ერთი ვაშლი რომ სხვას მივცეთ... - ავტორი:ირაკლი პატარაია
 

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაერთი ვაშლი რომ სხვას მივცეთ...

ერთი ვაშლი რომ სხვას მივცეთ...
 | რეიტინგი 3 

 

დავუშვათ ერთ ადამიანს აქვს ერთი ვაშლი და მეორე ადამიანსაც აქვს ერთი ვაშლი. მათ რომ გაუცვალონ ერთმანეთს ვაშლები, რამდენი ვაშლი ექნება თითოეულს? ისევ თითო ვაშლი. მაგრამ ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ერთ ადამიანს აქვს ერთი იდეა და მეორე ადამიანსაც აქვს კიდევ ერთი იდეა. მათ რომ გაუცვალონ ერთმანეთს იდეები, რამდენი იდეა ექნება თითოეულს? თითოეულს უკვე ექნება ორ-ორი იდეა. მიხვდით განსხვავებას? ზუსტად ასეთი განსხვავებაა მატერიალურს გასცემს ადამიანი თუ არამატერიალურს. ვაშლს, რომელსაც სხვას მივცემ, მე უკვე ვერ შევჭამ, მაგრამ იდეა, რომელსაც სხვას გავანდობ, მეც შემიძლია გამოვიყენო.

ხშირად გამიგია კომენტარი გადაცემაზე "იდეა, ფული და ერთი შანსი": "სხვებს იდეებს ათქმევინებენ და მერე თვითონ გააკეთებენ". აბსურდია. ბიზნესმენებს არა აქვთ იდეების ნაკლებობა, მათ აქვთ იმ ადამიანების ნაკლებობა, ვინც იდეისგან საქმის გაკეთებას (შესაბამისად მოგების მიღებას) შეძლებს.

სწორედ ამ კანონს ვუმადლით ინტერნეტის ასეთი ტემპებით განვითარებას. ინტერნეტში ყველაფერი არის არამატერიალურ და რაც მეტი ადამიანი იღებს ამა თუ იმ ინფორმაციას, მით უფრო ვრცელდება და პოპულარული ხდება ის და იდეის წამომწყებს კი არ აკლდება, არამედ პირიქით, დღითი დღე ემატება (სახელი, პოპულარობა და ხშირად შემოსავლებიც).

საქართველოში სტატისტიკური მონაცემების შეგროვება შეუძლებელი გახდა. თავდაპირველად სტატისტიკის სამმართველოს დაწესებული ჰქონდა 300 ლარიანი ჯარიმა. ბიზნესმენებს ერჩივნათ ჯარიმა გადაეხადათ, ვიდრე ინფორმაცია მიეწოდებინათ მათთვის. შემდეგ ეს ჯარიმა გააუქმეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ბიზნესმენებში გავრცელებულია "ყველაფრისგან საიდუმლოს გადაქცევის" მწველი სურვილი. თუმცა, მათაც უნდა გავუგოთ. ამისთვის არსებობს უამრავი, როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური გარემოებები. ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ინფორმაციის მაქსიმალურად გასაიდუმლოება იძლევა გარკვეულ კონკურენტულ უპირატესობას. გეთანხმებით, ასეთ მიდგომას მოაქვს გარკვეული სარგებლობა.

 

ინფორმაციის დაფარვაში ყველა ხედავს მის მხოლოდ დადებით მხარეებს. მაგრამ, მოგეხსენებათ, არ არსებობს მედალი, რომელსაც მხოლოდ ერთი მხარე ჰქონდეს.

 

 

მოდი ვისაუბროთ ინფორმაციის დაფარვის უარყოფით მხარეებზე. მაგალითად, კომპანიაში არის მონაცემები, თუ რამდენად მწარმოებლურად მუშაობს თითოეული თანამშრომელი. თუ ამ ინფორმაციას მივაწვდით ყველა თანამშრომელს, მათ ექნებათ საშუალება თვალი გაადევნონ საკუთარ განვითარებას, რამდენად ჩამორჩებიან ისინი სხვებს, რამდენად მეტის გაკეთება შეიძლება, ოდნავ მეტი რომ მოინდომონ (იმ პირობით, რომ ყველაზე სუსტი მონაცემების მქონე თანამშრომელი არ დადგება სამსახურიდან გაგდების კანდიდატი მაშინათვე, არამედ მას მისცემენ საშუალებას წამოიწიოს).

ერთი ისტორია მინდა მოგიყვეთ ამასთან დაკავშირებით. შორეულ 20-იან წლებში აშშ-ს მეტალურგიულ ქარხანაში დირექტორად მუშაობდა ჩარლს შვაბი. ამ ქარხანას ჰყავდა ერთი საამქრო, სადაც მწარმოებლურობა ვერაფრით ვერ გაზარდეს. მუშებს კიდევაც პრემიებს პირდებოდნენ, კიდევაც გაგდებით ემუქრებოდნენ, მაგრამ არაფერი არ ჭრიდა. ერთ დღეს, შვაბი მივიდა საამქროში იმ დროს, როდესაც ცვლა უნდა შეცვლილიყო და ერთ-ერთ მუშას ჰკითხა, თუ რამდენი დეტალი დაამზადა მისმა ცვლამ. მას უპასუხეს რომ 6. დირექტორი წავიდა, მოიტანა ცარცი და შუა საამქროში იატაკზე ცარცით შემოხაზა დიდი წრე, შიგ ჩაწერა 6-იანი და წავიდა. როდესაც მეორე ცვლა მოვიდა და დაინახეს იატაკზე დაწერილი ექვსიანი, იკითხეს თუ რას ნიშნავდა ეს. როდესაც გაიგეს რას ნიშნავდა ეს ციფრი და რომ შეფის დაწერილი იყო, თავიანთ ცვლაში დაამზადეს უკვე 8 დეტალი. წაშალეს 6-იანი და დაწერეს 8-იანი. შემდეგმა ცვლამ წაშალა 8-იანი და დაწერა 12 და ა.შ. ერთ თვეში ეს საამქრო გახდა მოწინავე მთელს ქარხანაში.

მეორე მაგალითია უორენ ბაფეტის, ერთ-ერთი უმდიდრესი ინვესტორის დამოკიდებულება. ის ამბობს: "ჩემი საინვესტიციო წარმატება, არის ბენჟამინ გრემის ინტელექტუალური ხის ნაყოფი. ბენმა ყოველგვარი დამალვის გარეშე ჩამოაყალიბა თავისი მიდგომა და მეც ვაპირებ სხვებს ავუხსნა ინვესტიციებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი დადებითი და უარყოფითი მომენტი, თუნდაც ამან გამიმრავლოს კონკურენტები". მაშ, რატომ ვერ შეძლო ვერავინ თუნდაც ახლოს მისულიყო მის მიღწევებთან? ჩემი აზრით, ეს იმით კი არ არის გამოწვეული რომ მან რაიმე მნიშვნელოვანი დამალა, არამედ იმით, რომ არავინ შეიწუხა საკმარისად თავი, რომ ძირეულად შეესწავლა მისი საინვესტიციო მეთოდები, ამ უკანასკნელთა მნიშვნელობის სიღრმისეული ფენები. ბაფეტის განსხვავება სოროსისგან ის არის, რომ ბაფეტის გარდაცვალების შემდეგ მისი იდეები და მეთოდები კიდევ დიდხანს მოუტანს ადამიანებსა და საზოგადოებას მატერიალურ და სულიერ სარგებელს მაშინ, როდესაც სოროსი საფლავში წაიღებს თავის მეთოდებს.

მესამე მაგალითია აშშ. იქ კომპანიებს კანონით ევალებათ ინვესტორებს მიაწოდონ ისეთი ინფორმაციები, რომელთა ხმამაღლა გაცხადება ბევრ ქართველ ბიზნესმენს შიშისგან თმებს ყალყზე დაუყენებს. სწორედ ამ კანონებმა გახადეს შესაძლებელი, რომ აშშ-ს ბაზარი ითვლება ყველაზე საიმედო ბაზრად საკუთრების უფლების დაცვის თვალსაზრისით. ეს უკანასკნელი კი მას ყველაზე მდიდარ ბაზრადაც აქცევს.

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses