჩიეს. ეს იყო პრაგმატული ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური სარგებელს და პოლიტიკურ სტაბილურობას, მითუმეტეს, რომ ვთლით დიდი ბრიტანეთის შემადგნელობაში არ ილახება შოტლანდიელთა ეთნიკური იდენტობა. თავიანთი სურვილების მიხედვით მათ მიეცათ რეფერენდუმის ჩატარების უფლება და თავიანთი ბედის გადაწყვეტის ნება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს რეფერენდუმი გარკვეულწილად საფრთხის შემცველია სხვადასხვა რეგიონებში სეპარატიზმის წასახალისებლად.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოცემული 2 რეგიონის მაგალითზე ნათლად ჩანს ის თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკურ ფაქტორს სხვადასხვა რეგიონებში სეპარატისტული მოძრაობის მსვლელობაში, ეს რა თქმა უნდა არ ნიშნევს იმას, რომ ყველგან გადამწყვეტი ფაქტორი ეკონომიკაა მაგალითად საქართველოში, სადაც ეკონომიკის ფაქტორი ძალიან უმნიშვნელოა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი სწორედ ის არის. ეკონომიკის როლი განსაკუთრებით ხელშესახები დასავლეთ ევროპულ სეპარატიზმშია. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია ისეთი რეგიონები რომლებიც ქვეყნის დანარჩენ რეგიონებთან შედარებით განვითარებულნი არიან. ესეთი რეგიონებია მაგალითად ბასკეთი ესპანეთში, ფლანდირა ბელგიაში, აგრეთვე სეპარატიზმი აქტიურდება ჩრდილოეთ იტალიაში, რომელიც სამხრეთზე მდიდარია. ყველა ეს რეგიონები ქვეყნის მდიდარი ნაწილია შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ ქვეყნის ყველაზე მდიდარ რეგიონებს არ აქვთ სურვილი არჩინონ ყველაზე ღარიბი რეგიონები.

ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი მოსაზრებებს ადასტურებს კატალონიის ჟენერალიტეტის ყოფილი პრეზიდენტის ხორდი პუხოლის სიტყვები: „ენა არის მნიშვნელოვანი, დროშაც მნიშვნელოვანია, კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მთავარი ფულია".  

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1)   Christopher j. Borgen - from Kosovo to catalonia: separatism and integration in Europe - st. john s university-new York

2)   Andjelka Pantovic - the economic impact of the European union on subnational separatist sentiment - university of Colorado, boulder 2014

3)   Edgar Illas - is catalan separatism a Progressive cause? - Indiana university - Bloomington 2014

4)   The Economic Consequences of European Separatism - http://world-economic.com/articles_wej-226.html

5)   მიხეილ ბასილაია - გაყრა შოტლანდიურად (სტატია გამოქვეყნებულია საიტზე tabula.ge 2011)

6)   გია ხუბუა - ფედერალიზმი და სეცესიის უფლება - თბილისი 1999

7)   თეიმურაზ პაპასქირი - ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია, 1914-1945 - „მერიდიანი" 2011

8)   www.gov.scot/Topics/Statistics/Browse/Economy/QNA2014Q4

 

 

 



ავტორი: პავლიკა ჯაგუნავა
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge