1914 წლის 28 ივლისში დაიწყო კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ომი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის სახელითაა შესული ისტორიაში. ხსენებული კონფლიქტი 4 წელი გაგრძელდა და 10 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ომი 1918 წლის 11 ნოემბერს კომპიენის ტყეში გერმანიის მხრიდან კაპიტულაციაზე ხელმოწერის შედეგად დასრულდა.
პირველ მსოფლიო ომს ისევე, როგორც თითოეულ ფაქტს ისტორიაში წინაპირობები გააჩნდა.1914 წელს დაწყებულ გლობალურ კონფლიქტს უამრავი მიზეზი ჰქონდა. ამ პერიოდისთვის ომის დაწყება თითქმის ყველა ძლიერ სახელმწიფოს უნდოდა და აწყობდა შემდგომი გაძლიერების და გავლენის სფეროების გაზრდის მიზნით. ომის დაწყებას საფუძველი ჯერ კიდევ 1870-იან წლებში ჩაეყარა, მას შემდეგ რაც ჯერ პრუსიის და შემდეგ გაერთიანებული გერმანიის კანცლერი ოტო ედუარდ ლეოპოლდ ფონ ბისმარკი აგრძელებდა თავის აგრესიულ, მილიტარისტულ პოლიტიკას საფრანგეთთან მიმართებაში. 1870-71 წლების საფრანგეთ-პრუსიის ომის შემდეგ გერმანია კვლავ ცდილობდა საფრანგეთთან ომის პროვოცირებას და ახლად წართმეული ელზას-ლოტარინგიას საბოლოოდ შენარჩუნებას. ბისმარკის პოლიტიკის და მისი, შეიძლბა ითქვას კოალიციებისადმი შიშის გაგრძლებას წარმოადგენდა ჯერ 1979 წელს ავსტრია-უნგრეთთან და 1882 წელს კი იტალიასთან დადებული მოკავშირეობითი ხელშეკრულებები, ამგვარად ევროპაში ჩამოყალიბდა სამთა კავშირი, რომელიც ძირითადად მიმართული იყო საფრანგეთისა (გერმანიის მხრიდან პ.ჯ.) და რუსეთის (ავსტრია-უნგრეთის პ.ჯ.) საწინააღმდეგოდ. ამის პარალელურად კი იქმნება მეორე სახელმწიფოთა სამოკავშირეო ბლოკი ანტანტა - გულითადი კავშირი (“entente cordiale”), სადაც სამი სახელმწიფო - ინგლისი, საფრანგეთი და რუსეთი ორმხრივ შეთანხმებებით იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი.
ამას ემატებოდა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო ძაბავდა, ამის მაგალითი იყო მაროკოს კრიზისი, დიდ ყურადღბას იპყრობდა I და II ბალკანური ომები (შესაბამისად 1912 და 1913 წ.წ). 1914 წლისთვის ნათელი გახდა, რომ ომის დაწყება არც თუ ისე დიდი ხნის ამბავი იყო. სახელმწიფოებს უკვე წინასწარვე ჰქონდათ დაგეგმილი გავლენის სფეროების გადანაწილბის საკუთარი ვერსია. ომის დაწყებას უკვე მხოლოდ საბაბი სჭირდებოდა, რაც აღმოჩნდა 1914 წლის 28 ივნისს ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქში, სარაევოში ვიზიტად მყოფი ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრის ერცჰერცოგის ფრანც-ფერდინანდის მკვლელობა.
პოლიტიკური მდგომარეობა ბალკანეთზე
ერცჰერცოგის მკვლელობამდელ პერიოდში
პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი სარაევოს მკვლელობა და ზოგადად ბალკანეთში მიმდინარე მოვლენები აღმოჩნდა. ჯერ პრუსიის და შემდეგ გაერთიანებული გერმანიის კანცლერი ოტო ფონ ბისმარკი ამბობდა, რომ: „ერთხელაც დაიწყება დიდი ევროპული ომი და ამის მიზეზი იქნება ბალკანეთი“. რაც შეეხება ბალკანეთში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეოას ამ დროისათვის, აქ სიტუაცია 1878 წლის შემდეგ გარკვეულწილად შეიცვალა, 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ ოსმალეთს ბერლინის კონგრესზე ბალკანეთის დათმობა მოუწია, რაც შემდეგში გამოიხატა იმაში, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინა ავსტრია-უნგრეთის გავლენის სფეროდ გამოცხადდა, სერბეთმა კი სუვერენიტეტი მიიღო, რაც დასრულდა აქ მონარქიის გამოცხადებით და ობრანოვიჩების დინასტიის გამეფებით. გარდა ამისა 1878 წლის გადაწყვეტილებით დამოუკიდებლობა მიიღეს მონტენეგრომ და რუმინეთმა. ევროპული შეთანხმების მიხედვით ბალკანეთის დიდი ნაწილი დათმო ოტომანთა იმპერიამ და აქ გავლენების მოპოვებისთვის რუსეთი და ავსტრია-უნგრეთი აქტიურდებიან. სერბების მონარქიული სახელმწიფოში დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ისინი განსაკუთრებით ბევრს ფიქრობდნენ ერთიანი, ძლიერი სერბული სამეფოს შექმნაზე მთელი რიგი ტერიტორიების შემოერთებით.
ობრანოვიჩების დინასტიას სერბეთში ბოლო 1903 წელს მოეღო, როდესაც შემდგომში სერბეთში ერთ-ერთმა ყვლაზე გავლენიანმა კაცმა დრაგუტინ დმიტროვიჩმა სხვა ოფიცრებთან ერთად დაგეგმა სერბეთის მეფის ალექსანდრ ობრენოვიჩის მკვლელობა (პირველი მცდელობა მეფის ჩამოგდებისა მათ 1901 წელს ჰქონდათ). 1903 წლის 11 ივნისს მეფე და მისი ცოლი დრაგა ჯერ მოკლეს და შემდეგ მათი ცხედრები ფანჯრიდან სასახლის გადაყარეს. ამის შემდეგ ძალაუფლება დიდწილად სწორედ სამხედრო პირების ხელში აღმოჩნდა.
„ნაროდნა ოდბრანა“, „ჩორნა რუკა“ და „მლადა ბოსნა“
„ნაროდნა ოდბრანა“
სარაევოს მკვლელობა მთლიანად ორგანიზებული იყო სერბული ნაციონალისტური, საიდუმლო ორგანიზაციების მხრიდან. სერბული ნაციონალიზმი ამ პერიოდში (ისევე როგორც დღეს) ძალიან აქტიური იყო და პანსლავურ იდეებს ქადაგებდა, ხშირ შემთხვევაში მათი მოძრაობა ანტიკლერიკალურ, ანტიიმპერიალისტურ იდეოლოგიას ეფუძნებოდა. მიუხედავად ანტიიმპერიალიზმისა ისინი ერთიანი, ძლიერი სერბული სახელმწიფოს შექმნაზე ოცნებობდნენ. აქედან გამომდინარეობდა მათი დაინტერესება ავსტირა-უნგრეთის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, სერბ ნაციონალისტები ფიქრობდნენ, რომ სერბული სამეფოს ნაწილი უნდა ყოფილიყო ის მიწები, რაც ავსტია-უნგრეთს ჰქონდა დაკავებული, განსაკუთრებით კი ბოსნია-ჰერცეგოვინა. შემდგომში ალბათ ყველაზე ცნობილი ბოსნიელი-სერბი ნაციონალისტი გავრილო პრინციპი ციხეში ჯდომის პერიოდში წერდა: „მე ვარ იუგოსლავი ნაციონალისტი, ჩემი მიზანია გაერთიანდეს მთელი იუგოსლავია, მე არ მანაღვლებს რა ფორმის სახელმწიფოს ფარგლებში იქნება ეს, მაგრამ ის აუცილებლად თავისუფალი უნდა იყოს ავსტრიისგან“.
ესეთი ორგანიზაცია იყო „ნაროდნა ოდბრანა“, რომელიც დაარსდა 1908 წელს. ორგანიზაციის მიზანი იყო შურისძიება და ბრძოლა ავსტრია-უნგრეთის მხრიდან აბოსნია-ჰერცეგოვინას ანექსიის წინააღმდეგ. ნაროდნა ოდბრანა პანსლავური ნაციონალისტური ჯგუფი იყო, რომელიც ავსტრია-უნგრეთის წინააღმდეგ ომისთვისაც კი ემზადებოდა. სწორედ აქედან გამომდინარე იბრძოდნენ სერბები. აქ გაწევრიანებული იყვნენ მხოლოდ კაცები, რადგან ისინი მილიტარისტული ხასიათის მიზანს ისახავდნენ. მასში გაწევრიანებული იყვნენ როგორც სერბები ისე ბოსნიელები დიდი ყურადღბა არ ექცეოდა გაწევრიანებულის რელიგიას. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალისტური ორგანიზაცია „ნაროდნა ოდბრანა“ 2500 მდე წევრს მოითვლიდა, მას გააჩნდა საკმაოდ კარგად ორგანიზებული, სისტემაში მოყვანილი და იერარქიულად დალაგებული ჯგუფი. ორგანიზაციის ცენტრალური კომიტეტი ბელგრადში მდებარეობდა რომელსაც 10 კაციანი შემადგენლობა განაგებდა და დრაგუტინ დმიტროვიჩი ხელმძღვანელობდა. ნაროდნა ოდბრანა და შესაბამისად „ჩორნა რუკა“ მთავრობისგან ფინანსდებოდნენ.
„ჩორნა რუკა“
ისევე როგორც თანამედროვე პერიოდში მაშინაც პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად მიიჩნეოდა პოლიტიკური ტერორი, რაც ითვალისწინებდა გავლენიანი პირებისადმი ტერაქტის მოწყობას. სწორედ ამ მიზნით 1911 წლის 9 მაისს “ნაროდნა ოდბრანას” ორგანიზაციაში ჩამოყალიბდა ტერორისტული ფრაქცია, რომელსაც „ჩორნა რუკა“ (შავი ხელი) ეწოდა, მას აგრეთვე მოიხსენიებდნენ შემდეგნაირად „სიკვდილი ან გაერთიანება“. მათ შეადგინეს თავიანთი კონსტიტუცია, წესდება, სადაც კარგად იყო ნაჩვენები მოცემული ტერორისტული ფრაქციის მიზნები და იდეები. მაგალითად წესდების პირველივე თავში ისინი მთავარ ამოცანად ისახავდნენ სერბეთის სამეფოს უნიფიკაციას. საინტერესოა წესდების ის ნაწილი სადაც მითითებულია, რომ ყველა წევრი ვალდებულია ჯგუფს შემატოს ახალი წევრები, ახალი წევრებისადმი პრეტენზიების შემთხვევაში პასუხისმგობლობა ეკისრებოდათ მის ჯგუფში შემყვანებს, ისინი პასუხს აგებდნენ საკუთარი სიცოცხლითაც კი.
„მლადა ბოსნა“
1912 წელს ნაროდნა ოდბრანაში გაწევრიანდა ბოსნიელი სერბი გავრილო პრინციპი, მისი შეიძლება ითქვას რეკომენდატორი იყო ნედელკო ჩაბრინოვიჩი, პრინციპმა ორგანიზაციაში მისი მეგობარი ტრიფუნ „ტრიფკო“ გრაბეჟი გააწევრიანა (სწორედ ამ უკანასკნელთან ცხოვრობდა პრინციპი ერთ ოთახში ბელგრადში). აღნიშნულ ტრიოს მალევე შეუერთდა დანილო ილიჩი, რომელმაც ჯგუფში გააწევრიანა 3 სარაევოელი ახალგაზრდა: მუჰამედ მეჰმედ ბაშიჩი, ვასო ჩუბრილოვიჩი და ცვეტკო პოპოვიჩი. ბაშიჩი სხვებისგან განსხვავებით ისლამის მიმდევარი იყო. აქ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მოცემული ადამიანების ასაკი ხშირ შემთხვევაში ძალიან პატარა იყო საკმარისია აღვნიშნოთ, რომ ყველაზე ხანდაზმული იყო დანილო ილიჩი, რომელიც 1891 წელს იყო დაბადებული და 1914 წლისთვის მხოლოდ და მხოლოდ 23 წლის იყო. ვასო ჩუბრილოვიჩი და მისი მეგობარი ცვეტკო პოპოვიჩი შესაბამისად 1897 და 1896 წლებში იყვნენ დაბადებულები. აქედან გამომდინარე ეს ახალგაზრდები ერთმანეთს „ახალგაზრდა ბოსნიელებს“ უწოდებდნენ. გამომდინარე იქედან, რომ არც ერთ მათგანს ასაკიდან გამომდინარე არ ჰქონდა არანაირი გამოცდილება ამ კუთხით, დანილო ილიჩს ჩააბარეს მათი გადამზადება ამ მხრივ აღსანიშნავი იყო ოსკარ პოტიორეკის მკვლელობის მცდელობის ფაქტი სარაევოს მკვლელობამდე და მასში მუჰამედ მეჰმედ ბაშიჩის მონაწილეობა.
სწორედ ამ ადამიანებოსგან უნდა შემდგარიყო დაჯგუფება, რომელსაც უნდა მოეხდინა ტერორისტული აქტი სამეფო ოჯახის წარმომადგენლის მიმართ. მლადა ბოსნას 7 წევრიდან დრაგუტინ დმიტროვიჩი განსაკუთრებით უპირატესობას ანიჭებდა 3 მათგანს ესენი იყვნენ ჩაბრინოვიჩი, პრინციპი და გრაბეჟი, გამომდინარე იქედან, რომ ისინი დაავადებული იყვნენ ტუპერკულოზით (რომელიც იმ დროს სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა - არ იკურნებოდა) და აპისის (დმიტროვიჩის მეტსახელი) სამომავლო გეგმებით ტერორისტული აქტის მოხდენის შემდეგ მათ თავი უნდა მოეკლათ რათა სამომავლოდ ძიების შედეგად მთავრობას ამ საქმეში დმიტორვიჩის და ჩორნა რუკას გავლენა და კავშირი არ დაეხნახათ. სწორედ ამ სამმა ადამიანმა დაიწყო განსაკუთრებული მომზადება მომავალი კვლელობისათვის, სავარაუდო მსხვერპლი უნდა ყოფილიყო ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ერცჰერცოგი ფრანც-ფერდინანდი.
მას შემდეგ, რაც 1908 წელს ავსტრია-უნგრეთმა გამოაცხადა ბოსნია-ჰერცეგოვინას ანექსია „ჩორნა რუკას“ ტრერორისტებს ჰქონდათ მცდელობა, რათა მოეკლათ იმპერატორი ფრანც იოსეფი, თუმცა მკვლელობა არ შედგა, ამის შემდეგ მათ სამიზნეში იმპერატორის ძმის შვილი ფრანც-ფერდინანდი ამოიღეს. ფრანც-ფერდინანდი დაიბადა 1863 წელს, ის გახდა ავსტრია უნგრეთის ტახტის მემკვიდრე მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა მისი ბიძშვილი ფრანცის V მოდენას ჰერცოგი. 1900 წელს ფრანც-ფერდინანდს ცოლად მჰყავს სოფი ჩოტეკი, რომლისგანაც 3 შვილი: სოფი, მაქსიმილიანი და ერნესტი ჰყავდა, სამეფო წყვილი მეოთხე შვილს ელოდებოდა, როდესაც ისინი მოკლეს.
სერბული ნაციონალისტური ორგანიზაციებისათვი განსაკუთრებით საძულველი სწორედაც რომ ფრანც-ფერდინანდი იყო. იმ მოტივით, რომ ის დუალისტური იმპერიის ტრიალისტურად გადაკეთებას ცდილობდა. მისი მიზანი იყო იმპერია, სადაც 11 სხვადასხვა ეთნოსის ხალხი იყო გაერთიანებული და რომელიც 2 ავსტრიული და უნგრული ნაწილისგან შედგებოდა ანუ იყო დუალისტური გამხდარიყო უფრო ვრცელი და სლავური ელემენტი ჩამატებულიყო რაც სწორედ უნდა მომხდარიყო ბალკანეთის ხარჯზე. სწორედ აქედან გამომდინარე დადგა ტერორისტული ორგანიზაციის დღის წესრიგში მისი მკვლელობა.
28 ივნისი - სარაევოს მკვლელობის დღე
1914 წლის სერბებისთვის ავსტრია უნგრეთის ტახტის მემკვიდრის ვიზიტის დღე განსაკუთრებით სენსიტიური აღმოჩნდა. ისინი თავს დამცირებულად გრძნობდნენ, რადგანაც ერცჰერცოგის ვიზიტი 28 ივნისს დაიგეგმა ანუ იმ დღეს, როდესაც მათი აზრით მოხდა კოსოვოს ბრძოლა 1389 წელს, სადაც სერბები თურქებთან ბრძოლაში დამარცხდნენ. სინამდვიეში კი ეს ბრძოლა რომლის შედეგადაც სერბეთის დიდი ნაწილი თურქების ხელში მოხვდა 1389 წლის 15 ივნისს გაიმართადა 28 ივნისსთან არანაირი კავშირი არ ქონდა, გრიგორიანულ კალენდარზე გადაყვანის შემთხვევაშიც თარიღი 23 ივნისი გამოდის. ამას გარდა ეს იყო ერცჰერცოგისა და სოფიას ქორწინების დღე. ყველაფერ ამის გათვალისწინებით უშუალოდ საიმპერატორო ხელისუფლებისადმი არსებობდა გარკვეული რჩევა რათა ერცჰერცოგს გადაედო თავისი ვიზიტი, თუმცა მან ეს უარყო.
ერცჰერცოგის სარაევოში მოგზაურობა ბოსნიის მმართველის გენერალ ოსკარ პოტიორეკის დაგეგმილი იყო, პოტიორეკს და ფრანც-ფერდინანდის თანმხლებთ უნდა დაეთვალიერებინათ ბოსნიაში განთავსებული საიმპერატორო სამხედრო ნაწილები ეს იყო მთავარი მიზანი. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად „ჩორნა რუკა“ სწორედ პოტიორეკის მოკვლას აპირებდა, (სავარაუდო მკვლელს მუჰამედ მაჰმედ ბაშიჩს გეგმები ჩაეშალა) თუმცა შემდეგ გეგმები შეიცვალა და დმიტროვიჩმა და მისმა ხალხმა სწორედ ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდროს მკვლელობა განიზრახეს.
მკვლელობის წინა თვეებში ჯგუფი ინტენსიურად გადიოდა წვრთნებს, აქ აღსანიშნავია ერთი ფაქტი - გავრილო პრინციპი მიზანში თურმე ყველაზე ცუდად ისროდა. დმიტროვიჩმა მოახდინა „მლადა ბოსნას“ სრული უზრუნველყოფა შეიარაღებით (ავტომატური პისტოლეტები, ხელყუმბარები (ხელნაკეთი), ფული, რუკბი) და სხვა ინვენტარით. ივნისის თვის დასაწყისში კი უკვე ჯგუფის წევრები სხვადასხვა გზებით აღმოჩნდნენ ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში.
ტერორისტული დაჯგუფება თავისი მიზნის მისაღწევად დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა და 1914 წლის 28 ივნისის დილასაც მობილიზებული შეხვდა. ჯგუფის წევრები ქალაქში რამდენიმე ადგილას იყვნენ ჩასაფრებულები. ერცჰერცოგის ვიზიტი კი დაიწყო იმით, რომ მან მოინახულა სამხედროების ბაზა. დილის 10 საათზე ის გაემართა სარაევოს ცენტრისკენ, სადაც მას დახვდებოდა ქალაქის მერი და ტახტის მემკვიდრე სიტყვით მიმართავდა დამსწრე საზოგადოებას. მანქანების კოლონა საკმაოდ დაცული ჩანდა, მდინარე მალიაცკას ჩრდილოეთ სანაპიროზე მიდიოდა გზა ქალაქის ცენტრისკენ. პირველი მიდიოდა მაიორ ფეჰიმ ეფენდი კურლიჩის მანქანა, მასთან ერთად იჯდა პოლიციის კომისარი გერდე. მეორე მიდიოდა კაბრიოლეტი სადაც 4 ადამიანი იჯდა ესენი იყვნენ: ერცჰერცოგი, მისი მეუღლე სოფი, გენერალი პოტიორეკი და მძღოლი ჰარაჩი. მას მოყვებოდნენ სხვა მანქანებიც სულ 6. ამ ქუჩის გასწვრივ იყვნენ პირველი სამი ტერორისტი - პირველი იდგა მუჰამედ მეჰმედ ბაშიჩი, რომელიც კამბურიას ხიდთან იყო ჩასაფრებული, შემდეგ იყო შეუიარაღებელი ილიჩი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავდა მკვლელობის გეგმას, ის გასცემდა განკარგულებას. იქვე ახლოს იდგა ჩუბრილოვიჩიც. შემდეგ იდგნენ ახლო-ახლოს ჩაბრინოვიჩი და პოპოვიჩი. ლათინერის ხიდთან იდგა პრინციპი. სულ ბოლოს კი კაიზერის ხიდთან იყო ჩასაფრებული ტრიფუნ გრაბეჟი.
6 ადამიანი (ილიჩის გარდა) შეიარაღებული იყო ბრაუნინგის ტიპის რევოლვერით, ხელნაკეთი ყუმბარით და 7-ვე იყო შეიარაღებული ციანიდის კაფსულით. ოპერაციის რეზულტატი უნდა ყოფილიყო შემდეგი: ყველა იარაღი დაცლილია ტყვიებისგან, ყველა ბომბი ნასროლია სამიზნესადმი (ერცჰერცოგისადმი პ.ჯ.) და 7 ვე ადამიანს აქვს დალეული ციანიდის ხსნარი.
მას შემდეგ რაც ერცჰერცოგის კოლონა გამოჩნდა პირველი შესაძლებლობა ყუმბარის სროლისა ჰქონდა ბაშიჩს, მაგრამ ის პოლიციისთვის ძალიან შესამჩნევი იყო და ვერ მოახერხა სროლა. მეორე მცდელობა ყუმბარის სროლისა ჰქონდა ჩაბრინოვიჩს, მან ისროლა ყუმბარა, რომელიც აისხლიტა ფრანც-ფერდინანდის მანქანამ და მის უკან მიმავალი მანქანასთან აფეთქდა, აფეთქების ხმაზე საინტერესო რეაქცია ჰქონდა გენერალ პოტიორეკს, რომელსაც ეგონა რომ მანქანას საბურავები გაუსკდა „ბრავო! ეხლა ჩვენ უნდა გავჩერდეთ“. აფეთქებამ დამსწრეთაგან 20 მდე ადამიანს მიაყენა დაზიანება, ჩაბრინოვიჩმა კი გადაყლაპა ციანიდის კაფსულა, რომელმაც არ იმოქმედა, თვითლიკვიდაციის მიზნით ჩაბრინოვიჩი მდინარეში გადახტა, თუმცა მდინარეც იმდენად ღრმა აღმოჩნდა, რამდენადაც ჩახტომის შემდეგ ტერორისტი მუხლებამდე წყალში აღმოჩნდა - ის საბოლოოდ პოლიცილებმა და ბრბომ შეიპყრეს. ამის შემდეგ უკვე სხვა ტერორისტებმა ჩათვალეს, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ერცჰერცოგი მოკვდა და არც განუხორცილებიათ სროლის მცდელობა. ფრანც ფერდინანდი კი მაინც დაესწრო ქალაქის ცენტრში დაგეგმილ ღონისძიებას.
ამის შემდეგ „მლადა ბოსნას“ წევრები სხვადასხვა გადაწყვეტილებები მიიღეს რაც გაიგეს რომ მათი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, ბაშიჩი მონტენეგროსკენ გაიქცა, ნაწილი ინსტრუქციებს დაელოდა, გავრილო პრინციპმა კი გადაწყვიტა სენდვიჩი მიერთვა ფრანც იოსების ქუჩზე არსებულ მორიც შილერის მაღაზიაში. სწორედ ეს ადგილი აღმოჩნდა მკვლელობის ადგილი. საქმე იმაში იყო, რომ ფრანც-ფერდინანდმა გადაწყვიტა საავადმყოფოში თავდასხმის შედეგად დაზარალებულები მოენახულებინა. აქ შეიძლება ითქვას, რომ მძღოლმა არასწორი მარშრუტი აარჩია და ის მოხვდა ფრანც იოსეფის ქუჩაზე. ერთ მომენტში პოტიორეკმა უთხრა მძღოლს, რომ ის არასწორად მიდიოდა და მანქანა უნდა მოეტრიალებინა სწორედ ამ დროს იცნო მაღაზიაში მყოფმა პრინციპმა ერცჰერცოგი ის მიუახლოვდა მანქანას და 2-ჯერ გაისროლა პირველი ტყვია მოხვდა სოფის მუცელში, მეორე ტყვია კი ფრანც-ფერდინანდს კისერში. პრინციპმა სწრაფადვე გადაყლაპა ციანიდის კაფსულა, თუმცა მასაც არ გამოუღია ლეტალური შედეგი მისთვის, ბრბომ ის ჯერ სცემა შემდეგ კი პოლიციამ შეიპყრო. დაჭრილები კი პოტიორეკის ბრძნებით სასწრაფოდ წაიყვანეს საავადმყოფოსკენ, თუმცა ისინი უკვე გზაშივე იცლბოდნენ სისხლისგან. ფრანც-ფერდინანდის უკანასკნელი სიტყვები იყო „ძვირფასო სოფი, ძვირფასო სოფი, არ მოკვდე, იცოცხლე ჩვენი შვილებისთვის“, ამ დროს სოფი ორსულად იყო. საინტერესოა, რომ მკვლოლობის შემდეგ, როდესაც პრინციპი დაიჭირეს მან დაკითხვაზე თქვა, რომ ძალიან წუხდა ერცჰერცოგის მეუღლის, სოფის სიკვდილის გამო და თქვა, რომ მას ეს სულაც არ სურდა. სარაევოს 2 გასროლიდან მალევე ჯერ სოფი და მალევე ერცჰერცოგიც გარდაიცვალნენ.
მკვლელობის შემდეგ დაიჭირეს „მლადა ბოსნას“ სრული შემადგენლობა. უნდა ითქვას, რომ არსებული კანონმდებლობით სიკვდილის მისჯა არ შეიძლებოდა 20 წლამდელ ადამიანზე, შესაბამისად „მლადა ბოსნას“ წევრების უმრავლესობა 20 წელს ქვემოთ იყო მათ პატიმრობა მიესაჯათ, ასე მაგალითად ნედელკო ჩაბრინოვიჩს, გავრილო პრინციპს და ტრიფკო გრაბეჟს მიესაჯათ სასჯელის მაქსიმუმი 20-20 წელი, ვასო ჩუბრილოვიჩს 16 წელი, ცვეტკო პოპოვიჩს კი 13 წელი. მკვლელობაში მონაწილეთა ნაწილი ციხეშივე მოკვდა: გამომდინარე იქედან, რომ დაკავებულთაგან მხოლოდ დანილო ილიჩი იყო 20 წელს გადაცილებული მხოლოდ მას მიესაჯა სიკვდილი, ის 1915 წლის თებერვალში იქნა სიკვდილით დასჯილი. 1916 წლის იანვარში ტუპერკულოზმა ჯერ ნედელკო ჩაბრინოვიჩი, ხოლო თებერვალში ტრიფუნ „ტრიფკო“ გრაბეჟი შეიწირა. ციხეში და ტუპერკულოზით მოკვდა ერცჰერცოგის და მისი მეუღლის მკვლელი გავრილო პრინციპი, რომელიც თურმე ძალიან იტანჯებოდა ამ დაავადების გამო ბოლო ხანებში. როგორც ცნობილია მისი წონა სიკვდილის წინ მხოლოდ 88 ფუნტს შეადგენდა. მუჰამედ მეჰმედ ბაშიჩი ციხიდან გაიქცა და მისი ოცნებაც ნაწილობრივ აიხდინა „გამხდარიყო მებაღე“, მლადა ბოსნას ერთადერთი მუსლიმი წევრის სიკვდილის თარიღი ზუსტად დაუდგენელია, ის მეორე მსოფლიო ომის დროს მოკვდა. რაც შეეხება დარჩენილ ორ წევრს ვასო ჩუბრინოვიჩს და ცვეტკო პოპოვიჩს უნდა ითქვას, რომ პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ისინი ციხიდან გამოვიდნენ და მშვენიერი კარიერაც გაიკეთეს: ჩუბრინოვიჩი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და ის კომუნისტური პარტიის წევრი გახდა და ტიტოს მთავრობაში მინისტრის პოსტიც კი ეჭირა. ცვეტკო პოპოვიჩი კი სარაევოს მუზეუმში ეთნოგრაფიის კურატორის ფუნქციას ასრულებდა. ჩუბრილოვიჩი 1990 წელს დაიღუპა, პოპოვიჩის გარდაცვალების თარიღი უცნობია. ამ მკვლელობის, შეიძლება ითქვას მთავარი ორგანიზატორი და „მლადა ბოსნას“, „ჩორნა რუკას“ და „ნაროდნა ოდბრანას“ სულის ჩამდგმელი დრაგუტინ დმიტროვიჩი, იგივე აპისი კი მკვლელობის შემდეგ სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა პასიჩმა დააჭერინა და 1917 წლის იანვარში ისიც სიკვდილით იქნა დასჯილი.
მოცემული ისტორიული ფაქტის, ისტორიული მოვლენის შეფასება ისტორიკოსების მხრიდან განსხვავებულია. ისტორია სუბიექტური მეცნიერებაა და შესაბამისად სუბიექტი ისტორიკოსი ვალდებულია ობიექტი მოვლენა რაც შეიძლება რეალურ, ჩარჩოში მოათავსოს. სარაევოს მკვლელობაც და ტერორისტების შეფასებაც ისტორიოგრაფიაში განსხვავებულია და დამოკიდებულია ამა თუ იმ ისტორიკოსზე, თუ რა იდეოგოგიის მატარებელია კონკრეტული ფაქტის შემფასებელი. ზოგი გავრილო პრინციპს და მის თანამებრძოლებს სამართლიანობისთვის მებრძოლ იდეალისტ მეომრებად მიიჩნევს, ზოგი კი თვლის, რომ პრინციპის სახელთან უნდა დავაკავშიროთ მილიონობით ადამიენების სიკვდილი, როგორც ერთი ისე მეორე მოსაზრებას გააჩნია თავისი პლიუს-მინუსები. ერთი კი ფაქტია სარაევოს მკვლელობა გახდა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ომის დაწყების ყველაზე მინიმუმ საბაბი მაინც.
სარაევოს მკვლელობის შედგი იყო ულტიმატუმი, რომელიც ავსტრია-უნგრეთის მხარემ წაუყენა სერბეთს, ამას მოჰყვა ომის გამოცხადება და შემდგომში მთელი მსოფლიოს ჩართვა მასში. ავსტრია-უნგრეთის მხრიდან სერბეთისადმი ომის გამოცხადებამ დომინოს ეფექტი გამოიწვია: რუსეთი, რომელიც სერბეთის მოკავშირე იყო ომი გამოუცხადა ავსტრია-უნგრეთს. გერმანია მოკავშირე იყო ავსტრია-უნგრეთის და მანაც ომი გამოუცხადა რუსეთს. მალევე ავსტრია-უნგრეთ-გერმანიის წინააღმდეგ ომში ჩაებნენ საფრანგეთი და ინგლისი - ამგვარად ერთმა გასროლამ სარაევოს ქუჩაში გამოიწვია მსოფლიო ომი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

გამოყენებული ლიტერატურა:
წიგნები, მონოგრაფიები, კრებულები:
1. თეიმურაზ პაპასქირი - ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია 1914-1945. გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი - 2013.
2. მერაბ კალანდაძე - ისტორიოგრაფიული ეტიუდები. გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისი 2011.
3. Liddel Hart – History of the First World War. Pan books LTD: London – 1973.
4. Patrick R. F. Blakley – „Narodna Odbrana (The Black Hand): Terrorist Faction that Divided the World“, Oswego Historical Review, Issue Two. (PDF).
5. The Hew Strachan – First world war. Penguin books – 2003.
პრესა; სტატიები.
1. კახაბერ ყალიჩავა. სარაევოს მკვლელობა (საბედისწერო მიჯნასთან). - ჟურნალი „ისტორიანი“, 2014, ივნისი. #6/42.
ინტერნეტრესურსები:
1. www.en.wikipedia.org
2. www.history.com/this-day-in-history/Archduke-franz-Ferdinand-assassinated. year published - 2009.
3. Youtube.com 1914-ViennaSarajevo..TheFirstWorldWar-inEuropa
4. https://www.youtube.com/watch?v=QnkVVyru3KY
5. https://www.youtube.com/watch?v=ZmHxq28440c
პაპასქირი, თეიმურაზ. ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია 1914-1945. გამომცემლობა „მერიდიანი“. თბილისი, 2013. გვ. 7.
პაპასქირი, თეიმურაზ. ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია 1914-1945. გამომცემლობა „მერიდიანი“. თბილისი, 2013. გვ. 10.
Archduke franz Ferdinand assassinated. Www.history.com/this-day-in-history/Archduke franz Ferdinand assassinated.
ყალიჩავა, კახაბერ. სარაევოს მკვლელობა (საბედისწერო მიჯნასთან). - ჟურნალი „ისტორიანი“, 2014, ივნისი. #6/42.
Blakley, Patrick R. F.– „Narodna Odbrana (The Black Hand): Terrorist Faction that Divided the World“, Oswego Historical Review, Issue Two. (PDF). გვ. 14.
Www.en.wikipedia.ge gavrilo princip
Blakley, Patrick R. F.– „Narodna Odbrana (The Black Hand): Terrorist Faction that Divided the World“, Oswego Historical Review, Issue Two. (PDF). გვ.16.
Blakley, Patrick R. F.– „Narodna Odbrana (The Black Hand): Terrorist Faction that Divided the World“, Oswego Historical Review, Issue Two. (PDF). გვ. 16-17. აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დამფუძნებელი 10 კაციდან უმრავლესობას სერბეთის არმიის ოფიცრობა წარმოადგენდნენ.
Blakley, Patrick R. F.– „Narodna Odbrana (The Black Hand): Terrorist Faction that Divided the World“, Oswego Historical Review, Issue Two. (PDF). გვ. 17.
Blakley, Patrick R. F.– „Narodna Odbrana (The Black Hand): Terrorist Faction that Divided the World“, Oswego Historical Review, Issue Two. (PDF). გვ. 20.
Blakley, Patrick R. F.– „Narodna Odbrana (The Black Hand): Terrorist Faction that Divided the World“, Oswego Historical Review, Issue Two. (PDF). გვ. 20-21.
Blakley, Patrick R. F.– „Narodna Odbrana (The Black Hand): Terrorist Faction that Divided the World“, Oswego Historical Review, Issue Two. (PDF). გვ. 21.
Blakley, Patrick R. F.– „Narodna Odbrana (The Black Hand): Terrorist Faction that Divided the World“, Oswego Historical Review, Issue Two. (PDF). გვ. 18.
Blakley, Patrick R. F.– „Narodna Odbrana (The Black Hand): Terrorist Faction that Divided the World“, Oswego Historical Review, Issue Two. (PDF). გვ. 19.
Archduke franz Ferdinand assassinated. Www.history.com/this-day-in-history/Archduke franz Ferdinand assassinated.
პაპასქირი, თეიმურაზ. ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია 1914-1945. გამომცემლობა „მერიდიანი“. თბილისი, 2013. გვ. 15.
Archduke franz Ferdinand assassinated. Www.history.com/this-day-in-history/Archduke franz Ferdinand assassinated.
ყალიჩავა, კახაბერ. სარაევოს მკვლელობა (საბედისწერო მიჯნასთან). - ჟურნალი „ისტორიანი“, 2014, ივნისი. #6/42.
Blakley, Patrick R. F.– „Narodna Odbrana (The Black Hand): Terrorist Faction that Divided the World“, Oswego Historical Review, Issue Two. (PDF). გვ.24-25.
Blakley, Patrick R. F.– „Narodna Odbrana (The Black Hand): Terrorist Faction that Divided the World“, Oswego Historical Review, Issue Two. (PDF). გვ. 25.
Blakley, Patrick R. F.– „Narodna Odbrana (The Black Hand): Terrorist Faction that Divided the World“, Oswego Historical Review, Issue Two. (PDF). გვ. 25-26
Blakley, Patrick R. F.– „Narodna Odbrana (The Black Hand): Terrorist Faction that Divided the World“, Oswego Historical Review, Issue Two. (PDF). გვ. 27-28.
Blakley, Patrick R. F.– „Narodna Odbrana (The Black Hand): Terrorist Faction that Divided the World“, Oswego Historical Review, Issue Two. (PDF). გვ. 30.
Blakley, Patrick R. F.– „Narodna Odbrana (The Black Hand): Terrorist Faction that Divided the World“, Oswego Historical Review, Issue Two. (PDF). გვ. 30.
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.