ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოსაზოგადოებაგზა სამეფო სასახლიდან წმინდანობამდე- დემეტრე მეორე

გზა სამეფო სასახლიდან წმინდანობამდე- დემეტრე მეორე
 | რეიტინგი 3 

ამბობენ, განსაცდელი ცოდვის წილ მიეგება ქვეყანასო და მეორე მხრივ, განსაცდელით წვრთნის უფალი თავის რჩეულთ. საქართველოში მონღოლთა ბატონობის ჟამს განსაცდელს ვინ გამოულევდა მომავალ გვირგვინოსანს და როგორც კი მოევლინა ამ ქვეყანას უფლისწული დემეტრე (II), მათაც ნიაღვარივით იწყეს დენა.

ჯერ კიდევ ჩვილი იყო დემეტრე, დედა - უსათნოესი გვანცა დედოფალი რომ მოუკლეს მონღოლებმა. 10 წლისა მამას - დავით ულუს გამოემშვიდობა სამუდამოდ. ობოლი ბაგრატოვანი ქართველმა დიდებულებმა აბაღა ყაენს მიჰგვარეს ურდოში და სთხოვეს, დაემტკიცებინა საქართველოს მეფედ. პირველი ქორწინება პოლიტიკური გარემოებებით იყო ნაკარნახევი - 15 წლის ყმაწვილს ტრაპიზონის მეფის ასული შერთეს ცოლად.

სადღა დაშთენილიყო თამარის ოქროს ხანის სახელი და დიდება! თამარის საქართველო სამად იყო გაყოფილი. დასავლეთში დავით ნარინი მეფობდა. სამცხე - მონღოლთა ყაენს ემორჩილებოდა, მხოლოდღა ქართლ-კახეთი და სომხეთის ნაწილი დარჩენოდა მეფეს.

დემეტრეს მცირეწლოვანების გამო ქვეყანას, ფაქტობრივად, ყაენის მონა - სადუნ მანკაბერდელი განაგებდა. მაგრამ რა სრულწლოვანებისა მოიყარა, ჟამთააღმწერლის გადმოცემით, შეიქნა: "ტანითა ახოვან, ფერითა ჰაეროვან, შესახედავად ტურფა, თმითა და წუერითა მწყაზარ და შუენიერი, თვალითა გრემან, ბეჭ-ბრტყელ და შეწყობილ სამხედროთა წესითა, სრული ცხენოსანი და მშვილდოსანი რჩეული, უხვ, მდაბალი, გლახაკთა, ქურივთა და დავრდომილთა მოწყალე, რომელ არ სმენილ არს ნათესავი მეფეთა, გინა კაცთა".

სულიერი სათნოებით შემკული მეფე დღისით ცდილობდა განეახლებინა ეკლესია-მონასტრები, გაემაგრებინა ციხეები (დღევანდელი თბილისის საშვენად ამაყად მომზირალი მეტეხის ტაძარიც დემეტრეს მეცადინეობით აუგიათ), ღამით კი "აქუნდა ჩვეულება", აიღებდა საფულეს და მოივლიდა ქალაქს, რათა თავისი ხელით გაეცა მოწყალება გლახაკთათვის. ობოლ-ქვრივთა და მათხოვართაც ღამით იწყეს სიარული - ეგება სადმე გადავეყაროთო მოწყალე მეფეს. "ამას თანა მოეგო მარხულობა, ღამით ლოცვა და მუხლთყრა ფრიად, რამეთუ ათას ხუთასი მუხლი მოაგდის მდაბლად მიწასა ზედა, ესრეთ ყოვლითურთ განმშვენებული და განათლებული იყო." სამწუხაროდ, შემდგომში როგორც გვამცნობს ჟამთააღმწერელი, მეფე "სისრულისაგან მცირედ მიდრკა და აღერია წარმართთა და ისწავა საქმენი მათი უძღებებისა და სიძვისა." და მოიყვანა სამი ცოლი. კათოლიკოსი ნიკოლოზი დღენიადაგ "ამხილებდა მრავლად და ვერ არწმუნა". და "ამისათვის დაუტევა კათოლიკოსობა". ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოცხადებით "მოიწია წინაშე დიმიტრი მეფისა" წინასწარცნობის მადლით გაბრწყინვებული მონაზონი ბასილი. რომელმაც ჰკადრა მეფეს: "უკეთუ დაუტევნე უწესონი ქორწინებანი, მე თავმსდებ გექმნე, რათა კეთილად წარგემართოს მეფობა შენი." ხოლო "ვითარ ვერარა არწმუნა" მეფესა, საბოლოოდ უთხრა მას: "უკეთუ არა განეყენო უწესოთა ქორწილშეყოფათა და შეურაცხყვენ სიტყვანი ჩემნი, ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ და ოხერ იქმნე სამეფოსაგან შენისა და შვილნი შენნი მიმოდაიბნენ და სხვამან დაიპყრას მეფობა შენი და იავარყონ სიმდიდრე შენი."

უწესო ცხოვრების გამო, ღვთის ნებით, კეთილად აღარ წარმართულა მეფე დემეტრეს მეფობა - ყაენი იწვევდა ლაშქრობებში ქართველთა მხედრობას. სხვათა ბრძოლებში წყდებოდნენ საუკეთესო ქართველი ვაჟკაცები. მონღოლები გამაგრებული ციხე-ქალაქების ასაღებად პირველად ქართველებს აგზავნიდნენ. მერე კი თვითონ შეუტევდნენ მოქანცულ მოწინააღმდეგეს. როცა ბრძოლის დროს მონღოლები უკან იხევდნენ, ქართველები ხშირად სიამაყით ამბობდნენ: ჩვენ უკანდახევა არა გვჩვევიაო და თავისი მტერ-მაოხრებლებისათვის იხოცებოდნენ. მარტო მესოპოტამიაში დემეტრეს სარდლობით მებრძოლი სამი ათასი ქართველი თითქმის ერთიანად შეაკვდა ეგვიპტელებს. ხოლო ეგვიპტეში ერთ-ერთი წარუმატებელი ბრძოლისას 4000-ზე მეტი ქართველი მოისრა.

მეფე დემეტრეს ამ ომში 5 ათასი ქართველი ჰყავდა წამოყვანილი. ქართველებმა აქაც მოინდომეს, პირველებს დაეწყოთ ბრძოლა. მონღოლებსაც მეტი რა უნდოდათ? მეფე დემეტრემ 200 რჩეული ქართველით ეგვიპტელთა რიგები გააპო და სასულთნო დროშის ხელში ჩასაგდებად გაემართა. 12 ათასმა ეგვიპტელმა სულთნის ბრძანებით ალყა შემოარტყა დემეტრეს რაზმს. უცებ სულთნის სარდალმა შუბით ცხენი მოუკლა დემეტრეს. მეფე უნაგირიდან ჩამოხტა და ფეხდაფეხ განაგრძო ბრძოლა. "ჩემი სიკვდილი არაფერია, ოღონდ შენ იცოცხლე მეფეო!" - შესძახა აბაშ სიქანელის ძემ და მეფეს ცხენი მოართვა. თავგანწირული ქართველი მტრის შუბით განგმირული დაეცა. მეფემ კი მოასწრო ამხედრება და ამ დროს ქართველთა მაშველმა ჯარმაც მოუსწრო. 4800-მა ქართველმა მტრის რკალი გაარღვია და მეფეს ირგვლივ შემოერტყა. მონღოლებს კი ამ დროს ბრძოლა უკვე მიეტოვებინათ. ეგვიპტელთა და ქართველთა შერკინება შუაღამემდე გაგრძელდა. დემეტრე მეფე 800 კაცითღა დაბრუნდა სამშობლოში. ამასიის უცხო მიწას 4 ათასი ქართველის ცხედარი შერეოდა...

არ დაუფასდა მონღოლთა სამსახური მეფეს... მონღოლებში რომელიმე ყაენი იშვიათად კვდებოდა ბუნებრივი სიკვდილით. ისინი შეთქმულების მსხვერპლნი ხდებოდნენ. ისევ დაიხლართა ინტრიგები მონღოლთა ყაენის კარზე... ამჯერად არღუნ ყაენის პირველი ვაზირი ბუღა ამხილეს შეთქმულებაში.

ბუღა მძახალი იყო დემეტრესი და მის თავზეც საავდრო ღრუბლები ჩამოწვა. მეფე ყაენმა იხმო. კარგად უწყოდა, რას ნიშნავდა ყაენის კარზე ხმობა. მაგრამ თუ არ ეახლებოდა, განრისხებული მონღოლები საქართველოსკენ გამოილაშქრებდნენ... მეფემ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა ამჯობინა ქვეყნის აოხრებას და ურდოში გასამგზავრებლად მოემზადა (უკეთუ არ წარვიდე ყაენის წინაშე, დასტურობით ვიცი, მომკლავს, - უთხრა მეფემ სამეფო დარბაზის წევრებს).

"აწ თუ შენ დასდებ სულსა შენისა ერისათვის, ჩვენ, ყოველნი ეპისკოპოსნი ვიტვირთავთ ცოდვათა შენთა" - აღარ დაუშლიათ ღვაწლის ტვირთება ეპისკოპოსებს. და როგორც ელოდა, ურდოში სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. ქართველმა დიდებულებმა სცადეს გაეპარებინათ საპყრობილედან, მაგრამ მათ თავად მეფე აღემართა ნათლის სვეტად: აწ თუ წარვიდე, უბრალო ერი მოისრას. რა სარგებელ არს, უკეთუ ყოველი სოფელი შევიძინო და სულიწარვიწყმიდოო.

სიკვდილის წინ ილოცა დემეტრემ. მიიღო წმინდა ზიარება და სული უფალს შეავედრა. (ეს მოხდა 1289 წლის 12 მარტს მოვაკანში, მდინარე მტკვრის პირას). თითქოს სამყარომ აღნიშნა თავდადებული გვრიგვინოსნის გარდაცვალება და მზე დაბნელდა უფლის ნებით...

დემტრეს გვამი ფარულად გამოხსნეს ქართლის კათოლიკოსმა აბრაჰამ I-მა (1282-1310), რომელიც ურდოში თან ახლდა დემეტრეს და მოსე მღვდელმა. თბილისელი მეთევზეების დახმარებით საქართველოში ურმით ჩამოასვენეს. მამა-პაპათა საძვალეში - მცხეთას დაკრძალეს. ერმა მას უწოდა "თავდადებული". ამ თავდადებისათვის ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მეფე დემეტრე წმინდანად შერაცხა. ხსენების დღედ კი 12 (25) მარტი დაადგინა. საგულისხმოა, რომ ზუსტად ორი წლის თავზე მეფე დემეტრეს გარდაცვალებიდან 1291 წლის 12 მარტს მოაშთვეს არღუნ ნოინი, "რომელ დასთხია სისხლი უბრალო მრავალი და იკადრა ცხებულსა ღმრთისასა ხელის შეხებად."

 

 



ავტორი: temiko40 cagareishvili
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge