ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოსაზოგადოებაქართული სასამართლო მონარქიული პერიოდის საქართველოში

ქართული სასამართლო მონარქიული პერიოდის საქართველოში
 | რეიტინგი 3 

       სამართალი სახელმწიფოებრიობის აუცილებებლი და განუყოფელი ფუნდამენტია. სასამართლოსა და ნორმატიული სისტემის არსებობის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე სახელმწიფოს არსებობა. ნებისმიერი სახელმწიფო, შეიძლება ითქვას, იურიდიულად არის გაფორმებული. სამართალის ნორმები განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოების სტრუქტურას, ამ ორგანოთა უფლებამოსილებას, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების ფორმას. სამართალი თავის სახეს იძენს მხოლოდ მაშინ, თუ მას შესაბამისი უწყებები აწარმოებენ, იცავენ და აღასრულებენ. პროფესორი გ. ხუბუა აღნიშნავდა, რომ იმ ინსტიტუტებისა და დაწესებულებების გარეშე, რომლებიც გვევლინებიან ნორმაში მოცემული ქცევის წესის დაცვის გარანტად ნორმა ისევე იქნებოდა სამართალი, როგორც მიმოსვლის განრიგი უმატარებლოდ შეასრულებდა განრიგის ფუნქციას. ე.ი აუცილებელია სამართალი შესაბამისმა უწყებამ განახორციელოს.

     ბევრი ევროპული ქვეყნის მსგავსად საქართველოში ადრეულ პერიოდში შეიმჩნევა მოსამართლეებისა და სასამართლოს ინსტიტუტი, რომელთა ხელშიც იყო თავმოყრილი უზენაესი მართლმსაჯულება. ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი ჯერ კიდევ ძვ.წ. 64-24წწ აღწერდა ქართლის სოციალურ წყობას. მისი ცნობებით მეფის შემდგომ მეორე პირი სამხედრო საქმესა და მართლმსაჯულებას ახორციელებდა (უცნობია თუ რა ფუნქცია ქონდა თავად მეფეს, როგორც სახელმწიფოს უმაღლეს ხელისუფალს).

    მეცნიერთა აზრით, ძველი პერიოდის საქართველოში  არსებობდა სასამართლოების უძველესი ფორმა-სამედიატორო სასამართლო. მედიატორებს მოდავე მხარეები თავად ირჩევდნენ. მათი მიზანი იყო საქმე მშვიდობიანად მოგვარებულიყო. თუმცა გვარის შიგნით მედიატორის ინსტიტუტი არ გვხვდება. აქ საქმეს აგვარებდა გვარის უხუცესი. სასამართლონ ხელისუფლება სრულყოფილ სახეს იძენს გაერთიანებულ სასამართლოში, განსაკუთრებით დავით მე-4-ს შემდგომ პერიოდში.

     ივ. ჯავახიშვილის აზრით, საქართველოს მოსახლეობა ორ მთავარ   სასამართლო უწყებას ექვემდებარებოდა: სამეფო სასამართლოსა და საკათალოკოსო სასამართლოს. ივ. ჯავახიშვილი სასამართლოს აღმნიშვნელ ტერმინად „სასჯულო სამრევლოი"-ს იყენებდა. მეფის სასამართლოს კი „სამართალი სამეუფეო" ეწოდებოდა. ქართული ტრადიციით, მეფე უზენაეს მსაჯულადაც გვევლინება. ამის ნათელი მაგალითია ბაგრატ მე-4-ის ოპიზის

 

სიგელში აღწერილი ამბავი. ეს სასამართლო პროცესი ეხება ორ მონასტერს შორის დავას. სასამართლოში მოპირდაპირე მხარეებს წარმოადგენენ ცნობილი  ოპიზისა და მიჯნაძორის მონასტრები. ამ სასამართლო პროცეს, როგორც წყაროდან ირკვევა, ხელმძღვანელობდა მეფე. მონასტრების ხელმძღვანელებმა თავად მოითხოვეს, რომ მეფეს განეხილა მათი დავა.

    მიჯნაძორელებმა პროცესზე წარმოადგინეს სიგელები, როგორც მათი სიმართლის დამამტკიცებელი საბუთები (გურგრნის,ბაგრატ მე-3-ის და გიორგი მეფის). ამ დოკუმენტების მიხედვით სადაო მიწა მიჯნაძორელებს ეკუთვნოდათ. მათ სიგელებს ახლდა „კრულობითი მოწმობანი კათალიკოსთა და მღვდელთ-მოძღვართანინ". მეორე მხარემ კი წარმოადგინა გუარამ მამფალის სიგელი, რომელიც სადაო მიწებს ოპიზის მონასტერს აკუთვნებდა. (აღსანისნავია, რომ გუარამ მამფალი მეფე გურგენზე ადრე ცხოვრობდა). მეფეს ამ პროცესსი ჩართული ყავდა: მღვდლები, ერისთავნი, აზნაურნი და მეცნიერნი საბჭოთა საქმეთანი. აღნიშნული დავის განხილვა კოლეგიალურ სასამართლოს მოდელს ჰგავს, რომელსაც მეფე თავმჯდომარეობდა. სიგელიდან ჩანს, რომ სასამართლო პროცესის დაწყებამდე მეფეს წინასწარ მიუღია მოდავე მხარეები, მოუსმენია მათთვის და დაუნიშნავს საქმის გარჩევა რისთვისაც მოუწვევია სათანადო პირები. დამამტკიცებელი საბუთები მიჯნაძორელებს უფრო მეტი ჰქონდათ და სასამართლო გამარჯვებაც სწორედ მათ დარჩათ (ოთხი სიგელი და ოთხი ხელმოწერა ერთის წინააღმდეგ.). აქედან ირკვევა, რომ წერილობით დოკუმენტებს იმდროინდელი ქართული მართლმსაჯულება უკვე იყენებდა და უფრო მეტ სამართლებრივ მნიშვნელობას ანიჭებდა.

   საქართველოს გაერთიანება გაძლიერების შემდგომ მეფე ვეღარ ახერხებდა გაცნობოდა სასამართლოს ყველა  საქმეს, ამიტომ მეფე მონაწილეობას იღებდა მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საქმეების განხილვაში.

   დავით აღმაშენებელმა სპეციალური სასამართლო ორგანო „სააჯო კარი" ჩამოაყალიბა. სააჯო კარს ხელმძღვანელობდა გიორგი ჭყონდიდელი. ორშაბათობით იხილავდა ყველას საქმეს, მათ შორის ქვრივ-ობოლ-ღატაკთა. მეცნიერთა ნაწილის აზრით კი სააჯო კარი ოთხშაბათსა და პარასკევს იკრიბებოდა. იგი გვევლინება უმაღლესი ინსტანციის სასამართლოდ, რომელიც დაახლოებით უზენაესი სასამართლოს ფუნქციას ასრულებდა. მასში საქმეები კოლეგიალურად სამი წევრის შემადგენლობით განიხილებოდა. საქმეთა

 

განხილვის პროცესშიჩართულნი იყვნენ საწოლოს მწიგნობარი და ზარდახანის მწიგნობარი. საწოლის მწიგნობარი იწერდა პროცესს.

   გიორგი მე-3-ის დროს ვხვდებით სპეციალურ სასამართლოსაც ე.წ „სამართალის სამპარავთმძებნელო". ამ სასამართლოს დანიშნულება იყო ქურდების ძებნა, აღმოჩენა და გასამართლება." მპარავთ მძებნელნი" უფროსი მოხელეები იყვნენ, „ჩენილნი"-კი მათი ხელქვეითები. სპეციალური სასამართლოც მეფეს ემორჩილებოდა ვინაიდან ის იყო უზენაესი მსაჯული. ასეთი ტენდენცია იყო ევროპის წამყვან მონარქიებშიც (საფრანგეთი, ინგლისი,ესპანეთი).

   ძველად მართლმსაჯულების განმახორციელებელი პირი საქართველოში აღინიშნებოდა სხვადასხვა ტერმენებით: მსაჯული, ბჭე, მოსამართლე.

    მე-5 მე-10 სს-ში საქმის გამრჩევი პირები „მსაჯულებად" და „ბჭეებად" იწოდებოდნენ. მე-11 საუკუნეში კი ჩნდება ახალი ტერმინი „მოსამართლე". ბაგრატ კურაპალატისა და ბექა-აღბუღას სამართლის წიგნები ტერმინ მოსამართლეს არ იცნობენ ამ ძეგლებში გამოიყენებოდა ბჭე. ვახტანგ მე-6 -ს სამართლის წიგნი ყველა ტერმინს იცნობს და გამოიყენება ახალი ტერმინიც „მდივანბეგი" , რომელიც პროფესიონალი მოსამართლე და სახელმწიფო ნების გამომხატველი მოხელეა. ბჭემ თანდათან პოზიტიური სამართლის მოსამართლეობიდან ჩვეულებითი სამართლის სფეროში გადაინაცვლა.

   ქართული სამართალი დიდ მნიშვნელობას აქცევდა მოსამართლეთა აუცილებელ თვისებებს: მოსამართლე უნდა ყოფილიყო სამართლიანი, ღვთის მოშიში, მოუსყიდელი,მიუდგომელი, რომელიც არც პატრონის არ მეგობრის არც მოყვასის ხათრით უსამართლობას არ ჩაიდენდა. ასეთ მოსამართლედ ბაგრატს მოძღვარი მიაჩნდა. მოძღვარში იგულისხმება სწავლული, მეფესთან დაახლოებული პირი ან დიდ ვაჭარი. მოსამართლის ასაკად ვახტანგ მე-6 40 წელს მიიჩნევს, თანაც სიღარიბე არ უნდა აწუხებდეს.

    მოსამართლეთა მიერ საქმის გარჩევას, სამართლის ქნას, გასამართლებას, განკითხვას ან განბჭობას უწოდებდნენ. აქედან მოდის ტერმინი ბჭეც, რომელიც სასამართლო პროცესის მთავარი რგოლი იყო.

    საქართველოში მოსამართლედ გვევლინება დედოფალიც. თუმცა, ეს მხოლოდ მე-18 საუკუნეში გვხვდება. დედოფალი რანგით მეორე მოსამართლედ ითვლებოდა. მას საქმის წარმოებაში ხშირად მდივანბეგი და სახლთუხუცესი ეხმარებოდნენ. მას ორი სახლთუხუცესი ყავდა ერთი ქართლში, მეორე-კახეთში.

 

 

ეს ის პერიოდია როდესას ქართლი და კახეთი გაერთიანებული იყვნენ. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ერეკლე მეორეს ქართლის მეფის ტიტული ოფიციალურად არ ჰქონდა. ხშირად მოსამართლეებად ბატონიშვილებიც გვევლინებიან. როგორც წესი, მათ მეფე ან დედოფალი ავალებდათ საქმის განხილვას. მოსამართლის ფუნქციებს ხშირად ასრულებდა ფეოდალიც. ოღონდ მისი სამოსამართლო იურისდიქცია მხოლოდ თავის სამფლობელოს ფარგლებში ვრცელდებოდა. ის დაბალი კატეგორიის საქმეებს განიხილავდა. ქვეყნის დასუსტების შემდეგ კი მისი სამოსამართლო ფუნქციები გაიზარდა-იხილავდა ტყვედ შეპყრობას, გაუპატიურებას და ა.შ. მოსამართლის ფუნქციას მოურავიც ახორციელებდა. ის მცირე ხასიათის სისხლისა და სამოქალაქო საქმეებს განიხილავდა. თუმცა თავიდან მას ამის უფლება არ ქონდა და მხოლოდ სამეურნეო საქმეებს აგვარებდა. მოურავი შეიძლება ყოლოდა მეფეს, ეკლესიასა და ფეოდალს. თბილისის მოურავს ემორჩილებოდა მამასახლისი,ქეთხუდა, ნაცვალი და იასაული.

   გვიანი ფეოდალური ხანის საქართველოში პროფესიონალი მოსამართლეა „მდივანბეგი". სპარსულად „მდივან" აღნიშნავდა სახელმწიფო კრებას, კანცელარიას და დაწესებულებას. ამ ტერმინიდან მოდის ასევე „სამდივნო სახლი". მდივანბეგის სასამართლო კოლეგიალური იყო. მასში შედიოდნენ მდივანბეგი-უფროსი მოსამართლე, მსაჯულები, მდივანი, რომელიც იწერდა ჩვენებას და კითხულობდა შესაბამის მუხლს და იასაული. იასაული იყო: 1. მართლის მთქმელი, უქრთამო იასაულნი და 2. განწყრომისა და დაჭერის იასაულნი.

   მდივანბეგი მხოლოდ მეფის მოხელე იყო. მას ხელი მიუწვდებოდა მნიშვნელოვან, როგორც სამოქალაქო ისე სისხლის საქმეებზე. მაგ:მკვლელობა, მეფის ღალატი, სალაროსა და ეკლესიის გატეხვა.

   საინტერესოა თუ როგორი იყო ძველად თავად სასამართლო პროცესის ხასიათი და როგორ აღინიშნებოდა ის ქართველთა ყოველდღიურობაში. მდივნისა და სამდივნო სახლის გარდა სასამართლო დაწესებულებებს სხვა ტერმინებითაც აღნიშნავდნენ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქართველებს სამართლის და სამართალ შემოქმედებისადმი ოდითგანვე დიდი ინტერესი გააჩნდათ. სასამართლოს სამსჯავრო სახლსაც უწოდებდნენ. ერეკლე მეფე ამ ტერმინს სხვადასხვა დოკუმენტებში ხშირად იყენებდა. ასევე გამოიყენებოდა „სჯის კარი" ეს დასტურდება როსტომ მეფის ერთ-ერთ სიგელში. სასამართლოს მნიშვნელობით იხმარებოდა თვით „სამართალი"-ც. მაგალითად მოსამართლე მოდავე მხარეს მიუწერდა „ თუ სიტყვა გაქვს სამართალში ილაპარაკეო".

მოსამართლეთა მიერ სასამართლოსაქმის შესრულებას სამართლის ქნას, სამართლობას, გაბრჭობას უწოდებდნენ. დასტურლამალში გვხვდება ტერმინი „სამართლის ქნა", გაბრჭობა არჩილ მეფის თხზულებაში.

პროცესში  მხარეებს აღნიშნავდა ტერმინი „მოდავეები". მოსარჩელე „მომჩივანი" იყო მოპასუხე კი „მოადი". მოსამართლისთვის წარდგენილ მოხსენებას საჩივარი ეწოდებოდა. აქედან გამომდინარე ურთიერთ დავას „სარჩვლა"- ცილება ეწოდებოდა ეს ტერმინოლოგიები მიღებული იყო, როგორც სისხლის ისე სამოქალაქო სამართალში.

     სასამართლო პროცესში საქართველო სხვა ქვეყნების ტრადიციას მიყვებოდა. ისტორიულად ცნობილია სასამართლო პროცესის სამი ფორმა:1.  საბრალდებო პროცესი; 2. ინკვიზიციური პროცესი ანუ სამძებარო პროცესი; 3. შერეული პროცესი (იშვიათაად გამიყენებოდა).

     საქართველოში ყველაზე მიღებული ფორმა იყო საბრალდებო პროცესი და ჩვენთანაც სხვა ქვეყნების მსგავსად დაცული იყო მისი მახასიათებელი ძირითადი კომპონენტები: ზეპირობა, საჯაროობა, ინიციატივა და შეჯიბრებითობა. ამ პროცესის დროს საქმის მხარეებს თანასწორი უფლებები ჰქონდათ. ისინი საქმის დაწყების ინიციატორნი იყვნენ. მხარეები აგროვებდნენ დამამტკიცებელ საბუთებს და წარუდგენდნენ განსახილველად მოსამართლეებს. ასეთი პროცესის დროს  მოსამართლის როლი პასიურია ისინი მტკიცებულებათა შეკრებაში არ მონაწილეობდნენ, მათ მხოლოდ მხარეების მიერ წარმოდგენილი მასალების შეფასება ევალებოდათ. საბრალდებო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი-პროცესის საქვეყნოობა ქართულ სამართალში დაცული იყო. საბრალდებო პროცესი წარიმართებოდა საქვეყნოდ ხალხის თანდასწრებით. არის ცნობები, რომ მოსამართლეები განაჩენს საჯაროდ აცხადებდნენ. საბრალდებო პროცეს შეჯიბრებითი ხასიათი ჰქონდა, ეს ვახტანგ მე-6-ის სამართლის წიგნიდანაც ჩანს. მოსამართლემ „მარტო მოჩივარს სამართალი არ უნდა უყოს, მეორეც უნდა დაიბაროს და ორნივ ერთად ალაპარაკოს"-ანუ ერთმანეთს შეაჯიბროს. პროცესზე დაცული იყო უშუალობის პრინციპი მოსამართლე თავად ეცნობოდა ყველა იმ მასალას, რომელიც საქმეში იყო. ისმენდა მხარეთა ახსნა განმარტებას, აწარმოებდა მოწმეთა დაკითხვას. პროცესი ზეპირსიტყვიერად მიმდინარეობდა, თუმცა შეიძლება გარკვეული მნიშვნელოვანი აქტები წერილობითი ფორმითაც ყოფილიყო. გრძელი საქმეების დროს მონაწილეობდა მდივანიც, რომელიც საქმეს იწერდა. მას ამისთვის ქრთამი, გასამრჯელო ეძლეოდა.

       დავით ბატონიშვილის მიმოხილვის თანახმად მდივანბეგსა და სამოსამართლეოს ეკრძალებოდათ სამართლის წარმოება, როდესაც სარჩელი მათ

 

ეხებოდათ. რაც იმას ნიშნავდა, რომ მოსამართლე თავის საქმეს თავად ვერ განიხილავდა.

       არსებობდა პროცესის მეორე ინკვიზიციური ფორმა (სამძებრო), რომელიც საბრალდებო პროცესისაგან არსებითად განსხვავდებოდა. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მხარეთა კერძო ინიციატივით კი არ ხდებოდა, არამედ სასხელმწიფო თავისი მოხელეების ინიციატივით იწყებდა პროცეს. თანასწორ უფლებიანობა აქ აღარ გვხვდება ორივე მხარის ფუნქციას სასამართლო ასრულედა. საჯაროობა წარსულს ჩაბარდა, პროცესი წერილობით და საიდუმლოდ მიმდინარეობდა.

      სამძებრო პროცეს ახასიათებდა წინასწარი გამოძიების სტადია, როდესაც მტიცებულებათა შეკრება ხორციელდებოდა. ყველაზე კარგ საბუთად ითვლებოდა ბრალის აღიარება. ამის გამო, ხშირად წამებაც გამოიყენებოდა. ამ პროცესის წარმოებაში მონაწილეობდა იასაული, რომელიც ადგილზე იგზავნებოდა დანაშაულის გამოსაძიებლად. სამძებრო პროცესის ელემენტები საქართველოში ადრეულ პერიოდშიც ჩანს მაგ. გიორგი მე-3-ის 1170 წლის სიგელი „სამპარავთმძებნელოს შექმნის შესაახებ". სამძებრო პროცესი ფართოდ გავრცელდა მე-18-ე საუკუნის მეორე ნახევარში. საქმის წარმოება ამ დროს მიმდინარეობდა „დანისტრად", წინასწარი გამოძიებით და „უდანისტროდ" წინასწარი გამოძიების გარეშე.

   საინტერესოა დაკითხვის შესახებ დავით ბატონიშვილის მოსაზრებანიც. ის არ უარყოფს მოწმის წამებას, თუმცა აღიარებს, რომ „ტანჯვის" გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაშია მისაღებიო. „ტანჯვა" მისი აზრით კაცობრიობის შეურაცმყოფელი არ უნდა ყოფილიყო. მისასალმებელია, რომ საქართველოში დ. ბატონიშვილი ჯერ კიდევ უწინ აღიარებდა ადამიანის ზნეობრივი უფლებებისა და ღირებულებების დაცვას, მიუხედავად მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. ეს მისასალმებელი ფაქტია ქართული სამართლის ისტორიაში.

  მეცნიერთა ნაწილის აზრით, ქართული სამართალი იცნობდა „მონაცვლე კაცთა" ინსტიტუტის არსებობას, რომლებიც ამ საქმიანობის გამო გასამრჯელოს იღებდნენ, თუ თავიანთ საქმეს პირნათლად შეასრულებდნენ.  მონაცვლე კაცების ე.წ ადვოკატების არსებობას, ზოგი მეცნიერი ეჭვქვეშ აყენებს.

    დასასრულ, იმის თქმა შეიძლება, რომ საქართველოში სასამართლოს და სასამართლომ წარმოებას ოდითგანვე დიდი ყურადღება ექცეოდა. ჟამთა სიავის მიუხედავად ქართველ მეფეებს ყოველთვის რჩებოდათ იმის დრო, რომ ადამიანთა ურთიერთობა გარკვეულ ჩარჩოებში მოექციათ. ქართველები მიისწრაფოდნენ, რომ ფართოდ დაენერგათ პოზიტიური კანონმდებლობა

 

როგორც ბარში ისე, მთად. ადამიანის უფლებების დამცველ ინსტიტუტად ქართველობას ყოველთვის სასამართლო მიაჩნდა. მიუხედავად იმისა თუ იქ ვინ ახორციელებდა სასამართლო ხელისუფლებას: მეფე, მდივანბეგი თუ რომელიმე სხვა მოხელე. საყურადღებოა ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის ცნობიერებაში მართლშეგნების პრინციპი საკმაოდ დიდი ხნის წინ დაბადებულა. ქართველებმა ოდიდგანვე იცოდნენ, რომ სხვის უფლებების ან თავისი უფლების სხვის მიერ დარღვევას შესაბამისი სასჯელი-სანქცია მოყვებოდა. მის სისრულეში მოყვანას კი უზრუნველყოფდა სასამართლო ხელისუფლება.

   ჩვენთან სასამართლო პროცესის სიძველეს ის უამრავი ტერმინიც ადასტურებს,რომელიც ამ სფეროს უკავშირდება.

 

 

 

 



ავტორი: mindia gostamashvili
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge