ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოსაზოგადოებაახალგაზრდა თაობის პრობლემები დასაქმების სფეროში

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ახალგაზრდა თაობის პრობლემები დასაქმების სფეროში
 | რეიტინგი 3 

     საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელთაც მიუხედავად დემოგრაფიული დაბერებისა, საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ჰყავს საერთო მოსახლეობაში. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ახალგაზრდებში აქტიურობა და ბრძოლისუნარიანობა გაზრდილია. ამის თვალსაჩინო მაგალითია, თუნდაც ის რომ ყოველწლიურად 30-40 ათასი ახალგაზრდა ცდილობს დაეუფლოს სასურველ პროფესიას უნივერსიტეტში, უნივერსიტეტში მოხვედრის შემდეგ მათი ნაწილი აცნობიერებს,რომ შეუძლია ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი და ცდილობს დაიწყოს ძებნა იმ სამსახურის, რომელიც მის ჯიბეს რამდენადმე შეავსებს და სხვა . საქმეც ის არის, რომ როდესაც ფიქრი საქმედ უნდა იქცეს და იბრძოლონ დასაქმებისთვის, რამდენიმე პრობლემა იჩენს თავს, რომელთაგან აღსანიშნავია: სრული დატვირთვა ელემენტარული ანაზღაურების ხარჯზე, სწავლასთან შეუთავსებელი გრაფიკი, სამუშაოს დეფიციტი და უმთავრესი, სამუშაო სადაც გამოუცდელ ახალგაზრდას ორ და მეტწლიან შრომით გამოცდილებას თხოვენ, თუმცა არავინ არის ისეთი, რომელიც მათ შეკითხვას გასცემს პასუხს: როდის და როგორ უნდა შეიძინონ გამოცდილება ? მართლაც, თუ დაუკვირდებით პრობლემის აქტუალურობას და თვალს რამდენიმე დასაქმების საიტს გადაავლებთ, ეს პრობლემა მით უფრო თვალშისაცემი ხდება, სხვა რომ არაფერი ითქვას იმ მოთხოვნებზე, რომელსაც პოტენციური დამსაქმებელი ითხოვს აპლიკანტისგან ყველაზე რთულია, გქონდეს გამოცდილება, რომელიც ასეთივე პოტენციური სხვა დამსაქმებლებისგან უნდა მიიღო.

     მრავალი სტატია, რჩევა, რეკომენდაცია მიეძღვნა გასაუბრებაზე გასვლის ნორმებს და უპირატესობებს, მაგრამ როგორ უნდა მიაღწიოს ახალგაზრდამ გასაუბრებამდე ? ამ პრობლემის მოგვარება ასე თუ ისე შესაძლებელია. 1000-დან გამოიძებნება კომპანია,ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას მცირე ანაზღაურების, ზოგჯერ ანაზღაურების გარეშე მიიღო გამოცდილება, თუმცა რა პრობლემას უნდა გაუმკლავდეს შემდეგ ახალგაზრდა ? რა თქმა უნდა, ნეპოტიზმს.  ნეპოტიზმი თავის თავში გულისხმობს მეგობრისა და ნაცნობ-ნათესავისათვის უპირატესობის მინიჭებას მათი დამსახურების, ცოდნისა თუ უნარების გადაუმოწმებლად. სწორედ ქართულ რეალობაში ეს უკანასკნელი ხდება იმის მიზეზი, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯერ პირველ დაბრკოლებას გადაურჩა, ახლა ამ დიდ პრობლემასთან უწევს შეჭიდება. არავინ იცის რა ხდება იმ ოთახში, სადაც გამსაუბრებელი ცდილობს ვაკანსიაზე შემოსული განცხადებებიდან ჩამჭრელი კითხვების დასმის შემდეგ გადაწყვეტილება გამოიტანოს, თუმცა, ალბათ, ეს არის მიზეზი რომ ხალხმა უკვე იცის საკუთარი ბედი, ისეთი ადამიანის არსებობის შემთხვევაში, რომელიც არც შესაბამის უნარებს ფლობს და პრაქტიკაც არ გააჩნია ნეპოტიზმის საშუალებით უფრო პრიორიტეტული ხდება დამსაქმებლის თვალში . ეს ქართულ სინამდვილეში ახალი მოვლენა არ არის, „ბიძიას პრინციპი“ ოდითგანვე კარგად მუშაობდა, თუმცა შედეგი რა არის ? ის, რომ არასდროს არის შედეგი იმაზე უკეთესი, რასაც ვაკანსიისთვის შესაბამისი უნარებისა და გამოცდილების ადამიანი აძლევს კომპანიას, ვიდრე ნეპოტიზმის ქვეშ მცხოვრები . ეს უკანასკენელი ერთ-ერთი სახეა ეროვნული ჩაგვრისა და დისკრიმინაციის. ქვეყანაში, სადაც პროფესიონალიზმზე მეტად ფასობს ნეპოტიზმი , ვერასდროს მიიღწევა დემოკრატიულობა და თავისუფლება, რომელსაც ქვეყნის ღირსებებში მოიაზრებენ. 

     ახალგაზრდებს ამ პრობლემების გარდა, ცხოვრებაში სხვა დაბრკოლებებიც ეღობება, რომელთაგან აღსანიშნავია: ემიგრაცია, არ არის სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც ქვეყნიდან გასულ მოსახლეობაში ახალგაზრდების წილს გვაჩვენებს, ეს პრაქტიკულადაც შეუძლებელია, რადგან უმეტესი ნაწილი იმ რისკჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც საზღვარგარეთ არალეგალურად იმყოფება . დღითიდღე იზრდება უცხოეთში, განსაკუთრებით, თურქეთში, საბერძნეთსა და იტალიაში მყოფი ახალგაზრდა თაობის რაოდენობა. ეს ის ადამიანები არია, რომლებიც ქვეყნიდან მარტივი მიზეზით უთქმელად გარიყეს, რადგან არავინ აღმოჩნდა ისეთი, რომელსაც მათი გასაჭირის გულთან მიტანა და დასაქმება შეეძლო. საზღვარგარეთ ამის კარგი პირობებია, თუმცა ხშირია ისეთი პრობლემები , როგორებიცაა: ტრეფიკინგი, სექსუალური კომერცია, ძალადობა  და სხვა. სწორედ ასეთ რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება საქართველოში განათლებულ, დიპლომ-სერტიფიცირებულ ახალგაზრდებს. განსაკუთრებულად შემაშფოთებელია ის შედეგები, რომლებიც დაუსაქმებლობას მოჰყვება ქვეყნის შიგნითვე, უამრავი ახალგაზრდა ხდება კრიმინალის, წამალდამოკიდებულების, ადრეული ქორწინებისა და სხვა პრობლემების მსხვერპლი . ამ და სხვა პრობლემებს სახელმწიფო შეძლებისდაგვარად უმკლავდება, კერძოდ, მოქმედებს საზაფხულო დასაქმების პროგრამები, 2014 წელს განხორციელდა სტუდენტთა მასშტაბური დასაქმების პროგრამა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის და სხვა დასაქმების სისტემები ვერ აღმოფხვრიან ძირეულად ამ პრობლემებს, რადგან მათი სამიზნე ჯგუფი მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები არიან, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი კვლავ დაუსაქმებელი რჩება , რაც კლავს მოტივაციას და სტიმულ, რომ ოდესმე მათი მიმართვა ორგანიზაციებისადმი შედეგის მომტანი იქნება, გასაუბრებამდეც მიაღწევენ და თავიანთი ცოდნის შესაბამის სამუშაოზეც კომფორტულად იმუშავებენ.

     საჭიროა უფრო მეტი კერძო და სახელმწიფო სექტორი ჩაერთოს ახალგაზრდების დასაქმებაში.უფრო მაღალი სიხშირით არსებობდეს სახელმწიფოს ყურადღება ახალგაზრდების დასაქმებისა და დასაქმების პრობლემების აღმოფხვრისადმი. არსებობდეს ფაბრიკა-ქარხნები, რომლებიც უფრო მეტ მუშახელს საჭიროებს და არანაკლებ კარგად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ვიდრე იმ სექტორების წილი, რომელთა რაოდენობა საკმაოდ მწირია. აუცილებელია, არსებობდეს დასაქმების სახელმწიფო სისტემა, რომელიც შეისწავლის ყველა ადამიანის ეკონომიკურ მდგომარეობას და, შესაბამისად, განახორციელებს დასაქმების პროგრამას. აღმოიფხვრას უმთავრესი პრობლემა, ნეპოტიზმი, რომელიც ისეთ ცუდ შედეგებს იწვევს ,როგორებიცაა ტვინების გადინება(პროცესი, როცა განათლებული საზოგადოება, რაღაც მიზეზების გამო მიდის ქვეყნიდან და სხვა ქვეყანაში პოულობს მისი ცოდნის შესაბამის სამსახურს), უხარისხო მომსახურება და საბოლოო ჯამში, რაც მეტია ნეპოტიზმის არეალი მით უფრო ჩამორჩენილია ქვეყანა განვითარებას . ამ ფუნდამენტური პრობლემების აღმოფხვრა დიდადაა დამოკიდებული სახელმწიფოს პოლიტიკაზე , კერძო სექტორის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და სხვა ღონისძიებებზე, რომელთა სიმრავლით ჩვენი ქვეყანა არ გამოირჩევა.

 

 



ავტორი: გიორგი დუნდუა
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge