ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიაჰერბერტ ნ. კესონი - ბიზნესის წარმატების წესი N7: მოაწესრიგე შენი დრო

ჰერბერტ ნ. კესონი - ბიზნესის წარმატების წესი N7: მოაწესრიგე შენი დრო
 | რეიტინგი 3 

 

დროის მართვა - Time menegment

აუცილებელია მოაწესრიგო შენი დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში გელის გაკოტრება ან მხოლოდ მცირეოდენი, უმნიშვნელო წარმატება.
პატივმოყვარე ახალგაზრდებს სურთ იცოდნენ, თუ როგორ შეიძლება სწრაფად მიაღწიონ დიდ წარმატებებს. ერთ-ერთი პირობა ასეთია: `მოაწესრიგე შენი დრო. მოაწყე და მოაწესრიგე შენი საათები ისე, თითქოს ისინი დაქირავებული თანამშრომლები იყვნენ".
დრო _ ადამიანური ყოფა-ცხოვრების ფულია. ეს ნაღდი კაპიტალია. ადამიანმა დაკარგული დრო ისე უნდა ჩათვალოს, თითქოს 20 ფუნტიანი ბანკნოტი დაეწვას ცეცხლში. ამ არც თუ ისე იოლად გასატარებელ წესს, ყველამ უნდა მისდიოს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს მიაღწიოს უდიდეს შედეგებს.
ადამიანის დროის ფულადი ღირებულება, თავადვე მასზეა დამოკიდებული. ზოგის ერთი საათი შილინგი ღირს, მაშინ როდესაც სხვისი მთელი ოცი გინეა. საკუთარ თავზე მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, აამაღლო საკუთარი დროის ფულადი ღირებულება.
შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის კარიერა მაშინ იწყება, როცა ის იძენს დრო-ჟამის შეგრძნების უნარს და იწყებს სწრაფად და ეფექტურად გამოიყენოს თავისი დრო. ძირითადი მასა ვერასოდეს აღწევს ამას და თითოეული დროის მხოლოდ იმ მონაკვეთს განაგებს, რომელსაც იყენებს. სიბრძნე და წარმატება არ არის დამოკიდებული ასაკზე. 25 წლის ახალგაზრდა კაცმა შეიძლება გამოიყენოს მეტი დრო და უფრო ეფექტურად, ვიდრე სამოცდაათი წლის ხანდაზმულმა. კალენდარი ყველასათვის ერთია, მაგრამ ზოგი წელიწადში სამას დღეს იყენებს, ზოგიც _ ოცდაათს. წელიწადში ოცდაათ დღიანების სახელი-ლეგიონია. მართლაც, ჭეშმარიტებას წარმოადგენს, რომ ადამიანური მოდგმის უმეტესი ნაწილი, სრულიად არავითარ ძალისხმევას არ მიმართავს, რათა თავისი დრო ფასიანი, ღირებული გახადოს.
დროისათვის არ არსებობს არისტოკრატია. მეფეებისა და პრეზიდენტების განკარგულებაში მხოლოდ ოცდაოთხი საათია დღეღამეში. ქვეყნიერებაზე არ არსებობს იმაზე უფრო თანმიმდევრული დემოკრატია, ვიდრე შექმნა დრომ. მაგრამ მისი გამოყენების თვალსაზრისით არისტოკრატები ნამდვილად არსებობენ _ ესენი არიან უმაღლესი წრის წარმომადგენლები, რომლებიც ეფექტურად მოიხმარენ დროს. ძალიან ცოტამ იცის, თუ როგორ იცხოვროს დღე-ღამის, ყველა ოცდაოთხი საათის განმავლობაში. ესენი ის ადამიანები არიან, რომელბმაც შეიგნეს, რომ დრო ის მასალაა, რისგანაც ცხოვრებაა აგებული. ისინი თავის დროს სწორ ორგანიზაციას უკეთებენ და ვითარების მიხედვით იყენებენ კიდევაც.
როცა ადამიანი ფლობს დრო-ჟამის შეგრძნებას, ის თავის თავს თვითონვე აკონტროლებს, თვითონვე წარმართავს და იოლად ამარცხებს ინერტულობას _ ამ ქვეყნად ყველაზე ძნელად მოსარჩენ ავადმყოფობას. ახალგაზრდები ძალიან ხშირად ტყუვდებიან თავიანთ მომავალთან, ხოლო ხანდაზმულები წარსულთან დაკავშირებით. პირველები ოცნებებით ცხოვრობენ, მეორენი _ მოგონებებით. ზომიერების ფარგლებში ერთიც ძალზედ კარგია და მეორეც, მაგრამ მათ ზიანის მეტი არაფერი მოაქვთ, როცა ადამიანები თვითკმაყოფილებას ეძლევიან. საუკეთესოდ იყენებს თავის დროს ის, ვინც აწმყოთი ცხოვრობს.
ძველი ბერძნები და რომაელები კარგად იყენებდნენ თავის დროს, მაგრამ მათაც კი, დროის საზომად მხოლოდ მზის საათი და სხვა უხეში მოწყობილობანი გააჩნდათ და ცივილიზებულ ქვეყნებში მხოლოდ გასულ საუკუნეებში შემოვიდა კედლისა თუ მაჯის საათები საყოველთაო ხმარებაში.
დღეს, მისი უდიდებულესობა დრო, თითქმის ერთპიროვნულად მართავს მთელს საქმიან სამყაროს. დროის ფაქტორი ახლავს ყოველ გარიგებას და ჩვენ გამუდმებით ვკითხულობთ: `როდის?" რეაქტიული ძრავების ეპოქამ გვასწავლა წუთების დაფასება. თუ კომპანიას ხუთი ათასი მოსამსახურე ჰყავს და თითოეული მათგანი, თუნდაც თითო წუთს დაკარგავს უქმად, ეს მთლიანობაში ათი რვასაათიანი სამუშაო დღის დანაკარგს უდრის. ეს გარემოება კომპანიის დირექტორმა უთუოდ უნდა მიიღოს მხედველობაში.
ერთმა ელექტრონული ტრანსპროტის მსხვილი კომპანიის მეთაურმა თქვა: `რამდენიმე ხნის წინ, ერთ ფირმაში აღმოჩნდა, რომ ავტობუსის რეცხვაზე ერთი წუთით იმაზე მეტი იხარჯებოდა, ვიდრე საჭირო იყო. რა თქმა უნდა, ეს დანაკარგი აღმოიფრხვრა. ეჭვი მეპარება, რომ თქვენ ძალიან გაწუხებდეთ, ხარჯავს თუ არა თქვენი მძღოლი ერთი წუთით მეტს მანქანის რეცხვისას, მაგრამ ზემონახსენებ შემთხვევაში ყოველი ზედმეტი წუთი, კომპანიისათვის 170 ფუნტის დაკარგვას ნიშნავდა ყოველწლიურად. ამ თანხის საშოვნელად კი დაახლოებით 200 000 მგზავრის გადაყვანა იყო საჭირო, თანაც ამდენ მგზავრს ხომ უნდოდა მონახვა".
არის წვრილმან სამუშაოთა ზოგიერთი სახეობა, რომელიც მსხვილ კომპანიაში ყოველწლიურად მილიონჯერ მეორდება და ამ პროცესში დახარჯული წუთები, სამას საათზე მეტს შეადგენენ. დოღებსა და სხვა სპორტულ შეჯიბრებებზე კი დროს წამის მეათედებით ზომავენ.
რამდენადაც ბიზნესის ეფექტურად წარმოებისათვის, ერთ-ერთ წესს დროის მოკლე მონაკვეთების სრულად გამოყენება წარმოადგენს, ამდენად ყველა დიდ წარმოებაში წამსაზომით უნდა ვისარგებლოთ. ისინი უნდა გამოვიყენოთ ყველგან, სადაც ოპერაციები მეორდება. მაგრამ სწორედ მისი სიზუსტისა და შეუმცდარობის გამო წამზომი დაქირავებულებს არ უყვართ, ხოლო დამქირავებლები კი, სათანადოდ ვერ აფასებენ მას.
არსებობს მცდარი აზრი, თითქოსდა წამსაზომი მუშაკების დასაჩქარებლად და კიდევ იმისათვის გამოიყენება, რომ ნაკლები მივცეთ და, მეტი ვამუშაოთ. თითქმის ყოველთვის, როცა ფაბრიკაში, წამსაზომი გამოიყენება მას მუშები დიდი უნდობლობით ეპყრობიან, რადგანაც ამაში საკუთარი ინტერესების მუქარას ხედავენ. მაინც რას წარმოადგენს წამსაზომი, ჩვენს თემასთან შეფარდებაში? მისი გამოყენების ორი მთავარი მიზეზი არსებობს.
ესენია:
1. მეტწილ მსხვილ ფაბრიკა-ქარხნებში არსებობს ესა თუ ის ოპერაცია, რომელიც წელიწადში მილიონჯერ სრულდება.
2. როგორც წესი, მუშა რომელსაც ინსტრუქცია არ გაუვლია, სამუშაოს ძალზე ნელა და გაჭირვებით ასრულებს.
წამსაზომი კი, ამ შემთხვევაში, სწორედაც იმისათვისაა, რომ ფირმასაც მოუტანოს სარგებლობა და მუშაკსაც. ნებისმიერ, საღად მოაზროვნე მუშათა ორგანიზაცია თვითონ უნდა მოითხოვდეს წამსაზომის გამოყენებას წარმოებაში. მისი წყალობით შესაძლებელია შემცირდეს საწარმოო ხარჯები, გაიზარდოს ხელფასი და მთელი სამუშაო შესრულდეს შედარებით იოლად. რაც მთავარია, საამისოდ სრულიადაც არ არის აუცილებელი დავაჩქაროთ ჩვენი მუშაკები, ვაიძულოთ იმუშაონ მეტი. პირიქით, ვეხმარებით და ვასწავლით თუ როგორ იმუშაონ ნაყოფიერად. ვაჩვენებთ, თუ როგორ გააკეთონ ენერგიის მცირე დანახარჯებით მეტი, ამასთანავე ისე, რომ ნაკლები ჯაფა დაადგეთ და ნაკლებად დაიქანცონ.
თავის ნებაზე მიშვებული მუშები კი, გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავენ, ვიდრე საჭიროა. ისინი მუშაობენ არაქათის გამოცლამდე, რადგანაც ზედმეტ მოძრაობებს აკეთებენ და არ ფლობენ ხელით შრომის ტექნიკას. წამზომის დახმარებით, განმეორებითი ოპერაციებისათვის აუცილებელი დრო მცირდება 30,40,50%-ით. ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოსდა მუშებს `ვერეკებოდეთ". არა, ეს მათი დახმარებაცაა და ფირმისაც.
დროის მოკლე მონაკვეთი! თითოეული ბიზნესმენი, ქვეცნობიერად მაინც, არასოდეს არ უნდა ივიწყებდეს მას. ნახევარი საუკუნის წინათ, ბიზნესში დროის საზომი ერთეული, ჩვეულებრივ წელიწადი იყო. დღეს არსებობს ყოველთვიური, ყოველკვირეული და დღიური ანგარიშიც კი. არიან მოვაჭრეები, რომელთაც შეუძლიათ დილის ათ საათზე დაზუსტებით თქვან, თუ როგორი იყო მათი გაყიდვების მოცულობა წინა დღეს, განყოფილებების მიხედვით. ახალი იდეალი იმაშია, რომ ჩვენი მოქმედების, გადაწყვეტილებათა მიღებისა თუ ცოდნის შეძენის დრო წლების მიხედვით კი არა, დღეების მიხედვით ავაგოთ.
ნებისმიერმა, ვისაც საკუთარი დროის ორგანიზების უნარი გააჩნია, საგანგებო საათი და ადგილი უნდა გამოყოს მოფიქრებისა და დაგეგმვისათვის. საიმისოდ, რომ შენი ნება-სურვილით მართო საქმე, აუცილებელია, სხვისაგან დამოუკიდებლად შეასრულო შემოქმედებითი _ გონივრული სამუშაო. მრავალრიცხოვანმა თავყრილობებმა შეიძლება არჩეულ გზას აგვაცდინონ და გეზი შეგვაცვლევინონ. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ასეთი შეკრებები მეტწილად, კომპრომისით მთავრდება.
საჭიროა გვქონდეს ორი სამუშაო მაგიდა: ერთი ოფისში ყოველდღიური, რუტინული სამუშაოსათვის და მეორე ჩვენ თავთან დასარჩენად, მოსაფიქრებლად და დასაგეგმავად. არავის ძალუძს ბევრისა და თანაც რაიმე სახეიროს მოფიქრება, აწონ-დაწონა რუტინულ სამუშაო მაგიდაზე, გამუდმებული ხელისშემშლელი ჩარევებისა და ყოველდღიური საქმეების გამო. ყოველგვარი დაგეგმვები თუ მოსაზრებები მიეცემიან დავიწყებას, თუკი მათ დასამუშავებლად საგანგებო დრო და ადგილი არ იქნება გამოყოფილი.
ასევე მეტად სასარგებლო წესია, თუ გარკვეული სამუშაოსათვის გვექნება მკაცრად განსაზღვრული დრო, რომ იგი უქმად არ დაიკარგოს. უნდა შეგვეძლოს ვთქვათ: `მე ამ სამუშაოს ორ საათში გავაკეთებ". თუმცა შეიძლება იჩქარო და ისე გამოიყენო შენი დრო, რომ იგი უქმად არ დაიკარგოს. პროფესიონალ მწერალს, მაგალითად, წესად აქვს დღეში სამოცდაათი სიტყვის დაწერა.
ფაბრიკაში ყველაზე მთავარი მანქანის სამუშაო დროის გაზრდაა, მისი ზუსტად გაგება კი, მრიცხველების დახმარებით შეიძლება, რომელიც დღეს ესოდენ ფართოდ გამოიყენება. ადამიანი, რომელიც მანქანას ემსახურება, დაახლოებით რვა საათს მუშაობს, მანქანა კი დროის იმავე მონაკვეთში მხოლოდ ექვს საათს, ამდენად მოწყობილობა _ დანადგარებისაგან მაქსიმალურ ეფექტს მხოლოდ სამცვლიანი სისტემით მივაღწევთ.
ბიზნესში გასაღებაც კი, დროის თვალსაზრისით, ორგანიზებას და მოწესრიგებას მოითხოვს. დადგენილია, რომ საშუალოდ კომერციული აგენტი დღეში ორი საათი ყიდის პროდუქციას. დნარჩენი დრო კი აქეთ-იქით სიარულსა და ლოდინში იხარჯება. ასევე დადგენილია, რომ შეიძლება გაყიდვების დრო გავზარდოთ, თუკი დღიურ სამუშაოს დაგეგმვას შემოვიღებთ.
ჩატარდა იმის გამოკვლევა, თუ როგორ უკეთებდა ორგანიზებას საკუთარ დროს კომერციული დირექტორი. შედეგად დადგინდა თუ როგორ იხარჯებოდა მისი დრო: სამუშაოს დაგეგმვაზე _ 40%, კომერციულ აგენტებთან მეთვალყურეობაზე _ 28%, კომერციული აგენტების თანხლებაზე _ 14%, კლიენტებთან საქმიან შეხვედრებზე _ 8%, დამოუკიდებელ გაყიდვებზე _ 4%, სხვადასხვაზე _ 6%. დაგეგმვაზე გამოყოფილი ორმოცი პროცენტიდან, რვა _ კომერციული აგენტების მომზადებაზე იხარჯება, ხოლო ათი _ რეკლამაზე. ამ მონაცემების თანახმად, საშუალო დონის კომერციული დირექტორი, თავისი დროის ნახევარს ოფისში ატარებს და მეორე ნახევარს კი _ კომერციულ აგენტებსა და მყიდველებს შორის.
ბიზნესის აქსიომაა, _ `დროის ხარჯი ზრდის დანახარჯებს". საგანი მით მეტი ღირს, რაც მეტ დროს მოითხოვს მისი დამზადება. თუ მოვაჭრეს ერთი წელი უწყვია და მხოლოდ ამის შემდეგ ყიდის საქონელს, იგი ბევრად ნაკლებს იგებს, ვიდრე ერთ კვირაში რომ გაეყიდა. თუ კაცი სესხად 24 000 ფუნტს იღებს 5%-ად ერთი დღით ადრე, ვიდრე საჭიროა, იგი 4 ფუნტს კარგავს და ასე შემდეგ. კომერციაში დროის ფაქტორის ზემოქმედებას ვერ გაექცევი.
მას შემდეგ, რაც კედლისა და მაჯის საათები გამოიგონეს, გაჩნდა ახალი ღირებულება _ პუნქტუალურობა, ზედმიწევნილობა. ეს ყველაზე დიდი ღირებულებაა, როგორც ბიზნესში, ისე საზოგადოებრივ ყოფა-ცხოვრებაში. ერთხელ ბატონ ს. რენგელბახს ვკითხე: _ გაქვთ თუ არა რაიმე, განსაკუთრებული წესი ან სახელმძღვანელო პირნციპი-მეთქი. (სწორედ მან მიიყვანა ერთ-ერთი ინგლისური საავტომობილო ქარხანა უმაღლესი ხარისხის ეფექტურობამდე). ჩემდა გასაკვირად, მან მიპასუხა: `უნდა იყო პუნქტუალური".
ადამიანებს, რომლებიც ერთთავად სულ იგვიანებენ, არაფერი ესაქმებათ საქმიან სამყაროში. ისინი უსიამოვნებას აყენებენ თავის თავსაც და სხვასაც და არაზედმიწევნილობის გამო უპიროებად ითვლებიან. მათ რაღაც გადახრები აქვთ ფსიქიკაში, ამიტომ არასოდეს არაფერს არ იწყებენ დროულად. საჭირო ადგილას ყოველთვის დაგვიანებით გამოჩნდებიან.
ვალის პუნქტუალურად გადახდა და მიწოდების ვალდებულების დროული შესრულება, საქმიან ცხოვრებაში პრინციპული საკითხებია. ისინი წარმოადგენენ ჭეშმარიტების პრაქტიკულ განხორციელებას. უნდა იყო შენი სიტყვის პატრონი, თუ გინდა რომ ბიზნესსა და საფინანსო სფეროში კარგი სახელი გქონდეს. ეს თქვენ საიმედობის მარკას განიჭებთ. ბრძოლას ის იგებს და წარმატებაც სწორედ მისი თანამგზავრია, ვინც არ იგვიანებს და თავის საქმეს დროულად იწყებს. ბევრ დამარცხებულზე ითქვა: `მან დაიგვიანაო". წააგეს იმიტომ, რომ საკუთარ დროს, სათანადო ორგანიზაცია არ გაუკეთეს.
ნათქვამი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი აუცილებლად ისეთი უნდა იყოს ამერიკელები `მიმწოლს" რომ ეძახიან. ადამიანი წინასწარ უნდა ჭვრეტდეს საკუთარი დროის გამოყენების საჭიროებას _ წინდაწინ გეგმავდეს მას და არ უნდა დაუშვას, რომ ყოველდღიური საქმეები არღვევდნენ დაგეგმილ გრაფიკს. ასეთი წინასწარხედვა ადამიანს შესაძლოა აზროვნების ჩვევად ექცეს, რაც ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს პრაქტიკულ საქმიანობაში. რატომაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს ისეთივე განრიგი, როგორიც აქვს, ვთქვათ, იგივე რკინიგზას?
კაცის ცხოვრება, თვით ყველაზე გრძელიც კი, ძალზე ხანმოკლეა. იგი რამოდენიმე ათეული წლისაგან შედგება. არც ერთმა ადამიანმა არ იცის, თუ როდის ჩაქრება მისი სიცოცხლის სანთელი. სწორედ ამან უნდა აიძულოს იგი, გამოიყენოს ყოველი ფასდაუდებელი დღე, ისე როგორც საჭიროა. არის იმის ნათელი მაგალითები, თუ როგორი მიღწევები მოიპოვეს დიდმა ადამიანებმა თავიანთი, ზოგჯერ მეტად ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე.
ამგვარად, ამ თავს იმავე ფრაზით დავამთავრებ, რითაც დავიწყე: დრო _ ადამიანური ყოფა-ცხოვრების ფულია. იგი ნაღდი კაპიტალია. ადამიანმა დრო ისევე უნდა შეაფასოს, როგორც ფული და ისეთი გამოზოგვით ხარჯოს, თითქოს თითოეული დღის უქმად დაკარგვით ოც ფუნტიან ბანკნოტს წვავდეს ცეცხლში. ამ, არც თუ ისე იოლად დასაცავ წესს, უნდა მისდიოს ნებისმიერმა, ვისაც სურს მიაღწიოს უდიდეს შედეგებს.

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge