ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიაჰერბერტ ნ. კესონი: ბიზნესის წარმატების წესი N5: მოიპოვეთ დადებითი რეპუტაცია

ჰერბერტ ნ. კესონი: ბიზნესის წარმატების წესი N5: მოიპოვეთ დადებითი რეპუტაცია
 | რეიტინგი 3 

 

დადებითი რეპუტაცია

აუცილებელია გქონდეთ კარგი რეპუტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ აგითვალისწუნებენ და მტრებსაც გაიჩენთ, ან უფერულად იცხოვრებთ.

ის, თუ როგორ ლაპარაკობენ თქვენზე და რამდენად გაფასებენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ თქვენზე ცუდი ხმები დადის ეს ათვალწუნებაა, ხოლო თუ საერთოდ არაფერს ამბობენ, მაშინ თქვენ უცნობი და შეუმჩნეველი ყოფილხართ. მაგრამ თუ თქვენზე ხშირად და კარგს ლაპარაკობენ, ეს წარმატებას მოგიტანთ.

მე დიდი სიმპატიები მაქვს დამოუკიდებელი, პირდაპირი, მგზნებარე ადამიანების მიმართ, მაგრამ იმის მოწმეც გავმხდარვარ, რომ ძალიან ბევრ მათგანს, ვისაც ასეთი თვისებები არ აკლია, ბიზნესში მწარე კრახი განუცდიათ. მიზეზი ისაა, რომ მათ ძალიან ბევრი მტერი გაიჩინეს. ბიზნესის სამყაროში მოქმედმა ადამიანმა საზოგადოების გული უნდა მოიგოს, მან თავს უფლება არ უნდა მისცეს, ისე მოიქცეს თითქოსდა, იგი საზღვაო შუქურას მეთვალყურე იყოს და მარტო ანთება-ჩაქრობა ევალებოდეს.

როცა ადამიანი თავისი ინტერესებისათვის ზრუნავს, ეს სულაც არ ნიშანვს, რომ მან ტაქტი და თავდაჭერა უგულვებელყოს, არაფრად ჩააგდოს. კეთილმოსურნეობა საზოგადოებრივი ვალიცაა და საყოველთაოდ დასაფასებელი საქმიანი თვისებაც. შეიძლება დამოუკიდებელი იყო, მაგრამ ამით არ უნდა იყოყოჩო, რადგანაც არსებობს ბრბო, რომელსაც სწორხაზოვნად ვერავინ გაარღვევს.

ნებისმიერი ადამიანი, თვით პრემიერ-მინისტრი და დიქტატორიც კი, ბრიყვულად იქცევიან, როცა საზოგადოებრივ აზრს არაფრად აგდებენ. დროდადრო თვით დიქტატორმაც კი უნდა ისარგებლოს ნაირ-ნაირი ფუჭი დაპირებებითა და არაფრისმთქმელი პროპაგანდით. იგი არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ მუქარასა და ძალას. მან მნიშვნელოვანი ძალისხმევა უნდა მოახმაროს თავისი პერსონისადმი სასიკეთო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას.

პატარა, წყნარ ინგლისურ ქალაქშიც კი ნებისმიერი მცხოვრები, რომელიც არად აგდებს მოქალაქეთა აზრს, იტანჯება მარტოობითა და განდეგილობით. ნებისმიერი მისი წამოწყება სათავეშივე განწირულია ჩასავარდნად. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საზოგადოებას არ უყვარს, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს, ხოლო საზოგადოებრივი აზრის მძლავრი ნაკადი მის წინააღმდეგ მოედინება.

საზოგადოების კეთილმოსურნე დამოკიდებულება ფირმისადმი, ეს ისეთივე სასარგებლოა, როგორც მზის სხივი ან შხაპუნა წვიმა ბაღისათვის. ხოლო არაკეთილგანწყობა _ გვალვა ან ყინვა. დანადგარების ვერავითარი მოდერნიზაცია და კაპიტალის რეზერვი ვერ უზრუნველყოფს იმ კომპანიის საიმედობას, რომელსაც არაფრად მიაჩნია თანამშრომლებისა და გარშემომყოფთა აზრი.

შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ფირმისადმი კეთილი განწყობის ოთხი სახე, რომელთა მაქსიმალურ მხარდაჭერასაც დიდი მნიშნველობა აქვს ფირმის შედეგებისათვის. ესაა თანამშრომლების, მყიდველების, ბანკირისა და მეანაბრის კეთილგანწყობა. ადამიანთა ეს ოთხი კატეგორია, ფირმაზე კარგს თუ ლაპარაკობს, მაშინ მას კარგი სახელი და მოგებაც გარანტირებული აქვს. ამის უარყოფას არავინ დაიწყებს, მაგრამ ფაქტია, რომ ბიზნესმენთა დიდი უმრავლესობა, ამას სათვალავშიც არ აგდებს. ისინი თავიანთ მუშაკებს, არ უჩიჩინებენ მოკრძალებასა და თავაზიანობას და ამიტომაცაა, რომ უხეშობას ჯერ კიდევ ღრმად აქვს ფესვები გადგმული. სერ ფრენსის გუდენოუფ-უფროსმა ერთხელ მითხრა: `არცერთი კონტაქტი მყიდველზე არ უნდა ახდენდეს უსიამოვნო შთაბეჭდილებას!" და მაინც ყოველ ცისმარე დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ათი ათასობით მყიდველს აყენებენ ფსიქოლოგიურ ტრამვას უხეში გამყიდველები და მუშტრები მხოლოდ მათი უმნიშვნელო ნაწილის მომსახურებით რჩებიან კმაყოფილნი. ეს კი, ერთ-ერთ საუკეთესო ტესტს წარმოადგენს ვაჭრობის ეფექტურობის შესამოწმებლად.

როგორც საქმიანობის სხვა სფეროში ასევე ბიზნესშიც, სერიოზულ ნაკლად ითვლება გულფიცხობა და ფხუკიანობა. ბევრი მამაკაცი და კიდევ უფრო მეტი ქალი, რასაც არ უნდა აკეთებდეს, ერთთავად სულ გაღიზიანებულია. ეს ძალიან სერიოზული ნაკლია, იგი საგრძნობლად ამცირებს მათი მუშაობის პროდუქტიულობას, მათთან ურთიერთობას კი ყველასათვის არასასიამოვნოს ხდის, როცა მუშაობის პროცესში მათ რაიმეს ეკითხებიან, ისინი უკმეხად პასუხობენ: `ნუთუ, ვერ ხედავ, რომ ვმუშაობ?!"

სამსახურში ისინი ყოველთვის, ზღარბებივით იჩხვლიტებიან. ამიტომ კოლეგები ცდილობენ მოერიდონ მათ მკვეთრ, გესლიან პასუხებს. ბევრი სამუშაო და გადატვირთვა არავის აძლევს უხეშობისა და სიბრიყვის გამოვლენის უფლებას. სამსახურშიაც და სახლშიც ხშირად ხდება, როცა ჩვენ წუთით მოგვწყვეტენ ხოლმე საქმისგან, მაგრამ ამის გამო ღირს აყალ-მაყალის ატეხვა?! სამუშაომ რომ სიამოვნება მოგვანიჭოს, ხშირად მხოლოდ მცირეოდენი თვითკონტროლია საჭირო.

ნებისმიერი კომერცია მყიდველის შეხედულებას უნდა დავუმორჩილოთ. მისთვის ჩვენი ბიზნესი უნდა იყოს საიმედო და სასურველი. არ დავუშვათ არავითარი თაღლითობა და უხეშობა. საგანგებო გამოკვლევაც კი უნდა ჩავატაროთ, რათა გავარკვიოთ, თუ რა სურს და რას მოითხოვს კლიენტი. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რამდენადაც მომხმარებელი მხოლოდ იმ საქონელს ყიდულობს, რომელიც მას ესაჭიროება.

არსებული, შემოწმებული წესით, თავდაპირველად საჭიროა საქმის სწორად დაყენება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ მის რეკლამირებაზე. ჩვენს მიერ შეთავაზებული საქონელი და მომსახურება მყიდველზე კეთილსასურველ შთაბეჭდილებას თუ არ მოახდენს, მაშინ მათი რეკლამირება _ დროისა და სახსრების ტყუილუბრალო დაკარგვაა. რეკლამა ეფექტური საშუალებაა, მაგრამ ის ადამიანს ვერ აიძულებს მივიდეს იქ, სადაც უხარისხო საქონელი აქვთ და მყიდველთან ურთიერთობაშიც, დიდი თავაზიანობით, მაინცდამაინც, ვერ გამოირჩევიან.

ჩვენს დროში რეკლამა აუცილებელია, მაგრამ ბიზნესმა აუცილებლად უნდა დაიმსახუროს იგი. ე.ი. საქონელი უნდა შეესაბამებოდეს თავის ფასს, და მერე თითოეული ადამიანი, რომელსაც კონტაქტი უხდება საზოგადოებასთან, უნდა იყოს საგანგებოდ გაწაფული და გაწვრთნილი. ახალი მყიდველის პოვნა _ საქმის ნახევარია. მეორე ნახევარი კი მის შენარჩუნებაშია.

არის ერთი ძველი ანდაზა: `კარგი საქონელი თვითონ ასაღებს თავის თავს". ჭეშმარიტება იმაშია, რომ ამა თუ იმ ახალი ნივთის გაყიდვა, ისეთსავე უნარს და იმდენსავე ხარჯებს მოითხოვს, რამდენსაც მისი წარმოება. ადამიანებს უნდა შევასწავლოთ მათი ყიდვა. ჯერ დაამზადე საქონელი, ხოლო შემდეგ აუცილებლად შეუქმენი მას გასაღების ბაზარი, რადგანაც თითქმის ყოველ ახალ გამოგონებასა თუ მომსახურებას საზოგადოება მანამდე ეუბნება `არას", ვიდრე გასაღება და რეკლამა მას არ დაარწმუნებს თქვას: `კი, თანახმა ვარო".

სავაჭრო და სარეკლამო აგენტები, აგრეთვე პრესა და ტელევიზია რომ არ არსებობდნენ, მაშინ ცივილიზაციის განვითარების ძალიან დაბალი დონე გვექნებოდა, არ იარსებებდა მსხვილი ბიზნესი. ცხოვრება იქნებოდა მწირი და უბადრუკი. მსხვილი ფაბრიკების ნაცვლად პატარა სახელოსნოები გვექნებოდა, ხოლო ბაზარი მხოლოდ ადგილობრივი პროდუქციით შეივსებოდა, ისე როგორც შუა საუკუნეებში.

დღეს არავინ ზის გულხელდაკრეფილი და არ ელოდება, როდის დააფასებს საზოგადოება მის საქონელს. ცხოვრება საამისოდ მეტად ხანმოკლეა. ყოველდღიური პრესის, ტელევიზიის, ყოველკვირეული ჟურნალებისა და განცხადებების წყალობით, ახალი პროდუქცია რამოდენიმე კვირაში, შეიძლება საქვეყნოდ ცნობილი გახდეს. შეიძლება ისე მოხდეს, რომ აგვისტოში სრულიად უცნობი ნივთის სახელი, სექტემბერში ყველას პირზე ეკეროს. ასეთი ყოვლისშემძლე ძალა აქვს რეკლამას.

მრავალი წვრილი ბიზნესმენი ცდება, როცა ფიქრობს რეკლამა დიდ დანახარჯებს მოითხოვსო. მათ იციან, რომ მსხვილი ფირმები რეკლამაში ყოველწლიურად 50 000 ფუნტს და მეტსაც ხარჯავენ და, ბუნებრივია, ამას ძალზე ძვირ ფუფუნებად მიიჩნევენ. ამ დროს შეიძელბა რეკლამისათვის დახარჯო სულ რაღაც 10 ფუნტი და მისი წყალობით გააკეთო ფული. ოღონდ ესაა, ამგვარი ხერხები მომგებიანია არა რეკლამის აგენტებისათვის, არამედ მცირე ბიზნესის პატრონისათვის.

ასე მაგალითად, 10 ფუნტად შეგიძლია გამოაქვეყნო განცხადება ყოველდღიურ გაზეთში, შეიძლება ეს `წვრილმანია", მაგრამ ლონდონის ჩრდილო ნაწილში მდებარე, ყველაზე დიდი უნივერმაღი წლების მანძილზე იყენებს ამგვარ `წვრილმანებს" და ორიგინალურად ავსებს უნივერმაღის უშველებელ სარეკლამო დაფებს, რაც 10 ფუნტზე მეტი არ უჯდება. ამგვარმა `წვრილმანებმა" დიდი ხანია დაამტკიცეს თავისი მაღალეფექტურობა.

10 ფუნტად შეიძლება წერილები დაუგზავნო მყიდველებს, რომლებსაც კრედიტი აქვთ თქვენს მაღაზიაში, მაგრამ რატომღაც მიავიწყდათ მისი არსებობა. ამ გზით მოსალოდნელია, ხუთიოდე მუშტარი მაინც დაიბრუნოთ. მაღაზიის მეპატრონეს, ვიტრინისათვის შეუძლია გააკეთოს მხიარული, თავის ქუჩაზე გამორჩეული სასაქონლო სარეკლამო დაფა და ეს არ დაუჯდება 10 ფუნტზე მეტი.

მცირე ბიზნესი, არამც და არამც, არ უნდა გაურბოდეს ხარჯებს, როცა საქმე რეკლამას ეხება. შეიძლება გაკეთდეს რამოდენიმე 10 ფუნტიანი ექსპერიმენტი. წარმატება მოგიტანთ საკუთარი თავის რწმენას, გულდაჯერებულობას, ასე რომ მომავალში შეგეძლებათ გარისკოთ და უფრო მეტიც დახარჯოთ.

მსხვილი ფირმა, რომელიც ადრე არაფერს არ ხარჯავდა რეკლამისათვის, სწორად მოიქცევა თუ ჩაატარებს 1000 ფუნტიან ექსპერიმენტს . ამ ფულით მას შეუძლია მოამზადოს ხუთი 200 ფუნტიანი განცხადება და დაიქირაოს რეკლამის კვალიფიციური სპეციალისტი. მიღებული შედეგი ფირმამ ყურადღებით უნდა შეისწავლოს. ყოველი ფირმა მოიკოჭლებს რეკლამის საკითხში. რატომ? უბრალოდ არ იცის, რომ დიდი წარმატება მეტწილად, რეკლამის წყალობით მოდის.

ადრე აფთიაქარები არაფერს ხარჯავდნენ რეკლამაზე იმიტომ, რომ არ სჯეროდათ მისი. ისინი ვიტრინებსაც კი არ აფორმებდნენ. ისხდენენ თავიანთ, სანახევროდ გამობნელებულ შენობებში და ელოდნენ მყიდველებს. ამიტომაც `უსაზღვრო იყო მათი მოლოდინი". ისინი თითს თითზე არ აკარებდნენ საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად. შედეგმა კი არ დააყოვნა და ამ ტიპის აფთიაქარები გადაშენდნენ, ისევე როგორც დინოზავრები და როგორც რეკლამა არ გამხდარა დინოზავრების გაქრობის მიზეზი, არც ძველი ყაიდის აფთიაქარები გადაჰყოლიან სარეკლამო ხარჯებს.

უცხო თვალისთვის რეკლამა ფულის უაზრო ფლანგვაა. სინამდვილეში კი, თუ იგი ხარისხიანად კეთდება, გასავალი და ხარჯი კი არა, შემოსავალი და შენაძენია, კაპიტალის სარფიანად დაბანდებაა. რეკლამა აყალიბებს კეთილმოსურნე დამოკიდებულებას ფირმის მიმართ, ამას კი ბაზარზე დიდი ფასი აქვს. სინამდვილესთან ახლოს არ არის ვარაუდი, რომ კარგად რეკლამირებული საქონელი, მის მწარმოებელ ფაბრიკაზე უფრო ძვირად შეიძლება გაიყიდოს?

ეფექტური რეკლამა ბიზნესისათვის იგივეა, რაც იოდი ადამიანის სხეულისათვის. ეს არის ელემენტი, რომელიც ახდენს შემახორცებელ ზემოქმედებას. ურეკლამოდ ბიზნესს განვითარება არ უწერია. უმისოდ არც მასობრივი გაყიდვა იარსებებს და არც მასობრივი წარმოება.

ახლა, რაც შეეხება ყბადაღებულ კითხვას _ ბოლოსდაბოლოს ვინ იხდის რეკლამისათვის? პასუხი ასეთია: იხდის უვიცი, უგერგილო რეკლამის მიმცემი და აგრეთვე, ის ვინც საერთოდ არ იყენებს რეკლამას. კარგი რეკლამა არაფერი უჯდება, არც რეკლამის დამკვეთს და არც რეკლამირებულ ფირმას. აი, კონკურენტები კი, ნამდვილად აგებენ. ეფექტურობისათვის, ყოველთვის არაეფექტურობა იხდის. ლატარიაში გამარჯვებულის პრიზს წაგებულები იხდიან, იგივე ხდება ისეთ თამაშშიც, როგორიცაა ბიზნესი.

ვინც დღეს საქონელსა და მომსახურებას ყიდის, მაქსიმალურად უნდა იყენებდეს პრესისა და ტელევიზიის შესაძლებლობებს. ოპტიმალურად ორგანიზებული სატელევიზიო რეკლამა, ეჭვგარეშეა, გაცილებით ეფექტურია, ბეჭდვითი საშუალებებით გაკეთებულ რეკლამაზე, თუმცა პირველი გაცილებით ძვირი ჯდება. სამაგიეროდ სატელევიზიო რეკლამას ასეულ ათასობითა და მილიონობით ადამიანი უყურებს.

მოვაჭრე დღენიადაგ უნდა ცდილობდეს, რაც შეიძლება უფრო მეტი და მრავალრიცხოვანი მყიდველის კეთილმოსურნე ყურადღება მიიქციოს. მას ესაჭიროება პოპულარობის მოხვეჭა. საამისოდ მან უნდა გამოიყენოს პრესა, რადიო-ტელევიზია, რათა თავისი სიტყვა თუ სათქმელი მისი პროდუქციის თითოეულ პოტენციურ მყიდველამდე მიიტანოს.

შეიძლება განცხადებების, ბუკლეტების, კატალოგების გამოყენება. ურიგო არ იქნება, სხვადასხვა შეტყობინებების დაგზავნა, საგანგებო გაყიდვების შესახებ. იგი უეჭველად მოიტანს მოგებას, თუკი კარგად და შინაარსიანად იქნება დაწერილ-შედგენილი. ახლა ისე ბევრია გონივრულად გაკეთებული სასაქონლო რეკლამა, რომ ნოქარის რჩევა-დარიგება, მყიდველს თითქმის არც ესაჭიროება.

ასევე აუცილებელია, რაიმე სანახაობრივი ელემენტის გამოყენება. ეს სასურველ ეფექტს იძლევა დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებშიც, სხვადასხვა ოინების გამოყენებას, ხშირად აგდებულად უყურებენ იმიტომ, რომ არ ესმით მისი მნიშვნელობა. თუკი ოინი ან რაიმე მარჯვე ხერხი გაღიზიანებას არ იწვევს, ის შეიძლება ძალიან მომგებიანი აღმოჩნდეს. ახალ ბიზნესს ხმაურიანი დასაწყისი უხდება. მაღაზიას ისეთი ფასადი უნდა ჰქონდეს, რომელიც ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან, ასი  იარდის მანძილზეც კი მიიქცევს გამვლელის ყურადღებას. ფასადი ნათელი ფერით _ თეთრი ან ყვითელი, წითელი ან ღია ყავისფერით უნდა იყოს შეღებილი და რაღაცით უნდა გამოირჩეოდეს სხხვა მაღაზიათა ფასადებისაგან. მას უნდა ჰქონდეს თანამედროვე ფირნიში. ათი წლის ფირნიშებს აღარავინ უყურებს.

ასევე აუცილებელია მიმზიდველი შეფუთვა. საქონელი კარგად იყიდება თუ მას, ხასხასა, თვალსაჩინო შეფუთვა აქვს. წიგნს უსათუოდ მიმზიდველი ყდა უნდა ჰქონდეს. ხალათი გამჭვირვალე პაკეტებში ჩავდოთ, ფირფიტები კი კაშკაშა კონვერტებში. დადასტურებულია, რომ მიმზიდველი, კოლორიტიანი შეფუთვა შესამჩნევად ზრდის პროდუქციის გასაღების მოცულობას.

დღეს ყველა მოწინავე მრეწველი იმას ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი საქონელი გაასაღოს. ამ მიზნით საქონელზე ხარისხის იარლიყს ამაგრებენ. ეს ხერხი ერთგვარი თავდაცვაა უვიცი გამყიდველისაგან და თან პროდუქციის ხარისხზეც მოგვითხრობს. იარლიყს თვითონ აქვს მყიდველთან დიალოგის გამართვის საშუალება და ამასთანავე საქონელს აიძულებს თვითონ ილაპარაკოს თავის თავზე. თვითგაყიდვის მთავარი იდეა იმაშია, რომ იგი მოვაჭრეების შნოსა და მარიფათზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ თვით საქონელს ან შეფუთვას მიეცეს ისეთი შესაბამისი აღწერა და სახე, რომელიც დადებით ზემოქმედებას მოახდენს მყიდველზე.

კარგა ხანია, ძალიან ბევრი სიახლე გამოჩნდა ვიტრინების გაფორმების ხელოვნებაში, მაგრამ მას ბევრი მოვაჭრე სათანადოდ ვერ აფასებს. სამწუხაროდ ყველას როდი სჯერა, რომ კარგად გაფორმებული ვიტრინა _ რეკლამა ყველაზე ეფექტური და იაფი ხერხია, მყიდველის დასაინტერესებლად.

მწარმოებლები არ ჩქარობენ დაეუფლონ ეტიკეტებისა და საფასარის გამოყენების ხელოვნებას. ისინი იოლი გზით მიდიან და მაღაზიაში არსებულ საქონელზე ინფორმაციას, მეტწილად ვიტრინებში აკრავენ განცხადებების სახით.

დღეს ყოველი მსხვილი მაღაზია, რაღაც შოუს დაემსგავსა. მათ როგორც შიდა, ისე გარე ვიტრინების მთელი გალერეა აქვთ. იქ, მყიდველების ყურადღებას, არა მარტო ფასდაკლებით გაყიდვების წყალობით იქცევენ, არამედ ეწყობა მოდების დემონსტრირება, მანეკენების აღლუმი, გამოფენები, საქონლის ჩვენებები, საშობაო წარმოდგენები და ა.შ. საერთო შეხედულებით, ყოველი მსხვილი მაღაზია უწყვეტად, გამუდმებით უნდა იწვევდეს საზოგადოების ინტერესს. იგი, გარკვეულწილად, თეატრებსა და კინოთეატრებსაც კი უნდა უწევდეს კონკურენციას.

ყოველწლიურ გამოფენებს, ანუ ძვირად ღირებულ შოუს ზოგიერთი სავაჭრო და სამრეწველო საწარმოებიც აწყობენ. იქ საქონელი ლამაზ სტენდებზეა გამოფენილი და რამდენადაც ეს შესაძლებელია, მისი ჩვენება ინსცენირებულია. გართობის ელემენტები, რომელმაც საქმიან სამყაროში მტკიცედ მოიკიდა ფეხი, ამგვარ გამოფენებზე, თავისი გამომგონებლობისა და ეფექტურობის კულმინაციას აღწევენ. ნებისმიერმა დიდმა თუ პატარა მოვაჭრემ, რომელსაც სურს, ფეხდაფეხ მიჰყვეს დროს, მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს საგამოფენო მეთოდები.

ეჭვს გარეშეა, თუ ბიზნესმენს სანახაობებისაკენ მიდრეკილება გააჩნია, ეს ძალზე დაეხმარება მის საქმიანობაში. მეტი შესაძლებლობა მიეცემა, რათა თავისი ბიზნესით დააინტერესოს საზოგადოება. ის იოლად შეეთვისება და მიუხვდება ადამიანების სურვილებსა და განწყობებს. ყოველმხრივ ეცდება, რომ საზოგადოება მის ბიზნესზე ალაპარაკდეს. დიდად იზრუნებს თავისი საქმის კეთილის მსურველთა ყურადღების შესანარჩუნებლად.

არამარტო თავად ბიზნესი უნდა იყოს მიმზიდველი, არამედ მისი მფლობელიც ისეთი ადამიანი უნდა იყოს, რომელიც კეთილ დამოკიდებულებას იმსახურებს. დადებითი რეპუტაცია ძვირად ფასობს. მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ თუ ადამიანი პირქუში, კუშტი და უმოწყალოა, მას არაფერი ესაქმება ბიზნესში. მართალია, მან შეიძლება მიაღწიოს წარმატებას, მაგრამ ეს წარმატება ძალიან ძვირი დაუჯდება, რადგანაც მუდმივად უდიდესი წინააღმდეგობების გზით მოუწევს სიარული.

ვინც არ უნდა იყოთ, ბიზნესში ისეთ მაღალღირებულ თვისებას უნდა ფლობდეთ, როგორიცაა: გულგახსნილობა, თანაზიარობა. ბიზნესმენს უნდა მოსწონდეს ადამიანები და ბიზნესმენი უნდა მოსწონდეთ ადამიანებს. ბიზნესი _ ეს მეგობრების შეძენის ხელოვნებაა. უთანხმოებანი, შეხლა-შემოხლა და ფორმალიზმი მინიმუმამდე უნდა შევამციროთ. საქმეში ყოველთვის პირადი კონტაქტები უნდა მონაწილეობდეს. კერძო ბიზნესში, დაუშვებელია სქმე ისე მიგყავდეს, როგორც საგარეო სამინისტროშია, ოფიციალური ნოტების გაგზავნ-გამოგზავნით. ბიზნესმენმა სახელმწიფო სამსახურში ძალიან ცოტა რამე თუ შეიძლება ისწავლოს, ისეთი რაც თავის საქმეში გამოადგება.

საქმიანი წერილებიც კი მეგობრული, გულღია და კეთილმოსურნეობის სულისკვეთებით უნდა იყოს აღსავსე. რატომაც არა?! სულაც არაა აუცილებელი საქმიანი წერილები ფორმალურ, სანახევროდ იურიდიულ ჟარგონზე შევადგინოთ. თუ კომერციული შინაარსის წერილში არის მეგობრული ელემენტი, თუ იგი შედგენილია სხარტი, ცოცხალი ენით, კეთილმოსურნე ყურადღების მისაპყრობად, მაშინ მათ ფირმის სასიკეთოდ ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლიათ. ადამიანთა ურთიერთობაში ნამდვილად არსებობს ისეთი მაგიური ცნება, როგორიცაა წერილის ძალა. ის წარმოადგენს ყველა მსხვილი ფირმის წარმატების მთავარ საწინდარს, რომლებიც კი, თავიანთ პროდუქციას საფოსტო შეკვეთების მეოხებით ასაღებენ.

ფაქტია, `პოპულარობისათვის შეჯიბრში" თავისდაუნებურად ნებისმიერი ბიზნესმენი მონაწილეობს. მის წინააღმდეგ გამოდის ყველა მისი კონკურენტი. თუ ადამიანი ამას მკაფიოდ გაიაზრებს, მაშინ გაიგებს თუ რაოდენ უდიდესი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვებას.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge