ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიასაოცარი ჯამი

საოცარი ჯამი
 | რეიტინგი 3 

 

ახალგაზრდა იმპერატორი თავისი ამალით გადიოდა ქალაქს. ადამიანები მიწას ემთხვეოდნენ და იძახდნენ: "გაუმარჯოს ჩვენს იმპერატორს!" ხაზინადარი გვერდით მისდევდა მბრძანებელს და მისი თვალის ნიშანზე ოქროს მონეტებს აფრქვევდა ხალხს.

უეცრად, ერთ-ერთმა მცველმა იშიშვლა ხმალი, რათა თავი მოეკვეთა ერთ-ერთი დასვრილი, ფეხშიშველი, დაკონკილი, ურჩი მოძღვრისთვის, რომელსაც ამაყად აეწია თავი და მიდიოდა პირდაპირ იმპერატორისკენ. ის იყო უნდა გაეპო ჰაერი მის ხმალს, რომ მცველს მოესმა მისი მბრძანებლის ჩახლეჩილი ხმა:

- მოიცადე!!!

მცველს გაუკვირდა, რამეთუ ასეთი იყო იმპერატორის ბრძანება.

იმპერატორი ჩამოვიდა ცხენიდან, მივარდა ამ მოხუც მათხოვარს, ფეხი მოიკვეცა და ემთხვია მის ხალათს. ამალა გაოგნებული დარჩა. მხოლოდ მოგვიანებით შეიცნო ამალამ ამ მაწანწალაში უფროსი იმპერატორი.

- მოგესალმები მამა. გილოცავ დაბრუნებას...

- არა, არა, შვილო, მე არ დავბრუნებულვარ. მე ვიყავი სამყაროს იქითა კიდეში და ახლა მივემართები მეორე კიდისკენ, უბრალოდ ჩემი გზა გადის შენს ქვეყანაზე.

- ეს შენი სამფლობელოა, მამა.

- არა, შვილო, ეს შენი სამფლობელოა.

- მამა, ძალიან ცუდად გამოიყურები. მეტისმეტად გამხდარი მეჩვენები. ცხენი, ცხენი მიართვით იმპერატორს!

- არა, არა, არ არის საჭირო. შენ ხომ იცი, რომ მე აღთქმა მაქვს დადებული, რომ ვიარო ფეხშიშველა და ვიმათხოვრო. თუ გულით გინდა ჩემი დახმარება, ამ ჯამში ჩამიდე რამდენიმე სპილენძის მონეტა, იმისათვის რომ პურის ყიდვა შევძლო. მეტი მამაშენს არაფერი სჭირდება.

შეიშმუშნა შვილი, როცა დაინახა ეს პატარა, მტვერში ამოგანგლული ხის, სამათხოვროდ განკუთვნილი, ჯამი.

- ხაზინადარო, - იყვირა იმპერატორმა, - გაავსე ეს ჯამი.

- შვილო, ამ ჯამზე მეტ მოწყალებას მე ვერ მივიღებ.

ჯამში ჩაუშვეს რამდენიმე მუჭა ოქროს მონეტა, მაგრამ რაოდენ დიდი იყო ხაზინადარის გაოცება, როცა ჯამი ცარიელი დარჩა.

იმპერატორი გაწბილდა. მან უბრძანა მოეტანათ ოქროები ტომრებით, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჯამში 40 ტომარა ოქრო ჩაცალეს, ის ისევ ცარიელი დარჩა.

- ეს რა სატანური ჯამია, მამა?

- რა ბედნიერი ვარ შვილო, რომ შენ ჩემზე გამჭრიახი გონების აღმოჩნდი. შენ მხოლოდ 40 ტომრის შემდეგ იკითხე, რა ჯამი იყო ეს. მე კი ამ ჯამში გადავუშვი მთელი ჩემი ცხოვრება, ნახევარი მსოფლიო, ათასობით ცოლი და საყვარელი და კიდევ აურაცხელი ქონება. ეს ჯამი კი ისევ ცარიელი რჩებოდა. იმიტომ, რომ ის დამზადებულია ჩემი სურვილებისგან. ეს არის ჩემი სურვილების ჯამი...

თქვენც, ძვირფასო მკითხველო, გაქვთ ასეთი ჯამი. მასში თქვენ ჩაუძახეთ თქვენი ახალგაზრდობა, ჯანმრთელობა, სილამაზე, ბედნიერება. მან შთანთქა თქვენი სულიერი სიმყუდროვე, ცხოვრების ხალისი, მან არ მოგცათ საშუალება განგეხორციელებინათ თქვენი ჭეშმარიტი ოცნებები. თქვენ წინ, ალბათ, დაგრჩათ ცხოვრების კიდევ ნახევარი და სანამ დროზე არ დახურავთ ამ ჯამს, ეს დარჩენილი ნახევარიც იქ ჩაიკარგება.

დაფიქრდით...

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge