1. უკვე ყველამ აღიარა, რომ ლარმა დაკარგა ფულის ერთ-ერთი ძირითადი თვისება-დაგროვება. ფულს თუ დაგროვებისათვის არავინ იყენებს ამ ფულზე ძვირადღირებული ნივთები და საშუალებები აღარ იყიდება, ანუ იგი აღარ არსებობს. ლარმა რომ აღიდგინოს სიმყარე და ფულის ნიშნები საჭიროა. რომ შესრულდეს ის კანონები, რომლებიც ამ მიმართულებით გაგვაჩნია.
- საქართველოში ყველა გარიგება შესრულდეს ლარში, ვინაიდან კანონით საქართველოში ერთადერთი საანგარიშწორებო და საგადასახადო საშუალება არის ლარი;
- აიკრძალოს ბინების, მიწის, მანქანების და მსხვილი საქონლის გაყიდვა დოლარსა და ევროში;
- აიკრძალოს ყველა იმ განცხადების გამოქვეყნება, რომელიც შეიცავს საქონლის დოლარში გაყიდვის ოპერაციას. ნებისმიერი საქონლის ყიდვა-გაყიდვის შესახებ განცხადება გამოქვეყნდეს მხოლოდ ლარებში;
- ყველა სავაჭრო გარიგება, რომელიც რეგისტრირდება სახელმწიფო სარეგისტრაციო სამსახურებში განხორციელდეს მხოლოდ ლარში ბანკის მეშვეობით იმ პირობის დაცვით, რომ მყიდველისა და გამყიდველის ანგარიშები არ იყოს გახსნილი ერთსა და იმავე საბანკო დაწესებულებაში (აღნიშნული ოპერაციები ბანკებმა უნდა შეასრულონ შეღავათიანი მომსახურების ტარიფით);
- ყველა გარიგება, რომელიც უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებით შესრულდეს ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ეროვნული ბანკის მიერ აშშ დოლარისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად. უნდა აიკრძალოს ქვეყნის შიგნით დადებული ხელშეკრულების გაფორმება ან/და მასში ჩაწერა აშშ დოლარის შესაბამისად, ან იზარალოს როგორც მყიდველმა ისე გამყიდველმა$ლარის ნიშნულიდან გაზრდილი თანხა გაიყოს შუაზე. მაგალითად, გარიგების შემდეგ დოლარის ღირებულება გაიზარდა 80 თეთრით, ამ შემთხვევაში 40 თეთრით იზრალებს გამყიდველი და 40 თეთრით მყიდველი და ა.შ.
- ბანკთაშორის სავალიუტო ყიდვა-გაყიდვაში მონაწილეობა მიიღონ არა მხოლოდ ბანკებმა, არამედ ვალიუტით მოვაჭრე პირებმა და ორგანიზაციებმა, აგრეთვე მოქალაქეებმა ვისაც ამის ინტერესი და შესაძლებლობა გააჩნია. ბანკებმა და ყველა სხვა მოვაჭრე პირმა ამ ვაჭრობაზე სხვადასხვა ვალიუტა შეიძინონ ეროვნული ვალიუტით-ლარით, რითაც უფრო დიდი ბერკეტი მიეცემა ეროვნულ ბანკს ფულის მასის მართვისათვის;
- გამკაცრდეს საჯარიმო სანქციები მათ მიმართ, ვინც ეროვნული ვალიუტის გარდა სხვა ვალიუტაზე მოახდენს რაიმე ყიდვა-გაყიდვის ოპერაციას, ამასთან დაჯარიმდეს ორივე მხარე, მყიდველიცა და გამყიდველიც. საჯარიმო სანქცია უნდა დაედოს მასაც, ვინც ბანკის გვერდის ავლით, ე. წ. ,,მინდობილობებით" მოახდენს მსხვილი საქონლის ყიდვა - გაყიდვას აშშ დოლარებში, ან სხვა ვალიუტაში, გარდა ლარისა;
- ინვესტიციები განხორციელდეს რომელიმე ვალიუტაში და მხოლოდ ბანკების მეშვეობით, მაგრამ ამასთან დაკავშირებული ვალიუტის კონვერტაცია მოხდეს შეღავათიანი ტარიფებით ვალიუტის საქართველოში შემოტანის ან ჩარიცხვისთანავე;
- ვინაიდან ლარის კურსის სიმყარეს თითქმის არავითარი საფუძველი არ გააჩნია, ამიტომ ჩვენი ორიენტაცია მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ფულის სიმყარის საფუძველი იყოს შრომა და ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი რესურსი - მიწა.აქედან გამომდინარე აუცილებელია ინფრასტრუქტურის სისტემაში გათვალისწინებული დაფინანსება დავიყვანოთ თითოეულ დასახლებულ პუნქტამდე. როგორც ცნობილია, ყოველ გაზაფხულზე, ზაფხულში (გვალვა) და ზამთარში თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში თავს იჩენს სტიქიის კერები. მთელი ეს სახსრები მივმართოთ ამ კერების აღმოსაფხვრელად და სტიქიის სამართავად, აგრეთვე სათანადო სარწყავი ნაგებობების, სოფლებისა და ქალაქების მეორეხარისხოვანი გზების მშენებლობებისა და სხვა საჭირო ღონისძიებების დასაფინანსებლად ისე, რომ დასაქმდეს მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა და სპეციალისტები, რომლებიც ხანგრძლივად არიან დაუსაქმებელნი. ამგვარად, ლარი უნდა მივმართოთ იქით, სადაც მისი საშუალებით იყიდიან შრომის და სხვადასხვა პირველადი მოხმარების საშუალებებს და არა იქით, სადაც იყიდიან დოლარს.
2. რაც შეეხება მიწას:
- უნდა მოხდეს (რაიონი, სოფელი და ა.შ.) მიწების ხელახალი ინვენტარიზაცია და დახარისხება მათი ვარგისიანობისა და დანიშნულების მიხედვით (სახნავი, კულტურით გაშენებული, საძოვარი, სათიბი, საკურორტო და ა.შ.). ყველა მიწა უნდა შეფასდეს რეალური ფასით (თუნდაც საქართველოში დღეს არსებული ფასებით). მიწის საკუთრების შეფასების შესაბამისად შეიქმნას ყველა დასახლებულ პუნქტში სააქციო საზოგადოება, რომლის დამფუძნებელი თავისი მიწის საკუთრების შესაბამისად იქნება ყველა, ვინც ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტში ფლობს მიწას. აქციების სიდიდე განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ ვინ რა წილ მიწას ფლობს აღნიშნულ ტერიტორიაზე. ამ მიზნის მისაღწევად უნდა შეიქმნას ქართული მიწის ბირჟა, სადაც ყველას ექნება მონაწილეობის უფლება, მათ შორის სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც, რომლებიც შეისყიდიან არა მიწას, არამედ აქციებს. ცნობილია, რომ აქციების მფლობელთა მიზანს წარმოადგენს მათ კუთვნილ აქციებზე დივიდენდის მიღება ეს კი დააჩქარებს სოფლის მეურნეობისა და ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრის - მიწის აღორძინებას. ამ ღონისძიებების პარალელურად უნდა შეიქმნას ცალკე დამოუკიდებელი ბანკი ,,ქართული მიწის ბანკი", რომელიც ამ მოვლენების დინამიკას შეუწყობს ხელს და ივლის ,,ილიას გზით". აღნიშნული ბანკი უნდა იყოს კომერციული, მაგრამ მისი მიზანი უნდა იყოს ქართული საქმის აღორძინება. შესამუშავებელი იქნება ბანკის საქმიანობის შეღავათიანი მიმართულებები, რომლებიც დაკავშირებული იქნება მიწის გამოყენებასთან და მასთან დაკავშირებულ წარმოებებთან.
3. უდიდეს მამულიშვილურ საქმეს გავაკეთებთ და საქართველოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის უდიდეს მცდელობას ერის გამრავლების შესახებ ჩვენც მივეხმარებით, თუ მის მოწოდებას ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის დღესვე მესამე ბავშვს ვაჩუქებთ 3 000 ლარს, მეოთხეს 4 000 ლარს და ა. შ. ეს ღონისძიება უდიდესი სტიმული იქნება ერის გასამრავლებლად. ზემოთ აღნიშნული უნდა განხორციელდეს ბიუჯეტის ხარჯზე, ან ბიუჯეტის თანადაფინანსებით შექმნილი ფონდის მიერ.
4. არანაკლებ ეროვნულ საქმეს ვიქმთ და ლარის ბრუნვას და მის გადანაწილებას რეგიონების მიხედვით ხელს შევუწყობთ, თუკი წავახალისებთ ყველა ახალ მიღწევასა და წარმატებას (ანუ ყველაფერს, სავარაუდოდ წარმატებულ პირველს). ეს წახალისება უნდა შეეხოს ყველას, ვინც ქართული, ეროვნული სასიკეთო საქმის წამოწყებას აპირებს. ვინც დარგში, ან ინდივიდუალურად ყველაზე მეტ მაღალხარისხიან პროდუქციას აწარმოებს და გამოუშვებს, ვინც ყველაზე უხვ და კარგ მოსავალს მიიღებს მიწის ზომის ერთულზე გადაანგარიშებით, ვინც ყველაზე წარმატებული მოსწავლე ან სტუდენტი იქნება (თითოეული კლასის, თითოეული სკოლის,რაიონის, რეგიონის, ქვეყნის მასშტაბით), ვინც შექმნის და დააპატენტებს კარგ ტექნიკურ დანადგარს, ვინც შექმნის საუკეთესო ხელოვნების ნიმუშს (მხატვრობა, მუსიკა, ლიტერატურა, კინო თეატრი ...), ვინც ქვეყნისა, ევროპისა და მსოფლიო მასშტაბით წარმატებით დაიცავს ქართული სპორტის ღირსებას, იმ ქუჩის ან უბნის საორგანიზაციო კომიტეტს, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მოვლილი და დასუფთავებული, ყველაზე წარმატებულ სასწავლი დაწესებულებას (სკოლა, კოლეჯი, უმაღლესი სასწავლებელი ...), ყველაზე წარმატებულ სამედიცინო დაწესებულებას. საჯარო უნდა გახდეს ის მოტივი, თუ რის გამო ჯილდოვდება ესა თუ ის პიროვნება, ორგანიზაცია ან დაწესებულება, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის განვითარებას ნებისმიერ სფეროში. ეკონომიკის ბერკეტების გააქტიურება გაღვივებს და ხელს შეუწყობს ერში არსებული პოტენციალის ამოქმედებას.
ეკონომისტი. სააქციო საზოგადოება ,,ცენტრალური ავტოვაგზლ"-ის გენერალური დირექტორი: თეიმურაზ ჯამრიშვილი
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.