ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიაჰერბერტ ნ. კესონი: ბიზნესის წარმატების წესი N2 - ბიზნესის მასშტაბები უნდა შეესატყვისებოდეს კაპიტალის სიდიდეს

ჰერბერტ ნ. კესონი: ბიზნესის წარმატების წესი N2 - ბიზნესის მასშტაბები უნდა შეესატყვისებოდეს კაპიტალის სიდიდეს
 | რეიტინგი 3 

 

ბიზნესი უნდა აკეთო შენი კაპიტალის ჩარჩოებში. სხვა შემთხვევაში თავს წამოყოფენ გარკვეული ფინანსური შეუსაბამობანი და მოსალოდნელია გაკოტრება.

არის ერთი ასეთი ძველი ანდაზა: `ფეხები იქამდე გაშალე, სანამდე საბანი გაგწვდებაო". ეს ბრძნული აზრია. ვერ ნახავ მკერავს, რომელიც ნახევრად სამყოფი ქსოვილით შეუდგება კოსტუმის კერვას. ამ დროს კი, რამდენი ვინმე ცდილობს ხელი მიჰყოს ისეთ ბიზნესს, რომელიც ბევრად აღემატება მის შესაძლებლობებს.

იშვიათად გავა კვირა, ვინმემ არ მომწეროს: `მესაჭიროება მეტი კაპიტალი". უმეტესობას, ვინც ამგვარი წერილით მომმართავს, ჰგონია რომ მე მათ მივცემ კომპანიის ან ფილანტროპის ზუსტ სახელსა და მისამართს.

ჩვეულებრივად მე მათ ასე ვპასუხობ: `თუ თქვენი ბანკირი უარს გეუბნებათ, მაშინ ფული იმისგან უნდა ისესხოთ, ვინც თქვენ გიცნობთ და გენდობათ". მათ ასევე ვურჩევ, რომ აუცილებელია საწარმოს ნაწილის გაყიდვა, რათა გამოანთავისუფლონ ფული, რომელიც უსიცოცხლოდ დევს სასაქონლო მარაგებში, გამოუყენებელ საკუთრებასა თუ აღჭურვილობაში. ადვილი შესაძლებელია,  რომ არცერთი მათგანი სრულად არ იყენებს მათ ხელთ არსებულ კაპიტალს. უფრო სავარაუდოა, რომ აქედან სულ ცოტა მესამედი, სრულიად უმოქმედო და არამწარმოებლური იყოს. კაპიტალის სიდიდე იზომება ბიზნესის სიდიდითა და საზღვრებით. როცა ბიზნესი თავის ფარგლებში ვეღარ ეტევა, სწორედ მაშინ იწყება კიდევაც პირველი ფინანსური უსიამოვნება. ტონა ბიზნესს კილოგრამი კაპიტალით ვერ გააკეთებ. ბევრი ცდილობს ამ გზით სიარულს, მაგრამ ამაოდ. გაკოტრებულთა უმეტესობა მიზეზად სწორედ `კაპიტალის უკმარისობას" ასახელებს. ეს კი იქცა ყბადაღებულ თავის მართლებად, მაგრამ იშვიათად, რომ იგი გაკოტრების ნამდვილ მიზეზს წარმოადგენდეს. რაც ნაკლებია კაპიტალი, მით უფრო აუცილებელია მისი სრულად გამოყენება, რათა მიიღოთ მაქსიმალურად მაღალი წლიური მოგება.

პირველი რასაც აკეთებს მაღაზიის, თითქმის ყოველი დამწყები მეპატრონე ისაა, რომ იგი უზომოდ ბევრ საქონელს იძენს, რასაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ვერ ყიდის ე.ი. ვერ თავისუფლდება მისგან...

ამ ახალ გამომცხვარ ბიზნესმენს, წესად რომ შემოეღო იმდენი საქონლის შეძენა, რომლის თუნდაც ორი მესამედის რეალიზაციას იგი ერთ თვეში მაინც მოასწრებდა, იგი არ ჩავარდებოდა ფინანსურ გასაჭირში. მან უჭკუოდ გაანაწილა მის ხელთ არსებული, არც თუ ისე დიდი კაპიტალი. მაშ, რატომღა უნდა მისცეს მას ვინმემ ფული მაშინ, როდესაც ისიც ვერ გამოიყენა გონივრულად რაც ხელთ ჰქონდა?

თითქმის ყოველი წარუმატებლობის მიზეზი უცოდინარობასა და პრაქტიკული ჩვევების უკმარისობაშია. ეს მკაცრი სიმართლეა და ძალიან ცოტა ვინმეს თუ მოსწონს, როცა ამის შესახებ ეუბნებიან. ხომ ნათქვამია: სიმართლეს ცოტა მუშტარი ჰყავსო.

არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ისწავლონ, მაგრამ უმეტესობას ეს ნიჭი არ გააჩნია. ნებისმიერი შეძლებს თავისი ბიზნესი ხანგრძლივი ჩამორჩენიდან გამოიყვანოს და აქციოს იგი საიმედო, მომგებიან საწარმოდ, თუკი აითვისებს იმას რაც ამისათვის საჭიროა.

ჩვეულებრივ, როცა ადამიანი რაიმეს ყიდულობს ან წამოიწყებს ნებისმიერ ახალ საქმეს, პირველ რიგში, ხელბორკილს ადებს თავისი კაპიტალის ორ მესამედსა და უფრო მეტსაც. იგი ზურგზე იკიდებს ისეთ ტვირთს, რომელიც მის შესაძლებლობებს აშკარად აღემატება. ამ შემთხვევაში, ბიზნესმენი ხელმძღვანელობს საერთო იდეით: რაც დიდია მისი საქმე, მით მეტი იქნება მოგებაც. ეს ფართოდ ფეხმოკიდებული აზრი ძირშივე მცდარია.

თუ ადამიანს აქვს 8 000 ფუნტი და ამოსარჩევად შესთავაზე 5 500 ფუნტიანი ან 7 000 ფუნტიანი საქმე, იგი უმეტეს შემთხვევაში 7 000 ფუნტიან საწარმოს იყიდის და საბრუნავად მხოლოდ 1 000 ფუნტს დაიტოვებს, რომლის დახარჯვის საბაბის გამონახვა სულაც არ გაუჭირდება. ყოველივე ამის შემდეგ იგი მალე იგრძნობს კაპიტალის უკმარისობას და თანდათან ჩაეფლობა ვალების ჭაობში. ჭაობმა კი ჩათრევა იცის.

გამოუცდელი ბიზნესმენი, როგორც წესი, ყოველთვის გადაჭარბებით აფასებს თავის შენაძენს. მალე კი, გასაღების მასშტაბები იმაზე ნაკლები აღმოჩნდება, ვიდრე ვარაუდობდა. იგი ასევე შეეჯახება სრულიად გაუთვალისწინებელ ხარჯებს, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ ელოდა და როცა შაგრენის ტყავივით შემოელევა საბრუნავი კაპიტალი, ფინანსური სიძნელეებიც კარებთან აეტუზება.

აქედან დასკვნა: ის ფიქრობს იმაზე, თუ რის გაკეთება სურს და არა იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია.

ის მიუტევებლად უგულვებელყოფს თავის შესაძლებლობათა საზღვრებს, მას სურს ერთბაშად შექმნას დიდი საფუძველი, დიდი საწყისი. ხარჯავს კიდევაც თავის კაპიტალს მანამდე სანამდეც ყოფნის და ამით დიდ სიამოვნებასაც იღებს. ყოველივე ეს ბუნებრივია, ასეთია საერთოდ ადამიანი, მაგრამ ბიზნესისათვის ეს არასწორი დასაწყისია.

დიდი ბიზნესის ისტორია გვასწავლის, რომ საქმე ყოველთვის მოკრძალებულად უნდა დავიწყოთ. ერთ-ერთი უმსხვილესი სასურსათო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი იყო კაცი, რომელიც პირშუშხას საკაზმით სავსე ბადურით ხელში, კარდაკარ დადიოდა და ვაჭრობდა. ბევრ გამდიდრებულ მოვაჭრეს დიდი საქმე ბაზრის ფარდულით აქვს დაწყებული.

თუ კაცს მცირე კაპიტალი აქვს, მან ამის კომპენსაცია იმით უნდა მოახდინოს, რომ ძალიან შეზღუდოს თავისი თავი. რაც შეიძლება ცოტა უნდა ხარჯოს აღჭურვილობასა და მოწყობილობაზე. ჯობია დაიქირაოს მუშაკთა მეორეხარისხოვანი შტატი. რაც შეიძლება ნაკლები კაპიტალი უნდა ჩადოს იმაში, რასაც მოგება არ მოაქვს. უნდა ერიდოს აქტივების `გაყინვას".

დასაწყისისათვის ბიზნესის მომგებიანობა კი არა, მისი საიმედობაა მთავარი. თავიდან მისი ზომები არავითარ როლს არ თამაშობს. ხომ ცნობილია ყოველი ახალი საწარმოს შექმნა ექსპერიმენტია და უაზრობაა ალალბედზე შეაგდოთ დიდი ფული, ვიდრე საქმის წარმატების ნიშნებს თვალნათლივ არ დავინახავთ.

ბიზნესს საიმედოდ სარეზერვო ფონდის არსებობა აქცევს, რომელიც მხარში უდგას მას, როცა ეს უკანასკნელი გასაჭირშია, სახელდობრ, სარეზერვო ფონდი გაკოტრების თავიდან აცილების ერთადრთი უებარი საშუალებაა. ლონდონის ერთ უნივერმაღს რამდენიმე მილიონი სარეზერვო ფონდი აქვს. ამდენად მისი აქციები მეანაბრისათვის თავის თავად საიმედობაა. ყველაზე პატარა საწარმოშიც კი, შეიძლება საქმე ისე წაიყვანო, რომ მას საბანკო ანგარიშზე ყოველთვის ჰქონდეს მცირე თანხები მაინც.

ყველა ახალბედა ბიზნესმენს უნდა უმეორო ხშირ-ხშირად: `სანამ სირბილს დაიწყებდე, სიარული ისწავლე". ჯობია მიხოხავდე წარმატებისკენ, ვიდრე თავქუდმოგლეჯილი, თავპირისმტვრევით მიჰქროდე გაკოტრებისკენ. წარმატება თან სდევს თავშეკავებულებსა და მოკრძალებულებს და არამც და არამც მეტიჩრებსა და სულწასულებს. ხშირად, როგორც კი ადამიანი თავის კაპიტალს საქმეში ჩადებს, იმ დღიდან სხვისთვის თვალებში ნაცრის შეყრის სურვილი უნდა ჩაიხშოს და დაიოკოს.

თუ ახალგაზრდამ გამოიმუშავა და გადადო 100 ფუნტი, მას საკუთარი ბიზნესის დაწყების შანსი აქვს, ხოლო თუ მას ეს ფული აჩუქეს ან ნიძლავში მოიგო, ჯობია ბანკში ჩადოს, შავი დღისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მოსალოდნელია ისევე იოლად დაკარგოს იგი, როგორც იშოვა. აკი ნათქვამია: ქარის მოტანილს, ქარი წაიღებსო. ფულის შენარჩუნების უნარი _ აი, პირველი რაც უნდა ისწავლოს ყველამ, ვინც კი ბიზნესის სამყაროში შედგამს ფეხს.

იმ შემთხვევაში როცა ადამიანის განკარგულებაშია მცირე კაპიტალი, მისი წარმატება თავიდან ბოლომდე მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. თუ ის პატიოსანი, შრომისმოყვარე, გულღია ადამიანია, წარმატება იმთავითვე გახდება მისი თანმხლები. თუ ის სარგებლობს პოპულარობით და პატივისცემით, ფული თვითონვე დაიწყებს მისკენ დენას. ხომ ფაქტია, რომ ყველა ჩვენი ფული ჩვენთან, სხვისი ჯიბეებიდან მოდის.

100 ფუნტიანი კაპიტალის მქონე ახალგაზრდა კაცი შეიძლება გახდეს პატარა მაღაზიის ან ჯიხურის მფლობელი, საქონლის ყიდვისა და სწრაფი გადაყიდვის გზით. ის შეიძლება ასევე სახელოსნოს ან პატარა კაფეს მეპატრონე გახდეს და თავისი ფულის სწრაფი ბრუნვის გზით, დღე-ღამეში 3-5% მოგება მიიღოს.

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ აუცილებელი, საჭირო სასტარტო კაპიტალის სიდიდე დაკავშირებულია ბიზნესის სახეობაზე. ის დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მალე იყიდება პროდუქტი. ბოსტნეულის მაღაზიის მეპატრონეს, მაგალითად, სამჯერ ნაკლები კაპიტალი ესაჭიროება, ვიდრე რკინა-კავეულით მოვაჭრეს. ყველაზე მარჯვე დამწყებს შეუძლია საშუალო მაჩვენებელზე ნახევარ წელიწადში გავიდეს, მაგრამ თვით ყველაზე ეფექტურმა საქმიანმა პიროვნებამაც უნდა იცოდეს თავისი საშუალო მაჩვენებელი, რათა უზრუნველოყოს ბიზნესის საიმედობა.

როცა ადამიანი იწყებს ბიზნესს და მხოლოდ საკუთარ თავს ენდობა, ჩვეულებრივ, თავდაჯერებულობა მეტი აქვს, ვიდრე ცოდნა. აი, რატომაა საჭირო მისი გაფრთხილება, რომ შეზღუდოს თავისი ბიზნესი, მის განკარგულებაში არსებული კაპიტალის ზომით. იმიტომ, რომ იგი, როგორც წესი აზვიადებს თავისი საქონლის მოსალოდნელ გასაღებას და შესაბამისად მოგებას, სათანადოდ ვერ ითვალისწინებს ხარჯებს. განა, სიმართლე არაა, რომ პირველი საბალანსო ანგარიშის შედეგს, როგორც წესი იმედის გაცრუება მოსდევს?

ბიზნესმენს ერთნაირად უნდა გააჩნდეს სიფრთხილეცა და სისწრაფეც. თუ ბიზნესი მცირეა მაშინ მხოლოდ ნაღდზე უნდა ყიდულობდე და ყიდდე. არ უნდა იღებდეს სესხს და არც უნდა გაცემდეს მას. ე.ი. არც მოვალეები უნდა ჰყავდეს და არც კრედიტორები. მან უნდა გამოიყენოს სავაჭრო დათმობა ნაღდი ანგარიშსწორებისას და არასოდეს აურიოს ერთმანეთში სასესხო პროცენტი და ის შეღავათი რომელსაც ნაღდი ანგარისწორებისას იღებს. ასეთი შეღავათი _ სუფთა შემოსავალია.

`თავიდანვე ვალებში ჩაძვრე და მერე კიდევ იმას ეცადო, რომ როგორმე ისევ ისესხო" _ აი, წესი, რომლითაც ჩემი აზრით, ხელმძღვანელობენ ინერტული და არაკომპეტენტური ადამიანები. ესაა გზა ზარმაცებისათვის, რომელთა ძალებს აღემატება სიძნელეთა გადალახვა. ასეთ ადამიანებს მინდა ვურჩიო, რომ ნურასოდეს დაიწყებენ საკუთარ საქმეს: მათთვის უმჯობესია ხელფასზე იმუშაონ, რადგან ბიზნესს, ისევე, როგორც სახელმწიფოს, დოტაციებით არსებობა არ შეუძლია.

სესხს თავისი დრო აქვს, როცა ეს დრო დგება, მაშინ იგი _ ბრძნული ნაბიჯია. მე ასე ვიტყოდი: ვინც თავისი კაპიტალით 15% მოგებას მაინც აღწევს, მას უფლება აქვს, ისესხოს ფული და გონივრულად მოიქცევა კიდევაც, თუკი მის ბანკირს, თავისი კაპიტალის მოლოდ ერთი მეოთხედის ტოლ სესხს მოთხოვს.

თუ ადამიანი 8000 ფუნტიან კაპიტალს ფლობს და აქვს 1000 ფუნტი, მან არავითარ შემთხვევაში არ უნდა ითხოვოს 8000-იანი სესხი. ეს ძალზე მკვეთრი და საზიანო ნახტომი გამოვა. მისთვის ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება იქნება 2000 ფუნტზე მეტ სესხს ხელი არ მოჰკიდოს. როგორც უკვე ვთქვით, ადამიანს წინდახედულება უნდა გააჩნდეს და სანამ ბიზნესს მისდევს არ უნდა დაჰკარგოს სიფრთხილე...

როგორც კი სასესხო ვალდებულებას აიღებ ანუ მსესხებელი გახდები, იმ წუთიდან უნდა დაიწყო ზრუნვა შენი რეპუტაციისათვის და რადაც არ უნდა დაგიჯდეს ვალები დათქმულ ვადებში უნდა იხადო. თუ შენ ბანკის მმართველს ჰპირდები, რომ ვალს 25 მაისს დაუბრუნებ, უნდა დაუბრუნო კიდევაც 25 მაისს. იცოდე ერთი კვირით დაგვიანებაც კი, შენს რეპუტაციას ჩრდილს მიაყენებს. თუ ხშირად სესხულობ, მაგრამ ვალს ყოველთვის დროულად აბრუნებ, ბანკის მმართველისათვის, ასპროცენტიანი კლიენტი ხარ და შეგიძლია ვალად აიღო ნებისმიერი გონივრული თანხა.

ვიდრე ბანკისგან ან ინვესტორისგან ახალ თანხებს მიიღებდე, კარგად უნდა გამოიყენო შენი, საკუთარი. მაღალეფექტურმა კომპანიამ, დამატებითი კაპიტალისათვის, როდესაც არ უნდა მიმართოს საზოგადოებას, ყოველთვის იწყება აჟიოტაჟი მისი აქციების შესასყიდად და ამ აქციებზე მოთხოვნა უთუოდ გადაამეტებს მათ გამოშვებას. `სწორედ მას ვისაც აქვს ფული, ექნება კიდევ უფრო მეტი" _ აი, ფინანსური საქმიანობის რკინის ლოგიკა და იგი უნდა იცოდეს ყველამ, ვისაც აქვს თავისი ბიზნესი.

თუ ადამიანს 2000 ფუნტის სესხებით შეუძლია წელიწადში 200 ფუნტი შემოსავალი თავისთვის დაიტოვოს, ხოლო 100 ფუნტი აღებული კრედიტის პროცენტების დასაფარავად გაიღოს, ეს ნიშნავს, რომ უკვე შეუძლია თავისი ბიზნესის განვითარება უზრუნველყოს. მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რა ზომით იზრდება შენი საქმე, ყოველთვის უნდა მისდიო წესს: `შეზღუდე შენი ბიზნესი", თუ მეტის საშუალებას შენი კაპიტალი არ იძლევა. სწორედ ამ წესის უგულვებელყოფის შედეგად მოსდით ადამიანებსაც და მათ ბიზნესსაც კატასტროფები.

წესების ყველაზე გავრცელებული დარღვევა, ესაა ბევრი საქონლის შესყიდვა. თითქმის ყოველი დამწყები მეპატრონე, გადაჭარბებით იძენს საქონელს. იგივე მოსდით მსხვილ უნივერმაღებსაც. ამაზე მოწმობენ ის ჩამოფასებული გაყიდვები, რომელსაც ისინი ხშირ-ხშირად აწყობენ და სადაც ძვირად ნაყიდ საქონელს, თვითღირებულებაზე ნაკლებად ყიდიან.

საქონლის ჩაწოლა აჩერებს კაპიტალის მოძრაობას. ის იფიტება მაშინაც, როცა ბევრ საქონელს ყიდულობენ და იმ შემთხვევაშიც, როცა ყოვლად უვარგის საქონელს იძენენ, რომელზედაც არავითარი მოთხოვნა არაა. ასეთ დროს გადახდისუნარიანობა ქვეითდება და შემდეგ სულაც ქრება. აი, სწორედ მაშინ გაისმის სიტყვები: `მე მესაჭიროება მეტი კაპიტალი". სინამდვილეში მეტი კაპიტალი კი არაა საჭირო, არამედ აზრიანობა და საღი განსჯა საქონლის შესყიდვისას.

ყოველთვის, როცა შესაძლებელია, სწორედ იმდენი საქონელი უნდა შეიძინო, რამდენის გაყიდვაც ერთი თვის განმავლობაში შეიძლება. თუკი იგი, შეიძლება გაიყიდოს მანამდე, სანამდე გადახდის დრო დადგება, დამატებითი კაპიტალი საერთოდ არცაა საჭირო. ეს უკანასკნელი წესი შეიძლება, არარეალურად მოგვეჩვენოს, მაგრამ იგი ყოველთვის უნდა გვქონდეს მხედველობაში. ფინანსური სიძნელეების თავიდან ასაცილებლად ეს ხერხი, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია.

მე მგონი, მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ყიდულობენ მოვაჭრეები უზომოდ ბევრ საქონელს, იმაშია, რომ კომერციული აგენტების შრომის ანაზღაურება, ხდება კომისიურად. ყველა კომერციული აგენტი ხელფასზე რომ მუშაობდეს, ჩაწოლილი საქონლის რაოდენობა გაცილებით შემცირდებოდა.

მცირე კაპიტალის პატრონი, არ უნდა წამოეგოს გამოქექილი კომერციული აგენტის ანკესზე. ამ რჩევას იშვიათად თუ გაიგონებ, მიუხედავად იმისა, რომ იგი ფრიად ყურადსაღებია. როცა მოვაჭრეს გადამეტებულად უბიძგებენ ახალი შესყიდვისაკენ, მას უნდა გაახსენდეს ის სასაქონლო მარაგები, რომელიც ჩაწოლილ, მკვდარ ტვირთად ადევს კისერზე და მტკიცედ განაცხადოს: `ჩემს თავს ამის უფლებას ვერ მივცემ".

მცირე კაპიტალის მფლობელი, სანამ რაიმეს იყიდდეს, უნდა დაფიქრდეს მის გასაღებაზე და კიდევ ერთხელ გადათვალოს თავისი ნაღდი ფული. ის უნდა მოქმედებდეს საკუთარი გონების კარნახით და არ დაჰყვეს კომერციული აგენტის მაცდუნებელ რჩევა-დარიგებებს. საქონლის მყიდველმა უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ დაიცვას საკუთარი ინტერესები მათი შემოტევებისგან.

შეზღუდული კაპიტალის პატრონმა, ხანდახან მაინც უნდა თქვას `არა", თუნდაც შემოთავაზებული წინადადება ოქროდ ეჩვენებოდეს. მაგალითად, შეიძლება მას მაღაზიის ფილიალი შესთავაზონ, ძალზე დაბალ საარენდო ფასად. მაგრამ მან უარი უნდა თქვას ამ წინადადებაზე, თუ მისი კაპიტალი, ორჯერ მაინც არ აღემატება იმას, რომელიც ჭირდება ამ მაღაზიის შენახვას. თავისი ბიზნესის მდგომარებას ბევრი ამძიმებს იმით, რომ ნაადრევად ხსნის შვილობილ საწარმოებს.

ბიზნესმენს ხშირად სთავაზობენ წინადადებებს, მაგრამ მან ხელი მხოლოდი იმას უნდა მოჰკიდოს, რაც მის შესაძლებლობებს შეესაბამება. ყოველთვის, როცა ახალი ვალდებულებების აღებისაკენ გიბიძგებენ, შენი საშუალებები სრულად უნდა გაისიგრძეგანო.

არის ასეთი მკვეთრი, თვალში საცემი ანდაზა: `რის გადაყლაპვაც შეგიძლია, იმაზე მეტი მოკბიჩე". მე ვთვლი, რომ ამგვარ ლოგიკას ძალზე ხშირად მივყავართ ფინანსურ გართულებებამდე. სანამდე ფულის კეთების ოსტატობას არ დაეუფლები, ვალს არ უნდა გაეკარო. სწორედაც, რომ ვალია ყველა გაკოტრებათა მიზეზი. ვადიანი სესხის პროცენტი _ ეს უმძიმესი ტვირთია ნებისმიერი ბიზნესისათვის, რომელიც მაღალრენტაბელურობით არ გამოირჩევა. ბანკის სესხს მხოლოდ დიდოსტატებისათვის, მაღალი პილოტაჟის მფრინავებისათვის მოაქვს მოგება. არ შეიძლება ჩაძვრე ვალებში მანამდე, ვიდრე კარგად არ გაერკვევი იმაში, თუ რას ნიშნავს გახდე მევალე.

ბევრისთვის, ვისი კაპიტალიც არ შეესატყვისებოდა გასაღების მოცულობას, მიმიცია შემდეგი რჩევა: `ნებისმიერი გზით შეინარჩუნეთ კეთილგანწყობილება, მეგობრული დამოკიდებულება თქვენი ბანკის მმართველთან".

მძიმე წუთებში ბანკირმა შეიძლება იმაზე ბევრად მეტი დახმარება აღმოგიჩინოთ, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ბანკს გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე საჩეკო წიგნების გაცემაა.

პრაქტიკულად ბანკის ყოველი მმართველი სასარგებლო ცოდნის სოლიდურ მარაგს ფლობს. კრედიტებზე და ფინანსებზე მან გაცილებით მეტი იცის, ვიდრე ჩვენ და თქვენ ყველამ ერთად. ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი აზრისაა ბანკირი თქვენზე. რა თქმა უნდა, ის იმ ადამიანზე იქნება უკეთესი აზრის, რომელიც მას რჩევით მიმართავს ხოლმე და გაცილებით მეტს გააკეთებს იმ მეანაბრისათვის, ვინც მისი მეგობარია და არა უცნობი.

როდესაც მივდივარ ფირმაში, რომელიც ფინანსურ სიძნელეებს განიცდის, პირველი ჩემი რჩევა ბანკის ვალის შემცირებაა. ამას მოითხოვს საღი, საქმიანი აზრი და ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გააკეთოს შესაძლებობის მაქსიმუმი, დაეხმაროს ბიზნესის სწრაფ ზრდას _ ესაა, ბანკის მმართველი.

ხშირად, ახალბედები ბიზნესში, თავპირისმტვრევით მიქრიან წინ და მთელი ძალღონის დაძაბვით ცდილობენ გაზარდონ გასაღების მოცულობა, რასაც მივყავართ კრედიტით სავაჭრო საქმიანობის უსაზღვრო გადიდებამდე. ასეთ შემთხვევაში სწორედ ბანკის მმართველს შეუძლია გაგიწიოთ ორმაგი დახმარება: რჩევა-დარიგებით და ფულით.

როდესაც ბანკების `დიდი ხუთეული" იქმნებოდა, ბუნებრივია, ძირითადი ყურადღება ცენტრალიზებულ კონტროლს ექცეოდა და გარკვეული დროის განმავლობაში, ბანკების ადგილობრივი განყოფილებების მმართველთა სტატუსი, არც თუ ისე მაღალი იყო, რადგანაც წვრილმან საკითხებში, დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლებაც კი არ ჰქონდათ. ამიტომაც ბევრი ბიზნესმენი მათ ალმაცერად, როგორც უფროს კლერკებს, ისე უყურებდა. ცენტრალიზაციის მიმართ ასეთი, საყოველთაო ნეგატიური დამოკიდებულება შეიმჩნეოდა ყველგან.

დღეს სხვა სიტუაციაა. ჩვენ, პრაქტიკულად საქმე გვაქვს, ბანკების ადგილობრივ განყოფილებათა მმართველობის ახალ თაობასთან. დაახლოებით, მათი 90% დაინიშნა უკანასკნელი ათი წლის მანძილზე. ისინი საკმაოდ კარგად უძღვებიან თავიანთ საქმეს და, რაღა თქმა უნდა, არ არიან უბრალოდ, უფროსი კლერკები. დღეს ბანკის ქვეგანაყოფის მმართველს, შეუძლია 2000 ფუნტამდე უგარანტიო და 3000 ფუნტიანი გარანტირებული კრედიტი გასცეს. ამის გაკეთება მას მთავარი კანტორის გარეშე, პირადი გადაწყვეტილებითაც შეუძლია. თუმცა ამის საშუალება ყველას არ გააჩნია. მაგრამ უმეტესობას ეს ხელეწიფება.

ბანკში ადგილობრივი განყოფილების მმართველი _ ესაა კომპეტენტური, პასუხისმგებელი, კარგი ანაზღაურების მქონე კაცი. როგორც წესი, ბიზნესისა და ფინანსების შესახებ მან ბევრად მეტი იცის, ვიდრე მეანაბრემ და კლიენტმა. მის რჩევას დიდი ფასი აქვს და ამიტომ ნებისმიერი ბიზნესმენი, დიდი თუ პატარა, არ წააგებს თუკი თავის ბანკის მმართველთან კეთილმეგობრულ დამოკიდებულებაში იქნება.

იმის მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლოს საქმოსანმა ფინანსები ბანკირისაგან, შესაძლოა თავად ბიზნესის აღმა-დაღმა სვლაში, ანუ ბუმებსა და დეპრესიებში იყოს. რადგანაც გარკვეულ მომენტში, საქმიანობის პირობები, მკვეთრად იცვლება და მის წიაღში ადგილი აქვს გამუდმებულ მერყეობას გაფურჩქვნისაკენ და პირიქით.

შეიძლება ითქვას, რომ ბუმებსა და დეპრესიებს იწვევს მოსახლეობის მყიდველობითი შესაძლებლობის ამაღლება თუ დაქვეითება. როდესაც საზოგადოებაში ბევრი აღფრთოვანებული, შეგულიანებული მყიდველია, მაშინ დგება ბუმი, ხოლო როცა იზრდება მშიშარა, მფრთხალი გამყიდველების რიცხვი _ იწყება დეპრესია.

ერთსაც და მეორესაც სავსებით რეალური მიზეზი გააჩნიათ. ისინი მატერიალურები არიან და ფინანსურ ხასიათს ატარებენ, მაგრამ ამავე დროს ეს მიზეზები ძალზე მაცდურები და ცვალებადები არიან. ბუმები არასოდეს არ მომხდარა და არც შეიძლება მოხდეს ომიანობის დროს, რადგანაც საზოგადოებას მაშინ არც ფული გააჩნია, არც რაიმეს ყიდვის განწყობა, რა თქმა უნდა, გარდა ყველაზე აუცილებელისა.

მთავარი, რაც უნდა დავიმახსოვროთ: არც ბუმები და არც დეპრესიები არ გრძელდება მარადიულად. ორთავეს აქვს როგორც დასაწყისი, ისე დასასრული. ამ ორივე მოვლენიდან თითოეული შეიცავს მიზეზს, რომელიც იწვევს მეორეს. ბუმი შობს ჭარბ წარმოებას, რომელიც თავის მხრივ იწვევს დეპრესიას, ხოლო დეპრესია ბადებს საქონლის უკმარისობას, რაც წარმოშობს ბუმს.

ვინაიდან ჩვენ, ინგლისელები უფრო სტაბილური, მყარი და დინჯი ხალხი ვართ ამერიკელებისაგან განსხვავებით, ნაკლებად ვექცევით ამ მოვლენების გავლენაში და მართალია, ფასები თუ გასაღების მოცულობა ჩვენში ისე მაღლა არ იწევს როგორც ამერიკაში, მაგრამ სანაცვლოდ არც ისე დაბლა ეცემა, როგორც ოკეანის გაღმა.

თავს ნებას მივცემ შევნიშნო, რომ ამერიკელები ბუმების დროს თითქმის იმდენივეს კარგავენ, რამდენსაც დეპრესიებისას, რადგანაც ბუმის პერიოდს ხელოვნურად ახანგრძლივებენ და ილუზიებს ეძლევიან. ჰგონიათ, რომ აღმავლობა, დაუსრულებლად გაგრძელდება და როცა ეს შეცდომა საზღვარს გადალახავს, იწყება უფრო მტკივნეული დაცემა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

მაშ ასე: ჩვენ მივიღეთ რამოდენიმე სასარგებლო ახსნა ბუმებსა და დეპრესიებზე, რომელიც თითოეულმა ბიზნესმენმა უნდა იცოდეს. ჩვენ გავიგეთ, რომ ბუმის დროს უნდა ემზადებოდე დეპრესიისათვის, ხოლო დეპრესიისას _ ბუმისათვის. აუცილებელია დავიმახსოვროთ, რომ დეპრესიის დროს, როცა ფასები დაბალია, კაპიტალის ჩადება _ ბრძნული პოლიტიკაა.

ახალი შენობები და აღჭურვილობანი ბუმის დროს გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე დეპრესიის დროს. ბუმი გაყიდვის ხანაა, ხოლო დეპრესია _ ყიდვისა. ძნელია ამ წესს მისდიო, მაგრამ დიდი მოგება რომ მოაქვს, ეს კი უდავო ფაქტია.

ბუმის დროს ფირმამ თავისი რეზერვები უნდა გაზარდოს და არა ვალები. კარგი არაფერი ელის იმ ფირმას, რომელსაც ბუმის დასასრული, ბანკის დიდი დავალიანების დროს მოუსწრებს.

დეპრესიის დროს ფირმამ უნდა დარაზმოს თავისი ორგანიზაცია, მოამზადოს პერსონალი, განაახლოს აღჭურვილობა, შეიმუშაოს ის გეგმები, რომლის განხორციელებას სიტუაციის გაუმჯობესებისთანავე უნდა შეუდგეს.

გონიერი ადამიანი, რომელმაც იცის თავისი დარგის ისტორია, თავს არც ბუმის დროს დაკარგავს და არც დეპრესიისას. ის განუხრელად ივლის წინ და ყოველთვის ეცდება შეზღუდოს თავისი ბიზნესი, თავისი კაპიტალის ჩარჩოებით. არასოდეს გაუშვებს ხელიდან თავისი ბიზნესის სადავეებს და ყოველივეს იღონებს რათა იგი კონტროლს დაუქვემდებაროს.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge