ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიაჰერბერტ ნ. კესონი - ბიზნესის წარმატების წესი N10:მართვის დეცენტრალიზაცია, შერბილება

ჰერბერტ ნ. კესონი - ბიზნესის წარმატების წესი N10:მართვის დეცენტრალიზაცია, შერბილება
 | რეიტინგი 3 


საჭირო და აუცილებელია მართვის დეცენტრალიზაციის შერბილება ??? წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესი გაბიუროკრატიულდება, გახდება არადინამიური და წამგებიანი.
სიტყვა "დეცენტრალიზაცია" ჩვენი უახლოესი მომავლის სანუკვარი სიტყვა გახდება. დაგვანახებს სწორ გზას ოპტიმალური მთავრობისა და დინამიური ბიზნესისაკენ. დეცენტრალიზაცია ეფექტიანი მართვის გასაღებია და იგი უმაღლესი შედეგის მიღწევის საუკეთესო მეთოდია.
მე რომ პაწაწინა ფარდულის მეპატრონე ვიყო, სადაც დამხმარე ბიჭის გარდა, არც ერთი დაქირავებული არ მეყოლებოდა, მაინც ჩავატარებდი დეცენტრალიზაციას. მე ბიჭს ასე ვეტყოდი: `ყური მიგდე ჯეკ! მოდი, შენ მაღაზიაში იტრიალე, მე კი მივხედავ გარეთა საქმეებს-მეთქი". ეს იქნებოდა იმის ნიშანი, რომ მეპატრონემ სწორად დაიწყო მოქმედება _ გადაანაწილა გარკვეული ვალდებულებები. ამით მან დამხამრე გაანთავისუფლა წვრილმანი საქმეებისაგან და ამასთანავე უფრო მეტად დააკავშირა ფარდულთან, თანაც შეაგულიანა იგი, რათა მთელი პასუხისმგელობითა და გონივრულობით მოჰკიდებოდა საქმეს. ამის შემდეგ ავიყვანდი გამყიდველს და დავაკისრებდი ვიტრინის გაფორმებას, თანაც ვასწავლიდი თუ როგორ უნდა გაეკეთებინა ეს. წესად შემოვიღებდი ყოველი დაქირავებული მუშაკის მომზადებას და თანდათან, როგორც ეტყობა, კონკრეტულ შემსრულებელთა და რუტინულ სამუშაოთაგან ჩემს მხსნელ სპეციალისტთა შტატს შევკრებდი.
შემდეგში კი, თუ ჩემი მაღაზიის ფილიალის გახსნის ჯერი დადგებოდა, მის მენეჯერად ჩემს ყველაზე უნარიან მუშაკს დავაყენებდი და მუშაობის პირველ კვირას გვერდიდან არ მოვცილდებოდი, მერე კი მივუშვებდი თავის ნებაზე, რადგანაც ჩემი მიზანი, სულაც არ იყო მისი მექანიკურ შემსრულებლად გადაქცევა, რომელსაც მხოლოდ ხელმძღვანელის ფუნქცია დაეკისრებოდა, პირიქით, ჩემი ჩანაფიქრით იგი თავდაჯერებული, დამოუკიდებელი მოვაჭრე უნდა გამხდარიყო. ინიციატივის ყოველმხრივ წახალისების, სტიმულირების, თანამშრომელთა შორის პასუხისმგებლობის განაწილების გზით, ჩემი მუშაკების დაოსტატება _ ასეთი იქნებოდა ჩემი მეთოდი. მისი განხორციელებით მე შევძლებდი მეკეთებინა ყველაზე რთული სამუშაო. მექნებოდა საიმისო დრო, რომ შემოქმედებითად მეაზროვნა, შემეძინა უფრო ეფექტიანად, დამეგეგმა და დამემუშავებინა გასაღების დაწინაურების მეთოდი.
წვრილი მაღაზიის ყოველი მფლობელი, რომელსაც ჰყავს ორი-სამი გამყიდველი, შეიძლება იყოს დიქტატორი ან ორგანიზატორი. მას შეუძლია დათრგუნოს თვისი მუშაკები, ან პირიქით, ხელფეხი გაუხსნას მათ. თუ უფრო მეტად ის გეიოლება, რომ მიუთითო ხელქვეითებს, ვიდრე ასწავლო მათ, დიდი შანსი გაქვს გახდე დიქტატორი.
საქმე იმაში გახლავთ, რომ პრობლემის დამუშავების იდეასთან ჩვენ არასწორი გზით მივედით და სისტემატიზაციის პრინციპი ძალზე ფართოდ გავატარეთ. ის კი, გამოგვრჩა, რომ ზედმეტი გულმოდგინების წყალობით იგი ქაოსად გადაიქცეოდა.
ჩვენ საკმაოდ მაღალ ხარისხში ავიყვანეთ ბიუროკრატიული მეთოდები. მას ბევრ მსხვილ მაღაზიებშიც იყენებენ. კერძო მწარმოებლისათვის კი ეს მეთოდები დამღუპველია, რადგანაც ბიუროკრატიული იდეა წარმოადგენს ცენტრალიზაციას, ინიციატივისა და დამოუკიდებლობის შებოჭვას. იგი ადამიანებს რობოტებად აქცევს და ქმნის მონოლითურ, უმოქმედო, დამძიმებულ რუტინას. მას არავითარი კავშირი არა აქვს ეფექტიანობასთან. ბიუროკრატიული კომპანია გამსჭვალულია ყველაზე და ყველაფერზე მკაცრი კონტროლის იდეით, რომლის სვადასხვაგვარი ფორმები და ნაირფერი მეთოდები ცენტრალიზაციის პირობებში უხვადაა წარმოდგენილი. საქმის ორგანიზაციის ამგვარ ხერხებს გაცილებით მეტი ზარალი მოაქვთ, ვიდრე სარგებლობა. ესაა მმართველობა სულიერად დაავადებულთათვის, რომელიც ადამიანებს აცლის გონებას და დაჰყავს ისინი უზარმაზარი მექანიზმის მორჩილი ჭანჭიკების მდგომარეობამდე.
შესაბამისად, ორგანიზაციის სწორი პრინციპი _ დეცენტრალიზაციაა. მსხვილი კომპანია უნდა დაიყოს რამოდენიმე ნაწილად, რომელთაგან თითოეული დამოუკიდებლად იმოქმედებს და შეფასდება საკუთარი შედეგების მიხედვით. ძალაუფლება და დიდება ერთიანად ზედა ეშელონებში კი არ უნდა იყოს თავმოყრილი, არამედ თანაბრად უნდა იყოფოდეს საწარმოს სხვადასხვა შემადგენელ ნაწილებს შორის.
კერძო კომპანია და სახელმწიფო დაწესებულება ისე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც თეთრი და შავი, როგორც მოგება და წაგება. კერძო კომპანია იმიტომ იქმნება, რომ აკეთოს ფული, ყოველ შემთხვევაში ასეა ჩაფიქრებული, მაშინ როდესაც სახელმწიფო დაწესებულება არსებობს რათა ხარჯოს. ესაა ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომაა ბიზნესისათვის სახელმწიფო დაწესებულების მუშაობის პრინციპი დამღუპველი.
ორი უდიდესი ომის დროს, ჩვენ მივიღეთ ორი კონკრეტული გაკვეთილი, სახელმწიფო კონტროლის დამღუპველი შედეგების შესახებ. ფორმალობებით შებორკილ ბიზნესს თავგანწირული ბრძოლა უხდებოდა გადარჩენისათვის, გაკოტრების წინააღმდეგ. ბევრმა ვერ მოახერხა გადარჩენა. მდგომარეობის გამოსწორება დიდ ბრიტანეთში იწელებოდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ძვირადღირებულმა ჩავარდნებმა და სახელმწიფო კონტროლის უზმარმაზარმა ხარჯებმა, დღის წესრიგში დააყენა სხვა მიმართულებით _ დეცენტრაციისკენ მკვეთრად შემობრუნების გარდაუვალობა. იმის აუცილებლობა, რომ ნაკლებად შეზღუდულიყო კერძო მწარმოებლის თავისუფლება.
მეწარმისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა კომერციული საწარმოს შესატყვისი სწორი ორგანიზაციის ათვისება, რომელიც ფირმების უმეტესობას საერთოდ არ გააჩნია. ბევრი ფირმა მხოლოდ თანამშრომელთა ფარას წარმოადგენს, ერთი წინამძღოლის მეთაურობით. ამას არ შეიძლება ორგანიზაცია ვუწოდოთ იმიტომ, რომ ასეთი ფირმის თანამშრომლები მაწანწალების ბრბოზე მეტად როდი არიან ორგანიზებულები.
ბევრი თავის ბიზნესს ისე აზის, როგორც კრუხი გამოსაჩეკად კვერხებს და რომ შეიძლებოდეს ყოველდღე სახლში წაიღებდნენ და ღამ-ღამობით საწოლქვეშ დამალავდნენ. ეს სავალალო შეცდომა გადაჭარბებული გულმოდგინების შედეგია. ბიზნესს, კრუხივით გადაფოფრება კიარა, ორგანიზება ესაჭიროება.
როცა პიროვნება ცდილობს შეუცვლელი გახდეს, ეს მისთვისაც საზიანოა და საქმისთვისაც. ნებისმიერი, ვინც თავის ხელქვეითებს არ აჩვევს, საჭიროების შემთხვევაში უმისოდ გავიდნენ ფონს, მას ბიზნესმენის შემოქმედებითი თვისებები არ გააჩნია. საქმიანი ადამიანი, თუ მთელ თავის დროს, მხოლოდ კონტროლს ანდომებს, იგი უგულვებელყოფს შემოქმედებით მუშაობას, რომელსაც მისი ბიზნესის განვითარება შეუძლია.
როგორც კი, ბიზნესმენს ხელქვეითები გაუჩნდება, მათ მაშინვე დამოუკიდებლად ფეხზე დგომა უნდა ასწავლოს და მიაჩვიოს, რომ ერთთავად მასზე არ იყვნენ დაყრდნობილნი. ბევრმა შრომისმოყვარე, მაგრამ არაეფექტიანმა საქმოსანმა, როგორც თვითონ გაინახევრა ჯანმრთელობა, ასევე თავის ბიზნესსაც მოწყვიტა წელი იმის მცდელობით, რომ მთელი საქმე უნდოდა სრული კონტროლის ქვეშ მოექცია. საამისოდ მას, ყოველდღიურად უზარმაზარი მოცულობის რუტინული სამუშაოს შესრულება უხდებოდა. ფართოდ გავრცელებული და ძალზე სერიოზული შეცდომაა, შენს ხელქვეითებს მოექცე ისე, როგორც უსუსურ ქმნილებებს, რომელთაც ზემოდან მითითებისა და კონტროლის გარეშე, არაფრის გაკეთების უნარი არ გააჩნიათ.
რატომ უხდის დამქირავებელი თავის ხელქვეითებს ხელფასს? იმიტომ, რომ სამუშაოთა და ვალდებულებათა გარკვეული ნაწილისაგან განთავისუფლდეს. მან უნდა აკეთოს მხოლოდ ის, რაც უნდა აკეთოს ბიზნესის მეპატრონემ. ის უნდა იმყოფებოდეს მაღლა და არა წარმოების ბოლოში, გინდაც შუაში.
დამქირავებელმა, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა უზრუნველყოს ხელქვეითთა მოქმედების ეფექტიანობა და განუმტკიცოს მათ თავის თავისადმი რწმენა. თუ მეპატრონეს გულდამშვიდებით შეუძლია დატოვოს თავისი ბიზნესი და გაემგზავროს გარსაქვეყნო მოგზაურობაში, ეს ნიშნავს, რომ იგი კარგი ორგანიზატორია.
ენდრიუ კარნეგის იშვიათად თუ ნახავდა ვინმე თავის ოფისში. ის არ ეწეოდა რუტინულ სამუშაოს. მას არასოდეს გაუკეთებია ის, რაც მის რომელიმე ხელქვეითს შეეძლო გაეკეთებინა. მას ორმოცდაათჯერ და მეტად აქვს გადალახული ატლანტის ოკეანე, ნამყოფია არაერთ შორეულ მოგზაურობაში, საიდანაც, მხოლოდ სტრატეგიულ განკარგულებებს აგზავნიდა. ვერავინ იტყვის მასზე, რომ იგი არ უყო ბრძენკაცი და ზედმიწევნით პრაქტიკული ბიზნესმენი, მით უფრო, რომ მან 70 000 000 ფუნტად ღირებულ ქონებას მოუყარა თავი.
არის ერთი ძველი ანდაზა: `თუ გინდა კარგად გაკეთდეს, გააკეთე თვითონ". ეს სულელური, ინდივიდუალისტური ანდაზაა, რომელმაც მცდარ გზაზე დააყენა უამრავი დამქირავებელი. ბრძენი ბიზნესმენი ყოველ ხელქვითს კონკრეტულ სამუშაოს ავალებს, ჯერ ასწავლის და მერე საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად იმუშაოს. ასე მოქმედება განსაკუთრებით აუცილებელია ჩვენს დროში იმიტომ, რომ იგი აღსავსეა ყოველგვარი წინააღმდეგობებით და შეზღუდვებით. ბევრი მეწარმე ვერ გაუძლებდა ვალდებულებათა სიმძიმეს, რომ თავისი სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილი ხელქვეითებისათვის არ გადაენაწილებინა.
თუ ადამიანს, რომელიმე ფირმის ხელმძღვანელად ნიშნავენ, ან თუ მან თვითიონ შექმნა საქმე, რომლიც მისთვის ძალზე მძიმე გამოდგა, ბიზნესის სწორი ორგანიზაციის მიზნით უნდა გაატაროს შემდეგი ოთხი ღონისძიება:
1) მთლიანობაში ბიზნესის და ასევე დაქირავებულ მომსახურეთა შესწავლა. ბიზნესმენი ძალზე დაჯერებული არ უნდა იყოს თავის განსწავლულობაში და არ უნდა მიაჩნდეს, რომ ძალიან ბევრი იცის. იგი ჯერ უნდა დარწმუნდეს, რომ ნამდვილად ერკვევა საქმის ყველა საკვანძო ნიუანსში და შემდეგ მონახოს ის, ვისაც შეუძლია დაეხმაროს მართვაში. მთავარია, დასაწყისშივე არ წაიბორძიკოს, რადგანაც უკლებლივ ყველა ხელქვეითი, დიდი ყურადღებით დააკვირდება მის პირველ ნაბიჯებს. თუ ხელმძღვანელი იმით დაიწყებს, რომ ეცდება რაც შეიძლება ბევრი გაიგოს და რაც შეიძლება მეტი ისწავლოს, მაშინ ხელქვეითები პატივისცემითაც მოეპყრობიან და ბიზნესის განვითარების საქმეში, მასთან სიამოვნებით ითანამშრომლებენ.
2) ბიზნესის ოპტიმალური ორგანიზაციის გეგმის მომზადება. დავუშვათ, ბიზნესმენს აქვს ხუთი მაღაზია ან ფაბრიკა, რომელთაგან თითოეული ცალ-ცალკე, მეტ-ნაკლებად საკუთარი შიშისა და რისკის ხარჯზე მუშაობს. ასეთ შემთხვევაში მეპატრონემ გარკვეული ცენტრალიზაცია უნდა გაატაროს, მაგრამ თუ მას აქვს ერთი დიდი საქმე, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანი აკონტროლებს, მაშინ პირიქით, საჭიროა განახორციელოს დეცენტრალიზაცია.
3) ისეთი მუშაკების შერჩევა, რომელთაც ბიზნესის მართვაში მაქსიმალური დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ. ყოველ მეპატრონეს სჭირდება კომპეტენტურ, ერთგულ შემსრულებელთა გუნდი. ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც ხანდაზმულობის გამო, სამუშაოს თავს ვერ ართმევს, პენსიაზე უნდა გავუშვათ. როცა შესაძლებელია, ყველა ხელმძღვანელ თანამდებობაზე თავისი ფირმის თანამშრომელი უნდა დანიშნოს და არა გარეშე პირი. აუცილებელია, თითოეულ მუშაკს პასუხისმგებლობის კონკრეტული წილი დაეკისროს და ამასთანავე მიეცეს გარკვეული უფლებამოსილებაცა და თავისუფლებაც.
4) შემსრულებელთა გაკონტროლება ისე, რომ არ ჩავერიოთ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში. ყველა მუშაკი უნდა შეფასდეს თავისი ნამოქმედარის მიხედვით. ვინც საქმეს თავს ვერ ართმევს, იმას უნდა დავეხმაროთ; ვინც თავს გამოიჩენს, უნდა წავახალისოთ და მას თავისუფალი საქმიანობის საშუალებაც მივცეთ. ზოგიერთ მუშაკს კონტროლი სჭირდება, ზოგს _ არა. როცა მთელი პერსონალი ეფექტურად ამუშავდება, მაშინ ფირმის მეთაურს შეუძლია თქვას: `გარკვეული დროით, ჩემი საქმე გავაკეთე. ახლა შემიძლია გავემგზავრო საზღვარგარეთ".
როგორც ხელისუფლებაში, ასევე ბიზნესში, ძალიან უნდა მოვერიდოთ ძალაუფლების კონცენტრაციას, რომელმაც ბევრი სახელმწიფო დაანგრია და ვინ მოთვლის რამდენი ათასი კომპანია იმსხვერპლა. მას, სრულიად სამართლიანად, შეიძლება უდიდესი მსოფლიო ბოროტება ვუწოდოთ. ასე რომ, დიქტატურაზე უარესი არაფერია და ამიტომაც ვაფრთხილებ მკითხველს მოსალოდნელ საფრთხეზე.
მართვა შეიძლება იყოს დემოკრატიული ან ავტოკრატული. ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ საქმის ორგანიზაციის ბრიტანულ თუ ამერიკულ ტიპს, არავითარი საერთო არა აქვს დიქტატურასთან, მაგრამ სინამდვილეში, ორივე ქვეყნის ბიზნესს მეტწილად ავტოკრატები წარმართავენ. კომერსანტი შეიძლება ცხოვრობდეს დემოკრატიულ ქვეყანაში, ამგრამ არაა გამორიცხული, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდებამ იგი ორგანიზატორის ნაცვლად დიქტატორად აქციოს.
ნებისმიერი თვალსაზრისით მიუტევებელ შეცდომად ითვლება, საკუთარი ხელქვეითების მიმართ დესპოტური დამოკიდებულება, ასევე მათი გამოცდილების დაუფლების სურვილის უქონლობა. მართვა ერთია, უხელმძღვანელო _ მეორე. ადამიანს, შეუძლებელია ისეთი ჭკუა-გონება ჰქონდეს, რომ სხვათა აზრების ანგარიშგაუწევლად შეეძლოს ფონს გასვლა. ნებისმიერზე, ვინც თავის თავს თვითონ ანიჭებს `მისტერ ყველაფრისმცდონეს" თიკუნს, შეიძლება ითქვას, რომ ის არაა ჭკვიანი. უფრო მეტიც, საერთო აზრით _ ის ბრიყვია.
როდესაც მმართველი დირექტორი ისე იქცევა, როგორც სამეფო ამალითა და მუქთახორებით გარშემოხვეული რაჯა, ეს ვნებს მის ხელქვეითებსაც, ბიზნესსაც და პირადად მასაც. ზარალის მეტი არაფერია, როცა მლიქვნელებს უხდი ჯამაგირს. დიქტატორული მეთოდები ყოველთვის და ყველგან დამღუპველია. სწორედ ამიტომ მივაპყრობ, ასე დაბეჯითებით თქვენს ყურადღებას დეცენტრალიზაციას.
ცოდნა არ შეიძლება ძალაუფლებით შეიცვალოს. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს აბსოლუტური ძალაუფლება, მაგრამ შეუძლებელია ფლობდეს აბსოლუტურ ცოდნას და ამიტომ რაც მეტი კონსულტანტია ფირმაში, მით უკეთესია საქმისთვის. ეს შეესატყვისება დემოკრატიულ იდეებს. ფირმის სათავეში მდგომი ადამიანისათვის სწორი იდეალი იმაში მდგომარეობს, რომ არ იქცეს შეუცვლელად. მისი გარდაცვალების შემთხვევაშიც კი, ფირმამ უნდა განაგრძოს ფუნქციონირება.
ზოგი, განვითარების დაბალი დონის ადამიანი, თავის ხელქვეითებში ისეთ თვისებებს აძლევს უპირატესობას, როგორიცაა პირმოთნეობა და ბრმა მორჩილება. ისინი თავიანთ ქედმაღლობას და კუდაბზიკობას მოგებაზე მაღლა აყენებენ. საბოლოო ჯამში ასეთი ადამიანები, როგორც იტყვიან, ჩერჩეტების ქვეყანაში აღმოჩნდებიან. სიმართლეს მათ ყველა უმალავს და მათი მსგავსების გასაცურებლად რაიმე კონსპირაციული ილეთი ყოველთვის გამოინახება.
როცა ხელმძღვანელი მხარს უჭერს მართვის დემოკრატიულ სისტემას, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი უპირატესობას ანიჭებს ხელქვეითებში თავდაჯერებულობას, საკუთარი ძალების რწმენას, თავისუფლებასა და კომპეტენტურობას. იგი არჩევს ისეთ მუშაკებს, რომელთაც მინიმალური კონტროლი და ზედამხედველობა ესაჭიროებათ. მას თავისი ბიზნესი ავტომობილივით მიჰყავს, რომელიც საკუთარი მოტორის მეშვეობით მოძრაობს და არა საზიდარივით, რომელსაც ცოცხალი გამწევი ძალის დახმარებით მიათრევენ.
დემოკრატი საქმოსანი ინიციატივის წამახალისებელია. ბევრ დაქირავებულ მუშაკსა და ხემძღვანელ თანამშრომელთა დიდ ნაწილს, თუკი საამისოდ წააქეზებენ, შეუძლიათ თავისი საქმე ყოველგვარი ზედმეტი ჩარევების გარეშე აკეთონ, მაგრამ არავითარ ინიციატივას არ გამოავლენენ, თუ ფირმის გულმოსული ხელმძღვანელი ხშირ-ხშირად იკითხავს: `რატომ გააკეთეთ ეს? ვინ დაგავალათ ამის გაკეთებაო?!" თუ კომპანიაში დაწესებულია, რომ არაფერი გაკეთდეს ზევიდან მითითების გარეშე, ასეთი წესი, რა თქმა უნდა, ახშობს ინიციატივას. ამიტომ ჩვენს დროში ხელმძღვანელმა მსხვილი ბიზნესის ყოველ პატარა ქვედანაყოფს უნდა მისცეს დამოუკიდებლობა.
კომპეტენტური მენეჯერისა თუ რიგითი თანამშრომლის გამოზრდის ერთადერთი ოპტიმალური ხერხია, მივცეთ მას თავისუფალი მოქმედების მაქსიმალური შესაძლებლობა და შევუქმნათ მუშაობის სტიმული. სწორედ ეს მოიმოქმედეს კარნეგიმ და როკფელერმა და გახდნენ კიდევაც, თავის დროზე, ამერიკის უმდიდრესი ადამიანები.
ფირმისათვის კურიერი ბიჭიც კი, შეიძლება გახდეს მეტად მომგებიანი მუშაკი, თუკი საამისოდ შევქმნით შესაბამის პირობებს. მაგალითისათვის, ერთი მსხვილი ლანკაშირელი ბანკირი თავის კურიერ ბიჭებს, კომერციულ აგენტებს ეძახის. მან ისინი საგანგებოდ მოამზადა, ასწავლა მათ პროდუქციის გასაღებაც და ახალი მყიდველის მოზიდვის ხერხებიც. იგი ამტკიცებდა, რომ ეს მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და ხელსაყრელი მეთოდია, რომელიც კი ოდესმე გამომიყენებიაო.
დემოკრატიული პრინციპებით მმართველი დირექტორი, თავის რიგით თანამშრომლებს აზროვნების, ფიქრის სურვილს უღვიძებს. ყოველ შემთხვევაში, ეს დიდ ბრიტანეთში შესაძლებელია, სადაც დამქირავებელიც და დაქირავებულიც _ ერთი ტიპის ადამიანები არიან. მწარმოებელი ადგენს წინადადებათა სისტემასა და აწესებს ფულად პრემიებს, იმ ავტორებზე რომელთა მოსაზრებებსაც სასარგებლოდ მიიჩნევს. იგი ყოველმხრივ უწყობს ხელს თავის კომპანიაში მოაზროვნეთა გამოვლენასა და წახალისებას, რითაც ამ პროცესის დეცენტრალიზაციას ახდენს. მისი იდეალია _ რაც შეიძლება მეტი მოქმედი ტვინი ჰყავდეს თავის ოგანიზაციაში.
მართვის ავტოკრატული სისტემა ბიზნესს მომთაბარეთა კარავს ამსგავსებს, რომლის შუაგულში ერთი საყრდენი დგას, მაშინ როდესაც დემოკრატიაზე დამყარებული კომერცია დიდებულ სვეტებიან ნაგებობას გვაგონებს. როდესაც კარავს ერთადრეთი საყრდენი ეცლება, მთელი კონსტრუქციაც ემხობა, ხოლო როცა მრავალსვეტიანი ნაგებობის ერთ-ერთი სვეტი ზიანდება, მას ახლით შეცვლი, ისე რომ შენობას დანგრევის საფრთხე არ დაემუქრება.
დაახლოებით ორმოცი წლის წინათ, მთელი საქმიანი სამყარო, შეპყრობილი იყო გიგანტომანიით. მიაჩნდათ, რომ რაც უფრო მსხვილი იქნებოდა კომპანია, მით უფრო მცირე იქნებოდა გადახარჯვებისა და დანაკარგების წილი. ერთმანეთის მიყოლებით იქმნებოდა უზარმაზარი ფირმები. ეს იყო ტოტალური გამსხვილების ერა და თითქმის ყოველ უზარმაზარ კომპანიას ჰქონდა ცენტრალიზებული მართვა _ ძალაუფლების კონცენტრაცია. მენეჯერები იქცნენ ხელმძღვანელ კლერკებად. ბიზნესმა ძალიან ღრმად შეტოპა. თითქმის, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში კომპანია-გიგანტს მოჰონდა ნაკლები სუფთა მოგება, ვიდრე მის შემადგენელ ნაწილებს შერწყმამდე, როცა დამოუკიდებელ ფირმებს წარმოადგენდნენ.
ბოლოს და ბოლოს, ცენტრალიზაციის პოლიტიკა აბსურდამდე მივიდა. მაგალითად, ქსოვილების მაღაზიის ჯგუფის მენეჯერს ინგლისში, ცენტრალური ოფისის ნებართვის გარეშე, არ შეეძლო ეყიდა ფანქარიც კი. შედეგად მაღაზიებმა განიცადეს ფინანსური კრახი და ისინი ხელთ იგდეს კონკურენტებმა. თვით ჰენრი ფორდიც კი დასაწყისში უპირატესობას მსხვილ საავტომობილო ქარხნებს ანიჭებდა. შემდეგში მან კრიტიკულად გადახედა ამ თვალსაზრისს და ახლა მას მსხვილი ქარხნებიც აქვს და ბევრი წვრილი საწარმოც. რამოდენიმე წლის წინად, როცა მთავრობამ დაშალა `სტანდარდ ოილ კომპანი", მის ადგილზე წარმოქმნილ ოცდათხუთმეტივე დამოუკიდებელ ფირმაში, ყველას გასაოცრად, მოგებამ იმატა. ამან ბევრს გაუფანტა ილუზია, თითქოს წარმატების მთავარი ფაქტორი ბიზნესში _ გაბარიტები იყოს.
ამგვარად, ჩვენი შვილები თვალნათლად დარწმუნდებიან, რომ მსოფლიო პროგრესის მომდევნო უდიდესი ეტაპი იქნება _ დეცენტრალიზაცია და იგი განვითარდება, როგორც მთავრობაში, ასევე მსხვილ კერძო კომპანიებშიც.

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge