ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოეკონომიკა და ბიზნესიციკლური ეკონომიკა პოსტპანდემიური ეკონომიკური წესრიგის კონტურებით

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ციკლური ეკონომიკა პოსტპანდემიური ეკონომიკური წესრიგის კონტურებით
 | რეიტინგი 3 

ციკლური კონომიკა პოსტპანდემიური
ეკონომიკური წესრიგის კონტურებით 

ავტორი: 
აიდა ქიტაშვილი-კვაჭანტირაძე
 
(ეკონომიკის  დოქტორი)

კოვიდ 19   მსოფლიო დონეზე  პანდემიური ეკონომიკური კრიზისის წინაპირობა გახდა, რომელიც  ატარებს  აკრძალვების პოლიტიკას და  ჯანმრთელობაზე ზრუნვის ეგიდით,  ის კრძალავს ყველა ხელისშემშლელ ფაქტორს, თუნდაც ეს იყოს ეკონომიკური საქმიანობა.  სწორედ ამიტომ   პანდემიური  ეკონომიკური კრიზისი  ტიპიურ ეკონომიკურ კრიზისზე უფრო მძიმე ფაზაა და  მათ  შორის განსხვავება დიდია. პანდემიამდე არსებული  რეგულირებადი საბაზრო ეკონომიკა მორიგი   სისტემური ცვლილების  პროცესში ექცევა,  რადგან  ეკონომიკის ხანგრძლივი და არაპროგნოზირებადი ჩაკეტვებიდან  და  აკრძალვებიდან გამომდინარე გრძელვადიან პერიოდში   ძირითადი   საბაზრო ძალების ჩამოშლა  შეიძლება გამოიწვიოს.   არაერთჯერ   შეცვლილი საბაზრო ეკონომიკის კიდევ ერთი  სისტემური  ცვლილების  მომსწრენი   გავხდებით  თუ  პროცესები   დროში გახანგრძლივდება.    ეკონომიკა ციკლური პროცესია და თუ მოკლევადიან პერიოდში  კრიზისიდან გამოსვლის  გზა  გადის ალტერნატივებზე ინფლაციასა და უმუშევრობას შორის,  გრძელვადიან პერიოდში,  ღრმა კრიზისის  დაძლევა   მხოლოდ სისტემური ცვლილებებით შეიძლება. 

მაგალითად , რეტროსპექტული ანალიზის  ჭრილში თუ შევაფასებთ      მე-20 საუკუნის   90-იანი წლებიდან  გახანგრძლივებული  გლობალური ეკონომიკური აღმავლობისა და პიკის   ფაზას,  რეცესიის გზით  ის  2008 წლის  აშშ-ის იპოთეკური კრიზისით დაგვირგვინდა,  ხოლო თუ ამას დავუმატებთ  იმ გარემოებასაც, რომ სულ უფრო იძაბებოდა ამ პერიოდში  პოლიტ-ეკონომიკურ ასპარეზზე და    მსოფლიო  ბაზრებზე  ლიდერობისთვის  მებრძოლ ზესახელმწიფოებს შორის    პერმანენტული     სავაჭრო  თუ სავალუტო ომების,   სანქციების,  ეკონომიკური ბლოკადების წინაპირობები,   რაც შუქდებოდა  საინფორმაციო საშუალებებითაც,  ყოველივე ამან   2008 წლის  კრიზისი   „დიდ რეცესიაში“  გადაზარდა.

ეკონომიკური ვარდნის -რეცესიის შემთხვევაში, რაც დღევანდელ მსოფლიო ეკონომიკაში სახეზეა  „დიდი რეცესიის„  სახით, პირველი რაც შეიმჩნევა სამომხმარებლო ბაზრებზე არის არაპროგნოზირებადობიდან  გამომდინარე სამომხმარებლო ხარჯების დაზოგვა ხვალინდელი მძიმე დღისთვის, ანუ ყველა კატეგორიის მაკროეკონომიკურ ბაზარზე, მომხმარებლის ნდობის ფაქტორი მსგავს სიტუაციებში  ძალიან  მგრძნობიარეა. მცირდება სამომხმარებლო ხარჯები,  ინვესტიციები, როგორც ფირმების, ისე საოჯახო მეურნეობების მხრიდან, განსაკუთრებით  ისეთ საინვესტიციო პროდუქტებზე, როგორიცაა უძრავი ქონება, ძვირადღირებული ავტომობილები და სხვა ფუფუნების საგნები.  სახელმწიფო თავისი  სამთავრობო მაკროეკონომიკური პოლიტიკით ერთადერთ ძალად რჩება  ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციებში, რომელმაც  საკუთარ თავზე უნდა აიღოს   კრიზისის რეგულირება    და გადახდისუნარიანი მოთხოვნის   შენარჩუნების მიზნით სუბსიდიებისა და დახმარებების   გაცემა, რა თქმა უნდა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ფონზე. წინააღმდეგ შემთხვევაში  ეს გადავა   იპოთეკურ კრიზისშიც და  გამოიწვევს საფინანსო- საბანკო სექტორის ჩამოშლას, რაც   ქვეყნის  საერთო მაკროეკონომიკური  საფრთხის   ტოლფასი ხდება.  მართალია ფასებისა და ხელფასების ზრდა ნელა რეაგირებენ საბაზრო- კონიუნქტურულ ცვლილებებზე ( მოთხოვნა, მიწოდება , ფასი)  რაც იწვევს პერიოდულ დეფიციტებს  ან ჭარბწარმოებას ყველა კატეგორიის მაკრობაზარზე, განსაკუთრებით შრომით ბაზარზე,  თუმცა ,  მაინც სახელმწიფო ხარჯების   სტაბულური ზრდა მსგავსი რეცესიის და კრიზისის პირობებში,  ყველა სხვა ხარჯის  უცვლელობის ფონზე( საინვესტიციო, სამომხმარებლო, წმინდა ექსპორტი)  ხელს უწყობს მშპ-ის ზრდას. საბიუჯეტო მულტიპლიკატორის ეფექტის შედეგად,  თუ საბიუჯეტო მულტიპლიკატორი 1-ზე მეტია, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ხარჯების ზრდა 1 ლარით გამოიწვევს მშპ-ს ზრდას 1 ლარზე მეტად .  ამიტომ ბიუჯეტის დეფიციტის პირობებშიც,  თუნდაც პანდემიური კრიზისის პირობებში, ეკონომიკის გამოცოცხლების მთავარი პრინციპია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინასება, დასაქმების ხელშეწყობა,  შრომის ანაზღაურების რეგულირება.  რადგან   კრიზისისა თუ რეცესიის დაძლევის  გზაზე,   ეს სტრატეგია არის  რეგულირებადი  მაკროეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრინციპი. 

ნათლად  ჩანს, რომ „დიდი რეცესიის“ პირობებშიც კი,  კეინსის მოძღვრების უნიკალურობა  კიდევ ერთხელ გამოვლინდა,  რადგან  მას ატარებენ და ხელმძღვანელობენ ამერიკის, ინგლისის, ევროკავშირის  ქვეყნებში,  პანდემიური კრიზისის სამართავად,  მათ შორის ჩვენი ქვეყნის   შესაბამის სამთავრობო უწყებებშიც,  მიუხედავად იმისა, რომ არა აქვს  მას გრძელვადიან პერიოდში სწრაფი მოქმედების ეფექტი,  მაინც უალტერნატივოა რეალური და სადეპოზიტო სექტორისთვის. 

მაგრამ  თუ პანდემია გახანგრძლივდა ,  დიდი ალბათობით,    პანდემიის შემდგომი ეკონომიკური რეალობა სხვანაირი იქნება,   ეს დაანონსებულიც არის,  თუმცა  უფრო საინტერესო იქნება პასუხიც  გავცეთ  ამ დიდ პრობლემას.    საინტერესოა  ასევე,   თუ  როგორი იქნება   მომავლის ეკონომიკის  კონტურები. პასუხი აქაც ეკონომიკური ციკლულობის კანონზომიერებაშია,  რის გამოც რადგან  გრძელვადიან  პერიოდში  ღრმა კრიზისების დაძლევა   რთულია და   თანამედროვე  რეგულირებადი საბაზრო ეკონომიკის  მოდელიც „დიდი რეცესიიდან“ სისტემური ცვლილების გარეშე ვერ გამოვა.   გასათვალისწინებელია ისიც, რომ პანდემიური კრიზისით გამოწვეული   შეზღუდვები    მეტ  საპასუხისმგებლო მოთხოვნებს უყენებს  თავისუფალ ბიზნესს,  იკვეთება ისეთი კონტურებიც, როდესაც  სისტემატური ჩაკეტვებიდან  გამომდინარე, მცირე და საშუალო ბიზნესს  ბევრ დარგსა თუ სფეროში თამაშგარე მდგომარეობაში  აყენებს , ახდენს გარკვეული დარგებისა და ინდუსტრიების  გაჩერებას, ზოგიერთის კი, პირიქით,  წინწაწევას. ირღვევა თავისუფალი ბიზმესის მთავარი  პრინციპები და  ხშირად  დგება ფირმების გაკოტრების ალბათობა.  ერთადერთი  მთავარი  ფინანსური დამხმარე  სახელმწიფოა და  ის  ეკონომიკური  განვითარების  მესაჭის როლში ექცევა. 

 

 

საყურადღებოა  ის ფაქტიც,    რომ   ბევრი  პარალელის გავლება შეიძლება  დღეს თანამდროვე მსოფლიოში მიმდინარე   გამოწვევებს შორის. 

1. გლობალურ  მსოფლიო  ეკონომიკაში   „დიდი რეცესია“   მძვინვარებს,  რომლის გამოც   სისტემური ცვლილებების გარეშე   მსოფლიო  გლობალური ეკონომიკა ჩამოშლის ზღვარზეა . 

2. 2020 წლიდან კოვიდ 19 -ით გამოწვეული  პანდემიური კრიზისი,   აკძალვებით ცდილობს ადამიანების გადარჩენას და მთავრობები  ერთი სცენარით  და ხელოვნური ჩარევის გზით  აჩერებენ  თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას,  რომ არ გაიზარდოს დაინფიცირების რისკი, რადგან ადამიანების ჯანმრთელობა უპირველესია. მიდის აქტიური მუშაობა მასობრივ იმუნიზაციაზე. თუმცა რაც უფრო გახანგრძლივდება პანდემია, მით უფრო  დაჩქარდება სისტემური  ცვლილებები   და ახალი ეკონომიკური  წესრიგი, რომელიც   გახანგრძლივებული პროცესი იქნება.

3. მესამე დიდი გამოწვევა  გახლავთ  დედამიწაზე დაგროვილი  ეკოლოგიური პრობლემები. დედამიწის  ბიოსფეროს გადასარჩენად ყველა სახელმწიფო და საერთაშირისო ორგანიზაცია გაერთიანებულია  კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლობალური დათბობისა  და ატმოსფეროს  დაბინძურების შესაჩერებლად,  რადგან  რესურსების მარაგები  ილევა, მათ შორის,  ჟანგბადის,  ხოლო  კლიმატის ცვლილება ეკოლოგიურ კატასტროფებს აძლიერებას.    დედამიწის  ბიოსფეროს  გადარჩენის შესახებ  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ  2015 წლის  საერთაშორისო კონვენციით მიღებული გადაწყვეტილება  ითვალისწინებს, ადამიანთა მობილობის მაქსიმალურად შემცირებას,    გამონაბოლქვი სითბური  და მავნე აირების შემცირებას ატმოსფეროში, ციკლურ ეკონომიკაზე გადასვლას და ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონის შემცირებას. ასევე  საყურადღებოა დადგენილება „მოსახლეობის ზრდის პერსპექტივების შესახებ“, სადაც ჭარბმოსახლეობის  პრობლების  რეგულირება   კვლავ აქტუალურია.    ამ  ფაქტებიდან  გამომდინარე   ჩვენ არ ვართ ომში მხოლოდ ვირუსთან,  მსოფლიო  საზოგადოებასთან ერთად, ჩვენ  რამოდენიმე  ფლანგზე  ვიბრძვით-    ბიოლოგიურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ,  პოლიტიკურ,  საინფორმაციო,  რაც ცალსახად ჰიბრიდული ომის ნიშნებია.

როგორ ჩანს, პანდემიური ეკონომიკური კრიზისის  ფენომენი სწორედ ისაა, რომ, სასწორის ერთ მხარეს არის ვირუსთან   გამკლავება ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის მიზნით,  რომელიც მოითხოვს  პერიოდულად  ყოველგვარი მობილობის შემცირებას, ბევრ წესჩვეულებაზე უარის თქმას,  ტესტირებებს,  მასობრივ  ვაქცინაციას,    ხოლო მეორე მხარეს  ეკონომიკა, რომელიც  ეკონომიკური შეზღუდვების   შედეგად,  სოციალური პასუხისმგელობის და გარემოს დაცვის ეგიდით,  მძიმე  შედეგებს მოუტანს ქვეყანას. ამ  მდგომარეობიდან გამოსვლა    რაც უფრო გახანგრძლივდება,  მით მეტი დრო დაიკარგება    ეკონომიკური  ვარდნის  შესაჩერებლად  და ეკონომიკის პანდემიამდელი  დონის  მისაღწევად.

 თანამედროვე  ეკონომიკური მოდელებიდან  აღსანიშნავია  ბიო-ეკონომიკა, მწვანე ეკონომიკა, ციკლური ეკონომიკა,  მდგრადი ეკონომიკური განვითარება. მათ ბევრი საერთო აქვთ და ერთ  მიზანს ემსახურებიან,   უზრუნველყოფენ    მეტ მდგრად განვითარებას და    ბუნებასთან  ჰარმონიას.

სწორედ ამიტომ, მოსალოდნელ ცვლილებებთან მეტი  ადაპტაციისთვის   აუცილებელია   მომავლის ეკონომიკის  საბაზრო მოდელებისა და  მოწინავე ქვეყნების  გამოცდილების  გაზიარება,  ახალი ეკონომიკის არსისა და პერსპექტივების შესახებ  საზოგადოების ფართო ფენებთან მუდმივი  კომუნიკაცია,  რათა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია არსებობდეს ხელმისაწვდომი . საჭიროა მეტი მუშაობა, რომ თითოეულმა ინდივიდმა  გაარკვიოს   ახალი ეკონომიკური წესრიგიდან  წამოსული მოთხოვნები და პირობები, რათა იპოვოს   საკუთარი ადგილი ახალ ეკონომიკაში, მოიპოვოს ინფორმაცია პერსპექტიულ საქმიანობებზე  და    უფრო  ადაპტური  გახდეს პანდემიური კრიზისით  გამოწვეული  შეზღუდვების მიმართ .  საჭიროა  ეკონომიკურმა სუბიექტებმა, გარდა სახელმწიფო მმართელობითი  ინსტიტუტებისა, იცოდნენ  თუ რა ძირითადი პრინციპები და დეტერმინანტები ექნება  მოდიფიცირებულ  ეკონომიკურ სისტემას,  მათ შორის საკუთრების ფორმა, კონკურენციის ტიპი,   მენტალური  ცვლილებები საზოგადოებრივ და კულტურულ ღირებულებებში. 

ციკლური ეკონომიკაზე  გადასვლის წინაპირობებიც  ასევე მოითხოვს  რიგი დარგებისა და ინდუსტრიების გაჩერებას რაც მობილობას უწყობს ხელს, ხდება  სოციალური პასუხისმგებლობის კიდევ უფრო  მკაცრი  მოთხოვნების  დაწესება  ბიზნეს სექტორის მიმართ გარემოს დაცვაზე,  კერძოდ  და  სახელმწიფო  სექტორში სრული ან ნაწილობრივი  ჩაკეტვები ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე,  რასაც თან ახლავს მწარმოებლურობის დონის,  შემოსავლების დონის , მოგების ნორმის  შემცირება ,  გადახდისუნარიანი მოთხოვნის შემცირება, ფირმების გაკოტრება და სხვა მსგავსი უარყოფითი სცენარები.

 ციკლური ეკონომიკა თავისი შინაარსით  არის შენელებული ზრდის ეკონომიკა. ის არ იქნები აქამდე არსებული წრფივი ეკონომიკური მოდელი. რომლის არსიც შემდეგში მდგომარეობს:

მოპოვება - გადამუშავება - პროდუქტის შექმნა - გამოყენება - გადაგდება.

ციკლური ეკონომიკის ბიზნეს- მოდელები აგებულია შემდეგ პრინციპებზე :


·         ნარჩენების გადამუშავება, მოპოვების შემცირების  ფონზე;

·         ხანგრძლივი გამოყენების პროდუქტის შექმნა, რომელიც დაექვემდებარება რემონტს და შეკეთებას;

·         ერთჯერადი პროდუქტების წარმოებიდან ამოღების ან  მასობრივი  შემცირების  ფონზე;

·         სერვისული  მომსახურების  გაფართოება-ნარჩენების  შეგრობება და მიზნობრივი გამოყენება.

ციკლური ეკონომიკის მოდელს  ჯერ კიდევ 21- ე საუკუნის დასაწყისიდან დაადგნენ  აშშ. სამხრეთ კორეა. გერმანია, შვეიცარია, ფინეთი, ჩინეთი, კანადა , იაპონია , ის ახალ ეკონომიკურ წესრიგზეა აგებული და ეს გახლავთ რესურსების რაციონალური გამოყენება, მეტი ჰარმონია ბუნებასა და ადამიანს შორის,  ექსპერტთა  გათვლებით,  1 წელში  მსოფლიოში ციკლურ ეკონომიკას  აქვს  1 ტრილიონი დოლარის შემოსავლების მოტანის შესაძლებლობა,  რაც მიიღწევა 100 მილიონი ტონა ნარჩენის  გადამუშავებისა და  500 მილიონი ტონა მარაგის ეკონომიის გზით,  რაც  უახლოეს 5 წელიწადში  შექმნის 100000 ზე მეტ  სამუშაო  ადგილი,  და გამოიწვევს მსოფლიო  მშპ-ის   12-15 %-იან ზრდას.  [2]

ციკლური ეკონომიკის ბიზნეს - მოდელებიდან აღსანიშნავია:

· დამატებით ღირებულებათა ციკლური ჯაჭვი (აღდგენა-გადამუშავება);

· პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ზრდა;

· გაცვლა და ერთობლივი მოხმარება;

· პროდუქტი, როგორც სერვისი.

ციკლური ეკონომიკის მთავარი მისია  ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფი ეკონომიკური სისტემის ფორმირებაა, ატმოსფეროს დაბინძურებასთან ბრძოლა და ჩO2-ის  ემისიის შემცირება.

ელენ მაკარტურის ფონდის შეფასებით ციკლური ეკონომიკის დახმარებით 2030 წლისთვის  ჰაერში  ჩO2-ის  ემისია 48 % ით არის  შესაძლებელი შემცირდეს , ხოლო 2050 წლისთვის  83%-ით.

 


 

30.05.2021.   ბიბლიოგრაფია

1.Legal regulation of the circular economy and ecology: current issues

https://www.shs-conferences.org/articles/shsconf/pdf/2020/17/shsconf_cc2020_04003.pdf

2.L’économie circulaire, état des lieux et perspectives

https://www.vie-publique.fr/sites/default/files/rapport/pdf/154000005.pdf

3.Les économistes mis en quarantaine

https://theconversation.com/les-economistes-mis-en-quarantaine-137435



ავტორი: აიდა ქიტაშვილი
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge