


წყაროთა თანახმად, იოანა მაინცში ან ინგელჰაიმში დაიბადა ინგლისელი მისიონერის ოჯახში. იმ დროს ფრანკთა დაშლილი იმპერიის აღმოსავლეთის მიწებზე აქტიურად მიმდინარეობდა იქ მოსახლე სხვადასხვა გერმანული და სლავური მოდგმის ხალხის გაქრისტიანება. გოგონას ადრეული ასაკიდანვე გამოუვლენია განათლებისადმი სიყვარული. თორმეტი წლისა რომ შესრულდა, მამაკაცის სამოსში გადაცმული სახლიდან გაქცეულა ათენში, რასაკვირველია, სწავლის გასაგრძელებლად. ათენის შემდეგ რომში გადასულა, სადაც ჰუმანიტარულ მეცნიერებებს დაეუფლა. თავისი განათლებით ინგლისელი ქალი დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდა. როგორც ჩანს, თუკი წყაროთა მონაცემებს ვერწმუნებით, მან უმაღლესი იერარქის წოდება მიიღო, შემდეგ კი პაპიც გახდა. მე–13 საუკუნის მემატიანე მარტინ პოლონიუსი გადმოგვცემს, რომ ის ეკლესიას 2 წლის, შვიდი თვისა და ოთხი დღის განმავლობაში მართავდა. მარტინ ოპაველის თანახმად, ის საყვარლისგან დაფეხმძიმებულა და კოლიზეუმსა და წმინდა კლიმენტის ტაძარს შორის მდებარე ვიწრო ქუჩაზე მსვლელობისას მშობიარობას გადაჰყოლია. ასევე მე–13 საუკუნის მემატიანე ჟან დე მაია წერს, რომ იოანა ცხოვრობდა მე–11 საუკუნეში და იგი პაპი 1099 წელს ყოფილა, ხოლო პაპების სიაში იმიტომ არ მოუხსენებიათ, რომ ქალი იყო, რომელიც ჟან და მაიას თქმით, „ხასიათისა და ტალანტის წყალობით ჯერ კურიის მდივანი, შემდეგ კარდინალი, ბოლოს კი პაპი გახდა“. როდესაც იოანამ იმშობიარა და აშკარა შეიქმნა, რომ ქალი იყო, რომაული კანონების თანახმად, იგი ცხენის კუდზე გამოაბეს, ათრიეს და ქვებით ჩაქოლეს.
გადმოცემის თანახმად, რომში პაპის კურთხევისას იყენებდნენ სკამს, რომლის შუა ნაწილი ამოჭრილი იყო, ე.წ. Sella Stercoraria, რომლის მეშვეობითაც თითქოს პაპის სქესს ამოწმებდნენ, მაგრამ არც ეს გადმოცემაა ისტორიულად დადასტურებული. ქალი პაპის რეალურობის დასამტკიცებლად, ხშირად მოჰყავთ შემდეგი რამ: 1634 წლამდე სიენას ტაძარში, სხვა პაპებისა თუ წმინდანების ქანდაკებებთან ერთად, იოანა მე–7–ის ქანდაკებაც იდგა, ხოლო მხატვრულ შემოქმედებაში ხშირად ჩნდებოდა გამოსახულება ბავშვთან ერთად, რომელსაც ზოგიერთები იოანად მიიჩნევდნენ.
თემური ცაგარეიშვილი
