ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოპოლიტიკასაქართველო და ერთა ლიგა (საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან)

საქართველო და ერთა ლიგა (საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან)
 | რეიტინგი 3 

 

 

1918-21 წლების საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესია ურთიერთობები „ერთა ლიგასთან". „ერთა ლიგა", რომლის „შვილობილ" ორგანიზაციასაც წარმოადგენს გაერო შეიქმნა 1919 წელს.  ეს იყო პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა და რომლის მიზანიც იყო მოეხდინა ერების კონსოლიდაცია საერთაშორისო მშვიდობის მისაღწევად, ყალიბდება ერთიანი საერთაშორისო ურთიერთობების  ნორმები, რომლის შესრულებაც წევრ ქვეყნებს ევალებათ.
 ამ პერიოდის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავარი საგარეო ვექტორი მიმართული იყო ევროპის ქვეყნებთან დაახლოვებისკენ. საქართველო ჯერ კიდევ არ წარმოადგენს მკვეთრად გამოყოფილ საერთაშორისო სუბიექტს, ამიტომ უკვე ვერსალის კონფერენციის დაწყებიდანვე ევროპაში იმყოფება ქართული დელეგაცია თავდაპირველად კარლო ჩხეიძის მეთაურობით. მათი მიზანია საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნება საქართველოს დე-იურე აღიარებაში.
 ამას გრდა საქართველომ მთელი თავისი ძალისხმევა მიმართა იქითკენ, რომ გამხდარიყო „ერთა ლიგის" წევრი, ორგანიზაციისა, სადაც დიდი და მცირე ქვეყნები  თანასწორობის პრინციპით ერთიანდებოდნენ და რომელიც უნდა გამხდარიყო საქართველოს სუვერენიტეტის გარანტი.
პირველი ოფიციალური მიმართვა „ერთა ლიგისადმი" ორგანიზაციაში გაერთიანებასთან დაკავშირებით  საქართველოს მხრიდან მოხდა 1919 წლის მაისში, იმავე წლის დეკემბერში კი უკვე შეიქმნა ერთა ლიგის საქართველოს ასოციაცია, რომელიც პირდაპირ კავშირებს ამყარებდა ერთა ლიგასთან არსებულ გარკვეულ წრეებთან.
1920 წლის შუა ხანებიდან ქართული დიპლომატიური მისიები მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებენ, რათა „ერთა ლიგის" პირველი სესიისთვის, რომელიც ნოემბერში ჟენევაში უნდა გამართულიყო, რაც შეიძლება მეტი ქვეყნის მხარდაჭერა მიეღოთ. სწორედ ამ სესიაზე უნდა გადაწყვეტილიყო საქართველოს ერთა ლიგაში მიღება-არ მიღების საკითხი. იმავე პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მანდატით ზურაბ ავალიშვილმა მოამზადა ერთა ლიგის სესიაზე წარსადგენი მემორანდუმი, სადაც აღნიშნული იყო თუ რატომ უნდა გაწევრიანებულიყო საქართველო ერთა ლიგაში. მემორანდუმში მითითებული იყო: „საქართველოს აქვს უნარი გახდეს მნიშვნელოვანი წევრი ორგანიზაციისა", „შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვადასხვა გართულებულ მოვლენებზე", „ამიერკავკასია და კერძოდ საართველო უცხოელთა ბატონობისგან განთავისუფლებული გამოადგება ლიგას დასაყრდენ საფუძვლადაღმოსავლეთში" (2); მნიშვნელოვანია ის რომ ქართველი პოლიტიკოსები აღნიშნავდენენ იმასაც, სარგებელი ორმხრივი იქნებოდა - ხაზს უსვამდნენ რა საქართველოს გეოპოლიტიკური მდებერეობის უნიკალურობას.  თავის მხრივ ერთა ლიგასაც ჰქონდა ჩამოყალიბებული ორგანიზაციაში სახელმწიფოთა მიღბის კრიტერიუმები, წესდების პირველივე მუხლი იუწყებოდა: „ ლიგის წევრი შეიძლება გახდეს ის სახელმწიფო, დომინიონი ან კოლონია ვისაც მხარს დაუჭერს წევრ სახელმწიფოთა 2/3", გარდა ამისა არსებობდა კიდევ 4 მოთხოვნა:
1) სახელმწიფოს უნდა შეეძლოს მის მიერ ნაკისრი ყველა ინტერნაციონალური ვალდებულების შესრულება.
2)  სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს პასუხისმგებელი მთავრობა რომელიც ვალდებულებას თავად იკისრებს.
3) სახელმწიფო ისე უნდა იყოს მოწესრიგებული, რომ მის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა აღსრულებაში ერთა ლიგა დარწმუნებული იყოს.
4) სახელმწიფოს უნდა ჰქონდს საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორია და ამ საზღვრებში მცხოვრები მოსახლეობა ერთი ქვეყნის მოქალაქეებს უნდა წარმოადგენდნენ. (2)
 ერთა ლიგის სესიამდე 1920 წლის სექტემბერში მილანში გაიმართა ერთა ლიის ასოციაციათა IV კონგრესი, რომელშიც თავდაპირველად არაოფიციალურად მონაწილეობდა საქართველოს წარმომადგენელი ნ. ჯაყელი. მილანში მოვლენები ისე განვითარდა, რომ საქართველოს ერთა ლიგის ასოციაცია „არაოფიციალურ ეროვნებათა ლიგის" სრულუფლებიანი წევრი გახდა. შემდეგში ჯაყელი იხსენებდა „საქართველოს ყველამ დაუჭირა მხარი გარდა რუსეთის წარმომადგენლის ბ-ნი ავქსენტიევისა". (2)
 ჟენევის სესიამდე საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ იმსჯელა საქართველოს ერთა ლიგაში შესვლასთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ დეპუტატების აბსოლიტური უმრავლესობა ემხრობოდა საქართველოს გაწევრიანებას საერთაშორისო ორგანიზაციაში, ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენდნენ სოციალისტ-ფედერალისტები, ისინი ფიქრობდნენ, რომ ერთა ლიგა წარმოადგენს ისეთ ორგანიზაციას რომელსაც პრეტენზია ექნებოდა მთლი ქვეყნის საქმეების მოწყობაზე, ისინი სკეპტიკურად უყურებდნენ საქართველოს მომავალს ამ ორგანიზაციაში. (2)
1920 წლის 15 ნოემბერს ჟენევაში მუშობას შეუდგა ერთა ლიგის პირველი სასესიო კრება სადაც სხვა მნიშვენელოვან თემებთან ერთად საქართველოს და სხვა ქვეყნების ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი უნდა განეხილათ. საფუძვლიანი განხილვის შედეგად გადაწყდა, რომ საქართველო და ბალტიის სახელმწიფოების საკითხი 16 დეკემბერს უნდა განეხილათ. 16 დეკემბერს ჟენევაში საგანგებოდ შექმნილმა მე-5 კომისიამ განაახლა მუშაობა, მისი შემადგენლობა 36 წევრით განისაზღვრა და ჩილილი ანტონიო ჰონელუსი ხელმძღვანელობდა(1). საქართველოს საკითხი 16 დეკემბერს საღამოს უნდა განხილულიყო მანამდე კი სომხეთს, ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს უთხრეს გაწევრიანებაზე უარი, თანხმობა კი შემდეგმა სახელმწიფოებმა მიიღს: ავსტრია, ბულგარეთი, ფინეთი, კოსტა-რიკა და ლუქსენბურგი. საქართველოს საკითხის განხილვამდე მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთის წარმომადგენლის ვივიანის მოხსენება რომელმაც აღნიშნა რუსეთის ფაქტორი და მისი ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში. დღის ბოლოს კენჭი უყარეს საქართველოსაც, სულ კენჭისყრაში მონაწილეობა 24-მა სახელმწიფომ მიიღო, საქართველოს გასაწევრიანებლად 14 ხმა საკმარისი იქნებოდა, თუმცა საბოლოო შედეგით საქართველოს 10 მომხრე აღმოაჩნდა 14-ის წინააღმდეგ. საქართველოს სასარგებლოდ ხმა მისცეს: სამხრეთ აფრიკამ, კოლუმბიამ, იტალიამ შვეიცარიამ, ჩილემ, პორტუგალიამ. წინააღმდეგი იყვნენ: ავსტრალია, კუბა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი(1).საქართველოს მიღებას „ერთა ლიგაში" განსაკუთრებით ითხოვდნენ: კოლუმბიის დელეგატი რესტრეპო „საქართველოს არ მიღება ლიგის სისუსტის დამადასტურებელი იქნება"- აღნიშნა მან, საქართველოს მიღბას ენერგიულად მოითხოვდნენ აგრეთვე სპარსეთის დელეგატი ზოკა ედ დაულე და პორტუგალიის წარმომადგენელი შაგასი.(2)
რა იყო მიზეზი იმისა რომ საქართველო ერთა ლიგაში არ მიიღეს?  ამის 2 ძირითადი მიზეზი არსებობდა 1) კავკასიის რეგიონის არასტაბილურობა და 2) რუსეთის ინტერესები ამ რეგიონისადმი.(2) ამის გამოხატულება იყო კუბელი დელეგატის იგუეროს საუბარი ზურაბ ავალიშვლითან, რომელსაც აღუნიშნავს ევროპის წამყვანი სახელმწიფოების როლი და ის თუ რა პოზიციაზე იქნებოდნენ ისინი, ის აღნიშნავდა, რომ ინგლისმა და საფრანგეთმა უნდა გადაწყვიტონ ეს საკითხი, „მთავარია მათ ან  თუნდაც ერთ ერთმა მათგანმა მოგცეთ ხმა ჩვენ ყველანი შევუერთდებით მათ". ამგვარად ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა არ ისურვეს პატარა საქართველოს გამო დიდ რუსეთთან დაპირისპირება მითუმეტეს, რომ საბჭოთა რუსეთი ძალებს იკრებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოსთან ერთად უარი ეთქვა რუსეთის ინტერესებში მყოფ სომხეთს და ბალტიის ქვეყნებს. ამ კონფერენციიდან სულ რამდენიმე კვირაში საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ანექსირება მოახდინა. იმავე დეკემბერში კი სომხეთი გასაბჭოვდა.

გამოყენებული ლიტერატურა:
1)  საქართველოს ისტორია : XX საუკუნე; - გამომცემლობა „არტანუჯი" - თბილისი 2003.2)  გოჩა საითიძე- პირველი უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაცია ერთა ლიგა და დამოუკიდებელი საქართველო 1919-21 წ.წ. „უნივერსალი" თბილისი 2010     3)ზურაბ ავალიშვილი - საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-21 წლების საერთაშორისო                     პოლიტიკაში - თბილისი : ნიამორი , 1990.    4) საქართველოს ისტორია 4 ტომად (XIX-XX საუკუნეებში IV ტომი) - თბილისი 2012 



ავტორი: პავლიკა ჯაგუნავა
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge