ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიაჰერბერტ ნ. კესონი - ბიზნესის წარმატების წესი N9: დაეუფლეთ სპეციალურ ცოდნას

ჰერბერტ ნ. კესონი - ბიზნესის წარმატების წესი N9: დაეუფლეთ სპეციალურ ცოდნას
 | რეიტინგი 3 


საჭიროა დაეუფლოთ სპეციალურ ცოდნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, .მთელი ცხოვრება რიგით მოსამსახურედ დარჩებით
მათთვის ვინც ცოტ-ცოტა ყველაფერი იცის, მაგრამ სინამდვილეში არაფერი, ბიზნესში მეტად მოკრძალებული ადგილია გამოყოფილი. დღეს, ისე ბევრი რამ უნდა იცოდეთ ვაჭრობისა და მრეწეველეობის თითოეული სახეობის შესახებ, რომ ყოვლისმომცველი ცოდნის შეძენა შეუძლებელი გახდა. ისე, რა თქმა უნდა, ბიზნესში რაც მეტი იცით, მით უკეთესია, მაგრამ გარკვეული სპეციალიზაცია, მაინც აუცილებელია. მთელი გულისყური უნდა მიაპყრო შენს სამუშაოს და ეცადო სრულყოფილად დაეუფლო მას.
როგორ დავეუფლოთ სპეციალურ ცოდნას ამა თუ იმ სფეროში? უნდა ვისწავლოთ ლიდერებისაგან, რამეთუ ყოველი ცოდნის ფასი მის წყაროზეა დამოკიდებული. ვინც რამე-რუმეს თავისი სამსახურის ამხანაგებისაგან `სწავლობს", ძალზე ცოტას ისწავლის და თანაც რასაც შეითვისებს იმის უმეტესი წილი, სწავლადაც არ ღირს.
როგორც გოლფსა თუ ჩოგბურთში დამწყებმა, ჩემპიონებისაგან უნდა ისწავლოს, ზუსტად ასევე, ახალბედამ ბიზნესში იმათგან უნდა ისწავლოს, ვინც ლიდერები გახდნენ ვაჭრობასა თუ წარმოებაში. ამ ადამიანთა დიდი უმეტესობა კითხულობს ლექციებს, წერს წიგნებს, ხოლო მწერლობაში გაწაფულები აქვეყნებენ თავის მეთოდებსა და იდეებს. ასე რომ, ბიზნესში არ არსებობს `საიდუმლო იარაღი".
თითქმის ყოველი, ნებისმიერი მასშტაბის საქმიანობა, დღეს პროფესიად იქცა. ამიტომ ვაჭრობისა თუ მრეწველობის ყოველ სახეობაში არსებობს დიდოსტატობის მწვერვალი. აიღეთ ნებისმიერი სამუშაო და დაინახავთ, რომ თითოეულ კონკრეტულ ქვეყანაში არიან პროფესიონალები, ვინც ამას უმაღლეს დონეზე ასრულებს. ასეთი იშვიათი ადამიანებისაგან მოდის ის, რასაც ჩვენ, ჩვეულებრივ, სპეციალურ ცოდნას ვუწოდებთ.
დღეს დიდძალი ლიტერატურა არსებობს ბიზნესზე. ასე არ იყო ასი წლის წინათ და ნებისმიერი, ვინც ამ წიგნებს უგულვებელყოფს, უბრალოდ უჭკუაო. დღეს საინჟინრო ხელოვნებასა თუ ვაჭრობაზე, იმდენივე წიგნია დაწერილი, რამდენიც იგივე ქიმიასა და ასტრონომიაზე. დღეს წარმოუდგენელია ვაჭრობისა და მრეწველობის დარგი, რომელზედაც ლიტერატურა არ არსებობდეს.
ინგლისში შეინიშნება ბავშვური ანტიპატია ექსპერტების მიმართ. ეს მოდის ჩვენი უნვივერსიტეტებიდან და სახელმწიფო სამსახურებიდან. რამაც განაპირობა ის, რომ სპეციალურ ცოდნას სათანადოდ ვერ ვაფასებდით და ძალზე სერიოზული სიძნელეები გვექმნებოდა, მაგრამ ახლა ნელ-ნელა გამოვდივართ ამ მდგომარეობდან. ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ უფრო და უფრო მეტად გამოვიყენოთ ექსპერტები ბიზნესში, მაგრამ არც ერთ ფირმას არ შეუძლია იყოლიოს ძალზე ბევრი ექსპერტი. არცაა აუცილებელი. იდეალურად დაყენებულ ბიზნესში, ყოველი მისი მონაწილე, ეჭვგარეშეა, თავადაა საქმის მცოდნე და ექსპერტი. საქმეში ჩახედულ, გათვითცნობიერებულ მმართველ დირექტორს დღეს ჰყავს სპციალისტი ვინც მას მართვის საკითხებში რჩევა-დარიგებით დაეხმარება. მას ვისაც არ უჭირავს მაღალი მდგომარეობა, შეუძლებელია ჰყავდეს სპეციალისტების შტატი, სამაგიეროდ თავისუფლად შეუძლია, ისარგებლოს მათი დაწერილი წიგნებით.
მთავარი მიზეზი იმისა, რომ საქმიან სამყაროში ასე ცოტა იძენს საგანგებო ცოდნას, იმაშია რომ ბიზნესში არ არის სავალდებულო სწავლების ერთიანი სისტემები, როგორც ეს სხვა პროფესიის წარმოამადგენელთა მომზადების პროცესშია. ვერავინ გახდება ვექილი, ექიმი ან არქიტექტორი სწავლების ხანგრძლივი კურსის გაუვლელად. ამას ოთხიდან რვა წლამდე ესაჭიროება, ხოლო მოვაჭრეს ან მრეწველს თავისი ბიზნესი შეუძლია წინასწარი სწავლების გარეშე დაიწყოს. ამიტომაცაა, ვაჭრობასა და მრეწველობაში წარმატება ესოდენ იშვიათი, რომ საქმიანი ადამიანების ძირითად მასას, უძნელდება სწავლა და რჩებიან `უვიცებად". სწავლობენ მხოლოდ იმას, რაც აუცილებელია, სწავლობენ მხოლოდ იმათგან ვინც მათთვის ავტორიტეტია. უნდა ვაღიაროთ, რომ სასშუალო ადამიანი არ ფლობს შინაგან ძალას, რომელიც მას აიძულებს იმოძრაოს წინ. მას სჭირდება ბიძგის მიმცემი.
ეფექტიანობის იდეებისა და მეთოდების გამოკვლევა ამტკიცებს, რომ კომერციულ და სამრეწველო სამყაროში დასაქმებულთა მეტი წილი, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, არაპროფესიონალებად რჩებიან სწორედ იმ სფეროში, რომელიც მათი ბიზნესის საგანს წარმოადგენს. არაპროფესიოანლი _ ეს ისაა, ვისაც არ ჰყოფნის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული ოსტატობა თავისი სამუშაოს ეფექტიანად შესასრულებლად.
არაპროფესიონალებს ვერ ნახავთ მაღალი კლასის სპეციალისტებს შორის, რადგანაც თითოეული მათგანი, წლების განმავლობაში, დღენიადაგ იღებდა საქმიანობისათვის საჭირო ჩვევებსა და ცოდნას. მაგრამ საქმიან სამყაროში, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ცოდნას წლობით ეუფლებოდა, ძალიან ცოტაა და ძირითადი მასის განსწავლულობის დონე მდარე და უფერულია. ყველა ისინი მუშაობას იწყებდნენ ისე, რომ არაფერი არ იცოდნენ ან ფლობდნენ უმნიშვნელო ცოდნას და თანამშრომლებისაგან მიღებული ნაწყვეტ-ნაწყვეტი ცნობებით იფარგლებოდნენ. ტომი სწავლობდა ბილისაგან, ბილი _ ჯოსაგან, ჯო _ ბობისაგან. ხოლო ყველაფერი ის რაც ამ უკანასკნელმა იცოდა შეიძლებოდა ერთ ღია ბარათზე დატეულიყო.
ვაჭრობისა და მრეწეველობის არც ერთ დარგში, იმათთვის ვინც იქ ბიზნესის გასაკეთებლად მიდის, არ არსებობს სწავლების ისეთი სტანდარტული სისტემა, რომელიც სავალდებულო და ყველასათვის ერთნაირად გამოსადეგი იყოს. არაპროფესიონალმა შეიძლება დაიწყოს მუშაობა ვაჭრობისა თუ მრეწველობის ნებისმიერ დარგში, ოღონდ ისწავლის რამეს თუ არა, ეს მთლიანად მის პირად სურვილსა და მონდომებაზეა დამოკიდებული. თუ ისწავლის, ხომ კარგი მისთვის, არ ისწავლის და დარჩება მთელი ცხოვრება, არაპროფესიონალ `უვიცად".
არსებობს რამდენიმე პროგრესული ფირმა, ალბათ, ათიდან ერთი, რომელთაც სწავლების სისტემა გააჩნიათ. არიან ფირმები, რომლებიც სათანადოდ აფასებენ ეფექტიანობას და ამიტომაც მწვერვალებივით არიან ამოზიდული, ვაჭრობისა თუ წარმოების, თავ-თავიანთ დარგებში.
დაქირავებული მუშა-ხელის ძირითადი მასა მხოლოდ იძულებით სწავლობს. ისინი მხოლოდ იმ ადამიანებისაგან სწავლობენ, რომელთაც მათი დათხოვნა შეუძლია. ხოლო ეს უკანასკნელი შეიძლება ფლობდეს, შეიძლება კი სულაც არ ფლობდეს სათაანდო ცოდნასა და გამოცდილებას. ბიზნესის უმაღლეს სფეროებშიც ისევე შესაძლებელია მოხვდნენ უვიცები და არაკომპეტენტურები, როგორც მათ საამქროებსა თუ ოფისებში, მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი ისეთი რამ, რაც ხელმძღვანელება აუცილებლად უნდა იცოდნენ და სამწუხაროა რომ არ იციან.
არსებობს მართვისა და საფინანსო მოღვაწეობის წესები, რომლებიც ყოველმა მმართველმა დირექტორმა უნდა იცოდეს. რეალურად კი, შეიძლება იცის, შეიძლება არა. თავგამოდებით ვერავინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ დამქირავებელთა უმეტესობა სათანადოდ ერკვეოდეს დაქირავების წვრილმანებში, ასევე საეჭვოა იცოდეს, თუ როგორ იგდოს ხელთ იმ ადამიანების კუნთების მთელი ენერგია, თავიც და სულიც, რომელთაც იგი ხელფასს აძლევს.
კაცთა მოდგმის ძირითადი მასა, რომელიც დაკავებულია ბიზნესით, ვაჭრობასა თუ წარმოებაში იძენს უმნიშვნელო ცოდნასა და ჩვევებს, შემდეგ კი სწავლას თავს ანებებს. ცხადია, ისინი ვერასოდეს გახდებიან პროფესიონალები და ვერც ოსტატობის უმაღლეს მწვერვალებს დაიპყრობენ როდესმე.
ადამიანები თავიანთი საქმიანობის პროცესში ბევრს ვერაფერს სწავლობენ, უბრალოდ ჰგონიათ რომ სწავლობენ, და მათ შორის ვინც საუკეთესო მაჩვენებლებს აღწევს, ძალიან ცოტაა თვითნასწავლი. ქალმა თავისი გამოცდილების შესახებ შეიძლება ორმოცი წელიწადი ილაპარაკოს და, ყოველდღიურად, მაინც უხეირო ყავა მოადუღოს. ასევე სამუშაოთა მიმცემმა, შეიძლება წლიდან წლამდე იწვალოს თავის მუშაკებთან და მაინც ვერ ისწავლოს, თუ როგორ უნდა მოექცეს მათ.
ჩვენს ეპოქაში კანონზომიერია დაისვას ასეთი კითხვა: `როგორია გამოცდილების ფასი?" მხოლოდ ჩვენს შორის ყველაზე ბრძენს, შეუძლია გაიგოს თუ რა ბევრია ხელახლა, თავიდან სასწავლი. ეს დარიგება უფროს თაობაში შოკს იწვევს, თუმცა ხშირად ვაღიარებთ, რომ გამოცდილება არ გვყოფნის, რათა სადღეისო პრობლემებს თავი გავართვათ. ბევრ ჩვენთაგანს, ახლა იმის კეთება გვიწევს, რაც ადრე არასოდეს გვიკეთებია და ამიტომ ჩვენი ბიზნესი უკვე საათივით ვეღარ მუშაობს.
მას, ვისაც სწავლის უნარი აქვს, თანამედროვე სიძნელეები და წარუმატებლობანი ვერ დააბნევს. მან საკმარისად იცის საიმისოდ, რომ წიგნებიდან ისწავლოს ან გამოიყენოს სხვათა გამოცდილება. იგი აკვირდება, სწავლობს, აგროვებს და აანალიზებს ფაქტებს, იღებს გადაწყვეტილებებსა და მიიწევს წინ. არაპროგრესულად მოაზროვნე, ჩამორჩენილი ადამიანები კი, რომელთაც სწავლის უნარი არ შესწევთ, გამუდმებით ეჯახებიან გადაუჭრელ პრობლემებს. უბრალოდ არ იციან რა გააკეთონ, მათთვის ჩვეული გარემო დარღვეულია და როგორც გემზე, შტორმში პირველად მოხვედრილები, ისე გრძნობენ თავს. ეს კი, ყველამ არ იცის რას ნიშნავს.
თუ ადამიანი იმ ზომამდე მივიდა, რომ დამოუკიდებლად ფიქრის უკვე აღარ ძალუძს, მაშინ უნდა მოიხმოს ის, ვინც მის მაგივრად იფიქრებს. მმართველმა დირექტორმა, რომელიც მძიმედ აზროვნეს, ამასთანავე, მოკლებულია საზრიანობასა და გონების სისხარტეს, უნდა დაიქირაოს კომპეტენტური თანაშემწე. საქმე იმაშია, რომ ჩვენს დროში, შეუძლებელია ბიზნესი მხოლოდ მეხსიერების დახმარებით მართო, ამიტომ საჭიროა გამოიყენო შემოქმედებითი აზროვნება ან მოუხმო დასახმარებლად აქტიურად მოაზროვნე ადამიანს.
ერთხელ ბიზნესმენმა, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ორმოცდაათს მიტანებული, მითხრა: `ვშიშობ, რომ ჩემი სწავლის დრო, უკვე წავიდა". ეს მან ერთგვარი სიამაყითაც კი წარმოსთქვა, რადგანაც თავისი თავი დასრულებულ პროდუქტად ჩათვალა. სწორედ ამაში იყო მისი შეცდომაც, ვინაიდან არავინ არ ამთავრებს თავის განვითარებას ვიდრე ცოცხალია. თუმცა ჩვენი განვითარება, შეიძლება სიკვდილითაც არ დამთავრდეს.
დღეს თითოეული ბიზნესმენისათვის სწავლის დრო დადგა. კითხვის, შეკითხვის, დაკვირვების, ახალგაზრდა თაობასთან კავშირის დამყარების და მათთან საერთო ენის გამონახვის დრო. ჩვენს ცხოვრებაში უკვე მოხდა უდიდესი ცვლილებები და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტია მოსალოდნელი. წარსული ჩვენს თვალწინ ინგრევა და ამიტომ უნდა განვსაზღვროთ თუ რამდენად ღირებულია ძველი გამოცდილება და ვემზადოთ იმისათვის, რაც ხვალ გველოდება.
მომავალშიც იქნებიან ბიზნესის შემოქმედნი, ყოველთვის იქნებიან ისეთები, რომელთაც ექნებათ დაუცხრომელი სწრაფვა უმაღლესი მწვერვალებისაკენ და მათ აუცილებლად ექნებათ ახალ პიროვნებებთან შეგუების უნარი, ამიტომ სწორედ ისინი შეძლებენ სწრაფად დაეუფლონ ახალ იდეებსა და მუშაობის ახალ მეთოდებს. მოხდება ისე, როგორც ოდითგან ხდებოდა: გადარჩებიან `ყველაზე შემგუებლები". შეგიძლიათ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, გაიმარჯვებენ ისინი, რომლებიც ახლა სწავლობენ და ორიოდე ათეულ წელიწადში, დადგებიან ჩვენი ვაჭრობისა და მრეწველობის საჭესთან.
თუ ბიზნესმენი თვლის, რომ ძალიან მძიმე სამუშაო აქვს და სახლში მუდამდღე ქანცგაწყვეტილი მიდის, ეს ნიშნავს, რომ მას არ ჰყოფნის ცოდნა და გამოცდილება. ბევრია ისეთი, ვინც დიდი თუ მცირე საქმეებით თავს იძაბუნებს, რადგანაც არ იცის ის, რაც უნდა იცოდეს.
მაგალითად, მმართველი დირექტორი, შეიძლება რეანიმაციაში მოხვდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მან თავის დროზე არ ისწავლა საქმის ორგანიზაციის წესები. ამ დროს თავის განკარგულებაში ხუთასი ადამიანი ჰყავს, მაგრამ არ იცის, თავისი სამუშაოს ნაწილი როგორ გააკეთებინოს ხელქვეითებს. გამყიდველი, შესაძლებელია, ყოველდღე მიდიოდეს სასოწარკვეთამდე, იმიტომ რომ მას არ ასწავლეს, თუ როგორ მოექცეს მყიდველს და ამიტომ მათთან ყოველდღე კონფლიქტი აქვს. შესაძლოა, იგი სულაც არ შეესაბამებოდეს გამყიდველის სამუშაოს და მისი ადგილი მხოლოდ ფაბრიკაში იყოს, რადგანაც დახლთან დგომაც უჭირს და თან არ იცის, როგორ გაართვას თავი მოვალეობას. კომერციული აგენტი შეიძლება თითქმის ყოველ საღამოს სასტუმროში გადაქანცული და დათრგუნული დაბრუნდეს, იმიტომ რომ მთელი დღის განმავლობაში იმდენჯერ უთხრეს უარი, რომ აღარაფერი უნდა ქვეყანაზე. გასაკვირი არაფერია. მას წარმოდგენაც კი არა აქვს გასაღების ხელოვნებაზე და არ იცის, როგორ დაიწყოს და როგორ დაამთავროს საუბარი. არც ერთი და არც მეორე მისთვის არავის უსწავლებია. აი, რატომ ანადგურებს მას თავისი სამუშაო.
რაც მეტი გვეცოდინება, მით უფრო გაიოლდება ჩვენი სამუშაო. თუ ეს გასაგებად ავუხსენით სამუშაოთა მიმცემებს, ისინი დიდი სიამოვნებით მოჰკიდებენ ხელს პერსონალის მომზადებას. თუ ადამიანის სამუშაო მის შესაძლებლობებს აღემატება, ცხადია, მთელი ძალების დახარჯვა მოუწევს მის შესასრულებლად. თითოეულს უნდა ახსოვდეს, როცა აკეთებ იმას, რაც ძნელია, ყოველთვის გაჩნდება კითხვა: `მე რომ თუნდაც 10%-ით მეტი ცოდნა მქონდეს, მოცემულ ამოცანას ხომ უფრო იოლად დავძლევდი?"
ხდება ისიც, რომ დიდი უნარის მქონე ადამიანი უმნიშვნელო სამუშაოთია დაკავებული, რაც შესაძლებლობების არარაციონალურად გამოყენებას ნიშანვს. თუმცა ხშირად პირიქით ხდება და შედარებით მოკრძალებული შესაძლებლობების ადამიანი, ხელს ჰკიდებს მნიშვნელოვან, დიდ სამუშაოს და სათანადოდ ვერ ართმევს თავს, იმიტომ რომ მას არ ჰყოფნის ცოდნა და გამოცდილება.
თითქმის ყოველთვის, როგორც წესი, როცა ადამიანი გრძნობს, რომ მას სამუშაო ძალზე ღლის და ქანცს აცლის, ეს ნიშნავს, რომ მან უნდა ისწავლოს კიდევ ცოტა მეტი. ეფექტიანობა გვასწავლის, რომ ყოველთვის არსებობს სამუშაოს კარგად, იოლად და სწრაფად შესრულების ხერხი და ყოველთვის არის ადამიანი, წიგნი და სწავლების კურსი, რათა მიიღოთ აუცილებელი ცოდნა და ისწავლოთ თუ რა გზით შეასრულოთ სამუშაო უფრო ეფექტიანად.
ცოდნა შეიძლება მალე შეიძინოთ, დაოსტატება კი დროს მოითხოვს. გოლფის ან ბილიარდის თამაშის წესებს ძალიან მალე შეისწავლი, მაგრამ უამრავჯერ უნდა ითამაშო, ვიდრე დაოსტატდებოდე. ოღონდ, ჯერ მაინც, ცოდნას უნდა დაეუფლო, რადგანაც მის გარეშე ოსტატობა არ არსებობს. ფერმერი შეიძლება ფუტკარივით შრომისმოყვარე იყოს, მაგრამ თუ მან სათანადოდ არ შეისწავლა საქმე, იგი მიწიდან დიდ სარგებელს ვერ მიიღებს.
ჯერ კიდევ, ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ამბობს: `წიგნიერი ცოდნა ჩემთვის უსარგებლოა. მე მუშაობას შრომით, საკუთარი გამოცდილებით ვსწავლობ". მათ არასოდეს არ გაუგიათ, რომ საჭირო პრაქტიკული ჩვევები მოდის ცოდნით. ეს იცის ყველა პროფესიონალმა, ყველა სპეციალისტმა. იცის ნებისმიერმა დანტისტმა თუ არქიტექტორმა, მაგრამ საქმიანი ადამიანები დაყოვნებით, ზანტად მოიაზრებენ, რომ ბიზნესის საკეთებლად ცოდნა ისეთივე აუცილებელია, როგორც ნებისმიერი სპეციალური სამუშაოს შესასრულებლად.
მაგალითად, ადამიანი ხსნის პატარა მაღაზიას ისე, რომ ვაჭრობის არაფერი გაეგება. მას იმედი აქვს, რომ საჭირო ჩვევებს საქმის გაძღოლისდა კვალობაზე შეიძენს. რეალურად კი, მხოლოდ იმას იგებს, თუ რა არ უნდა აკეთოს. ბიზნესს აქვს საკუთარი კანონები და ძალიან ცოტა შანსია იმისა, რომ ადამიანი პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით შეძლებს ამ კანონების გაგებას.
მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელმა მუსიკოსებმა შეძლეს ესწავლათ პიანინოზე დაკვრა დამოუკიდებლად, კლავიშებზე თითების უაზრო ბრაგუნით. დანარჩენებმა პედაგოგების დახმარებით ისწავლეს ეს საქმე. ეს მაგალითი ისევე მისაღებია ბიზნესისათვის, როგორც მუსიკისათვის, მაგრამ აქამდე ამ ფაქტმა ვერ მოიპოვა საყოველთაოდ აღიარება. ჯერ ცოდნა, შემდეგ გაწაფულობა და უნარი. ის დიდი ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ძალისხმევის წყალობით ბიზნესში დიდ სიმაღლეებს მიაღწიეს, არასოდეს არ უგულვებელყოფდნენ საგანგებო ცოდნას.
როცა ენდრიუ კარნეგი ამერიკის `ფოლადის მეფე" გახდა, ერთმა ინგლისელმა რედაქტორმა სთხოვა დაეწერა სტატია `ბიზნესის ორგანიზაციის" შესახებ. `კეთილი, _ მიუგო კარნეგიმ, _ შემიძლია დავწერო სტატია ამ თემაზე, მაგრამ ძალიან ძვირი დაგიჯდებათო", `ამაზე ნუ იდარდებთ", _ მიუგო გახარებულმა რედაქტორმა, _ `დაასახელეთ თქვენი ფასი, ბატონო კარნეგი". `კეთილი, _ მიუგო კარნეგიმ, _ მე არ შემიძლია ჩემი ცოდნა, იმაზე იაფად მოგცეთ, ვიდრე თვითონ დამიჯდა, ხომ სწორია? სავარაუდოდ, დავასახელებ მილიონ ფუნტს, რაც მერწმუნეთ, ბევრად ნაკლებია ნამდვილ ღირებულებაზე".
საუკუნის წინ მიჩნევდნენ, რომ ბიზნესი ღრმა შესწავლასა თუ გამოკვლევას არ მოითხოვდა და ეგონათ რომ, იგი შედგებოდა მხოლოდ პროდუქციის წარმოებისა და გასაღებისაგან. ადამიანები თვლიდნენ, რომ ამ მოღვაწეობას არაფერი საერთო არ შეიძლებოდა ჰქონოდა `სწავლულ" პროფესიებთან. მიაჩნდათ, რომ ეს მოღვაწეობა სულ რამდენიმე ელემენტისაგან შედგებოდა და მისი დაუფლება სრულიად გაუნათლებელ ადამიანებსაც კი შეეძლოთ, მაგრამ დღეს კარგად ვიცით, თუ რაოდენ პრიმიტიული და აბსურდულია ასეთი გაგება.
ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ სამყარო მხოლოდ ოთხი ელემენტისაგან შედგებოდა _ მიწა, ჰაერი, ცეცხლი და წყალი. ისინი ცოტას აკეთებდნენ მეცნიერების წინსვლისათვის, იმიტომ რომ არ იყვნენ თავდაუზოგავი მშრომელები. ჰქონდათ ბრწყინვალე, საარაკო მიგნებები და მაინც ამტკიცებდნენ, რომ ყველაფერი ოთხი ელემენტისაგან შედგებაო. თხუთმეტი საუკუნის მანძილზე ყველას ასე ეგონა. დღეს კი, ჩვენ ვიცით, რომ ბუნებაში ოთხმოცდასამი ელემენტი არსებობს. შესაძლოა იყოს კიდევ მეტი, რომლის არსებობის შესახებ, მე ჯერ არაფერი ვიცი, არც ერთი სწავლული არ დაიწყებს იმის მტკიცებას, თითქოს ყველა ელემენტი უკვე აღმოჩენილიაო.
არის ბევრი, ძველებურად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ბიზნესიც ოთხი ელემენტისაგან შედგება: 1) შემოსული მოგება; 2) მოსალოდნელი გასავალი; 3) აქტივი; 4) პასივი. რადგანაც მათთვის ცნობილია ეს ოთხი ელემენტი ფიქრობენ, რომ კარგად იციან თავისი საქმე. ისინი გაუთავებლად იმეორებენ თავიანთ ცოლებთან თუ მეგობრებთან: `მე ვიცი ჩემი ბიზნესი თავიდან ბოლომდე".
ჯერ არავის არ დაუთვლია ბიზნესის ყველა ელემენტი, მაგრამ აშკარაა, რომ ისინი ბევრად მეტია ვიდრე, საქმოსანთა უმეტესობას ჰგონია. არ იქნება ფანტაზიის ნაყოფი, თუ დავასახელებთ კომერციის ორმოცდაათ ელემენტს, რომელიც საქმიანმა ადამიანმა უნდა იცოდეს.
ცოდნის სფერო ბიზნესში ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერ სხვა სპეციალობაში. კომერსანტმა უნდა იცოდეს მეტი, ვიდრე ექიმმა, ვექილმა თუ არქიტექტორმა. ბიზნესში ცოდნა პირდაპირ ამოუწურავია და ამიტომაცაა, რომ ყოველწლურად შემოდის ახალი წესი წარმოებაში, ვაჭრობაში, რეკლამასა თუ მართვაში. ცოდნის სფერო ბიზნესში იმდენად ბევრ საგანს აერთიანებს, რომ ყველა სხვა არსებულ სფეროზე ბევრად ვრცელია. იგი კაცობრიობის მოღვაწეობისა და ინტერესთა ნაირსახეობის იმდენად დიდ ნაწილს მოიცავს, რომ შეუძლებელია, ვინმემ მთელი ბიზნესი ამომწურავად შეისწავლოს. საამისოდ ადამიანის სიცოცხლე ძალზე ხანმოკლეა, მაგრამ ეს კია, რაც მეტი იცი, მით უფრო მეტ წარმატებას შეგიძლია მიაღწიო მის შექმნაში. ღრმა შინაარსიანი და სწავლის უნარის მქონე ადამიანი _ ეს არის სწორედ საქმოსანი. იმიტომ, რომ კომერციაში გაცილებით მეტი ელემენტი არსებობს, ვიდრე თავდაპირველად გვეჩვენება, საჭირო და სავალდებულოა მისი შესწავლა მთელი აქტიური ცხოვრების მანძილზე. დასასრულს, საჭიროა ხაზი გაესვას, რომ ბიზნესის სპეციალურ ცოდნასა და უნივერსიტეტის აკადემიურ ცოდნას შორის დიდი სხვაობაა. სპეციალური ცოდნა _ ეს არაა განკუთვნილი სწავლულთათვის. ესაა იმ პრაქტიკული ადამიანებისათვის, რომლებიც საზოგადოებისათვის კონკრეტულ, ყოველდღიურ სასარგებლო სამუშაოს ასრულებენ და ფუჭი, ფუქსავატური დროსტარების მატარებლები კი არ არიან, პირიქით ძალზე დაკავებული და დატვირთული ადამიანები გახლავან. რომლებიც თავიანთ ცოდნას, ყოველდღიური გამოცდილებით ავსებენ და თეორიას პრაქტიკასთან აზავებენ.
თუ გსურს კარგი პიანისტი გახდე, ჯობია ყოველდღიური გაკვეთილების შემდეგ, მთელი დღე დამოუკიდებლად ივარჯიშო. საჭიროა თავმა ცოდნა აითვისოს, თითებმა კი ჩვევები შეიძინოს. ერთ საათიანი გაკვეთილი და შვიდ საათიანი ყოველდღიური ვარჯიში _ აი, ყველაზე მოკლე გზა, რომ ფორტეპიანოს ვირტუოზ-შემსრულებელი გახდე.
ვთქვათ, ადამიანმა თავის ქალიშვილს უყიდა პიანინო და უთხრა: `აი, შენი ინსტრუმენტი. ახლა, მიდი და თვითონ ისწავლე დაკვრაო". არც ერთი მამა არ ჩაიდენს ამგვარ სისულელეს. ასევე წარმოვიდგინოთ, გოგონა იღებს ხუთ გაკვეთილს კვირაში, მაგრამ მთელი წლის მაინძილზე არ ვარჯიშობს დამოუკიდებლად. რას მივიღებთ შედეგად? გაკვეთილებში დროისა და ფულის ტყუილ-უბრალოდ გადაყრას. იმისგან დამოუკიდებლად თუ რა გინდათ ისწავლოთ, ყველა შემთხვევაში, ერთი და იგივე, ჟამთასვლით შემოწმებული საუკეთესო და უსწრაფესი ხერხია _ შესწავლა და პრაქტიკა. ამ ორიდან ერთ-ერთი საკმარისი არ არის.
სრული სიმართლეა, რომ არ შეიძლება სრულყოფილად ისწავლო რაიმე მხოლოდ წიგნებით, მაგრამ საფუძვლიანად ვერც მხოლოდ პირადი გამოცდილებით ისწავლით რაიმე საქმეს. ასე, რომ სწავლაც აუცილებელია და გამოცდილების შეძენაც. იტყვიან ხოლმე, მიეცით კაცს პატარა მაღაზია, დანარჩენს ის თვითონ ისწავლისო. აქამდე ეს, მაღაზიის ასი მეპატრონიდან, ხუთსაც კი არ გამოსვლია. მიეცით ადამიანს პატარა ქარხანა და მალე გაიგებს იმას, რაც იცის ჰენრი ფორდმაო. გაიგებს კი? საეჭვოა, რომ გაიგოს.
არსებობს ადამიანთა ორი კატეგორია, რომლებიც ვერავითარ გარემოებაში ვერ მოქმედებენ ეფექტიანად. ესენი არიან წიგნიერი თეორეტიკოსები და გაუნათელბელი უვიცები. ჟამი-ჟამ უნივერსიტეტის რომელიმე პროფესორი ეფექტიანობის შესახებ წერს წიგნს, მაგრამ მის ნაშრომს ძე-ხორციელისათვის არავითარი პრაქტიკული ღირებულება არა აქვს, რადგანაც ავტორი, მართალია, გულმოდგინედ და დიდხანს სწავლობდა, მაგრამ პრაქტიკასთან მას არასოდეს, არავითარი შეხება არ ჰქონია.
იმედი მაქვს, მოვა დრო და ჩვენს უნივერსიტეტებში ეფექტიანობას, როგორც საგანს წაიკითხავენ ისინი, ვისაც მმართველ დირექტორებად სულ ცოტა ოცი წელი მაინც ექნებათ ნამუშევარი. ისინი, ვინც სწავლობდნენ როგორც სხვისგან, ასევე საკუთარი გამოცდილებით, ანუ, სასარგებლო ცოდნას დაუფლებული ადამიანები. სწორედ ასეთებს აქვთ იმის უფლება და კომპეტენცია, რომ სხვებს ასწავლონ.
ვაჭრობასა თუ მრეწველობაში, რომელიმე დარგის ნამდვილი არსი შეუძლებელია გაიგოს იმან, ვისაც ამ დარგში არ უმუშავია. ეს ჭეშმარიტებაა, მაგრამ ასევე ჭეშმარიტებაა ისიც, რომ ადამიანს მხოლოდ ზედაპირული ცოდნა ექნება, თუკი იმათგან არ ისწავლის, ვინც თავის დარგში უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს და ავიდნენ ბიზნესის ჯომოლუნგმაზე.

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge